დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოქანდაკის სახლი - მუზეუმად!
2013/06/10 13:57:59

ქუთაისში, კულტურის თვალსაზრისით, ყველა მნიშვნელოვან ადგილას გიორგი (გოგილო) ნიკოლაძის სკულპტურული ნამუშევრები დგას. მარტო ქუთაისში ამ ქანდაკებათა რიცხვი 30-მდე აღწევს, დანარჩენები თბილისში და ქვეყნის სხვადასხვა კუთხეშია დადგმული. ქვეყნის გარეთაც: უზბეკეთში, პენზის ოლქში, ცელინოგრადში, ყარაგანდაში, ურგანში, პერმში, ორენბურგში და სხვაგან თავის დროზე წარმატებით დაიდგა მოქანდაკის  მიერ შექმნილი ნამუშევრები. გერმანიაშიც, ქალაქ ვედერნში, გრაფ ანტონოს სახელობის ქუჩასაც ამშვენებს მის მიერ შესრულებული და ბრინჯაოში ჩამოსხმული ბარელიეფები გრაფინია კრისტინასა და გრაფ ჯოზეფ ანტონის რეპროდუქციური ნამუშევრებისა.

 

ხშირად ეწყობოდა მოქანდაკის პერსონალური გამოფენები როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში. გიორგი (გოგილო) ნიკოლაძე დიდი იაკობ ნიკოლაძის სახელოვნებო ტრადიციების გამგრძელებელი იყო, ის გახლდათ საქართველოს დამსახურებული მხატვარი და ქუთაისის საპატიო მოქალაქე. 

გარდაცვლილი მოქანდაკის მამა - ევსევი ბარნაბის ძე ნიკოლაძე პედაგოგი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე გახლდათ, დედა - ანა იოსების ასული წერეთელი, პედაგოგი. ორივენი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები იყვნენ. ევსევი ნიკოლაძეს ლენინგრადში ეფრემ მცირეზე აქვს დაცული დისერტაცია, რისთვისაც მიენიჭა მაგისტრის წოდება. ევსევი  გახლდათ პეტერბურგის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული და 30-იან წლებში, როდესაც ეკლესიაზე არნახული შეტევა განხორციელდა, მას დიდი წვლილი მიუძღვის ეკლესიის გაფანტული მემკვიდრეობის (ხელნაწერების, საეკლესიო ნივთების) შეგროვებასა და მის დაცვაში; მან მუზეუმში   გადაიტანა მთელი შეგროვილი სიწმიდეები და მის საფუძველზე შეადგინა  ბიბლიოგრაფიული ორტომეული.

ამჟამად, გიორგი ნიკოლაძის საკუთარ სახლში, ქუთაისში, თბილისის ქუჩის ?79-ში, დაცულია მოქანდაკის შემოქმედებითი მემკვიდრეობის ნაწილი: 70 ქანდაკება ქალაქის ღირსშესანიშნავი და სახასიათო პიროვნებებისა (პორტრეტები, ბიუსტები, კომპოზიციები), ასევე პირადი არქივის დიდძალი ფოტომასალა.

მოქანდაკის შემოქმედებაში განსაკუთრებით აღსანიშნავია დავით კლდიაშვილის, კოტე მარჯანიშვილის, ლადო მესხიშვილის, ლადო ასათიანის, ვლადიმერ მაიაკოვსკის (ვალერიან მიზანდართან ერთად), გალაკტიონის, ეფრემ მცირეს, მეუღლის („პურპურა“), ქალიშვილის  პორტრეტები, სულიკო (ოთხფიგურიანი კომპოზიცია, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ბულვარში დგას), მნახველზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს „აფონია“.

მოქანდაკის შემოქმედებით მემკვიდრეობას გიორგი ნიკოლაძის მეუღლე,  პროფესიით ექიმი, ქალბატონი ნორა გაბრიაძე მზრუნველობს, მაგრამ ამ მემკვიდრეობას  დასისტემება, დახარისხება და სამუზეუმო ჩარჩოში მოქცევა ესაჭიროება, რაც კვალიფიციურ მიდგომას საჭიროებს.

გიორგი ნიკოლაძის ეზო-კარი, საუცხოო გარემო და შესანიშნავი შემოქმედებითი მემკვიდრეობა წარუშლელ შთაბეჭდილებას სტოვებს მნახველზე. ტურისტების, დამთვალიერებლების  დიდ ინტერესს იწვევს ასევე  ეზოში განლაგებული ქანდაკებები და მნახველი აღიქვამს კიდეც აქაურობას მუზეუმად. ეს მოქანდაკის უდიდესი სურვილიც იყო. მის სიცოცხლეში სახლი ერთგვარ სახელოსნო-სალონადაც მოიაზრებოდა. 

ამ ყველაფრის  გათვალისწინებით, ძალიან კარგი იქნება,  თუ ქალაქის კულტურულ კერებს  გიორგი ნიკოლაძის  სახლ-მუზეუმიც შეემატება. 

ცირა ყურაშვილი,

 

მწერალი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1875
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია