დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
რატომ ყურყუტებენ მრავალშვილიანი დედები ქუთაისის მერიასთან?
2010/07/12 13:30:56

უმუშევრობითა და მძიმე სოციალური პირობებით დათრგუნული ქართული მოსახლეობის ნაწილი კისრისტეხით გარბის საქართველოდან ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად, მაგრამ ეს მხოლოდ ის ნაწილი გახლავთ, ვისაც იმის საშუალება მაინც გააჩნია, რომ რაღაც დააგირაოს, ბანკიდან სესხი გამოიტანოს, ან შვილების მეთვალყურე მაინც ჰყავს შინ დატოვებული. საქართველოდან იმიგრირებულ სამუშაოს მძებნელთა შორის უმრავლესობა ქუთაისელი დედაქალები არიან. მათ შორის ყველაზე მეტი წილი იმ დედებზე მოდის, რომელთაც ოჯახში ორი ან სამი სასკოლო ასაკის, მოჩიტული შვილი ჰყავთ და მათი რჩენის სახსარი არ გააჩნიათ. მრავალშვილიან დედებს კი იმდენად მძიმე პრობლემები აწუხებთ, ოჯახების დატოვებასაც ვერ ახერხებენ. ხელისუფლება პრობლემებისაგან მათ გათავისუფლებას წელიწადში ერთხელ მიცემული პერმანენტული დახმარებით ცდილობს. ეს თანხა სულაც  არაა საკმარისი იმისათვის, რომ დედამ შვილის გაჩენასა და ერის გამრავლებაზე იფიქროს.

 

***

დღევანდელი რეალობა ის გახლავთ, რომ ქუთაისის თვითმმართველობის აპარატი გაუაზრებლად ართმევს მრავალშვილიან დედებს, რომლებსაც ჰყავთ 5 და მეტი შვილი გასაზრდელი, მრავალშვილიანი დედის სტატუსს (ნუგზარ ფალიანის დროს შექმნილი დებულებით), მხოლოდ იმ მოტივით, რომ მათ უკვე აღარა ჰყავთ ოთხი არასრულწლოვანი შვილი. ეს გახლავთ პოლიტიკურად არამოტივირებული ნაბიჯი, რადგან ყველაზე მეტი ამომრჩეველი, ყველაზე მეტი ქვეყნის დამცველი სწორედ ამ ოჯახებში იზრდება. ხელისუფლების უყურადღებობისა და უგულისყურობის გამო მძიმე ყოფაში ჩავარდნილ ამ ოჯახებს კი თითო ან ორი ინვალიდი მაინც ჰყავთ სარჩენი.

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებიდან წასვლის შემდგომ საქართველოში ქართული მრავალშვილიანი ოჯახების ზოგადი სურათი ასეთია: მძიმე სოციალურ-ეკონომიური პირობებით დანევროზებული მშობლები, ფაქტობრივად, ფსიქიკურ ავადმყოფებად ყალიბდებიან. არასრულფასოვანი კვებით დაჩიავებული ბავშვები ინვალიდებად რჩებიან; დედები ავადმყოფების მიტოვებას და საზღვარგარეთ სამუშაოდ გაქცევას ვერ ახერხებენ.

საქართველოს პრეზიდენტს არ დაუტოვებია არაფერი, ლამის არის უშბა და თეთნულდიც კი ფეხდაფეხ დალაშქროს, შეიძლება ტიანშანის კალთებიც კი გადირბინოს თოვლის კაცის სანახავად, მაგრამ მთელი ამ ხუთი წლის მანძილზე არცერთი მრავალშვილიანი დედის ოჯახში არ შეუხედავს. არადა, ყველაზე მეტი ამომრჩეველი სწორედ ამ ოჯახებში იზრდება. ისინი ეცოდება ყველას: საქართველოში სტუმრად ჩამოსულ ამერიკელს, იტალიელს, კათოლიკეს, ფრანგს, გერმანელს, მაგრამ არა - საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენელს. სწორედ უცხოური საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციები უგზავნიან მათ გამონაცვალ ტანსაცმელს, კვების პროდუქტებს, საჩუქრებს, თეთრეულს, ქვეშაგებს. სიღარიბის დაძლევის პროგრამაც უცხოელების დაფინანსებულია. საინტერესოა, რატომ უნდა სტკიოდეს ქართველი დედისათვის გული უცხოელს და რატომ უნდა იცილებდეს მათ თავიდან ადგილობრივი ხელისუფლება ისე, როგორც მშიერ ძაღლს იცილებენ თავიდან ხანდახან გადაგდებული ლუკმით! ბევრი მათგანი გააბრუა და  მოატყუა პრეზიდენტის გადმოსროლილმა ლოზუნგმა იაფი კრედიტების გაცემის შესახებ, რამდენიმე ოჯახმა ერთობლივად აიღო სესხი კერძო ბიზნესის საწარმოებლად, გირაოდ საცხოვრებელი ბინა ჩადეს, ცენტრალურ საკოლმეურნეო ბაზარში ამ სესხით გასაყიდი პროდუქტი შეიძინეს, დღეში 5-6 ლარს ვაჭრობდნენ, ბაზრის მეჩეკეს 350 ლარს უხდიდნენ, ნავაჭრი თანხა კი მხოლოდ პურის შესაძენად ჰყოფნიდათ, ამიტომ „პროკრედიტბანკიდან“ გამოტანილი სესხის პროცენტების გადახდა ვერ შეძლეს. ბანკის კრედიტორებმა 5 და 7 შვილიანი დედები ბინებიდან  გამოყარეს და უსახლკაროდ დარჩენილები იმასაც ვერ ახერხებენ, რომ საქმე სასამართლომდე მიიყვანონ, ბანკის კრედიტორები თაღლითობაში ამხილონ.

· 6 არასრულწლოვანი შვილის დედის - ნინო ჯანგველაძის მეუღლეს ფეხი იმ დღეს მოსტყდა, როცა, მერიის ხელშეწყობით, ოჯახი ლტოლვილებისაგან გათავისუფლებულ ბაგა-ბაღ „ნარჩიტას“ გაძარცულ შენობაში შეუშვეს საცხოვრებლად. იგი იმ ნაქებარი სახლის კიბეზე დაგორდა, სწორედ მაშინ, როცა ნინომ მეხუთე შვილზე იმშობიარა.  ქალმა ბავშვი იმ იმედით გააჩინა, რომ ხელისუფლება მეხუთე შვილის შეძენისათვის ერთჯერად მატერიალურ დახმარებას  მისცემდა და ოჯახის თავზე დაგროვილ კვების ხარჯებს გაისტუმრებდნენ.

ბავშვების მამას დამსხვრეული ბარძაყის ძვალზე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარეს, მაგრამ კოჭლი დარჩა. ტრამვის მიღებამდის თავს და ოჯახს ხელოსნობით არჩენდა. ნაოპერაციევს სარეაბილიტაციო სამკურნალო თანხები სჭირდებოდა, ვერ იმკურნალა, კოჭლი დარჩა და არსრულწლოვანი, უმწეო შვილების რჩენას ვერ ახერხებს. დედა ახლადშეძენილ ჩვილს წყალში მოხარშული სიმინდის ფაფით კვებავს და და პატარაც განუწყვეტლივ ავადმყოფობს, კუჭ-ნაწლავის ანთება სტანჯავს.

ნინო ჯანგველაძეს, რომელიც ავადმყოფი მეუღლითა და ხუთი უსუსური ბავშვით მხოლოდ ერთ დაცულ ოთახში ათევს ღამეს, ღია ვერანდიდან სამზარეულო ოთახში სიცივისაგან დასაცავად კარის მაგიერ რაღაც ძველი ძონძი აქვს დაკიდებული. ბავშვები წვიმიან ამინდში წვიმის წყლით სავსე სამზარეულო ოთახში სადილობენ, სადაც ჭერიდან დაშვებული ღია ელექტროსადენები კედლებზე ქანაობს. დამსხვრეული და ამოულესავი რკინა-ბეტონის კედლებიდან რკინის შვერილები მოჩანს.

· შვიდი შვილის  დედის - ლალი კიკნაველიძის ოჯახის მარჩენალი მეუღლე 9 მეტრის სიმაღლიდან მაშინ გადმოვარდა, როცა სხვის ბინაში შეხიზნული ცოლშვილისთვის ელექტროსადენის შეყვანა სურდა. მასაც მძიმე ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. ოჯახის ერთადერთ შემოსავალს მხოლოდ სოციალური დახმარება წარმოადგენს. ერთ საწოლში სამი და ოთხი სული ერთად წევს. მოზარდები შიშველი ბეტონის იატაკზე დარბიან და რევმატიული ავადმყოფობებით იტანჯებიან. ფანჯრები ფიცრებითა და გადაყრილი დიფტებით აქვთ გამოჭედილი. სახლის კარი არ ეკეტებათ, არ აქვთ შუქი, წყალს მეზობელი ბინებიდან ეზიდებიან. გაზზე საუბარი აღარ ღირს, თავზე აწვიმთ და თავს სიცივისაგან ვერანაირად ვერ იცავენ.

ბაგა-ბაღ „ნარჩიტაში“, საიდანაც საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით დევნილები გაიყვანეს, როგორც საცხოვრებლად უვარგისი შენობებიდან, სხვა დევნილები, მრავალშვილიანები და უბინაო ოჯახები შეასახლეს. მერიის საბინაო განყოფილებამ ბაგა-ბაღ „ნარჩიტას“ მცხოვრებთა ერთობლივი თხოვნა დააკმაყოფილა სახურავზე დასაფენი ტოლით, მაგრამ ის კი არავის უკითხავს, როგორ უნდა გადაიხადოს ხუთი შვილის დედამ, რომლის შემოსავალს თვეში მხოლოდ 150 ლარი შეადგენს, გადახურვის სამუშაოებისათვის გათვლილი ის 120 ლარი, რომელსაც ხელოსნები თავიანთი შრომისათვის ითხოვენ.

იმ ოჯახებმა, რომლებმაც ბანკიდან სესხი გამოიტანეს და ბაზარში სავაჭროდ დადგნენ, თხოვნით მიმართეს ბაზრის ადმინისტრაციას - ისინი, როგორც მრავალშვილიანი დედები - გაეთავისუფლებინათ ყოველდღიური საჩეკო გადასახადისაგან. ბაზრის ადმინისტრაცია შევიდა ამ ოჯახების მდგომარეობაში, დათანხმდა მათ თხოვნას, თუ მერია მისცემდა ადმინისტრაციას ამის ნებას. მერიამ მხოლოდ გაუნახევრა. ჩვენი ქალაქის ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს რატომღაც მიაჩნია, რომ რაკი საკუთარი ოჯახების პრობლემები უკვე მოაგვარეს, მათთან ერთად ყველა ბედნიერი, მაძღარი და კმაყოფილია. ავიწყდებათ, რომ სახელისუფლებო სტრუქტურები იქმნება მათი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად და არა - პირიქით.

ხელმოკლე დედების ერთი ნაწილი ხელისუფლებისგან ამაოდ ითხოვს ოჯახში ბუნებრივი აირის დამონტაჟებასთან დაკავშირებით დახმარებას, რომლის ტარიფსაც „ქუთგაზპრომი“ ყოველწიურად ზრდის, ხოლო სახელმწიფო დედებს დაფინანსებას არ აძლევს.

· 10 შვილის დედა, ქალბატონი ქეთევან შალამბერიძე სრული 5 წლის მანძილზე ითხოვდა დახმარებას ოჯახში გაზის შეყვანასთან დაკავშირებით. მაგრამ მისი თხოვნა დარჩა „ხმად მღადადებლისად უდაბნოსა შინა“, სახელმწიფომ და ქუთაისის მერიამ არცერთი მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა მხოლოდ იმიტომ, რომ ოჯახს უკვე აღარა ჰყავს ოთხი არასრულწლოვანი შვილი. რამდენიმე თვის უკან ქეთევანმა, 70 წლის ქალბატონმა, მიატოვა ოჯახი, დანევროზებული და უმუშევარი მეუღლე, ხელშესაწყობი შვილები და თურქეთს მიაშურა სამუშაოს საძებნელად!

· შვიდი შვილის დედას - მანანა ნიშნიანიძეს ერთი შვილი გარდაცვლილი ჰყავს, მეორე - ცერემბრალური ავადმყოფობით იტანჯება. მეუღლე ავადმყოფი ჰყავს და უმუშევარი. შვილებიდან ერთ-ერთმა, დაუსრულებელი გაჭირვებით გაბეზრებულმა, მობილური ტელეფონი მოიპარა, დაიჭირეს და დედა რუსთავის ციხეში პატიმარი შვილის სანახავად სიარულს ვერ ახერხებს. ერთადერთი, ვინც მრავალსულიან ოჯახს ინახავდა და თავს ბაზარში ვაჭრობით ირჩენდა, თავად ქალბატონი მანანა გახლდათ. დაუსრულებელი ნერვიულობის ნიადაგზე ინფარქტი მიიღო და ლოგინად ჩავარდა. საშინელებაა! - მაგრამ ამაზე მეტი საშინელება ის გახლავთ, რომ ამ ოჯახების გასაჭირის გულთან მიტანა არავის სურს. ოჯახს მისი ამჟამინდელი მდგომარეობით სოციალურად დაუცველის სტატუსი ეკუთვნის. სააგენტომ პირველადი დათვალიერებით მათ 58 000 სარეიტინგო ქულა მიანიჭა, ხოლო როცა გაასაჩივრეს, ნაინფარქტალ ადამიანს, რომელსაც წამლის შეძენის საშუალებაც არ გააჩნია გაცილებით მაღალი - 84 000 ქულა გამოუგზავნეს (ჯობდა, ფული გამოეგზავნათ!).

· ბევრ ოჯახს ძალიან ნიჭიერი და მონდომებული სტუდენტი შვილები ჰყავს. დღეს უკვე ჩანან როგორც ქუთაისის უნივერსიტეტში, ასევე ქალაქში ქალბატონ ელენე კამლაძისა და ქალბატონ მალვინა ჩხეტიანის სტუდენტი შვილები, მაგრამ მათ მშობლებს ქუთაისის მერია მრავალშვილიანებად არ თვლის, რის გამოც ეს დედები განუწყვეტლივ ყურყუტებენ ქუთაისის მერიასთან, მაგრამ ვის მიმართონ, არც ის იციან, და ვინ დაეხმარებათ, არც ის. იმიტომ, რომ გაუქმდა და აღარ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც მათ პრობლემების მოგვარებაში ეხმარებოდათ (დემოგრაფიული საზოგადოება).

· ასევე გაუსაძლის ყოფაში ცხოვრობს ხუთშვილიანი დედის ეკა აბულაძის ოჯახი, რომელიც უკვე ექვს წელზე მეტია, ნაქირავები ბინიდან ბინაში გადადის ყოველ სამ თვეში ერთხელ. იმიტომ, რომ ბინის ქირის გადახდის საშუალებაც არა აქვს. ჰყავთ უნიჭიერესი და ულამაზესი შვილები. უმუშევარი დედა და ინვალიდი მამა მთელი ამ წლების მანძილზე ამაოდ ითხოვენ დახმარებას, მაგრამ მათი თხოვნას არავინ ისმენს.

ცოტა ხნის უკან ეს სოციალური დახმარებაც მოუხსნეს და ოჯახი საარსებო შემოსავლისა და ბინის გარეშე დარჩა. ქალაქის საბინაო განყოფილება კი ცარიელ ფართებს ფულიან და თითო-ოროლა შვილიან ოჯახებს ჩუქნის (რა თქმა უნდა, რაღაცის ფასად)...

· 6 შვილის დედის, 33 წლის თეა სარალიძის მეუღლე ოთხი წლის წინ ავტოავარიაში მოხვდა. ცოცხალ-მკვდარი გოგიტა სარალიძე თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში „თავიდან ააწყვეს“. იქ მთელი წელიწადი მკურნალობდა. ერთი დღის მკურნალობა 120 ლარი უჯდებოდათ, „ჯიპი-აის“ სადაზღვეო კომპანიამ ხარჯები არ აუნაზღაურათ და თეა იძულებული გახდა, მეუღლის სიცოცხლის გადასარჩენად საცხოვრებელი ბინა გაეყიდა. დღეს თეა ინვალიდი მეუღლითა და ექვსი არასრულწლოვანი შვილით, ეკა აბულაძის მსგავსად, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და სოციალურ დახმარებას ბინის ქირაში იხდის.

 

***

დღევანდელი მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გამო ერის გამრავლების პროცესი მე-6 შვილიდან იწყება. 6 შვილის დედა დღეს ქალაქში გვყავს სულ 10. 5 შვილიანი ოჯახი არ გვყავს 50-იც კი, რაც გახლავთ სავალალო ისეთი დიდი ქალაქისათვის, როგორიც ქუთაისია. მე-5 შვილის გაჩენა და გაზრდა დღევანდელი ქართული ოჯახისათვის გახლავთ უდიდესი ტვირთი. ამ ოჯახების საარსებო მინიმუმს თვიურად შეადგენს 450-500 ლარი, დედა ვერ გააჩენს მე-5 და მე-6 შვილს, თუ სახელმწიფო ვერ შეძლებს მისთვის ნორმალური პირობების შექმნას, არადა, როგორც სტატისტიკა გვეუბნება, დღევანდელ ვითარებაში ქართველი ერის გამრავლების პროცესი მე-6 შვილიდან იწყება. ქუთაისის დემოგრაფიული სტატისტიკა კიდევ უფრო სავალალო და შემაშფოთებელი გახლავთ: 2000 წლამდე ქუთაისში ირიცხებოდა 400 მრავალშვილიანი ოჯახი. 2006 წელში ქუთაისს აღრიცხვაზე ჰყავდა 260 ოჯახი, 2005 წელში ჰყავდა 220 ოჯახი, 2008-ში - 190 ოჯახი, ხოლო 2009-ში 180 ოჯახი. ეს გახლავთ ბატონ არჩილ მუკბანიანისა და ნაცმოძრაობის ლიდერების - ყვარყვარე თუთაბერის შთამომავალთა მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი.

არადა, სამშობლო არ არის მარტო რესტორანში მგზნებარედ ნათქვამი სადღეგრძელო, სამშობლო მრავალშვილიანი დედის „იავნანით“ იწყება, ისინი საქართველოს ღირსეული ადამიანები არიან, მის ჭირ-ვარამს საკუთარი სუსტი მხრებით ატარებენ და გაცილებით მეტ პატივისცემას იმსახურებენ, ვიდრე აქვთ.

 

ლელა ფხაკაძე-ზარანდია,

ხუთი შვილის დედა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1438
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია