დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
მაღლაკში სოფლის კრებას, ძირითადად, სახელმწიფო სამსახურების თანამშრომლები ესწრებოდნენ
2010/12/20 15:16:27

საზოგადოება რომ საქვეყნო პრობლემების მიმართ ინდეფერენტული გახდა, ეს სიახლე აღარავისთვისაა. ყველას საკუთარი საზრუნავი აქვს და საერთო საქმისთვის მხოლოდ ერთეულებს თუ სცალიათ. მით უმეტეს - სოფელში, სადაც გაცილებით რთული ეკონომიკური თუ სოციალური მდგომარეობაა.

ამ პრობლემის ნაწილობრივ მოსაგვარებლად სახელმწიფოს ინიციატივით უკვე მესამე წელია, ხორციელდება „სოფლის დახმარების პროგრამა, თუმცა, როგორ და ვისი მონაწილეობით, ეს სხვა საკითხია.

 

წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში 2010 წელს „სოფლის დახმარების პროგრამისთვის“  ბიუჯეტიდან გამოი-ყო 62 000 ლარი, აქედან 51 000 ლარი დასჭირდა საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას, ხოლო 11 000 ლარით მიწაეთერის უბნის მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მილები შეიძინეს. თუმცა, არც ერთი ზემოხსენებული პროექტი ამ დროისთვის დასრულებული არაა.

ოფიციალური მონაცემებით, გამოყოფილი თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი და ამ სამუშაოების  დამთავრება 2011 წლისთვის იგეგმება. წელს კი გამოიცვალა საბავშვო ბაღის სახურავი, კარ-ფანჯარა და გარემონტდა 6 ოთახი, რაც მთლიანი შენობის 45%-ს შეადგენს. მიწაეთერის უბანში კი დაიწყო სასმელი წყლის ქსელის მოწესრიგება, შეიძინეს 2 კმ-ის სიგრძის მილები და შიდა მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია, მაგრამ მთავარი გვავიწყდება - ცენტრალურ მაგისტრალთან შესაერთებლად 2011 წელს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხაა საჭირო.

ისე, როგორც საქართველოს ნებისმიერ სოფელს, მაღლაკსაც უამრავი ყოფითი პრობლემა აქვს. გთავაზობთ მოსახლეობის კომენტარებს:

ნინო საღინაძე: „მოსახლეობის მთავარი პრობლემა აქ ბუნებრივი აირისა და სარწყავი სისტემის უქონლობაა. ზოგიერთ უბანში სასმელი წყალიც კი არ აქვთ. კარგი იქნება, თუ სოფლის დახმარებისთვის მეტი თანხა გამოიყოფა და შეძლებისდაგვარად გაგვიუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები. ასევე, კარგი იქნება, თუ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება ამ პროგრამის პრიორიტეტების განსაზღვრაში, შესაბამისად, მეტი ინფორმაციაც გავრცელდება.“

ჯემალ ჟორჟოლიანი: „შარშან გააკეთეს ფრენბურთის სტადიონები, წელს არაფერი გაგვიგია მსგავს პროგრამაზე. აქ ბევრი პრობლემაა, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის განვითარების საქმე არის ცუდად და კარგი იქნება, თუ პრიორიტეტებში ეს საკითხიც მოხვდება.“

ციალა ბიბილეიშვილი: „ბაღი გააკეთესო, თქვეს, მივესალმებით ყველაფერს, რაც ახალი გაკეთდება, თუმცა მარტო ბაღი ეყოფა ამ გაჭირვებულ ხალხს? უმჯობესი იქნება, რაიმე ისეთი გააკეთონ, რაც მოსახლეობას მოგებას მისცემს.“

ლიდა: „წელს არაფერი გაგვიგია სოფლის დახმარების პროგრამის შესახებ. თუმცა ჩვენ ვინ რას გაგვაგებინებს, უბრალო ხალხის აზრი არ აინტერესებთ.“

თინა მუკბანიანი: „ბაღი კი გააკეთეს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ბავშვების რაოდენობა შეზღუდულია. ამბობენ, კარგი მომსახურება აქვთო, მაგრამ მაღლაკი დიდი სოფელია და მეტი ადგილი უნდა იყოს, ამ ბაღით სარგებლობა ყველას უნდა შეეძლოს.“

 

***

ჩვენს მიერ გამოკითხული 33 ადამიანიდან მხოლოდ 14-ს მიუღია მონაწილეობა ე.წ. ფორუმში. ისიც იმ ხალხს, რომლებიც გამგეობის შენობის ახლოს, ანუ ცენტრში ცხოვრობენ. მაღლაკი კი მრავალრიცხოვანი  სოფელია, 1781 კომლითა და 6700 სულით. თანაც ყველა ცენტრში ხომ ვერ იცხოვრებს?

 

პროექტის უკეთ შესრულებისთვის ერთ-ერთ მთავარ პირობად მოსახლეობა მიიჩნევს დაფინანსების პრიორიტეტებისა და დასაფინანასებელი სამუშაოების განსაზღვრის წესის დახვეწასა და სრულყოფას.

ასევე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ გამოკითხულთაგან ოცმა ადამიანმა მხარი დაუჭირა პროგრამის ფარგლებში სოფლისთვის გამოყოფილი თანხის ხარჯვის კონტროლირებას მათ მიერ არჩეული სამკაციანი ჯგუფის მეშვეობით, რაც ამჟამად პროექტით გათვალისწინებული არ არის. ხარჯთაღრიცხვას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ადგენს და ბიუჯეტსაც ისინი განკარგავენ. სოფლის გამგეობას ამ შემთხვევაში მაკონტროლებლის ფუნქცია ეკისრება და ქმედითი ღონისძიებების განხორციელებას ვერ ახერხებენ.

 ***

როგორ მოხდა 2010წელს სოფლის პრიორიტეტების შერჩევა მაღლაკში, ხოლო შემდეგ გადმორიცხული თანხების განკარგვა, ამ საკითხზე სოფლის გამგებელს,  მურად მაღლაკელიძეს, გავესაუბრეთ.

ჩვენთან საუბრისას მან აღნიშნა: „2009 წლის შემოდგომაზე ჩვენ ჩავატარეთ შეხვედრები მოსახლეობასთან სოფლის სხვადასხვა უბანში და მათი აზრის გათვალისწინებით განვსაზღვრეთ პრიორიტეტები. შემდეგ შევიმუშავეთ გეგმა და წარვუდგინეთ წყალტუბოს მუნიციპალიტეტს, მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოირიცხა შესაბამისი თანხა ბიუჯეტიდან. ვფიქრობ, რომ მოსახლეობა უკმაყოფილო არ უნდა იყოს იმით, რაც ამ პროგრამის ფარგლებში გაკეთდა.“

თუმცა, გამოკითხულთაგან მხოლოდ 4 ადამიანი ეთანხმება გამგებლის ვარიანტს, დანარჩენები კი აღნიშნავენ, რომ ჩატარდა სოფლის კრება, რომელსაც, ძირითადად, სახელმწიფოს დაქვემდებარების ქვეშ მყოფი სამსახურების თანამშრომლები ესწრებოდნენ. ასეთები კი სოფელში ძალიან ცოტანი არიან და, შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ, რომ პრიორიტეტების განსაზღვრაში მხოლოდ ერთეულებმა მიიღეს მონაწილეობა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა ეთანხმება იმას,რომ სოფელს საბავშვო ბაღი აუცილებლად სჭირდებოდა. მისი რეაბილიტაციისთვის საჭირო სამუშაოები 2010 წლის მაისში დაიწყო და სექტემბერში დასრულდა. ამჟამად ბაღში  ხუთ წლამდე ასაკის 25  ბავშვია, თუმცა მოთხოვნა სკოლამდელი დაწესებულების მომსახურებაზე გაცილებით დიდია.

მთავარი შენიშვნა, რაც სოფლის მკვიდრთ ამ პროგრამასთან დაკავშირებით აქვთ, ეს არის ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა, გადაწყვეტილებების მიღებაში მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებლისა და დაფინანასების გაზრდა. თორემ, პროექტისთვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივად ხარჯვას ჩვენ არავინ გაგვაკონტროლებინებსო, – აღნიშნავენ პირად საუბრებში.

არადა, ქართული კანონმდებლობით, სწორედ რომ ყოველი დახარჯული თეთრის გაკონტროლების უფლება აქვს საქართველოს ნებისმიერ რიგით მოქალაქეს. მთავარია, მათ თავადვე გამოიყენონ ეს უფლება...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1447
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია