დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უფასო კვება
2010/05/24 12:34:09

65 წლის ქუთაისელი ციალა გედენიძე მარტოხელაა. მისი ყოველდღიური რაციონი ჩაის, შავი პურისა და კარაქისგან შედგება.

„იშვიათად, რომ ტკბილეული ვიყიდო. ჩემი ძირითადი მენიუ შავი პური და ჩაია. 80 ლარიანი პენსიით ვცხოვრობ, ყოველთვიური შემოსავალი თვიდან თვემდე ძლივს-ძლივობით მყოფნის. ვიყავი უფასო სასადილოში მისული, მაგრამ ტალონებით უნდა ჩაეწეროო, ამდენი აქეთ-იქეთ სიარულის თავი არ მქონდა და კი ვარ ასე,“ - ამბობს ციალა გედენიძე.

იგი ვერცერთ სოციალურ პროგრამაში ვერ მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება.

ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს უფასო კვების პროგრამისათვის 485 500 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხის განსაკარგავად ჩატარებულ ტენდერში შპს „მადლიერების სახლმა“ გაიმარჯვა.

პროგრამის მიზანი განსაკუთრებით გაჭირვებული უმწეო ადამიანების კვებითი მოთხოვნილებების დაკმა-ყოფილებაა. ამ პროგრამით ქუთაისში დღეისათვის სულ 700 ბენეფიციარი სარგებლობს. მათგან 620 ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე მადლიერების სახლშია რეგისტრირებული, ხოლო 80 - ავტოქარხნის ქუჩაზე მდებარე უფასო სასადილოში. უმწეოები „მადლიერების სახლში“ დილის ცხრა საათიდან იკრიბებიან, თუმცა თავიანთი კუთვნილი ულუფის მიღება მხოლოდ თერთმეტი საათიდან შეუძლიათ. მათი კვების რაციონი საკმაოდ მრავალფეროვანია. ბენეფიციარებიც, ძირითადად, კმაყოფილნი არიან მომსახურებით. თუმცა შენიშვნები მაინც აქვთ:

„ათი წელია, რაც აქ დავდივარ. ბავშვები მყავს და სადილის შემდეგ ოთხი სულისთვის მიმაქვს საკვები სახლში. აქაური მომსახურებით უკმაყოფილო არა ვართ. ყველაფერს კარგად აკეთებენ, საკვებიც კარგია, მაგრამ უკმაყოფილებას მთავრობის დამოკიდებულება იწვევს. თბილისელებს რომ გაუზარდეს პენსია, ჩვენ რა, ხალხი არა ვართ? გვინდა, ჩვენც დაგვეხმარონ,“ - ამბობს ბენეფიციარი ნათელა ხვადაგიანი.

უფასო კვების პროგრამაში დღემდე პრობლემად რჩება ბენეფიციართა საკითხი. ქუთაისში გაცილებით მეტი ადამიანი საჭიროებს დახმარებას, ვიდრე ეს შვიდასი ბენეფიციარია. ესეც რომ არა, გაურკვევლობაა თვითონ ბენეფიციართა შერჩევის კრიტერიუმებში.

„კრიტერიუმი ისედაც გასაგებია - უფასო კვების პროგრამაა და უნდა  შეირჩეს ის ბენეფიციარები, რომელთაც არ შეუძლიათ ელემენტარული კვებითი პრობლემის გადაწყვეტა. ეს ისეთი კრიტერიუმია, აქ მრავალი მხრიდანაა მიდგომა საჭირო. ეს არაა ისე, რომ ამ პროგრამით სარგებლობდნენ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პირები, ან მხოლოდ პენსიონერები. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად ხდება საკითხის გადაწ-ყვეტა,“ - აცხადებს ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი არჩილ მუკბანიანი.

მოქალაქეებისათვის კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს საკვების მიღების გართულებული სისტემა.

„ჩემი მეზობელი მარტოხელა ქალია, ფაქტობრივად - ინვალიდი. მეზობლები სამადლოდ ვუკითხავთ საჭმელს და ეს ქალი, ამდენი წელია, ჩვენით არსებობს. „პლაშადკაზე“ ცხოვრობს და ეზოში ძლივს დადის. არანაირად არ შეუძლია, ყოველდღე ნინოშვილზე იაროს საკვებისათვის. ვიყავით მისული და ვითხოვეთ, რომ ოთხი  დღის ულუფა ერთ დღეს გაგვეტანა და გამოიზოგავდა, მაგრამ არ შეიძლებაო. ამ ადამიანისათვის, ფაქტობრივად არანაირი სოციალური დახმარება არ არსებობს, ერთადერთი - უმწეოთა დაცვის პროგრამაში მოხვდა და დახმარებას იღებს,“ - ამბობს ქუთაისის მცხოვრები ლამარა გოქაძე.

ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და  სოციალურ საკითხთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მოქალაქეებს არასწორად აქვთ გაგებული სოციალური პროგრამების არსი.

„თუ სახელმწიფო პროგრამაში ხარ, აღარ უნდა თქვა, რომ არავინ გეხმარება,“ - ასე თვლის არჩილ მუკბანიანი.

პრობლემები იმ ბენეფიციარებსაც აქვთ, ვინც უკვე სარგებლობს უფასო კვების პროგრამით.

„ერთი რამით ვარ უკმაყოფილო: ხუთი სული ვართ ოჯახში და ახლა  სულადობა მომიკლეს. კარგა ხანია, ოთხზე მაძლევენ მხოლოდ საკვებს. განცხადება დავწერე, მერიაშიც მივიტანე და მაინც არაფერი შეიცვალა. ისიც კი არ ამიხსნა ვინმემ, რატომ მომაკლეს ეს სულადობა,“ - ამბობს ბენეფიციარი გუგული იობიძე.

მუკბანიანის თქმით, ბენეფიციართა სიები ყოველთვიურად განიცდის კორექტირებას.

„სიის ცვალებადობა შეიძლება მოხდეს ოჯახის წევრის გარდაცვალებით. გასათვალისწინებელია ერთი საკითხი: ეს პროგრამა უნდა იყოს მარტოხელებზე, ვისაც არა ჰყავს არავინ სახლში. როცა ოჯახში გყავს ვიღაცა - შვილი, შვილიშვილი შრომის უნარიანები, არაა სწორი მოთხოვნა, რატო ამომაგდეს სიიდანო. ის, რომ მის ოჯახში ოთხი ან ხუთი სული ცხოვრობს, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა უნდა სარგებლობდეს უფასო კვების პროგრამით,“ - ამბობს არჩილ მუკბანიანი. 

პრობლემები სოციალური დახმარების პროგრამაში ამით არ მთავრდება. მოქალაქეთა მთავარი პრობლემა არაინფორმირებულობაა. სოციალურ თემატიკას მომდევნო ნომერშიც შევეხებით და ამ სფეროში არსებულ პრობლემებს უფრო დეტალურად მიმოვიხილავთ.

 

მანანა ქველიაშვილი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1568
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია