დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
არის თუ არა გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის მიზეზი გოგა ხაჩიძის სისუსტე?!
2011/02/24 14:52:36

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი ლიცენზირების სამინისტროდან  მხოლოდ და მხოლოდ აბრა დარჩა...

გასულ კვირაში მთავრობის სხდომაზე გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება გარემოს დაცვის სამინიტროს რეორგანიზაცია და მისი ცალკეული დეპარტამენტების სხვადასხვა სამინისტროებთან შეერთება. ამ საკითხზე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ევროინტეგრაციის კომიტეტების სხდომაზეც იმსჯელეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაცული ტერიტორიების დეპარატამენტი, სავარაუდოდ, ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა, ხე-ტყის დეპარტამენტი  კი – ენერგეტიკის სამინიტროს შემადგენლობაში. მთავრობამ უკვე წარადგინა საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში და მას პირველი მოსმენით უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. მანამდე კი სხვდასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ცდილობდნენ, გაერკვიათ, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს გარემოს დაცვის სამინისტროს დაქუცმაცებას. ისინი აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას და მთავრობისგან მოითხოვენ, რომ კონკრეტული კანონპროექტის შედგენამდე კონსულტაციები გაიარონ ამ სფეროს სპეციალისტებთან. ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით, აშკარაა, რომ ეს ინიციატივა დილეტანტებს ეკუთვნით და პროფესიონალთა აზრი არ არის გათვალისწინებული. ქრისტიან-დემოკრატიული ფრაქცია  პროცესის სასწრაფოდ შეჩერებას მოითხოვს.

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“-ს წევრმა, ირაკლი მაჭარაშვილმა,  კომიტეტის სხდომაზე  იმ ოთხ ძირითად ფაქტორზე ისაუბრა, რაც პრობლემურია გარემოს დაცვის სამინისტროში. „ეს არის დაცული ტერიტორიების სიმცირე, გარემოს დაცვის ინსპექციის ფუნქციები, ეს უკანასკნელი  ორიენტირებული უნდა იყოს არა გამოჭერაზე, არამედ ბუნებრივი რესურების გაუმჯობესებაზე,“ – განაცხადა ირაკლი მაჭარაშვილმა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვითი კანონმდებლობის სისუსტეზე და დეპარტამენტებს შორის იმ ინტერესთა კონფლიქტებზე, რაც წარმოიქმნება გარემოს დაცვის სამინისტროს ნაწილების შეერთებით ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსთან.

გიორგი ახვლედიანი: „ის დაქუცმაცება, რომელიც ახლა მიმდინარეობს გარემოს დაცვის სამინისტროში, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ არის არაპროფესიონალების გაკეთებული. ეს გადანაწილებები არის პირდაპირპროპორციულად ინტერესთა კონფლიქტის გამომწვევი.  მაგალითად, დაცული ტერიტორიების შეერთება ეკონომიკის სამინისტროსთან. ამ უკანასკნელისთვის გამოცხადებული  პრიორიტეტი არის ტურიზმი, ხოლო დაცული ტერიტორიების პრიორიტეტები არის გარემოს დაცვა. ინტერესთა კონფლიქტია, როცა ლიცენზიები გადაეცემა ენერგეტიკის სამინისტროს. მათთვის ტყე არის შეშა,  გარემოს დაცვის სამინისტროსთვის კი – ტყე არის ჟანგბადი.  მთავარი პრობლემა კი სწორედ გარემოს დაცვის ინსპექციაშია, კორუფცია ვერ მოაგვარა ხელისუფლებამ და დაიწყო სამინისტროს დაქუცმაცება. გდი-ს საკითხი გაურკვეველია. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების სამინისტროდან კი დარჩა მხოლოდ და მხოლოდ აბრა.“

***

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტით გარემოს დაცვის სამინისტროში ძლიერდება გარემოსდაცვითი ფუნქციები და სამინისტროს მიენიჭება მისი ერთადერთი და ნამდვილი ფუნქცია – ზედამხედველობა გარემოზე, კონტროლი გარემოს დაცვაზე.

აკაკი ბობოხიძე: „საბოლოოდ, შეიძლება, მივიღოთ, ბრჭყალებში რომ ვთქვათ, გარემოს დაცვის სამინისტროს სახით სერიოზული „მონსტრი“, რომელიც აღჭურვილი  იქნება მხოლოდ ერთი პასუხისმგებლობით. ცვლილებები რომ გასაკეთებელია, ეს ფაქტია. ეს შეიძლება იყოს ან  მინისტრის სისუსტის, ან ზოგადად, სტრუქტურის გაუმართავობის ბრალი.“

დღევანდელ სამყაროში გარემოს დაცვითი პრობლემები საკმაოდ მწვავედ დგას. განვითარებულ ქვეყნებში ცდილობენ ამ ტიპის სტრუქტურების გაძლიერებას. თანდათნ ძლიერდება სხვადასხვა გარემოს დაცვითი ორგანიზაციები. ამგვარ სიტუაციაში კი საქართველოში გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაცია და, ფაქტორბრივად, მისი გაუქმება იგეგმება. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოს, შესაძლოა, პრობლემები შეექმნას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან, ვინაიდან კონკრეტულად არ იქნება ჩამოყალიბებული, თუ რომელი სტრუქტურა განახორციელებს  სახიფათო ნარჩენების შესახებ და სიტესის კონვენციის შესრულებას.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1498
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია