დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მძიმედ მოსასმენი ამბები
2010/09/20 13:03:56

სოხუმის დაცემის დღეს დაღუპული ქართველი გმირის - გიორგი ახალაძის ოჯახის ცოცხლად გადარჩენილ ერთადერთ წევრს - ნანა ახალაძეს, სრულიად შემთხვევით, მაშინ შევხვდი, როცა ქვიტირის გზაზე მდებარე კემპინგებში მცხოვრები სოხუმელი ლტოლვილების სტუმარი აღმოვჩნდი.

დევნილთა პირველი კორპუსის შესასვლელში ორი სანდომიანი ქალბატონი შევნიშნე. უფროსმა ქალბატონმა თავი ციალა გორგოძედ გამაცნო, მეორე კი სოხუმის ბრძოლებში გმირულად დაცემული გმირის - ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენის კავალერის, გიორგი ახალაძის და - ნანა ახალაძე აღმოჩნდა.

- აფხაზეთის დაცემის დღე გახსოვთ? - ვკითხე მათ.

ქალბატონმა ციალამ ასე მიპასუხა:

ჩემს ოჯახზე მეტი გაჭირვება ნანას ოჯახმა გადაიტანა, ოჯახის თითქმის ყველა წევრი დაკარგა, მარტო თავად გადარჩა, თბილისში, პრეზიდენტის მიერ გახსნილ საქართველოს თავისუფლებისთვის შეწირულ გმირთა მემორიალზე - მისი ძმის - გიორგი ახალაძის სახელია ამოკვეთილი და, მართალია, გარდაცვლილებს დიდ პატივს სცემენ, მაგრამ ცოცხლებს რომ არაფრად გვაგდებენ, ეს ნანას ოჯახის მაგალითზეც ნათლად ჩანს.

როგორც ქალბატონმა ციალამ გვიამბო, იმ ავბედით 1993 წლის სექტემბრის თვეში, ნანა ახალაძის ოჯახის ყველა წევრი სოხუმში იყო. ნანა უკვე გათხოვილი იყო, ჰყავდა მეუღლე - ალექსანდრე სულაკაძე და ორი მცირეწლოვანი ვაჟი - დათო და რომეო, როცა ქართული ჯარები ტანკებით შევიდნენ სოხუმში.

20 სექტემბერს ნანას ოჯახმა დატოვა სოხუმი და „ელექტრიჩკით“ ქმრის მამიდასთან გადმოიხიზნა იმერეთში.

სოხუმში კი დედ-მამა და უმცროსი ძმა მურთაზი დარჩნენ, ნანას მეორე ძმა - გიორგი ივლისის თვეში წარმოებული ბრძოლების დროს დაიღუპა, მაშინ იგი 29 წლისა იყო, განათლებით იურისტი: აფხაზეთის უშიშროების სამსახურის 28 წევრს ხელში იარაღი მისცეს და ბრძოლის წინა ხაზზე გააგზავნეს, იმ 28 ადამიანიდან ცოცხალი მხოლოდ 8 გადარჩა, სხვა დანარჩენები მტრის ტყვიებით დაიღუპნენ.

ბრძოლის წინა ხაზზე, სოფელ შრომასთან, გიორგი ახალაძე მძიმედ დაიჭრა, მის გადასარჩენად მისმა მეგობარმა ნუგზარ ჭელიძემ, რომელიც თავადაც ფეხში იყო დაჭრილი, მეგობარი მხარზე მოიკიდა და ბრძოლის ხაზიდან მის გამოყვანას შეეცადა. სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთად ჰქონდათ დამთავრებული, უშიშროების სისტემაშიც ერთად დაიწყეს მუშაობა, ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, ნუგზარმა სოფელ შრომადან სოფელ იაშტუხვამდე მეგობარი 5 კილომეტრი ფეხით ატარა, მაგრამ მისი გადარჩენა მაინც ვერ შეძლო, გიორგი ახალაძე 4 ივლისის საღამოს, სოფელში მისვლამდე, სისხლმდენი ჭრილობისაგან დაიღუპა.

ივლისის ბოლოს სოფელ შრომასთან წარმოებული ბრძოლები ქართველებმა მოიგერიეს, შემდეგ ცოტა ხნით მშვიდობა ჩამოვარდა. ამით ისარგებლა აფხაზურმა მხარემ, მოლაპარკების თანახმად მოსახლეობას იარაღი ჩამოართვეს. ჯარი გაიყვანეს, მოქალაქეებს კი მშვიდობიან ცხოვრებას შეჰპირდნენ. შევარდნაძემ ქალაქიდან გახიზნულ მოსახლეობას სთხოვა, უკან დაბრუნებოდნენ თავიანთ ოჯახებს, 16 სექტემბრის დილას, თბილისიდან ქართული ჯარის ნაწილების შემოსვლას კი ბრძოლის ახალი ფაზა მოჰყვა. 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ყველანი გაიხიზნენ. ნანას დედამ არ დატოვა გმირულად დაცემული შვილის საფლავი. აფხაზებმა მოხუცებული სახლიდან გამოიყვანეს და ავადმყოფ შვილთან ერთად საკუთარი სახლის კარებთან დახვრიტეს.

ნანას მამამ, რომელიც იმ პერიოდში შინიდან იყო გასული, თავისი ოჯახის წევრების შესახებ არაფერი იცოდა. იგი იმ მძიმე დღეებში მეგობარი აფხაზის სახლში იმალებოდა. ოქტომბრის თვეში, როცა აფხაზები ქალაქში დარჩენილ ქართველებს ეძებდნენ, აფხაზი მეგობრის ხელშეწყობით გურამ ახალაძე, სხვებთან ერთად ავტობუსებით ისიც ენგურის ხიდთან მიიყვანეს და შიდა საქართველოში გამოაგზავნეს. ნანას მამა დას ესტუმრა ზუგდიდში, აქ შეიტყო, რომ მისი ოჯახიდან ცოცხალი აღარავინ გადარჩენილიყო, უმცროსი ქალიშვილის ოჯახის გარდა, ნერვიულობით გული გაუსკდა და გარდაიცვალა.

მძიმე ისტორია იყო, მოსათხრობადაც და მოსასმენადაც.

ქალბატონ ნანას სახეზე დიდ უკმაყოფილებას და წყენას ვატყობ, მიზეზს ვეკითხები.

ნანა ახალაძე: 18 წელიწადი უკვე ამ შენობის ხიზნები ვართ, მართალია, აქ ოთხი ოთახი მოგვცეს, მაგრამ ცარიელი სახლის კედლებს, თანაც ასეთ ადგილას, ვისთვის რა გაუკეთებია! აფხაზეთში დაღუპულ გმირებს პრეზიდენტის ბრძანებით 1000 ლარიანი დახმარებები გაუწიეს. მეც ჩავედი თბილისში ჩემი ძმის სახელზე გამოწერილი თანხის ასაღებად, უარით გამომისტუმრეს: მემკვიდრეობის აღდგენას თუ შეძლებთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადმოგცემთ მის სახელზე გამოწერილ თანხასო. ვერც მემკვიდრეობის აღდგენას ვახერხებ, ქართული კანონსამართლის მიხედვით გათხოვილი და, თურმე, გარდაცვლილი ოჯახის წევრების მემკვიდრედ არ ითვლება. ამ შენობაში თვეში ერთხელ გაცემული 22 ლარის იმედად დაგვყარეს. შვილებმა სკოლა დაამთავრეს. ვერცერთისთვის უმაღლესი განათლების მიცემა ვერ მოვახერხე, უსახსრობის გამო სახლში სხედან უმუშევრები, მხოლოდ ჩემი მეუღლე - ალექსანდრე ხანდახან ხელოსნობაში აღებული ფულით თუ შემატებს ოჯახს რაიმეს. უფროსმა ვაჟმა, რომეომ, ცოლი ითხოვა - აქაური, მაღლაკელი გოგო - მადლენა ჟორჟოლიანი. ცალკე გავიდნენ და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ, სად არ დავდივარ, ვის არ ვთხოვე დახმარება, მაგრამ რეალური დახმარება ჩვენთვის ჯერ არავის გაუწევია. სოხუმში ბაზრის გვერდით, დიდ, ორსართულიან სახლში ვცხოვრობდით, სამსახურებიც გვქონდა და საარსებო სახსრებიც ქუჩაში არასოდეს გვიძებნია. ჩემი დაღუპული ძმებისა და მშობლების დანატოვარ ქონებაზე მემკვიდრეობის აღსადგენად წელიწადზე მეტი თბილისში მარბენინეს... თურმე მემკვიდრეობის მიღების უფლებაც არა მქონია! თვალებში ნაცარს გვაყრიან და გვიმტკიცებენ, არაჩვეულებრივ სახელმწიფოს ვაშენებთო!...

***

უხერხული მდგომარეობიდან ქალბატონმა ციალამ გამომიყვანა და ფინჯანი ყავის დასალევად თავის ბინაში მიმიპატიჟა. უარი არ მითქვამს, იმ პატარა ოთახის სიღარიბემ, სადაც ფეხი შევდგი, შემაცბუნა: ფეხმორყეული სკამები, გაქუცული დივანი, რომელშიც დიდი სიფრთხილით ჩავჯექი. კიდეებშემოცრეცილმა მაგიდამ სევდიან განწყობაზე დამაყენა. ქალბატონი ციალა ალალი და გულკეთილი ქალი ჩანს, სასწრაფოდ დატრიალდა, ყავა მომიდუღა, სამიოდე უბრალო კანფეტიც გააჩინა, შემდეგ კი თავისი ოჯახის ისტორია მომითხრო:
ჩვენი ეზო-გარემო იაშტუხვაში მთელ ნახევარ ჰექტარს მოიცავდა, ჩემი მეუღლე ანზორ კოსტავა ელექტრო-მონტიორად მუშაობდა, სოფელს ემსახურებოდა, თავისუფალ დროს ეზოს და კარ-მიდამოს უვლიდა. მე ძიძარიას ქუჩაზე, სამკერვალო ფაბრიკაში ვმუშაობდი. სამი ქალიშვილი შეგვეძინა, ყველანი იაშტუხვას პირველ საშუალო სკოლაში სწავლობდნენ, როცა იქიდან წამოვედით, ვერიკო ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე გახლდათ. დღეს სამივე გათხოვილია და ყველას თავ-თავისი ოჯახი ჰყავს. ნაბოლარა ვერიკოსგან ორი შვილიშვილი მყავს - ხატია და ბექა ფაიქიძეები, რომლებიც ჩემთან იზრდებიან, თავად კი საბერძნეთშია წასული, იქაა დასაქმებული, ცდილობს, ოჯახს რაღაც შემატოს.

სოხუმის დაცემის დღიდან იმდენი დრო გავიდა, ბევრი რამ მე უკვე აღარც მახსოვს, შვილო, მაგრამ, რაც კი გამახსენდება, იმას აუცილებლად ჩაგაწერინებ:

***

- 1993 წლის 16 სექტემბერი იყო, როცა ჩეჩენი ბოევიკები ჩვენს სოფელში შემოვიდნენ, ვითომ აფხაზების სახელით, - ყვება ციალა გორგოძე, - ჩვენი სოფელი უკვე განიარაღებული გახლდათ. ახალგაზრდა ყმაწვილებმა, ვისაც გული ერჩოდა, მტერთან საბრძოლველად, ჩვენი სახლის ზემოთ, პარტიზანული რაზმი შექმნეს და იქ გამაგრდნენ, ხელში გადამალული ავტომატები და სანადირო თოფები ეჭირათ მხოლოდ. 16 სექტემბერს ჩეჩნების ტყვიით დაიჭრა ჩემი მეზობლის ბიჭი - მამუკა ჭკადუა, ჩემი ქალიშვილის თანაკლასელი, რომელიც სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამუკა თავში იყო დაჭრილი. 23 სექტემბერს საავადმყოფოს ცეცხლი გაუხსნეს თვითმფრინავიდან და ექიმებმა ძლივს მოასწრეს ცეცხლწაკიდებული შენობიდან ნაოპერაციევი ავადმყოფების გამოყვანა და გადახიზვნა, მამუკა დღესაც ცოცხალია, მაგრამ ინვალიდი დარჩა.

23 სექტემბერს ქმარი შინ არ დამხვდა, შვილებმა მითხრეს, ვიღაც კაცებმა წაიყვანეს, საავადმყოფოში ელსადენი ხაზის შესაკეთებლადო. მე, შეშინებულმა, შვილები სახლიდან გამოვიყვანე და რაკი სუყველანი გარბოდნენ, მულთან გადავხიზნე, რომელმაც ისინი გემით ფოთში ჩამოიყვანა, მე კი მეუღლის დაბრუნებას ველოდებოდი და შინ დავრჩი, მაგრამ იგი აღარ დაბრუნებულა, მეზობლებმა გამაფრთხილეს, რომ სახლში გაჩერება საშიშიაო და 25-დან და 29 სექტემბრამდე დღისით ჩემს სახლს ზემოთ, ტყეში ვიჯექი, გამვლელ-გამომვლელს თვალს ვადევნებდი. ჩეჩნები სახლებს ჩხრეკდნენ, სომხები კი მათ ნაკვალევზე სახლებში შედიოდნენ და იქიდან ავეჯი და რისი ხელით გამოტანაც შეიძლებოდა, ყველაფერი გამოჰქონდათ. ჩემი სახლი თითქმის ჩემს თვალწინ გაწმინდეს. ღამეს ფაბრიკის კადრების განყოფილების გამგესთან, ქალბატონ ზაირასთან ვათევდი. წარმოშობით რუსი გახლდათ, არავინ ერჩოდა. მან შემიფარა. ოთხი დღის შემდეგ, 29 სექტემბერს, მდგომარეობა ცოტათი დაშუშდა. იქვე, ჩემს მეზობლად, ერთი ხანდაზმული ქალი ცხოვრობდა - ლამარა ბარამია, რომელთანაც ექვს მოხუცებულ ქალს მოეყარა თავი, თავიანთი სახლებისა და მიწა-წყლის დატოვება უჭირდათ და მათთან ვათევდი ღამეს 17 ოქტომბრამდე. მეუღლეს ამაოდ ველოდი, ისე დაიკარგა, მისი ამბავიც კი ვერავინ მომიტანა. ბარამიას ქალი მათგან ჩემი წამოსვლის შემდგომ აფხაზებმა სახლიდან გამოიყვანეს იმ თავის მოსავლელ მოხუცებთან ერთად და დახვრიტეს. მე კი იქაური აფხაზი ბუბა ოტირბა დამეხმარა, რომელიც ჩემთან ერთად ფაბრიკაში მუშაობდა, იგი თავის სიძეს დაუკავშირდა სოხუმში, რომელიც იქ სამხედრო შტაბთან თანამშრომლობდა და მათი ხელშეწყობით გალში გადმომიყვანეს, იქიდან კი ქუთაისში ჩამოვედი, სადაც ნათესავებთან ჩემი შვილები მელოდებოდნენ. მხოლოდ ქუთაისში ჩამოსვლის შემდგომ გავიგე, რომ ჩემი და ნატაშა, რომელიც ახალ ათონში ცხოვრობდა თავის ქმართან რაულ დარცმელიასთან და სტუმრად ჩამოსულ მეორე სიძესთან რამინ ჯუღელთან ერთად, იქაური სომხების დაბეზღებით, 7 აგვისტოს სახლში გადამალულები გამოიყვანეს და ზღვის ნაპირზე დახვრიტეს. მათ გვამებს თურმე რამდენიმე დღე ტალღები დაათრევდნენ.

რაღაც მანქანა დადიოდა თურმე მაშინ სოხუმის ქუჩებში, დახურული „ვილისი“, სომხები „სიკვდილის მანქანას“ ეძახდნენ, ვისაც გადამალულს ნახავდნენ, გამოყრიდნენ სახლებიდან, ამ მანქანით მიჰყავდათ სადღაც და ხვრეტდნენ. მამა-შვილი ცხოვრობდა იქვე, ჩვენს მეზობლად. შვილი ექიმი გახლდათ, ახალგაზრდა ბიჭი გია დემეტრაძე, მამასთან ერთად იმ დღეებში დილაუთენია გამოიყვანეს სახლიდან ჩუსტებით და გუდაუთასთან ახლოს, ქალაქის სანაგვეზე დახვრიტეს.

აი, ასეთი დღეები გამოვიარეთ, შვილო, ახლა კი ვცხოვრობთ ამ სიღატაკეში, ცალი ფეხი ნაოპერაციევი მაქვს, პენსია რომ მოვითხოვე, ასე მითხრეს, მეორე ფეხშიც თუ ჩაიდგამ პლასტმასის ძვალს, პენსიას მაშინ მოგცემთო. ჩვენთვის სოციალური დახმარებებიც კი ენანებათ, ვისაც დაუნიშნეს, ყოველ კვირა დადიან და აკონტროლებენ. ერთადერთი ჩვენი იმედი ჩვენი შვილები არიან. იქნებ მათ მაინც არ ნახონ ის, რაც ჩვენ ვნახეთ და გადავიტანეთ.

 

ლელა ფხაკაძე-ზარანდია

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1438
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია