დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გურული ჩინოსნების კომფორტის წყაროსა და ირლანდიელი როზმარის სიღნაღის სახლის ისტორია...
2011/04/05 12:36:17

საქართველო მხოლოდ კონფლიქტებისა და საომარი მოქმედებების დროს როდი კარგავს მიწებს - კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის ტრანსფორმაციის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნის მიხედვით, სასაზღვრო ზოლის ალაზნის მონაკვეთზე, გამოვლენილია ტერიტორიული ცვლილების 69 ადგილი. აქედან, 42 შემთხვევაში ფაქტობრივი საზღვარი გადმონაცვლებულია საქართველოს მხარეს და მხოლოდ 27  შემთხვევაში -აზერბაიჯანის საზიანოდ. საქართველოს ტერიტორიულმა დანაკარგებმა დაახლოებით 293 ჰექტარი შეადგინა. ამასთან, ადგილზე მდინარის სწორი უბნების ვიზუალური დათვალიერების შედეგად, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საფუძვლიანი საველე კვლევების ჩატარების შემდეგ, ეს სხვაობა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს.

 

 

გაზეთი „გურია ნიუსი“ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ 2010 წელს გახორციელებული შესყიდვების მონიტორინგს განაგრძობს. გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტიდან 2010 წელს გახორციელებული შესყიდვების დოკუმენტების  გამოთხოვითა და შესწავლით დგინდება, რომ მილიონები ისევ და ისევ საჯარო მოხელეების კომფორტს, საეჭვო ღირებულების ნივთების შეძენას მოხმარდა - საკანცელარიო, საოფისე და ჰიგიენური ნივთები, კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, ოფისების კეთილმოწყობა, სატელეფონო და საწვავის ხარჯები  - ეს ის მოკლე ჩამონათვალია, რისთვისაც ლანჩხუთის, ჩოხატაურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებმა ასიათასობით ლარი დახარჯეს. ბუნებრივია, ამ სოლიდურ თანხებში არ შედის მათი ხელფასები, პრემიები და მივლინებები - გამოდის, რომ ადგილობრივი ბიუჯეტების თითქმის ნახევარი საჯარო მოხელეების შენახვას სჭირდება.

 

მხოლოდ საოფისე ინვენტარზე  დახარჯულ თანხებს რომ გადავხედოთ, მეტად შთამბეჭდავ ციფრებს შევხვდებით; მაგალითად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა, 7 კომპიუტერის შესაძენად ბიუჯეტიდან 24 600 ლარი დახარჯა ანუ ერთი კომპიუტერი 3 514 ლარად იყიდა. მსგავსი ღირებულების კომპიუტერი მხოლოდ სპეციალური, მაღალი ტექნოლოგიური სამუშაოების ჩასატარებლად არის საჭირო და ის, ფაქტობრივად, ჩვეულებრივ გაყიდვაში არ არის. საინტერესოა, რა კოსმოსურ კვლევებს ახორციელებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, რომ ასე ძვირფასი კომპიუტერი შეიძინა, თანაც შვიდი ცალი?! ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა  2 ცალ კომპიუტერში 2 600 ლარი გადაიხდა, 2 პრინტერი 2 000 ლარად შეიძინა, 24 ანტივირუსი კი 2 200 ლარად იყიდა!  ამასთან, 3 ცალ იუპიესში - 800 ლარი, 2 ცალ მონიტორში - 900 ლარი, 2 ცალ მაუსში - 600 ლარი, 2 ცალ კლავიატურაში კი 100 ლარი გადაიხადა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებს 14 090 ლარი ადგილობრივი ტელეფონის სარგებლობისთვის დასჭირდათ, ხოლო 31 ცალი მობილური ტელეფონის შესაძენად - 11 210 ლარი! „გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, მობილური ტელეფონები სოფლის რწმუნებულებს წინასაარჩევნოდ გადასცეს, საბაბი - კომუნიკაციის პრობლემის აღმოფხვრა იყო.

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლო ირლანდიის მოქალაქის სალივან ქიარა როზმარის საქმეს განიხილავს. ირლანდიის მოქალაქეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სიღნაღში სახლი წაართვა.

სალივან ქიარა როზმარიმ რაიონულ სასამართლოში პროცესი მოიგო და საკუთრება დაიბრუნა. სამინისტრო სიღნაღის სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს.

ეკონომიკის სამინისტრო როზმარის ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების დარღვევაში ადანაშაულებს და ხელშეკრულების გაუქმებას ამ მიზეზით ხსნის. თუმცა, სამინისტრო არ აკონკრეტებს, მყიდველმა ხელშეკრულების რომელი პუნქტი დაარღვია.

სალივან ქიარა როზმარის განცხადებით, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, ის საკასაციო საჩივრით უზენაეს სასამართლოს მიმართავს.

 

გაზეთ „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, 23-27 მარტს თბილისში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი არმენ აშოტიანი.

ამ დღეების განმავლობაში, სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამენტის სხდომა ჩატარდა, რომელშიც აზერბაიჯანის წარმომადგენლობასაც უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ რატომღაც ვერ ჩამოვიდნენ. პროგრამის ინიციატორი „კონრად ადენაუერის ფონდია“. სამწლიანი პროგრამის ბიუჯეტი 1.88 მილიონი ევროა.

საქართველოში ვიზიტის უმთავრეს შედეგად არმენ აშოტიანი ქართველ კოლეგასთან მიღწეულ შეთანხმებას მიიჩნევს, რომლის თანახმად, საქართველოს სომხურენოვან სკოლებში სომხური ენა 3-4 საათის ნაცვლად, კვლავ 7 საათი იქნება, როგორც ეს 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებამდე იყო.

„ჩემი აზრით, ეს შეთანხმება საქართველოს აზერბაიჯანული თემისთვისაც სასარგებლო იქნება. სომხური ენის საათების რაოდენობა თუ გადაიხედა, პარალელურად, აზერბაიჯანული ენის საათების გაზრდის საკითხიც შეიძლება გადაიხედოს“, - ამბობს არმენ აშოტიანი.

მინისტრები ასევე შეთანხმდნენ, რომ სომხური სახელმძღვანელოების ქართულ ენაზე თარგმნაში სომეხი ეროვნების სპეციალისტებიც მიიღებენ მონაწილეობას და წიგნები გამოცემამდე გადასამოწმებლად სომხეთში გაიგზავნება. ასევე, გაგრძელდება საქართველოს სკოლების სომხური ენის მასწავლებლების

შემდგომი კვალიფიკაციის პროცესიც.

არმენ აშოტიანმა ქართველ კოლეგას სომხურ სკოლებში ქართული ენის სწავლების მეთოდების გამარტივება სთხოვა, რადგან ამას სომხური საზოგადოების ინტეგრაციის საუკეთესო გზად მიიჩნევს.

 

გაზეთი „პოსტკრიპტუმი“ საქართველოს პრეზიდენტის ახალ ინიციატივაზე ამახვილებს ყურადღებას - ქვეყანაში დაუმუშავებელი მიწის ნაკვეთი არ უნდა არსებობდეს! ოფიციალური სტატისტიკით, დაუმუშავებელი მიწის ფართობი 30%-ია, მაგრამ ექსპერტების მოსაზრებით ეს მაჩვენებელი 60%-ზე მეტია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოსაზრებით, ამის მიზეზი ისაა, რომ დღეს მიწების მფლობელები დაინტერესებული არ არიან დაამუშავონ ნაკვეთები და მოსავალი მოიწიონ. მომავალი წლიდან მათ გადასახადი დაეკისრებათ და იძულებული იქნებიან მიწა დაამუშავონ, იჯარით გასცენ ან გაასხვისონ. მთავრობის გეგმის მიხედვით, შეიქმნება მიწების ბანკი და საინფორმაციო ცენტრი, რომ ინვესტორებმა მიწის შეძენა მარტივად შეძლონ.

პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ გაკეთდა გზები, შევიდა ტრაქტორები, მოწესრიგდა სარწყავი სისტემები და შეიქმნა შესაბამისი კანონმდებლობა... შევარდნაძის დროს, პროკურორებმა, გამგებლებმა, მინისტრების მოადგილეებმა უკანონოდ დაისაკუთრეს მიწები. ახლა ახლა ეს ადამიანები ელოდებიან მიწის გაძვირებას, რომ მაღალ ფასად გაყიდონ მიწები... თერჯოლაში მცხოვრები გლეხები კი მიიჩნევენ, რომ მიწის დიდი ნაკვეთების მფლობელები მართლაც უნდა იყვნენ დაინტერესებული მოსავლის მოყვანით, მაგრამ არავინ ინტერესდება რა უშლით ამაში ხელს... ზწლისFწმშლწლი ფაქტორები კი მრავლად არის - საწვავის, სასუქის, სათესლე და სანერგე მასალის ძალიან მაღალი ფასები, საჭირო ტექნიკის დეფიციტი, საბანკო სესხების მაღალი განაკვეთი, საზღვევის სისტემის არქონა, საცავების და სამაცივრე სისტემების მოუწესრგებლობა, გასაღების ბაზრების პრობლემები...

ერთ-ერთი მათგანი კი ლოგიკურ კითხვას სვამს - თუ პრეზიდენტმა იცის, რომ მაღალჩინოსნებმა უკანონოდ მიიტაცეს მიწები, ჯარიმის დაწესება კი არა, სამართლიანი გამოძიება არ უნდა მოითხოვოს?

 

გაზეთი „ქართლის ხმა“ აქვეყნებს მასალას, რომ კასპის საკრებულოში, 2010 წელს აირჩიეს დეპუტატი ალექსანდრე ბიძინაშვილ და დღესაც განაგრძობს საქმიანობას, როდესაც მის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერ ძალაში იყო შესული, ხოლო განაჩენის მოქმედების ვადა არ იყო ამოწურული. ალექსანდრე ბიძინაშვილი ამავე დროს საკრებულოს  ფრაქცია ,,დამოუკიდებელის თავმჯდომარეა და  ,,მრეწველების მანდატით სარგებლობს. განაჩენი გამოტანილია 2006 წლის 2 ნოემბერს კასპის რაიონული სასამართლოს მიერ. 

ბიძინაშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ალექსანდრე ბიძინაშვილის მიმართ დანიშნული სასჯელი ჩაითვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი)  წელი პირობითი მსჯავრი. მის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალა პრობაციის სამსახურს მსჯავრდადებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, ალექსანდრე ბიძინაშვილს დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით - წერია გადაწყვეტილებაში. საქმე ეხებოდა ავტოსაგზაო შემთხვევას, რომლის დროსაც ბიძინაშვილის თანამგზავრი გარდაიცვალა. 

თუკი ალბათობა არსებობდა იმისა, რომ საარჩევნო კომისიამ წარდგენილი საბუთების მიხედვით ვერ დაადგინა კანდიდატის ბრალეულობის საკითხი, ამის გარკვევა შემდგომში თვით საკრებულოს შემადგენლობას შეეძლო და ევალებოდა. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2010 წლის 5 აგვისტოს მიღებულ რეგლამენტში ცალსახად წერია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის და უფლებამოსილების შეწყვეტის წესის შესახებ. მათ შორის, რეგლამენტის მე-13 მუხლის ბ- პუნქტი - დეპუტატს უფლებამოსილება უწყდება, თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესვლისთანავე, “ - წერს გაზეთი. 

 

რეგიონული მედიის ასოციაცია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1670
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია