დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მედია წნეხის ქვეშ
2012/10/03 12:00:31

კენჭისყრის დღეს ფოტოვიდეოგადაღება იზღუდება

 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაამტკიცა დადგენილება, რომლითაც საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს ფოტოვიდეოგადაღება შეიზღუდა. არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია და, რეალურად, ეს არის დარტყმა საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობისათვის.  

დადგენილების განხილვა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თითქმის ხუთ საათს გაგრძელდა და მას ფონად არასამთავრობო ორგანიზაციათა საპროტესტო აქცია გასდევდა. მიუხედავად ამისა,  ცესკო-ს 13 წევრიდან გადაწყვეტილების წინააღმდეგ მხოლოდ ორმა მისცა ხმა - კონსერვატიული პარტიიდან და მრეწველების მიერ დანიშნულმა წევრებმა. დადგენილების მიღებას მხარი 10-მა წევრმა დაუჭირა, მათ შორის: ცესკო-ს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა, ნაციონალურმა მოძრაობამ, ასევე ოპოზიციურმა ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ, ევროპელმა დემოკრატებმა და ქრისტიან-დემოკრატიულმა სახალხო პარტიამ. ლეიბორისტული პარტიის წევრი ცესკო-ში სხდომას საერთოდ არ ესწრებოდა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნული დადგენილება კი არ კრძალავს ფოტოვიდეოგადაღებას, არამედ არეგულირებს. ცესკო-ს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დააზუსტა პროცედურები, რომელიც უზრუნველყოფს როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის  გამჭვირვალობას,   ისე საარჩევნო პროცესის შეუფერხებლად წარმართვას.

„ცესკო არ არქმევს ამას აკრძალვას, მაგრამ რეალურად მივიღებთ აკრძალვას. ცესკო ამბობს, რომ რეგულაცია და მოწესრიგება სჭირდება მედიის მუშაობას, მაგრამ მერე ისეთ წესებს ადგენს, რომ გამოვა აკრძალვა. ჩვენ ყოველთვის გვქონდა შესაძლებლობა, რომ თუნდაც ტელეფონით გადაგვეღო, თუ იმ წუთში რაღაც დარღვევა ხდებოდა. რატომ სჭირდება ამას წინასწარი თანხმობები, შეზღუდვები და აკრძალვები?! ეს არის მიუღებელი. საარჩევნო კოდექსში როგორც წერია, ეს არის სრულიად საკმარისი,“  - განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა.

- მაინც, რატომ გახდა აუცილებელი ფოტო და ვიდეო გადაღების დარეგულირების აუცილებლობა?!

- ცესკო-ს ამ სხდომამდე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე მედია-ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, სადაც ყველაზე მწვავედ სწორედ საარჩევნო უბნებზე ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვის თემა განიხილეს. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს, რომელიც ცესკო-ს ინიციატივით ჩამოყალიბდა, ორგანიზებას  საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) უწევს და მასში მონაწილეობდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის  და არასამთავრობო-მედია სექტორის წარმომადგენლები.

როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა მედია-ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა, ადმინისტრაცია გეგმავს არა აკრძალვას, არამედ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ფოტო-ვიდეო გადაღების დარეგულირებას. საარჩევნო კოდექსის თანახმად, კენჭისყრის უბანზე მყოფ პირს, კენჭისყრის კაბინის გარდა, საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლის გარეშე შეუძლია აწარმოოს ფოტო-ვიდეო გადაღება

„ეს არის მუხლი, რომელიც საჭიროებს უფრო ჩამოყალიბებას, თუ რა იგულისხმება ხელის შეშლაში,“ - განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა. მისივე თქმით, გააქტიურების ერთ-ერთი მიზეზი არის წინა არჩევნებთან შედარებით გადამღები ტექნოლოგიების განვითარება. შეიქმნა იმის მოლოდინი, რომ გადამღები ტექნიკის გამოყენება მასობრივად მოხდებოდა და ამიტომ, გარკვეულწილად, ეს საკითხი უნდა მოწესრიგებულიყო. მეორე მიზეზი იყო კანონის მიერ ვიდეოთვალების გამოყენებაზე უარის თქმა, რომელიც დაყენებული იყო 2008-2009 წლების არჩევნების დროს. „ამიტომ, აქ რაღაც თემები უფრო უნდა გაიწეროს და ჩამოყალიბდეს,“ - განაცხადა ბატონმა ზურაბ ხარატიშვილმა. ცესკო-ს თავმჯდომარის აზრით, მასობრივი გადაღება მნიშვნელოვნად იმოქმედებს ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოვლენაზე.

მედიისა და არასამთავრობო სექტორის სხვა წარმომადგენლების პროტესტი განსაკუთრებით გამოიწვია იმან, თუ რატომ გააქტიურდა ეს თემა სწორედ ახლა, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, როცა უკვე მედიისა და არასამთავრობო სექტორის დამკვირვებლები დატრენინგებულნი არიან იმგვარად, რომ ფოტოვიდეოგადაღება უბანზე აწარმოონ ისე, არჩევნების მიმდინარეობას   ხელი   არ   შეეშალოს.  „საქართველოს ჟურნალიტური ეთიკის ქარტიის“ წარმომადგენელმა თამარ კორძაიამ გამოთქვა ეჭვი, რომ ამით  ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო კომისიებისათვის პასუხისმგებლობის აცილებას ცდილობს.

„პროექტის ის მუხლები, რაც წავიკითხე, მიქმნის შთაბეჭდილებას, რომ კომისია იცილებს პასუხისმგებლობას; რა მაქვს მხედველობაში - ნებისმიერ დარღვევაზე პასუხისმგებელი არის კომისია, ის იღებს გადაწყვეტილებას გაძევების თაობაზეც. ამ დადგენილების ნორმებით კი რჩება შთაბეჭდილება, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო ადმინისტრაციას მთელ რიგ პასუხისმგებლობებს არიდებს. საარჩევნო უბნებზე წესრიგის დაცვა არ უნდა მოხდეს გამჭვირვალობის ხარჯზე,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ამ განხილვის შემდეგ დადგენილება მაინც მიიღეს, თუმცა შეზღუდვები შეარბილეს. უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ცესკო-ს სხდომაზე დადგენილებისადმი მხარდაჭერა სწორედ იმით გაამართლეს, რომ მიღებული გადაწყვეტილება სჯობდა ცესკო-ს მიერ პირველად წარმოდგენილ პროექტს. 

- როგორ ზღუდავს დადგენილება ფოტო-ვიდეო გადაღებას?!

- დადგენილებით, დაწესდა მთელი რიგი შეზღუდვები, კერძოდ: ოპერატორებს და ფოტოგრაფებს, ასევე დამკვირვებლებს და პარტიების წარმომადგენლებს არაუმეტეს 10 წუთი შეეძლებათ ერთ საარჩევნო უბანზე აწარმოონ თავისუფალი გადაღება, ხოლო 10 წუთის გასვლის შემდეგ კი ისინი ვალდებული იქნებიან, თუ სურთ, რომ მთელი დღის განმავლობაში სტაციონალური ვიდეოგადამღები აპარატიდან აწარმოონ გადაღება, დაიკავონ კომისიის თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული ადგილი, საიდანაც უნდა ჩანდეს საარჩევნო ყუთი. თუ ამ რეჟიმში მყოფი „პირი კამერით გადაადგილდება, ან ტოვებს კენჭისყრის შენობას, ან კარგავს ფოტოვიდეოგადაღების წარმოების უფლებას“, - ნათქვამია დადგენილებაში.

გარდა ამისა, კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ პერიოდში - ხმების დათვლის და შემაჯამებელი ოქმის შედგენისას - ფოტოვიდეოგადაღება უნდა წარმოებდეს კომისიის თავმჯდომარის მიერ გამოყოფილი სპეციალური ადგილიდან - გადაღების სუბიექტიდან არანაკლებ 3 მეტრის დაშორებით.

დადგენილების მიხედვით, დაუშვებელია ისეთი ინფორმაციისა და მასალის გადაღება, რომელიც საჯარო ინფორმაციას არ განეკუთვნება, მათ შორის - ამომრჩეველთა სიების სამაგიდო ვერსიის; და ასევე დაუშვებელია „კენჭისყრის კაბინის ფოტო-ვიდეო გადაღება“ - ამ ჩანაწერზე ხარატიშვილმა განმარტა, რომ იგულისხმება კაბინის შიგნიდან გადაღების აკრძალვა და არა გარედან.

ამასთან, არჩევნების დღეს იკრძალება საარჩევნო უბანში ინტერვიუების ჩაწერა;  ხოლო კომისიის წევრებს ინტერვიუების მიცემა შეეძლებათ ისე, რომ მათი მოვალეობების შესრულება არ შეფერხდეს.

უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ განაცხადა,  კენჭისყრის პროცესში დადგენილი შეზღუდვები არ გავრცელდება მობილური ტელეფონით ფოტო და ვიდეო გადაღებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ კენჭისყრის შენობაში მყოფ პირებს თავისუფლად შეეძლებათ გადაადგილება და მობილურით გადაღების წარმოება.

- რას იტყოდით არასამთავრობო სექტორის პროტესტის შესახებ?

- რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ  სასამართლოს მიმართა სარჩელით და მოითხოვა ცესკო-ს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. სარჩელის ავტორები „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“, „თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია“,               „ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაცია“ და „საქართვლოს მედია-კლუბი - სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ იყვნენ.

მოსარჩელეთა განცხადებით, ცესკო-ს დადგენილება პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა საარჩევნო კოდექსს. კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე პუნქტით  პირდაპირაა განსაზღვრული ფოტო-ვიდეო გადაღებაზე უფლებამოსილ პირთა წრე და გადაღების წესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს მიაჩნიათ, რომ დაუსაბუთებლად შეიზღუდა საარჩევნო კოდექსით დადგენილი ის უფლებები, რომლითაც დამკვირვებლებსა და მედიის წარმომადგენლებს უფლება აქვთ, კენჭისყრის დღეს, ნებისმიერ დროს იმყოფებოდნენ კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდებოდნენ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი და საიტზე გამოაქვეყნა მოკლე ინფორმაცია, რომ არ დააკმაყოფილა სარჩელი,  რადგან გასაჩივრებული დადგენილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამასთან, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია უფლებამოსილი იყო, დადგენილებით განესაზღვრა საარჩევნო პროცედურის  ხელის შეშლის გარეშე ფოტო-ვიდეო გადაღების წარმოების წესი.

ფოტოვიდეოგადაღების შეზღუდვას ჟურნალისტთა საერთაშორისო ორგანიზაციაც გამოეხმაურა, რომელმაც შეშფოთება გამოხატა ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც, არჩევნების დღეს იარსებებს გარკვეული შეზღუდული ზონები, სადაც რეპორტიორები არ დაიშვებიან. ეს მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას წარმოადგენს. „საქართველოში ჩატარებულ წინა არჩევნებს თან ახლდა მედიის კონტროლისა და ინფორმირების დამოუკიდებელი წყაროების შეზღუდვის მცდელობები. ამჯერად, მთავრობას აქვს შესაძლებლობა, გამოავლინოს ღია და დემოკრატიული მმართველობის პრინციპებისადმი ერთგულება და უფლება მისცეს ჟურნალისტებს, თავისუფლად და შეზღუდვების გარეშე იმოქმედონ არჩევნების წინა პერიოდში,“ -  განაცხადა ორგანიზაციის პრეზიდენტმა ჯიმ ბუმელამ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1494
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია