დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მურთაზ კანკაძის პოეტური კრებული
2012/02/06 14:17:13

„ჩემი მწვერვალი მიმელის მაღლა“ - ასე ჰქვია მურთაზ კანკაძის ახალ წიგნს, რომელიც ამ დღეებში მიიღო მკითხველმა.

 

გაზეთ „წყალტუბოს“ რედაქტორს, სერგეი მესხის სახელობის პრემიის ლაურეატს, ღირსების ორდენის კავალერს მურთაზ კანკაძეს საზოგადოება იცნობს, როგორც ღვაწლმოსილ ჟურნალისტს, ბუნების მესაიდუმლე ხელოვანს (ქვებისა თუ ხის ფესვებისაგან შექმნილი მისი უმშვენიერესი ფიგურები და კომპოზიციები ყველას აღაფრთოვანებს), მაგრამ შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, რომ იგი საინტერესო პოეტიცაა. მისი ლექსების პირველი წიგნი „აღმართი“ 1993 წელს გამოვიდა, ეს კი მისი მეორე, სრული კრებულია: შიგ შეტანილია როგორც ახალი, ასევე - ადრე დაწერილი ნაწარმოებები, საბავშვო ლექსები, უცხოელ პოეტთა ავტორისეული თარგმანები, ასევე მეგობარ პოეტთა მიერ რუსულად თარგმნილი მისი ლექსები.

ჯერ კიდევ წლების წინ მწერალი და მეცნიერი სერგო ჭეიშვილი ასე აფასებდა მის შემოქმედებას: „მურთაზ კანკაძის ლექსებში იგრძნობა დაკვირვებული მხატვრის, მოაზროვნე პოეტის, სამშობლოზე, ადამიანზე, სიცოცხლეზე წრფელად შეყვარებული კაცის აჩქარებული მაჯისცემა.“

ამ ხაზს და მიმართულებას დღესაც გულწრფელი კალმით განაგრძობს ავტორი.

გთავაზობთ რამდენიმე ლექსს სერიიდან „სურათები.“***

ცას შედგომიან ბურჯებად მთები,

არ ეშინიათ პაპანაქების,

თავზე ახურავთ თეთრი ფიფქები,

ვით იმერული ფაფანაკები.

 

***

ბინდი ჩამოწვა ცისფერ ნაპირზე

და აშრიალებს ნიავი იფნებს,

მთვარე კი მდორე ტბის ზედაპირზე

წერს ლერწმის ჩრდილთა

                   იეროგლიფებს.

ჩამოუშლია ალს თმების ტევრი

და ფშანებიდან თვალებს აკვესებს,

მთვარემ აჰკენკა ჩემი ტივტივა

და კალმახივით მოჰყვა ანკესზე.

 

***

ხანდახან ქვებზე ჩაიქილიკებს

ბერიკაცივით ჩიფჩიფა ღელე...

და ვესალმები მწვანე ბილიკებს -

მაღალ მთებიდან გამოწვდილ ხელებს.

 

***

მზე აცხუნებდა მდინარეს გაშლილს,

ლოდებს ტალღების ფარჩა ეხურათ...

და თითქოს სიცხეს იბერტყდა წყალში, -

იწუწებოდა რუხი ბეღურა.

 

სახურავებზე იდო ღრუბელი,

როგორც ნამზითვი ლურჯი ბალიში...

და ორღანივით აღუღუნებდა

წვიმა კრამიტის წითელ კლავიშებს.

 

***

ქარი უცოცხო მეეზოვეა,

ჰგვის ქვაფენილებს

და ფართო ქუჩებს;

ის სარდალივით

მბრძანებლობს ფოთლებს,

ხან გაჰფანტავს და

ხან - შეაქუჩებს...

ზის ჩამომტვრეულ

ტოტების რაშზე

და წინ მიუძღვის

ფოთლების ლაშქარს.

 

***

მოვარაყებულ ვარსკვლავთა ფუნჯით

ღამემ წაშალა ჩემი სიმუნჯე...

ნამგალა მთვარე ისე ფართქალებს,

როგორც კალმახი - მოწნულ ფაცერზე

და მის სხივებზე ჩრდილები მკრთალი

მთვარეულივით დაბარბაცებენ.

 

***

ბილიკები ლერწებივით მიცოცავენ მაღლა, მაღლა,

კლდის წვეროზე გოგრასავით

შერჩენილა ციხე-ბერი,

ჩაშავებულ სათოფურებს

ცხელი დენთის სუნი ასდით,

ხავსი ფარავს ვიწრო ქონგურს-

დრო-ჟამისგან გადაბელილს.

 

***

ოწინარი შემდგარა

ყანჩასავით ცალ ფეხზე,

ჭის ხავსიან ქვებზე კი

ლამაზ ოქროს თევზივით

ძინავს მთვარის ანარეკლს;

კენკავს „ყანჩა“ ნისკარტით,

მაგრამ „თევზი“ უსხლტება...

და წყლის ფართო რგოლებში

მრავლდებიან „თევზები.“

 

***

მოიქნია წვიმამ კუდი

მოშხაპუნებს ქადილით,

მთებზე შვიდფრად დაფენილა

ცისარტყელას მანდილი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2310
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია