დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ელეგია გაძევებული მეცნიერების შესახებ
2012/11/06 12:36:15

რა ბედი ეწია, ბოლო წლებში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე, ქართულ მეცნიერებას? რატომ დუმს ჩვენი საზოგადოება, როცა 2004 წლიდან, ფაქტობრივად, ავტორიტეტების მსხვრევისა და სამეცნიერო რეპუტაციების შელახვის უწყვეტი პროცესი მიმდინარეობს? რატომ არავინ ინტერესდება ქართულ სამეცნიერო წრეებში დაგროვილი პრობლემების შესწავლით? რატომ არის გამეფებული ჩვენში შიშისა და უნდობლობის განწყობილება ზოგადად მეცნიერებისა და მაღალი ტექნოლოგიების განვითარების მიმართ? - ამ და კიდევ მრავალ აქტუალურ კითხვას სვამს თავის სტატიაში მეცნიერების დოქტორი გოგი ლორთქიფანიძე. სტატია, რომლის დაწერაც ავტორს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პროფესორ ლელა გაფრინდაშვილის პოლიტიკური ნიშნით გაძევებამ გადააწყვეტინა და რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა, მრავალი ასპექტითაა საინტერესო ქართული მეცნიერების ბედზე დაფიქრებული მკითხველისათვის.

 

 

ამ სტატიის დაწერა ერთმა კონკრეტულმა და უსიამოვნო ფაქტმა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პროფესორ ლელა გაფრინდაშვილის უეცარმა გაძევებამ მაიძულა. მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ შალვა რამიშვილის დილის ერთ-ერთი გადაცემიდან შევიტყვე და ეს ამბავი დიდად არ გამკვირვებია. ეჰ, რამდენი ყოფილა ასეთი (სხვადასხვა საბაბით) და რამდენი იქნება კიდევ - ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა ან ხელისუფლების წინაშე დაჩოქილი (ზოგჯერ აღფრთოვანებით) უმაღლესი სასწავლებლები!

ამას დიდი ხანია შევეჩვიეთ - თანაც იმდენად, რომ თითქმის აღარც კი ვამჩნევთ - მით უმეტეს, სხვა პრობლემების ფონზე. იმ ქვეყანაში, სადაც შრომის კოდექსი, ფაქტობრივად, გაუქმებულია, ადამიანის უფლებები - შებღალული, სამართალი - ცალმხრივი, პიროვნული თავდაცვის უნარი კი გვარიანად მოშლილი - უნივერსიტეტიდან კიდევ ერთი განათლებული ადამიანის   „მოსრიალება“    მარტივი       „ტექნიკის საქმე“ გახლავთ.

არადა, პრობლემა საქართველოში სამეცნიერო საქმიანობისა (არ ვიტყვი - მოღვაწეობისა) გაცილებით უფრო ფართოა და, სამწუხაროდ, სცილდება ცალკეული ადამიანის, ერთი რომელიმე, თუნდაც დამსახურებული, პროფესორის ბედს. ჩვენს ქვეყანაში ხომ ფუნდამენტური მეცნიერული ფიქრისა და განსჯის ადგილი კარგა ხანია, რაც პირდაპირი სარგებელის მიღების პრაგმატულმა უნარ-ჩვევამ დაიკავა.

დავაკვირდეთ, რევოლუციური საქართველოს უახლესი, უფრო სწორედ,  ახალთახალი ისტორიის რა რეფორმისტულ ტალღაზე მოხდა ამ კონკრეტული პროფესორის უნივერსიტეტიდან გაძევების, ერთი შეხედვით, სავსებით ბანალური ფაქტი.

ვცადოთ, განვიხილოთ და გავარჩიოთ ჩვენი საზოგადოების „სამეცნიერო- საგანმანათლებლო“ ფრონტზე შექმნილი სიტუაცია. ნებისმიერ აწმყოს - თავისი ფესვები, თავისი ისტორიული წინაპირობები გააჩნია. გავიხსენოთ, დაახლოებით, 2005-06 წლებამდე ჩვენში საყოველთაოდ იყო აღიარებული, რომ საქართველოს ფუნდამენტური მეცნიერების სახეს - თავისი შუქ-ჩრდილებით - უპირველესად მეცნიერებათა აკადემია ქმნის. დღეისთვის ეს თეზისი არათუ დიდი კითხვის ქვეშ დადგა, - ის, უბრალოდ, მოძველდა და რეალობას აღარ ასახავს.

აკადემიას ინსტიტუტების დიდი ნაწილი და მეცნიერების მართვის პრაქტიკულად ყველა ბერკეტი (გარდა, ალბათ, თავის რიგებში კონკრეტული პირების წევრებისა თუ წევრკორების რანგში მიღებისა) ჩამოართვეს და ძველი დიდების ხათრით შეარჩინეს ერთადერთი ღირებული რამ: „ზემელზე“ 1953 წელს აშენებული „საქნახშირის“ შენობა. ცხადია, ეს შენობა - გარკვეული საზღაურია ადრე გამოჩენილი პოლიტიკური ლოიალობისთვის, თუმცა ისიც კარგადაა ცნობილი, რომ ყოველ ასეთ საზღაურს (ისევე როგორც ლოიალობას) დროთა განმავლობაში ყავლი გასდის. სტერეოტიპების ინერცია მაინც დიდი ძალაა და ძველი ტრადიციის შარავანდედის ნაწილი მაინც გარს აკრავს მეცნიერებათა აკადემიას, მით უმეტეს, რომ ღირსეული მემკვიდრე, გნებავთ ალტერნატივა, სინამდვილეში ვერ და არ გამოუჩნდა.

დღევანდელ ქართულ უნივერსიტეტებსა თუ სხვა უმაღლეს სასწავლებლებში დასაქმებული კადრების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი, უბრალოდ, ვერ პასუხობს იმ ფრიად ზომიერ კრიტერიუმებსაც კი, რომელთა შესრულებას „ბნელ საბჭოთა წარსულში“ აკადემია, როგორც ინსტიტუცია, სამეცნიერო სფეროში მომუშავე ადამიანებს ავალებდა. მაშინაც იყო ხარვეზები, უსამართლობა, მგლური კონკურენცია და აკადემიური კორუფცია, თუმცა, ყველაფერი შედარებითია.

მსოფლიოში მაშინ არსებული სამეცნიერო თვალსაწიერის გათვალისწინებით - უზნაძის, ბერიტაშვილის, ჯავახიშვილის, შანიძის, ჩუბინაშვილის, ვეკუას, მუსხელიშვილის, ანდრონიკაშვილის, ჭოღოშვილის, გომელაურის და სხვათა რანგის ფიგურები (თუ გია დვალს არ ჩავთვლით) საქართველოს სამეცნიერო ჰორიზონტზე პრაქტიკულად არ ჩანს (ან თითზე ჩამოსათვლელია და მე არ ვიცნობ - მათ ბოდიშს ვუხდი). ამასთან ვაცნობიერებ, რომ საქართველოში დღესაც მოღვაწეობენ შედარებით უფროსი თაობის კარგი, მაღალკვალიფიცირებული, მსოფლიოში აღიარებული მეცნიერები, თუმცა, ზემოთ დასახელებულ სამეცნიერო ავტორიტეტებამდე მათ, ჩემი აზრით, მაინც ბევრი უკლიათ (იმედია, ჯერჯერობით).

საზოგადოდ, ჩვენი ქვეყნის გასაბჭოების (1921 წ.) შემდგომი სამეცნიერო ისტორია ზოგადად სამ დიდ პერიოდად შეიძლება დავყოთ. პირველი - ხანგრძლივი საბჭოთა პერიოდი (კლასიკური „თაფლკვერი და მათრახი“, დიდი კვლევითი ინსტიტუტებით, გიგანტური პერსონალით, აკადემიური ხელფასებითა და ორთვიანი შვებულებებით - ერთი მხრივ, და პოლიტიკური დიქტატითა და მკაცრი იერარქიით - მეორე მხრივ). მეორე - დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომი პერიოდი - 1990-დან 2004-წლამდე, როდესაც სისტემა ძველი რჩებოდა, ოღონდ რეალური დაფინანსების გარეშე, რამაც ეს სფერო კოლაფსამდე მიიყვანა და მესამე - ე.წ. „რეფორმატორული“ პერიოდი: 2004 წლიდან დღემდე, რასაც, პირობითად, „ჰუნვეიბინიზმის“ - ავტორიტეტების მსხვრევისა და სამეცნიერო რეპუტაციების შელახვის პერიოდს ვუწოდებდი და რამაც ძალზე გააუფასურა საქართველოს ფარგლებში მოქმედი მეცნიერების შრომა - გლობალიზაციის სახელით, რაც მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში თუ იყო გამართლებული.

საქართველოს ფარგლებს გარეთ - კი ბატონო, ძალიანაც გვეამაყება როდესაც ჩვენებურები რაღაც მნიშვნელოვან პროექტებში (კოლაიდერის ტიპისა) არიან ჩართული, მაგრამ ქვეყნის შიგნით - სამწუხაროდ, სხვანაირად ხდება. ბოლოს და ბოლოს, მარტო ის რად ღირს, რომ მეცნიერებათა ჩვეულებრივ კანდიდატს რეფორმის შედეგად დოქტორი დაერქვა (ამ სისტემით, მეც, სხვათა შორის, მეცნიერებათა დოქტორი გახლავართ, თუმცა გულის სიღრმეში შესანიშნავად ვიცი, რომ კანდიდატი ვარ). ტრადიციული ამერიკული სამეცნიერო კონტექსტიდან ასე ხელოვნურად და ხელაღებით ამოგდებულმა და ქართულ სინამდვილეში გადანერგილმა ნოსტრიფიკაციის ერთსაფეხურიანმა სისტემამ აქ არათუ ვერ გაამართლა, არამედ, ნებსით თუ უნებლიეთ, დივერსიის როლი შეასრულა, რადგანაც გზა გაუხსნა  ხშირად არაკომპეტენტური, მაგრამ პოლიტიკურად ლოიალური მეცმუშაკების კატეგორიას ახალი თანამდებობრივი სიმაღლეების დასაპყრობად იმ უნივერსიტეტებში, რომლებმაც კვლევითი ინსტიტუტები და აკადემია ჩაანაცვლეს. სინამდვილეში კი „რეფორმის“ ეს მხარე მეცნიერული მუშაობის მიმართ მოთხოვნათა კრიტერიუმების განზრახ შესუსტებაში, მათ სათავისოდ მორგებაში გამოვლინდა - გამონაკლისები ამ წესიდან, რასაკვირველია, არსებობს, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ ამ ტიპის გამონაკლისები ზოგადად დამკვიდრებულ საერთო წესს ადასტურებს ხოლმე.

არსებობს კიდევ ერთი, უფრო სიღრმისეული პრობლემაც. საქმე ისაა, რომ არც საზოგადოებას აინტერესებს მეცნიერება მაინცადამაინც. სადმე, რომელიმე ფორუმზე - გნებავთ ტელე, გნებავთ ბეჭდვით მედიაში, თუნდაც სოციალურ ქსელებში, განხილულა კი ოდესმე ეს თემა ჯეროვნად? ვინმეს აინტერესებს, თუ რა და როგორ იყო სამსჯელო რეფორმატორული ჟინის დაკმაყოფილებამდე; რომელი მოსაზრების უკუგდება ღირდა და რომლის არა; როგორ გატარდა ანალოგიური რეფორმები სხვა პოსტსოციალისტურ ქვეყნებში; რეფორმატორთა რომელმა ჯგუფმა და რა ხერხების გამოყენებით მოგვახვია თავს საკითხის საკუთარი ხედვა? ის, რომ მსგავსი კითხვები მთელი საჭირო სიმწვავით პრაქტიკულად არასოდეს დასმულა, მარტოოდენ სახელისუფლებო ოინების ბრალი როდია. გადავავლოთ თვალი, რითია აჭრელებული მედია  - თუნდაც ბოლო ხანს: ლოპოტას ხეობის სპეცოპერაცია თუ სისხლიანი ინტრიგა, „ყრილობად“ მონათლული ნაცპარტიული მიტინგი საქართველოს 11 ქალაქში და „ქართული ოცნების“ თელავში წინასაარჩევნოდ გასვლა, პრეზიდენტის საათების პირადი კოლექციის გარჩევა, ესპანეთის ნაკრების ჩამოსვლა და ფეხბურთელების კოალიციის ლიდერთან შეხვედრა, მრავალი სხვა რამ ღირშესანიშნავი და - გინდაც ყოველივე ზემოთჩამოთვლილი მართლაც ძალზე მნიშვნელოვანი იყოს - არც ერთი სიტყვა, გადაკრულიც კი, მეცნიერებაში დაგროვილ პრობლემებზე. და ამას ჰქვია მომავალზე ორიენტირებული, განვითარებული და ინტელექტუალური საზოგადოება? ბოლოს და ბოლოს, პროფესორი ხელის ერთი მოსმით ჩამოაცილეს თავის სტუდენტებს და ვინმემ მედიაში რეალურად აღიმაღლა ხმა, გააპროტესტა? ვინმემ მიუძღვნა რაიმე განსაკუთრებული დრო ან ენერგია ლელა გაფრინდაშვილის კაზუსს (ცალკე მადლობა შალვა რამიშვილს - გაახმოვანა მაინც)? რამდენჯერმე გამოჩნდა ქალბატონი ლელა ოპოზიციურ ტელეარხებზე, ეს იყო და ეს - ინტერესი ამ ინციდენტის მიმართ ამით ამოიწურა. არადა, ესეც ხომ საზოგადოებაში დამკვიდრებული ღირებულებების, მოძლიერებული და, როგორც ეტყობა, თითქმის შეუქცევადი ანტიინტელექტუალური ტენდენციის, სოციუმის გონებრივი დეგრადაციის უტყუარი მაჩვენებელია. მერე კი ვიღაცას „ზომბების“ მომრავლება გაუკვირდება ჩვენში. რას იზამ... ასეთია დღევანდელი პუბლიკის მოთხოვნა და სინამდვილეში თითქმის ყოველთვის ასე იყო, ოღონდ სათანადო გასაქანი არ ეძლეოდა.

საბჭოთა ხანაში სამეცნიერო ოაზისების შექმნა-შენარჩუნება ხელოვნურად ხდებოდა და ახლაც ხელოვნურად ხდება - თუმცა, ამჟამად უფრო დამჭკნარი ოაზისებისა, თანაც გაცილებით უფრო თავხედურად, მხოლოდ თავისიანებისთვის. ერთი ურჩი პროფესორის დაზარალება რა სახსენებელია, როდესაც, პრაქტიკულად, თვით მეცნიერებას ვაძევებთ ჩვენი ცხოვრებიდან? თორემ, თავისთავად ამგვარი ხელოვნური ოაზისების შექმნის პრინციპი სულაც არ გახლავთ სათაკილო - სახელმწიფო დიახაც უნდა ზრუნავდეს მეცნიერებასა და კულტურაზე თავისი პოზიტიური შესაძლებლობების ფარგლებში.

კარგია, რომ ცხოვრებას, რაღაც კრიტიკულ მომენტებში ჩვენი ყოფისა,  სიმბოლოების ენაზე უყვარს ადამიანებთან გასაუბრება. ორ მაგალითს მოვიყვან ჩვენი სამეცნიერო ცხოვრებიდან (სინამდვილეში, რასაკვირველია, ასეთი სიმბოლური მაგალითების ოდენობა გაცილებით მეტია). პირველს - აწმყოდან „ცხადსა და თვალნათელს, მეორეს - წარსულიდან - ერთი შეხედვით, არცთუ ცხადს, მაგრამ, სამაგიეროდ, არანაკლებ დრამატულს.

ჩვენში უფროსი თაობის თითქმის ყველა განათლებულ ადამიანს ყური მაინც მოუკრავს ცნობილი ქართული მათემატიკური სკოლის არსებობის შესახებ. თბილისში დღესაც არსებობს (იურიდიულად მაინც) დიდი ტრადიციების მქონე ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი. ადრე ის აკადემქალაქში  შთამბეჭდავ, მისთვის სპეციალურად აშენებულ, იმ ხანისთვის დამახასიათებელი თანამედროვე სტილით აგებულ შენობაში იყო განთავსებული (თუ როგორ ვერ მოუარა მას აკადემიის პრეზიდიუმმა თუ ინსტიტუტის დირექციამ 90-იანი წლები საერთო ნგრევისა და ტოტალური კორუფციის ტრაგიკულ პირობებში, როგორ გაიყიდა მიწის ნაკვეთები აკადემქალაქში - სხვა საკითხია). დღესდღეობით მათემატიკის ინსტიტუტს გამოყოფილი აქვს რამდენიმე ოთახი უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მესამე სართულზე და არსებობას იქ განაგრძობს, ხოლო მისი ძველი შენობა რამდენიმე წლის წინ გაარემონტეს და იქ ის დაწესებულება განათავსეს (რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი), რომელიც მეცნიერებისთვის გრანტების გაცემას (უფრო სწორად, არგაცემას - იმდენად ძუნწი თუ ხელმოკლეა) კურირებს. მეცნიერები ჩინოვნიკებმა ჩაანაცვლეს - ამ ახალი დროების დასახასიათებლად მეტი რა სიმბოლო გნებავთ!

მეორე მაგალითი საქართველოში საბოლოოდ არშემდგარ ატომურ პროექტს ეხება. მიუხედავად  ბუნების დამცველების („მწვანეებიდან“ „გრინპისამდე“) მკვეთრი პოზიციისა, ასევე ჩერნობილისა და ფუკუიშიმას მსგავსი კატასტროფების გათვალისწინებით, ეს, თავისთავად, უფრო რთული და სადავო შემთხვევა გახლავთ (ისე, არც უკრაინამ და არც იაპონიამ, მიუხედავად ყველაფრისა, ატომური ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის განვითარებაზე უარი არ განაცხადეს). შეგახსენებთ მცხეთის რეაქტორის ნაღვლიან ისტორიას. ეს რეაქტორი მწყობრში 1959 წელს შევიდა - ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ჰქონდა იმხანად ამგვარი ფუფუნების შეძენისა და შენახვის საშუალება. შემდგომ წლებში მან არაერთი რეკონსტრუქცია-განახლება განიცადა, მისი ექსპლუატაცია წარმატებით გრძელდებოდა, რაც ხელს უწყობდა ჩვენში რეალურ მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესს. გავიდა დრო, შეიცვალა ეპოქა და საქართველო ერთადერთი ქვეყანა აღმოჩნდა, მგონი, მთელ დედამიწაზე, რომელმაც საკუთარი რეაქტორი, რომლის აგება-ამუშავებაზე ამდენი დრო, სახსრები, ენერგია დაიხარჯა, რომლის ბაზაზე ამდენი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი მომზადდა, პოლიტიკური ზეწოლისა და ანტიმეცნიერული ფობიების გავრცელების შედეგად, 90-იანი წლების დასაწყისში არა მარტო დახურა, არამედ მისი დემონტაჟის ნაცვლად (რაც რთული და ძვირი იყო) სრულიად ახალ ხერხს მიმართა და, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, მიწაში ჩამარხა აგრეგატი (ეს ნოვატორული   მეთოდი   მართლაც   მოიწონა  „მაგატემ“),   უპატრონოდ დარჩენილი აქტიური მასალები (რაღაში გამოგვადგებოდა) კი აშშ-ს გაატანინა ქვეყნიდან სპეციალურად  ჩამოყვანილი  „გერკულესებით“.

იმაზე არ ვმსჯელობ, გამართლებული იყო თუ არა შექმნილ ვითარებაში ეს კონკრეტული ნაბიჯები - იქნებ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით იყო კიდეც, მაგრამ სიმბოლო - მიწაში დამარხული რეაქტორი - შესანიშნავად ასახავს ჩვენში გამეფებულ საერთო განწყობას, ჩვენს შიშსა და უნდობლობას ზოგადად მეცნიერებისა და მაღალი ტექნოლოგიების განვითარების მიმართ.

ასე რომ, ლელა გაფრინდაშვილის უნივერსიტეტიდან გაძევება - ნებსით თუ უნებლიედ - განსაკუთრებულ სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებს: მეცნიერების გაძევებისა საქართველოდან.

მძიმე სურათი გვაქვს, უფრო მძიმე, ვიდრე ამა თუ იმ სპეციალისტის პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით სამსახურიდან დათხოვნისას წარმოჩნდება ხოლმე. დაე, ნურავინ აღიქვამს ამ ზოგად დასკვნას ისე, თითქოს წამით მაინც ვამართლებდე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მოქმედებას ქალბატონი ლელას მიმართ. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. უბრალოდ, ნათქვამია, კეისარს - კეისრისო.

 

გოგი ლორთქიფანიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1845
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია