დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
„რა გამოყო ბიუჯეტმა და გამგეობამ რა დახარჯა, ამას ჩვენ ვინ გვეტყვის!“
2010/12/06 14:19:10

ქვიტირი წყალტუბოს რაიონის სოფელია, თუმცა ქუთაისთან იმდენად ახლოსაა, ქვიტირელ კაცს შეუძლია, დროის ნებისმიერ მონაკვეთში, ისევე უპრობლემოდ იაროს საქართველოს მეორე დედაქალაქში, როგორც ქუთაისის გარეუბნების მოსახლეობას - თავად ქალაქის ცენტრში.

 

დიდ ქალაქთან ახლო მეზობლობა პატარა სოფლის მოსახლეობას მაინც ვერ ეხმარება პრობლემების გადაჭრაში. ადგილობრივები უჩივიან ახალგაზრდობის დაუსაქმებლობას, ეკონომიკურ სიდუხჭირეს, სოციალურ პრობლემებს.

როცა „სოფლის დახმარების“ პროგრამით ზედა ქვიტირში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზო შემოღობეს (აქ სასაფლაოცაა განთავსებული), ხოლო ქვედა ქვიტირში წყლის პრობლემა გადაწყვიტეს, სოფლის მცხოვრებთა გარკვეული ნაწილი ამით მაინც უკმაყოფილო დარჩა, რადგან მიაჩნიათ, რომ უკეთესი იქნებოდა, თანხა სოციალურად დაუცველებს მოხმარებოდათ.

სოციალური პრობლემებით გაღიზიანებული ადამიანები ჩვენი კითხვარების შევსებისას განსაკუთრებულ უკმაყოფილებას იმის გამოც გამოხატავდნენ, რომ „სოფლის დახმარების“ პროგრამით გადმორიცხული თანხის განაწილებასა და პრიორიტეტის შერჩევაზე მათთვის აზრი არავის უკითხავს.  არც კი იყვნენ ინფორმირებული, თუ ქვიტირიც ჩართული იყო სოფლის დახმარების პროგრამაში, არც სამუშაოების განხორციელებაში მიუღიათ მონაწილეობა მათ ან მათი ოჯახის რომელიმე წევრს. გამოკითხული 30 ადამიანიდან, აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ იცის, მიზნობრივად დაიხარჯა თუ არა გამოყოფილი თანხა.

იყვნენ ისეთებიც, ვინც ადასტურებდა, რომ პრიორიტეტის შერჩევა სოფლის კრებაზე მოხდა და თანხაც მიზნობრივად დაიხარჯა.

საკმაოდ რთული აღმოჩნდა ისეთი ადამიანების პოვნა, ვინც ჟურნალისტთან პრობლემებზე საუბარს დათანხმდებოდა და „სოფლის დახმარების“ პროგრამასთან დაკავშირებით თავის აზრს ღიად გამოხატავდა..

რამდენიმე ასეთი მოქალაქე მაინც აღმოვაჩინეთ.

ვლადიმერ კუპრაშვილი, 57 წლის:  „სოფლის დახმარების პროგრამა“ რომ ხორციელდება, ამაზე მაქვს ინფორმაცია, თუმცა, როგორ და ვინ იღებს გადაწყვეტილებას, ამის თაობაზე არაფერი ვიცი. სასურველია, ადგილობრივი მოსახლეობისგან შეიქმნას სამ კაციანი ჯგუფი, რომელმაც უკეთ იცის, თუ ვის რამდენად უჭირს და რა არის უმთავრესი პრობლემა ჩვენს სოფელში, განისაზღვროს, რამდენი თანხაა გამოყოფილი და რაში დაიხარჯოს.

„სოფლის დახმარების პროგრამა“ კი არა, იმათ შეუწყვიტეს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის განკუთვნილი დახმარება, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. ერთ ფაცხაში რომ ცხოვრობს 5 შვილის პატრონი, უმუშევარი, როგორ უნდა ირჩინოს თავი? ყველაზე მეტად სოციალური დახმარება ესაჭიროება ხალხს დღეს.“

სოფო ძოწენიძე: „არაფერი ვიცი ამ პროგრამასთან დაკავშირებით, თუმცა რა გამოყო ბიუჯეტმა და გამგეობამ რა დახარჯა, ამას ჩვენ ვინ გვეტყვის.“

ბესო, 27 წლის: „არ ვიცი, რამდენი გამოიყო ჩვენი სოფლისთვის, თუმცა რაც გაკეთდა, ძალიან კარგია. ეს ნამდვილად საჭირო იყო, იმედია, მსგავსი პროგრამები მომავალშიც გაგრძელდება.“

ხანდაზმული მამაკაცი (კატეგორიულად იუარა ვინაობის დასახელება): „მარტო სახელად რომ არიან გამგებლები და არაფერს რომ არ აკეთებენ, მასე როგორ შეიძლება? პატრონი გვესაჭიროება ამ ქვეყანაში, უმუშევარი რომ არის მოსახლეობის უმეტესობა, იმაზე კი არ ზრუნავენ, როგორმე დაასაქმონ ეს ხალხი, არამედ - ფულის აღებაზე ფიქრობენ ეგენი, შვილო! სოციალურად და მატერიალურად გვჭირდება ჩვენ დახმარება, ჩვენი მთავარი პრობლემა ესაა.“

ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრების შემდეგ სოფლის გამგებელს,ზაზა ჭეიშვილს შევხვდით. მან გვითხრა:

- ცენტრალური ბიუჯეტიდან ამ პროგრამის ფარგლებში 52 ათასი ლარი გამოიყო, რომელიც ზედა მესხეთსა და ქვიტირზე განაწილდა. აღნიშნული თანხიდან 22 ათასი ლარი მოხმარდა ქვიტირში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოს კაპიტალურ შემოღობვას. ქვემო ქვიტირის მოსახლეობამ გამოხატა ინიციატივა, რომ მოეგვარებინათ წყლის პრობლემა, რადგან იქვე ახლოს გადის მთავარი მაგისტრალური მილი, საიდანაც მოხდა წყლის ამოტუმბვა. ამ სამუშაოს შესრულებისთვის პროგრამის ფარგლებში გამოიყო 10 ათასი ლარი. დღეს მოსახლეობის დიდი ნაწილი უზრუნველყოფილია წყლის მომარაგებით. 20 ათასი ლარი ზედა მესხეთში სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოხმარდა. ყოფილი კლუბის შენობა, სადაც ძირითადად ტარდება არჩევნები და სხვა სახის შეკრებები, ძალზე ამორტიზებული იყო. გამოყოფილი თანხით სახურავი მთლიანად გამოიცვალა და მოწესრიგდა.

- ბატონო ზაზა, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ არამიზნობრივად დაიხარჯა პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა. საინტერესოა,როგორ შეირჩა პრიორიტეტები?

- ასეთი ტიპის პროგარმის პრიორიტეტების შერჩევა ხდება ხალხთან ერთად. ჩვენ ვატარებთ სახალხო კრებას, რომელშიც მონაწილეობენ ყველა უბნიდან თავკაცები, მსურველები, ინიციატორები. ვეცნობით მოსახლეობის აზრს, თუ რისი გაკეთება სურთ მათ და ამის მიხედვით ვმსჯელობთ. ხალხის მოთხოვნა ძირითადად იყო გაზიფიცირება. საერთოდ, ასეთი ტენდენციაა: რაც მეტი კეთდება, მით მეტი მოთხოვნა უჩნდება ხალხს. უცებ ქვეყანა არ აშენებულა. მეც ხომ ადგილობრივი მოსახლე ვარ, არ არის გამოყოფილი ამისთვის საკმარისი თანხა. მთელი სოფლის გაზიფიცირება ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

 დღესდღეობით ქვიტირის მოსახლეობის 25% ბუნებრივ გაზს მოიხმარს, მაგრამ თითოეულმა ოჯახმა საკუთარი სახსრებით მოახდინა გაზიფიცირება. წინა წლის პროგრამით სარწყავი არხი გაიწმინდა, ცხადია, თანდათანობით საერთო საქმე კეთდება ყველასათვის.

- ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ სამუშაოებში მონაწილეობა არ მიუღია...

- ძირითადი სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო ფირმებმა შეასრულეს და საკმაოდ მაღალხარისხოვნად. ადგილობრივ მოსახლეობას თუ ამის სურვილი აქვს, არავინ უშლის ხელს, მაგრამ იყო შემთხვევები, როცა ზოგიერთ სოფელში მოსახლეობამ აიღო პასუხისმგებლობა, სამუშაოები კი დროულად არ შესრულდა.

 

***

ისევ  მოსახლეობის მიერ შევსებულ კითხვარებს დავუბრუნდები:

კითხვაზე „რას შეცვლიდით სოფლის დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით“, რამდენიმე ასეთი პასუხი იყო:

„პრიორიტეტულად ჩავთვლიდი სოფლის შიდა გზების გაკეთებას, შუქის პრობლემის გადაწყვეტას, გაზის შეყვანას...“

„კონკრეტულად უნდა განისაზღვროს დაფინანსების პრიორიტეტები.“

„გავზრდიდი სოციალური დახმარების ხარჯებს.“

„სამუშაოების შესრულების დროს მაქსიმალურად დავასაქმებდი ადგილობრივ მოსახლეობას.“

„გვეზრუნა სკოლის რეაბილიტაციაზე.“

ყველაზე ხაზგასმით ქვიტირის მოსახლეობა დასაქმების პრობლემის გადაწყვეტას ითხოვს.

 

სამწუხაროდ, ზემოთჩამოთვლილი სურვილების გათვალისწინება ქვიტირში „სოფლის დახმარების პროგრამით“ ჯერჯერობით ვერ მოხერხდა

 

სალომე ბებია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1509
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია