დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„ძალიან ამბიციური“ გეგმა
2013/03/11 12:22:04

ახალი ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას ამზადებს

 

საქართველოს ახალი ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობის  რეფორმის გატარებას გეგმავს. თვითმმართველობის ახალი სისტემის შემოღება 2014 წლის არჩევნებამდე დაიწყება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახალი სისტემით ჩატარდება, თუმცა თავად რეფორმა ერთ საარჩევნო ციკლზე მეტ ხანს გაგრძელდება. 

რეგიონული განვითარების სამინისტრომ დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის განვითარების მიზნით შემუშავებული სტრატეგიის პრინციპები საზოგადოებას უკვე გააცნო.

„დაგეგმილი რეფორმების შედეგად, თითოეულ დასახლებაში შეიქმნება საზოგადოებრივი თვითმმართველობა, როგორც მოქალაქეთა მართვაში უშუალო მონაწილეობის დემოკრატიული ინსტიტუტი,“ - აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

მინისტრის მოადგილის, თენგიზ შერგელაშვილის თქმით, თვითმმართველობის რეფორმის მთავარი პრინციპები არის: თვითმმართველობების ოპტიმიზაცია მუნიციპალურ დონეზე, საზოგადოებრივი თვითმმართველობის შემოღება, სამხარეო დონეზე თვითმმართველობის ელემენტების შეტანა - შეიქმნება სამხარეო საბჭო, რომელსაც ექნება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი რგოლები, თავისი კომპეტენციებით და ბიუჯეტით. ასევე, მოხდება ფინანსების და კომპეტენციების გამიჯვნა და ეს იქნება რეალური დეცენტრალიზაციის პროცესი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია: „ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც გულისხმობს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა რეალურად იყოს ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. უფლებამოსილებები ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს გამიჯნული, სხვადასხვა დონის ხელისუფლებას და ადგილობრივ თვითმმართველობებს უნდა გააჩნდეთ ამ უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო რესურსები. დღეს არსებული მკაცრად ცენტრალიზებული დონის და ფორმალურად არსებული ადგილობრივი თვითმმართველობების ნაცვლად, ქვეყანაში უნდა განვითარდეს ორდონიანი ადგილობრივი თვითმმართველობა.“

მინისტრის განცხადებით, პირველ დონეზე იქნება ყველაზე მეტად ადგილობრივი საკითხების მომგვარებელი, მეორე დონეზე კი ჩამოყალიბდება პირველი დონის ადგილობრივი თვითმმართველობებიდან ფორმირებული საბჭო. ასევე, იქნება აღმასრულებელი ხელმძღვანელი სამხარეო დონეზე, მხარეს ექნება საკუთარი უფლებამოსილებები და ამ უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო რესურსები. მხარის დონეზე ამოტანილი იქნება ზოგიერთი ისეთი უფლებამოსილება, რაც თავისი შინაარსით არ შეუძლია, რომ განახორციელოს პირველი დონის ადგილობრივმა თვითმმართველობამ და არც ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებს განეკუთვნება.

იმისათვის, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ გადაცემული კომპეტენციები ეფექტურად შეასრულოს, აუცილებელია, მას ჰქონდეს რეალური რესურსები. მინისტრი ამბობს, რომ განიხილება საშემოსავლო და ქონების გადასახადების ადგილებზე დატოვების სამუშაო ვერსია, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება ამაზე არ არის.

„გარდა ქონების გადასახადისა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საშემოსავლო გადასახადი უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის ნაწილობრივ მაინც განსაზღვრული, ამიტომ ამ საკითხებზე დამატებით სამუშაო ჯგუფები იმუშავებენ, კონსულტაციები გვექნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან, რომ გავაკეთოთ პროგნოზირება და რეალურად, მოდელზე დაყრდნობით, მივიღოთ გადაწყვეტილება და არა ზეპირსიტყვიერად,“ - აცხადებს დავით ნარმანია. 

 

***

სამოქალაქო სექტორის ნაწილი მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ წარმოდგენილი თვითმმართველობის რეფორმის გეგმა საკმაოდ ამბიციურია და მეტად მოკლე დროზე არის გაწერილი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ზოგიერთი მოსაზრებით, რეფორმის ავტორები ჩქარობენ.

 „დღეს იყო გამოთქმული მოსაზრება, რომ ეს იყო ძალიან ამბიციური და სწრაფი გეგმა.  მე მეორე მოსაზრება ვიცი, წელიწადნახევრის წინ რატომ ვიწყებთ ამაზე ფიქრს. იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე ადრე დაწყებული რეფორმა. ის ხალხი, რომელიც დღეს ამბიციურობის გამო აკრიტიკებს ამ რეფორმას, თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი-სამი თვით ადრე  იწყებდა ასეთი ტიპის რეფორმის განხორციელებას. ჩვენ დავიწყეთ ორი წლით ადრე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მოვახერხოთ აზრების შეჯერება,“ - ამბობს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ირაკლი მელაშვილი.

პრემიერის მრჩევლის განცხადებით, ასეთი ტიპის რეფორმები ევროპაში  ორი-სამი ციკლის  განმავლობაში ტარდება. ამიტომ, როდესაც უფლებამოსილებების გადაცემა ხდება ეტაპობრივად, იმისდამიხედვით, თუ როგორ აითვისებენ ამ უფლებამოსილებებს ადგილებზე, მერე მოხდება მეორე ნაწილის უფლებამოსილებების გადაცემა, „ანუ, უფლებამოსილებების ჩაშვება მოხდება ეტაპ-ეტაპ - ერთბაშად რომ ყველაფერი გადავცეთ, უბრალოდ, მისი ათვისების ადამიანური რესურსი არ იქნება,“ - ამბობს ბატონი მელაშვილი. 

 „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ პროგრამების მენეჯერის, ზაალ ანჯაფარიძის თქმით, განსაკუთრებით საყურადღებო და მისასალმებელია ის, რომ ახალი ხელისუფლება სერიოზულად ეკიდება მოქალაქეების ჩართულობას თვითმმართველობაში.

„ეს შემოთავაზებული მოდელი - საზოგადოებრივი თვითმმართველობის საბჭოები არის მნიშვნელოვანი, თუმცა, ალბათ, დასახვეწი იქნება თვითონ ამ მოდელის ფუნქციონირების მეთოდები. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ, კერძოდ, რა საკანონმდებლო აქტები გაუმაგრებს ზურგს ამ საზოგადოებრივ თვითმმართველობას, როდესაც ის დაიწყებს დიალოგს ხელისუფლებასთან.

ეს უნდა იყოს მხარდაჭერილი საკანონმდებლო დონეზე, რომ ხელისუფლება ვალდებული იყოს, დიალოგში შევიდეს ამ სტრუქტურასთან. ალბათ, საჭიროა ისიც, რომ ამ თვითმმართველობაში მყოფი ადამიანები ფლობდნენ იმის უნარ-ჩვევებს, რომ აწარმოონ ეფექტური დიალოგი.“

„დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის“ წარმომადგენელი,  სოსო ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ ასეთ რეფორმას არა მხოლოდ ორგანიზაციული ხასიათი, არამედ მენტალური დატვირთვაც აქვს და, ამდენად, ის ძალიან რთულად განსახორციელებელია.

სოსო ცისკარიშვილი: „თავისთავად, თემა უკიდურესად აქტუალურია, რადგან ჩვენი საზოგადოება არ ფლობს თვითმმართველობის რეალურ კულტურას და მუდმივად პატრონის იმედად რჩება კვლავაც. მიუხედავად ამისა, ასეთი რეფორმის წინაპირობა ჩამოყალიბებულია. დოკუმენტი, რომელიც წარმოდგენილი იქნა სამინისტროს მიერ, რასაკვირველია, სერიოზული მსჯელობის საკითხი უნდა გახდეს, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ქართული საზოგადოების დიდმა ნაწილმა უნდა გაითავისოს ასეთი ცვლილებების აუცილებლობა.“

ექსპერტის აზრით, შესაძლოა, უფრო მიზანშეწონილი იყოს, რომ ეს რეფორმა პილოტური პროექტების სახით ყოფილიყო ჯერ წარმოდგენილი - აგვეღო ათი, ოცი სოფელი და არა - სამი ათასი ერთად და ასე შეგვემოწმებინა საკუთარი ხედვა მაგალითებზე.

„სჯობს, კიდევ ერთი წელი დაგვიანდეს მასობრივად ამ ახალი სისტემის შემოტანა, ვიდრე ვიჩქაროთ, ვიტრაბახოთ და მერე ხელები ჩამოვუშვათ იმ სიმძიმის გამო, რაც წინ დაგვხვდება. ამბიცია, თავისთავად, ნეგატიურ შინაარსს არ შეიცავს ამ მომენტში, ეს გახლავთ სერიოზული დამსგავსება დასავლეთის ცივილიზაციის მიმართულებით, რისთვის მზაობის არსებობაში არ ვარ დარწმუნებული. ამაში მარწმუნებს მე ის პროცესები, რაც არაერთ ადგილობრივი თვითმმართველობის შენობასთან არის ამჟამად წარმოჩენილი, თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით.“

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1394
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია