დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ვალერი ვარ, თევზაძე!“
2011/06/21 15:23:11

როგორ ესმით სამტრედიის გამგეობაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის დანიშნულება

 

თუკი მოდარაჯე ან მოყეფარი ძაღლის როლი გარგუნა განგებამ (ჟურნალისტობას ვგულისხმობ), ქვის მსროლელი და შენი „სიავით“ უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი თვალის დახამხამებაში გაიზრდება და ამან შეიძლება სერიოზული პრობლემებიც შეგიქმნას.

 

როგორც ამბობენ, ჟურნალისტიკა მეოთხე ხელისუფლებაა, წინა სამის მაკონტროლებელი და დღეს ხელისუფლებას კი არა, ჩემი მეზობლის პატარა ბავშვსაც აღარ მოსწონს, რომ აკონტროლებენ. ამიტომ, სრულიად ბუნებრივად, ჩემს კოლეგებსა და მეც ხშირად ჩვენი მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ არც თუ მთლად კარგი პირადი ურთიერთობები გვიყალიბდება ჩინოვნიკებთან.

ამის მაგალითად ძალიან ბევრი შემთხვევის დასახელება შეიძლება, თუმცა, ახლა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსანთა და ჩემი კოლეგების ფრიად საინტერესო ამბავს მოგიყვებით. როგორც იცით, ჩვენი გაზეთის ფურცლებზე ხშირად ხვდება ზემოხსენებული ადმინისტრაციიდან სხვადასხვა სახის ცნობები, ხან - კრიტიკული, ხან - ინფორმაციული, ხან - შემწყნარებლური და ა.შ. თუმცა, ორ ჟურნალისტს, ნანა კუკულავასა და ნოდარ ჯოჯუას მაინც პროვოკატორებისა და „დაჟინებული მზერით მაცქერალ ადამიანთა“ ნუსხაში მოიხსენიებენ სამტრედიელი სახელმწიფო მოხელეები.

დაპირისპირება იმით დაიწყო, რომ ჩემი კოლეგები გამგეობაში შემთხვევით შეესწრნენ ხანშიშესული კაცის შენობიდან გაგდების ფაქტს. არადა, ეს კაცი დახმარებას ითხოვდა, დაცვა კი, ჟურნალისტების დასანახად, 5 ლარიანით „დაეხმარა“ და თან კიდევაც გააძევა. როცა ჟურნალისტებმა ფოტო გადაუღეს იმ კაცს, დაცვის წევრმა მისი წაშლა მოითხოვა, თუმცა სურათი გადარჩა.  ეს ყველაფერი რეპორტაჟის სახით ჩვენმა მკითხველმა უკვე იხილა. რა თქმა უნდა, სამტრედიის გამგეობის წევრები უკმაყოფილების გამოხატვას არ მორიდებიან. ჩვენს ჟურნალისტებს აღარც ნორმალურად აწვდიდნენ ინფორმაციას და აღარც საკრებულოს სხდომებს ასწრებდნენ, რომელიც საჯაროა და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დასწრება. ტაქტიკა ამგვარი აქვთ: არ ვიცით, როდის არის მომდევნო სხდომა, მოდით იმ კვირაში.  „ის კვირა“ კი მუდმივად ძალაში რჩება.

სიტუაცია იმანაც დაძაბა, რომ  გაზეთ „ვერსიის“ ქუთაისელმა  კორესპონდენტმა, ამ დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია „ცენტრალიზებული გახადა,“ ოღონდ, სამწუხაროდ ხარვეზებით. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელად ვალერი თევზაძის ნაცვლად მისი თანამშრომელი ნათია დაასახელა და ამით ორივეს უკმაყოფილება გამოიწვია. არადა, ესეც ჩვენს გაზეთს დააბრალეს, თქვენ ერთად მოქმედებთო. აი, მესმის იდენტიფიცირების უუნარობა!

ჰოდა, ასე, „ვერსიასთან“ კავშირში ბრალდებულ „პოსტსკრიპტუმის“ ორ ჟურნალისტს მას შემდეგ არც გამგებელი კობა კანდელაკი ხვდება, როცა ამას საქმე მოითხოვს და არც რომელიმე სხვა მაღალჩინოსანი. მათ კაბინეტებთან მისასვლელი გზა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურზე გადის, რომელსაც ვალერი თევზაძე ხელმძღვანელობს. სამსახური აქვს ისეთი, რომ მისი უფროსის გამკრიტიკებელი მის პირად გამკრიტიკებლად მიაჩნია. ამიტომაც, ბატონი ვალერი ფრიად შემომწყრალია ჩვენს გაზეთზე, იმდენად, რომ ნოდარსა და ნანას სამტრედიასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოპოვების ასე ალტერნატიული გზა შესთავაზა: „09“-ს მიმართეთო (გმადლობთ, „კეთილი რჩევებისთვის“!). როგორც ჩანს, საზოგადოებასთან ურთიერთობის თევზაძისეული გაგება ასეთია.

როცა ბატონ ვალერის სამუშაო ოთახში ვესტუმრე ამ საკითხის შესახებ მისი პოზიციის დასაფიქსირებლად, მან მითხრა, რომ ჩვენს გაზეთს არ ენდობა და ჩემთვის არაფრის თქმას აპირებს. ესეც პოზიციაა, მაშინ, როცა სხვა გამოსავალს არ გვიტოვებენ. თუმცა, როცა ამ სიტყვებს იმ სამსახურის ხელმძღვანელი გეუბნება, რომელსაც პირდაპირ ევალება, ჟურნალისტს ზომიერების ფარგლებში   დაეხმაროს მოვალეობის შესრულებაში, ცოტა არ იყოს, ხისტი და აღმაშფოთებელია.

ორმაგ გაოცებას იწვევს ის ფაქტი, როცა საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი გიცხადებს: „მე პირადი დამოკიდებულების გამო არ მოგცემთ კომენტარს. მერე რა, რომ საჯარო მოხელე ვარ, სამსახურშიც ვალერი ვარ, თევზაძე. ამ მხრივ ორმაგი სტანდარტი არ არსებობს.“

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზეინაბ ხაჩიძე საქმის კურსშია და პრობლემის მოგვარებას დაგვპირდა, რაც საჭირო ინფორმაციის შეფერხებების გარეშე მიღებაში უნდა აისახოს, ოფიციალური კომენტარისგან კი მან თავი შეიკავა.

ზემოთ მოთხრობილი ფაქტი იმის საჭიროებას ნათლად გვიჩვენებს, რომ ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს: დემოკრატია თავისუფალი და ობიექტური მასმედიის გარეშე ფუჭი ოცნებაა. ჩვენი თხოვნა კი ამგვარი იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომ რაც შეიძლება მეტი ტრენინგი და სემინარი ჩაატარონ რაიონებში. იქნებ ამ გზით ცოტათი მაინც შეუწყონ ხელი საზოგადოებასთან და, მითუმეტეს, მასმედიასთან ურთიერთობის ახალი სტანდარტების დამკვიდრებას ჩინოვნიკთა შორის.

გაევროპელება თუ გვინდა, თავიც უნდა შევიწუხოთ, ზოგმა სწავლით, ზოგმა კი - სწავლებით... 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1443
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
ირაკლი ღარიბაშვილი - სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული იმისთვის, რომ მაქსიმალურად მშვიდ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს არჩევნები, ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ქვეყანამ და ჩვენმა მოსახლეობამ მუდმივი საბოტაჟისგან, რომელიც მჩაგვრელი, მოძალადე სააკაშვილის პარტიისგან მომდინარეობს (R)
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია