დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
წყალტუბოს ხელმძღვანელობამ ქამარი ბიბლიოთეკების ხარჯზე შემოიჭირა
2010/12/13 14:19:09

კომპიუტერმა ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში თავისი შეუცვლელი ადგილი უკვე დაიკავა. ახლა იგი ინფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყაროა. მან ნელ-ნელა წიგნის ფუნქციაც შეითავსა, ვინაიდან ინტერნეტის მეშვეობით ბევრი ელექტრონული გამოცემის ნახვაა შესაძლებელი. სახელმწიფო პოლიტიკის თანახმად, კომპიუტერის საშუალო დონეზე ფლობა ყველა ადამიანისთვის სავალდებულოა. საჯარო სკოლების პირველკლასელებს ხომ „დედა ენას“ ახლა „გამარტივებული“ პროგრამით ასწავლიან, ყოველივე ამან გამოიწვია წიგნის დაჩრდილვა და მისი ფუნქციის დაკარგვაც კი. თუმცა, ამაში მხოლოდ სახელმწიფო პოლიტიკას არ მიუძღვის წვლილი, საზოგადოებაც გულგრილი გახდა წიგნის მიმართ. 

 

სტატისტიკის სამმართველოს ინფორმაციით, 2003 წლის შემდეგ საქართველოში წიგნების ფონდი 12 300 000 წიგნით შემცირდა. ეს კი საერთო რაოდენობის 54%-ია. ოფიციალური მონაცემებით, განადგურდა ლენინისა და მარქსის ტომები, თუმცა, საეჭვოა, მხოლოდ ამ წიგნებს დასდგომოდათ „შავი დღე.“ ამავე ცნობებში ისიცაა ნათქვამი, რომ 2003 წლის შემდეგ ქვეყნის მასშტაბით 976 ბიბლიოთეკა გაუქმდა. ბოლოს „ქარიშხალმა“ ბიბლიოთეკებს 2007 წელს გადაურა, როცა ზურაბ ნოღაიდელის პრემიერობის პერიოდში მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირდა.

ახლაც იმავე პრობლემას ვაწყდებით. 2001 წელი „ქამრების შემოჭერის“ წელიაო და ბიბლიოთეკების გაუქმებისა და „ოპტიმიზაციის“ საჭიროება კვლავ იჩენს თავს. იკითხავთ, რა არის ეს ოპტიმიზაციაო? ახლავე მოგახსენებთ: ევროპული სტანდარტების მიხედვით, ყოველ 30 000 მცხოვრებზე ერთი ბიბლიოთეკაც კმარა. ჰოდა, ამ სტატისტიკის საფუძველზე უნდა მოხდეს სამკითხველოების გაუქმება ან შერწყმა.

2011 წლიდან ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ ფინანსების დაზოგვის მიზნით სხვადასხვა რეგიონში (გურია, ქართლი, კახეთი, იმერეთი) ბიბლიოთეკების გაუქმებას აპირებენ. ამ შემთხვევაში წყალტუბოს რაიონის მაგალითს განვიხილავთ, სადაც აქამდე 33 ბიბლიოთეკა ფუნქციონირებს, ახალი წლიდან კი მხოლოდ 5 დარჩება. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სამკითხველო დარბაზებს შეინარჩუნებენ მრავალრიცხოვან (გეგუთი, მაღლაკი, ოფურჩხეთი) და მაღალმთიან სოფელ მექვენაში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მცირეა, თუმცა გეოგრაფიული მდგომარეობის გამო მისი სხვა სოფლის ბიბლიოთეკასთან შეერთება ვერ მოხერხდა. ამ გადაწყვეტილების საფუძველი, გარდა ამ სოფლების მოსახლეობის რაოდენობისა, ისიც გახდა, რომ აქ შენობები შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია. ასევე ერთი ბიბლიოთეკა დარჩება  წყალტუბოში, რომელიც ერთი წლის წინ ადგილობრივი თვითმმართველობის დახმარებით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გარემონტდა.

წყალტუბოს საბიბლიოთეკო ქსელის დირექტორი სულიკო სვანიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს:                 „არსად ისე არ უვლიდნენ ბიბლიოთეკებს, როგორც წყალტუბოს რაიონში. 3000 ლარის მხოლოდ ჟურნალ-გაზეთები იყო გამოწერილი ჩვენთვის. საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო ამ სფეროში მიმდინარე პროცესების ფონზე. ჩვენი პერსონალი თანახმაა, რომ შემცირდეს მათი დაფინანსება, ოღონდ შევინარჩუნოთ ბიბლიოთეკები და წიგნის საცავები, რომლებსაც, მართლაც რომ შვილებივით ვუვლით. ვერ ვიტყვი, რომ ადგილობრივ მთავრობას ბიბლიოთეკების შენარჩუნება არ უნდა, თუმცა მათი გადაწყვეტილებებიც ვიღაცაზე, ან რაღაცაზეა დამოკიდებული.“

აშკარაა, რომ საბიბლიოთეკო ქსელის შემცირება სახელმწიფოს სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია ფინანსების დაზოგვის მიზნით და აქ ადგილობრივ თვითმმართველობას მხოლოდ ბრძანების შემსრულებლის ფუნქცია ეკისრება.

„ამ საცავებიდან ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი წიგნები იქნება დაცული წყალტუბოს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. ძირითადი ნაწილი კი ადგილზე დარჩება, თუ სკოლებიდან იქნება მოთხოვნა, მათაც შეეძლებათ ამ წიგნებით სარგებლობა. მაგალითად, თუ ეს საცავები სოფლის ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული, მაშინ მკითხველს იქაური პერსონალი მოემსახურება“ - ასეთია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა საღარეიშვილის კომენტარი იმ წიგნების ბედთან დაკავშირებით, რომლებიც მალე უპატრონოდ დარჩებიან.

ამჟამად წყალტუბოს რაიონის ბიბლიოთეკებში 52 ადამიანია დასაქმებული, რომელთა სახელფასო ფონდი 124 550 ლარით განისაზღვრებოდა. ოპტიმიზაციის შედეგად კი მათგან მხოლოდ 17 შეინარჩუნებს სამსახურს. 2011 წელს ბიბლიოთეკების დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხა იგივე დარჩება, თუმცა შემცირდება სახელფასო და კომუნალური ხარჯები და დანაზოგის მეშვეობით იმ სამკითხველოების რეაბილიტაცია მოხდება, რომლებიც შეინარჩუნებენ სტატუსს.

„მომავალ წელს ჩვენ ველოდებით რაღაც გადანაწილებებს და, პირველ რიგში, იმათ დავასაქმებთ, ვინც ამ ოპტიმიზაციის შედეგად დაკარგავს სამსახურს. უპირატესობას მივანიჭებთ ახალგაზრდა კადრებს, ხოლო საპენსიო ასაკის თანამშრომლები მიიღებენ პენსიას. ისინი მაინც ნახევარი განაკვეთით მუშაობდნენ და 110 ლარს იღებდნენ ხელფასის სახით. 90 ლარი პენსიაც კი არის ჩვენთან და 20 ლარიანი სხვაობის გამო ბიუჯეტს მათთვის სამსახურის შენარჩუნება უფრო მეტ ზარალს მოუტანს,“ - განაცხადა მამუკა საღარეიშვილმა.

ვინაიდან ჩვენს სოფლებში კომპიუტერითა და ინტერნეტით სარგებლობა დღეს ფუფუნების საგანია, მათთვის წიგნის კითხვის შესაძლებლობის შეზღუდვაც გაცილებით რთულ სიტუაციას შექმნის. ჩვენს ქვეყანაში განათლების დონის მაჩვენებელი თანდათან უფრო დაბლა იწევს, და შესაძლოა, ბიბლიოთეკების ოპტიმიზაციის პროგრამამაც ცუდი გავლენა მოახდინოს ისედაც წიგნმოძულებულ ქართველთა ინტელექტზე.

„ქამრების შემოჭერა“ და ფინანსების დაზოგვა კარგია, მაგრამ გააჩნია, რა პრიორიტეტების გათვალისწინებით.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1537
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია