დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შემოწმება თუ თავისუფალ მედიაზე ზეწოლა?
2011/06/13 12:56:39

7 ივნისს  შემოსავლების სამსახურმა  ჰოლდინგ მედიაპალიტრის  6  საწარმოში შემოწმება ერთდროულად დაიწყო, მათ შორის 4 კომპანიის საწყობები ინვენტარიზაციისათვის დაილუქა. როგორც შემოსავლების სამსახურმა განაცხადა, არც ერთი ეს საწარმო დაფუძნებიდან დღემდე არ შემოწმებულა და ეს  შემოწმება ამით იყო განპირობეული. თუმცა,  მედიაჰოლდინგში საგადასახადო სტრუქტურის შესვლამ საზოგადოებაში  მაშინვე გააჩინა ეჭვი, რომ ხელისუფლებამ სადამსჯელო მექანიზმი აამოქმედა.

 

 სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა და ოპოზიციამ მედიაჰოლდინგის აუდიტორული შემოწმება და ინვენტარიზაცია მედიასახლის მიერ 26 მაისის მოვლენების (რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დარბევის)  ობიექტურ გაშუქებას  დაუკავშირეს. მიუხედავად შემოსავლების  სამსახურის მტკიცებისა, რომ ეს შემოწმება იყო მხოლოდ შემოწმება და სხვა არაფერი, ჟურნალისტებმა ეს ფაქტი  სახელმწიფოს მხრიდან დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად შეაფასეს.

„შემოსავლების სამსახურის მიერ „მედიაპალიტრაში“ არაგეგმური შემოწმების დაწყება მოულოდნელი არ ყოფილა. მსგავსი დარტყმის ქვეშ არის ყველა მედიასაშუალება, რომელიც ისეთ ალტერნატიულ ინფორმაციას ავრცელებს, რაც ხელისუფლებისთვის მოსაწონი არ არის. პრობლემა ის კი არ არის, რომ შემოსავლების სამსახური დოკუმენტაციას ამოწმებს, არამედ, ის, თუ რამდენად ობიექტურად ამოწმებს. ამგვარი ნაბიჯები ჩვენ არაერთხელ გვინახავს, რაც ხშირ შემთხვევაში კითხვის ნიშნებს აჩენს.“ - განაცხადა ჟურნალისტმა ია ანთაძემ  8 ივნისს გამართულ სოლიდარობის აქციაზე, როდესაც, მედიასახლის მხარდასაჭერად და სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები „მედიაპალიტრის“ ოფისთან შეიკრიბნენ.

„მედიაპალიტრა“ არ არის საგადასახადო შემოწმების წინააღმდეგი ზოგადად, თუმცა ერთდროულად  6  სხვადასხვა შპს-ში მოულოდნელი შემოწმების დაწყება ლოგიკურად ბადებს ეჭვს და იწვევს შეშფოთებას, - ხომ არ არის ეს მიზანმიმართული მცდელობა, მოხდეს მედიასახლზე გარკვეული ზეწოლა. „მედიაპალიტრის“ ჰოლდინგში შემავალი საინფორმაციო საშუალებები ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას, თუმცა დღეს დილით მაკონტროლებლების მუშაობის გამო იყო გარკვეული შეფერხებები გაზეთების (აღსანიშნავია, რომ ამ სტამბაში „მედიაპალიტრის“ გამოცემების გარდა, სხვა ჟურნალ-გაზეთებიც იბეჭდება) დისტრიბუციასთან დაკავშირებით,“ - ნათქვამია საგამომცემლო სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

უნდა აღინიშნოს, რომ „მედიაპალიტრა“ წარმოადგენს ჰოლდინგს, რომელიც აერთიანებს, როგორც სხვადასხვა მედიასაშუალებას (ბეჭდური, ინტერნეტი, რადიო), ასევე, მათი მუშაობისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვან სამსახურებს (პრესის გავრცელების სამსახური, სტამბა, წიგნების გამომცემლობა, წიგნების მაღაზიათა ქსელი, ქაღალდისა და პოლიგრაფიული მასალების იმპორტიორი კომპანია და სხვა). შემოსავლების სამსახურმა კი ინვენტარიზაცია სწორედ იმ საწარმოებში დაიწყო, რომლებიც მედიაჰოლდინგის კომერციულ საყრდენს წარმოადგენენ.

გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის, ლაშა ტუღუშის თქმით, ეს არა მხოლოდ „პალიტრაზე“ ზეწოლის მცდელობაა, არამედ მთლიანად ქართულ პრესაზე შეტევაა, რადგან ქართული პრესის გავრცელების უდიდესი წილი სწორედ „მედიაპალიტრაზე“ მოდის და, თუ მას საფრთხე დაემუქრება, ავტომატურად ყველა გაზეთს შეექმნება პრობლემა.

„მედიაპალიტრაში“ შემოსავლების სამსახურის შესვლა დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად შეაფასეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმაც. ცნობილი ჟურნალისტი, ამჟამად თბილისის საკრებულოს წევრი „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან“ ინგა გრიგოლია მოუწოდებს ხელისუფლებას, შეეშვას „მედიაპალიტრას“: „პირობას გაძლევთ, რომ „პალიტრას“ უკვე აღარ დაგითმობთ... გეყოთ ტელევიზიებში შეჭრა!“

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი კი მიიჩნევს, რომ  „მედიაპალიტრის“ საგადასახადო შემოწმების პოლიტიზება და 26 მაისის მოვლენებთან  დაკავშირება მიუღებელია. - „ამ ეჭვს არ ვადასტურებ. ყველა გაზეთმა და ყველა ტელევიზიამ ეს ფაქტი გააშუქა ისე, როგორც მან ეს დაინახა...  საგადასახადომ უნდა იმუშაოს. მე მჯერა, რომ ისინი კანონის სრული დაცვით შევიდნენ. ეს დაწესებულებები, არ იყვნენ შემოწმებულები და ახლა ამოწმებენ. საგადასახადოს თავისი სპეციფიკა აქვს. მთავარია, რომ არ შეფერხდება მედიასაშუალებების ფუნქციონირება.“ - განაცხადა მაჭავარიანმა.

„თავიდან ამბობდნენ, რომ ეს იყო გეგმური შემოწმება. ახლა ამბობენ, რომ ეს არის ინვენტარიზაცია, ხვალ შეიძლება თქვან, რომ მისამართი შეგვეშალა და გვაპატიეთო, ან პირიქით - საერთოდ დააყადაღონ. ჩვენ არ ვიცით, რას იზამენ. ამიტომ ვთხოვთ და მოვითხოვთ, შემოსავლების სამსახურმა დროულად გახადოს გამჭვირვალე ეს პროცესი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რაც შეიძლება მეტი საზოგადოებრივი კონტროლი განხორციელდეს - საზოგადოება არის უფლებამოსილი, რომ იცოდეს, რა ხდება „მედიაპალიტრაში“. მივმართავთ საერთაშორისო ჟურნალისტურ ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს, რომ მაქსიმალური ყურადღება იყოს, რათა არ დავუშვათ სიტყვის თავისუფლების თუნდაც მცირეოდენი შეზღუდვა“ - განაცხადა  მედიაექსპერტმა ზვიად ქორიძემ.

 

(სტატია მომზადებულია ინტერნეტმასალების მიხედვით) 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1514
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია