საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
გარდაიცვალა რეზო ჭეიშვილი
2015/09/11 16:07:12

მწერალი, დრამატურგი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი და ქართველი ხალხისათვის ძალიან საყვარელი რეზო ჭეიშვილი დღეს 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.



მის მოთხრობებსა და ნოველებს ქართველი მკითხველი კარგად იცნობს. გამორჩეული წარმატება და ხალხის სიყვარული კი მწერალს ხალასი იუმორით სავსე „ცისფერმა მთებმა“ მოუტანა.

 

რეზო ჭეიშვილი 1933 წლის 24 აპრილს ქუთაისში დაიბადა, 1952 წელს დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა საშუალო სკოლა, 1954 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის (ქართული ენა ლიტერატურა) ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

პირველი მოთხრობები სტუდენტობისას უნივერსიტეტის ალმანახ „პირველ სხივში“ და ახალგაზრდულ ჟურნალ «ცისკარში» გამოაქვეყნა.

1961 წლის ჩათვლით, ვიდრე 1992 წლამდე, მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რედაქტორად, სასცენარო კოლეგიის წევრად, შემოქმედებითი გაერთიანების წევრად და ერთ-ერთ ხელმძღვანელად, პარალელურად მოღვაწეობდა ჟურნალებში „ცისკარი“, „საუნჯე“.

1987 წლის იანვარში გაამწესეს ალმანახ „განთიადის“ მთავარ რედაქტორად მშობლიურ ქალაქ ქუთაისში . მისი მეცადინეობით ალმანახი (ამას კრემლის ნებართვა სჭირდებოდა) გადაკეთდა ჟურნალად და განთიადი რევოლუციური კატაკლიზმების (1988 წლის 9 აპრილი, 1991-93 და მომდევნო წლები) დაწყებამდე გამოდიოდა რეგულარულად, სოლიდური მოცულობითა და დიდი ტირაჟით.

თავმჯდომარეობდა რუსთაველის საზოგადოებას, იმ წლებშივე (1987-1992) დააარსა საზოგადოებრივ-პუბლიცისტური გაზეთი „მოწამეთა“, შემდგომში ილუსტრირებული ჟურნალი „მწვანეყვავილა“. უსახსრობის გამო ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ზემოთ ნახსენები ორივე ორგანო დაიხურა.

1992 წელს საქართველოს მწერალთა ყრილობაზე არჩეულ იქნა მწერალთა კავშირის მდივნად, თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, 2000 წლიდან საქართველოს მწერალთა ლიტერატურული ფონდის თავმჯდომარე იყო.

1997-98 წლის ორ სეზონს, როგორც დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი უძღვებოდა ლადო მესხისვილის სახელობის ქუთაისის აკადემიურ თეატრს.

არჩეულ იყო მესამე მოწვევის (1992-1995) პარლამენტის დეპუტატად.

1984 წელს რეზო ჭეიშვილი სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა სცენარისთვის, რომლის მიხედვით ელდარ შენგელაიამ “ცისფერი მთები” გადაიღო. მოგვიანებით ამ ფილმს “საბჭოთა კავშირის დაშლის წინასწარმეტყველება” უწოდეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 26567
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2017 საავტორო უფლებები დაცულია