დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„გორგოლაჭებზე შემდგარი“ პარლამენტი ქუთაისისკენ მიემგზავრება
2011/05/23 12:24:51

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტი ქუთაისში სრული შემადგენლობით გადავა. ,,პარლამენტი ერთი და ორი წლით არ გადადის და ეს იქნება საქართველოს პარლამენტის ახალი მისამართი შემდგომი ათწლეულების განმავლობაში“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა. საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად,  პარლამენტის ადგილსამყოფელად დასახელებული თბილისი კონსტიტუციიდან ამოღებული იქნება და მხოლოდ ქუთაისი დარჩება. მთავრობის ეს ინიციატივა საკანონმდებლო ორგანომ უკვე მიიღო და სპეციალურად შექმნილი კომისია ერთი თვის განმავლობაში განიხილავს საკითხს.      

 

პრეზიდენტის  განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადატანა კარგი იქნება თავად ამ რეგიონის განვითარებისთვის. ქალაქში პარლამენტის შენობის მშენებლობა უკვე დაწყებულია. ასევე მიმდინარეობს მთავრობის სახლის მშენებლობაც. უმრავლესობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ცენტრი გადანაწილდება და არ მოხდება მხოლოდ ერთი რეგიონის განვითარება. პარლამენტის გადატანას მოჰყვება ინფრასტრუქტურის განვითარება, შეიქმნება დამატებით სამუშაო ადგილები.

ქუთაისისთვის საკმაოდ ბევრი დადებითი შედეგის მოტანის გარდა, საკითხავია, რა შედეგებს მოუტანს ზოგადად ქვეყანას?  მოხდება თუ არა რეალურად ძალაუფლების დეცენტრალიზაცია, თუ პირიქით? ქუთაისსა და თბილისს შორის გაბნეული მთავრობის წევრები მოახერხებენ სამუშაოს  სრულყოფილად შესრულებას?! პარლამენტი თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე, მხოლოდ მისი თანამშრომლების მუშაობით არ შემოიფარგლება. მთავრობის წარმომადგენლებს თითქმის ყოველდღიურად უწევთ საკანონმდებლო ორგანოს წინაშე მოხსენებით გამოსვლა. გარდა საკანონმდებლო ფუნქციებისა, პარლამენტი ერთგვარი მაკონტროლებელი ორგანოა, რომელიც აფასებს მთავრობის მუშაობას და               „იბარებს“ მათ ანგარიშებს. ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამგვარი დანაწევრებული სისტემით რთულია საქმის კეთება. საპირისპიროდ კი უმრავლესობის წარმომადგენლები ერთხმად ეთანხმებიან პრეზიდენტის ინიციატივას.

მიხეილ მაჭავარიანი: ქართული საზოგადოებისთვის მთავარია, რომ პარლამენტი ხარისხიანად მუშაობდეს კანონშემოქმედებაზე. იღებდეს ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს გაუადვილებს ცხოვრებას. უფრო მეტ სამუშაო ადგილებს შექმნის და ჩვენი კანონები იქნება ევროპულ კანონმდებლობასთან მორგებული. ყველა ამ ფუნქციას პარლამენტი წარმატებულად შეასრულებს რუსთაველის გამზირზეც, ვარკეთილშიც, ქუთაისშიც და ნებისმიერ ქალაქშიც.

მნიშვნელოვანია იმ ადამიანების ბედიც, რომლებიც პარლამენტის აპარატში მუშაობენ. „პარლამენტის აპარატის ის თანამშრომლები, რომლებიც ქუთაისში მოინდომებენ მუშაობას, იმუშავებენ, ხოლო ვინც არა, მათ ადგილს სხვები დაიკავებენ“, - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა. იმ ადამიანების დასაქმებაზე კი, რომლებიც 2012 წლიდან უარს იტყვიან ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო ქუთაისში გადასვლაზე, სახელმწიფო ვერ იზრუნებს. მათ თავად უნდა მოძებნონ ახალი სამსახური. ქრისტიან-დემოკრატებს მიაჩნიათ, რომ შეიქმნება კვალიფიციური კადრების პრობლემა, ვინაიდან აპარატის თანამშრომელთა მხოლოდ გარკვეული ნაწილი შეძლებს ქუთაისში გადასვლას.

„თბილისში არავინ დაბადებულა და გაზრდილა. დარწმუნებული ვარ, მათ ადგილზე, ვინც ვერ წამოვა, ქუთაისში, ზესტაფონსა და მიმდებარე რაიონებში არანაკლები კვალიფიკაციის მქონე ადამიანებს შევარჩევთ. საბოლოოდ მიღებულია გადაწვეტილება, რომ პარლამენტის ახალ შენობას დაემატება კიდევ ერთი პატარა, სამსართულიანი, მსუბუქი კონსტრუქციის შენობა აპარატისთვის“, - აღნიშნავს მაჭავარიანი.

ტექნიკური პრობლემების გარდა, გაზრდილ ხარჯებზე საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლები. „ეს იდეა არ არის არგუმენტირებული. ასობით მილიონი ლარის ამ მიმართულებით დახარჯვა ვერ შეუწყობს ხელს ქუთაისის განვითრებას. ეს თანხები რომ ქალაქს პირდაპირ მოხმარებოდა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, საწარმოების შენების თვალსაზრისით, ქუთაისი სერიოზულ წინსვლას იგრძნობდა. მაგრამ  ხელისუფლებისთვის პარლამენტის გადატანის ძირითადი მიზანი  არის აქციების თბილისში მოწყობის თავიდან აცილება,“- აღნიშნავს ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი გიორგი ახვლედიანი. მათი აზრით, ქუთაისისთვის უფრო ეფექტური და შედეგიანი იქნებოდა საუნივერსიტეტო ქალაქად გადაქცევა, რაც მეტ შემოსავალს მოუტანდა რეგიონს. ხარჯების გაზრდას არც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი გამორიცხავს, მაგრამ ამასთან აღნიშნავს, რომ „ეს არ იქნება უსაშველო ზრდა“.

პოლიტიკური სტატუსის გაყოფაზე აქტიურად საუბრობენ პარლამენტში. ქრისტიან-დემოკრატები გამოდიან ორპალატიანი პარლამენტის შექმნის ინიციატივით. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დასაშვებია ორპალატიანი პარლამენტის შექმნა, მხოლოდ - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ. გიორგი ახვლედიანი კი მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, ახლავე შეიქმნას ორპალატიანი საკანონმდებლო ორგანო და მისი წევრები გადანაწილდნენ თბილისსა და ქუთაისში. „ორპალატიანი პარლამენტის არსებობისას ეს პალატები არასდროს არის განთავსებული ერთსა და იმავე შენობაში, ქუთაისში იქნება წამომადგენლობითი სენატი, ხოლო ქვედა პალატა იმუშავებს თბილისში. უმრავლესობას გული უსკდება იმის გააზრებაზე, თუ რა უნდა გააკეთონ ქუთაისში, როგორ დატოვონ ოჯახები. არ არის ეს იოლი საქმე. პრეზიდენტს კი პრობლემა არ აქვს, რადგან რჩება თავის 100 მილიონიან რეზიდენციაში,“ - აღნიშნავს გიორგი ახვლედიანი. 

მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიან-დემოკრატიული პარტია ეწინააღმდეგება პარლამენტის ქუთაისში გადატანას, ისინი მაინც რჩებიან სპეციალურად შექმნილი კომისიის წევრებად. ამ უკანასკნელის წევრობაზე საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან მხოლოდ გიორგი ცაგარეიშვილმა და დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადეს უარი.

დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ კომისიას მხოლოდ საორგანიზაციო დატვირთვა აქვს. საყოველთაო სახალხო აზრის შემსწავლელია, ფორმალურად და უკვირს, კოლეგა უმცირესობის იმ წარმომადგენლების, რომლებიც რჩებიან კომისიაში, მაგრამ აცხადებენ, რომ მხარს არ დაუჭერენ ქუთაისში პარლამენტის გადატანას.

დიმიტრი ლორთქიფანიძე, ფრაქცია „ძლიერი საქართველო“-ს მდივანი: „არამც თუ არ ვეთანხმები პარლამენტის ქუთაისში გადატანს, არამედ ვთვლი, რომ ეს არის ცბიერი გეგმა, რომელსაც არ უწერია განხორციელება. 2012 წელს, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდგომ, გამოიკვეთება იმ ადამიანების პოლიტიკური ნება, რომლებიც მოხვდებიან პარლამენტში. ფაქტია, რომ პრეზიდენტი ყველანაირად ეცდება, თავისი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ ბოლომდე მიიყვანოს. შედეგობრივად დაანახოს თბილისელებს, მხარი რომ არ დაუჭირეს საპრეზიდენტო არჩევნებში.  პრეზიდენტმა კიდევაც ბრძანა, რომ არ არის აუცილებელი, ვაკელებმა და ვერელებმა პირდაპირ ჩამოირბინონ ხოლმე აქციებზე. როგორც ჩანს, ეს მიზნად ისახავს ამავე დროს თბილისის, როგორც პოლიტიკური დედაქალაქის, სტატუსის გაყოფას ქუთაისთან.

პარლამენტის სრულად ქუთაისში გადატანასთან დაკავშირებით კი, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომლის მოვალეობაც ამ საკითხთან დაკავშირებით საყოველთაო სახალხო განხილვის მოწყობაა. მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კომისია მხოლოდ პრეზიდენტის იდეის განსამტკიცებლად არის შექმნილი. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ტრადიციულ ამპლუაში არიან და პრეზიდენტის „დაკვეთას“ ასრულებენ. საინტერესოა, რა დასკვნას დადებს კომისია და რას ფიქრობს ამ საკითხზე საქართველოს მოსახლეობა, მაგრამ ფაქტია: სააკაშვილმა ქუთაისელების გული მოიგო.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1330
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია