დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ელვარება და უფერულობა
2013/04/22 12:27:11

ბაგრატის ტაძარი და ახალციხის კომპლექსი  თავის დროზე წარმოადგენდნენ  მშვენიერების

 

 

თაყვანისცემასთან რელიგიური გრძნობის შერწყმის გამოხატულებას. გარეგნულად რა ეფექტურადაც არ უნდა  გამოიყურებოდნენ ისინი, ჯერჯერობით, შეუძლებელი აღმოჩნდა ერთიანი შეთანხმების მიღწევა ამ რომელიმე აღდგენილ ძეგლთან დაკავშირებით. საზოგადოებრივი აზრის განსხვავებულობა ცხადჰყოფს, თუ რაოდენ რთულია ორიგინალის გათანაბრება დღევანდელთან. 

საყოველთაოდ აღიარებული პრაქტიკის თანახმად, ნებისმიერი ძეგლის აღდგენა ხდება მხოლოდ და მხოლოდ დედნისეული სიზუსტით, ყოველგვარი „მაკიაჟის“ გარეშე: მსოფლიოში პირველი - დიოზერის საფეხუროვანი პირამიდის შელამაზების მცდელობაც კი არ დაუპირებია არავის; რესტავრატორი უნდა სწვდებოდეს ძეგლის ავტორის პირვანდელ მდგომარეობას და მოახდინოს შემოქმედებითი პროცესის რეპროდუქცია, აღადგინოს გზა ჩანასახიდან მთლიანობამდე; რეპროდუქციის პროცესმა უნდა იმოძრაოს ნაწილიდან მთელისკენ და მთელიდან ნაწილისკენ.

აფრიკელი თეოლოგისა და ფილოსოფოსის - ნეტარი ავგუსტინეს აზრით, მშვენიერია ის, რაც ჰარმონიაშია მსოფლიო წესრიგთან. მან სილამაზე განსაზღვრა, როგორც ნაწილების პროპორციულობის შეთანხმება ფერის სიამოვნებასთან. მისი რწმენით, წრეწირი, იამბები, ოქტავები, ქანდაკებანი და სიმეტრიული ფანჯრები ბაძავენ ღვთიურ ფორმას. რასაკვირველია, ეს დებულება ტაძრებსაც ეხება. ამიტომ ლოგიკურად იბადება კითხვა: ავრელიუს ავგუსტინეს ესთეტიკური პრინციპებიდან გამომდინარე, მოთხოვნები ხომ არ ირღვევა მოდერნიზებული ბაგრატის ტაძრის მეტამორფოზის შედეგად? მეტამორფოზასაც გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარსაც რამდენიმეჯერ რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, მაინც განსაცვიფრებელი პროპორციულობა და მთლიანობა შეუნარჩუნდა. მაშასადამე, ღვთიური ფორმის ბაძვის ნიშანდობლიობა არ დაუკარგავს, რადგან მოდერნიზმის ფუძემდებელ ფრანგებს მისი მოდერნიზაცია როდი მოუნდომებიათ.

მემატიანე რაულ გლაბერი მოგვითხრობს, რომ შუა საუკუნეების ევროპაში ხელოვნების დარგებიდან არქიტექტურა დომინირებდა. მისი ცნობით, მეათასე წლის მახლობელ ხანაში, რაც, სხვათა შორის, ბაგრატის ტაძრის აშენების დროს ემთხვევა, ყველა ქრისტიანი ერი, განსაკუთრებით - იტალიასა და საფრანგეთში, აღმშენებლობის წყურვილით იყო შეპყრობილი. ეს მომენტი ამტკიცებს მავანთა აზრს იმის შესახებ, რომ ბერძნული და ახალი ევროპული ხელოვნების სათავეში, ტაძრის სახით, თავდაპირველად არქიტექტურა დგას.

კონ-ვინერისგან დადგენილი ტექტონური და დეკორაციული სტილი არქიტექტურასა და გამოყენებით ხელოვნებაში მუდამ ენაცვლება ერთმანეთს. აქ იმალება „ხელოვნების ისტორიის კანონი, რომელიც კაცობრიობის ისტორიის კანონში გადადის.“ მ. გინზბურგის მიერ კი გამორჩეულია არქიტექტურული სტილის სამი ტიპი - კონსტრუქციული, ორგანული და დეკორაციული. კონსტრუქციული წარმოშობილია პრაქტიკული მიზანშეწონილობით, ორგანული წარმოადგენს მიზანშეწონილობისა და სამკაულის ჰარმონიულ შეფარდებას, ხოლო დეკორაციული გამოხატავს სამკაულის გამარჯვებას მიზანშეწონილობაზე. თითოეული სტილი გაივლის სამ საფეხურს, რომელნიც მოასწავებენ ამა თუ იმ მხატვრულ-არქიტექტონიკური ფორმაციის ახალგაზრდობას, სიმწიფეს და დამხობას.

ვფიქრობ, ამ თეორიის გაზიარება ზედმეტი არ იქნება რომელიმე ძეგლის შესახებ მსჯელობისას. სანიმუშოდ ავიღოთ, თუნდაც, ახალციხის კომპლექსი. აქცენტი მახვილდება ოქროსფრად შეღებილ საკულტო ნაგებობის გუმბათზე. ისტორიის გარიჟრაჟიდან გამოყენებული ფერების შესახებ არსებულ მოძღვრებას თუ არ ჩავუღრმავდებით, შეიძლება უფრო მოკლე ინფორმაციის გახმიანება: ზოგიერთ ეპოქაში მხატვრები ერთ საღებავს იყენებდნენ, ჟამ და ჟამ კი - სხვას. მაგრამ თვით ერთი და იმავე ქვეყნის საზღვრებში ფერადობრივი დამუშავება იცვლება იმის მიხედვით, თუ როგორი შენობებისთვისაა განკუთვნილი ესა თუ ის საღებავი.

მოგვურ-მონარქიული საზოგადოებრივი ფორმაციებიდან ვარაყის ანუ ოქროსფერის სიყვარული ბუნებრივად გადადის დასავლეთ ევროპის აბსოლუტური მონარქიის ხელოვნებაშიც.     ლუი     XIV    საყვარელი  ფერი  ვარაყი     იყო. ახალციხის საკულტო ნაგებობაშიც სჭარბობს ყვითელი ფონი, ე.ი. შერბილებული ვარაყი, რაც ეთანხმიერება „ნაცური“ აბსოლუტიზმის მწუხრს. ცხადია, ასეთ ვითარებაში გუმბათმა თავდაპირველი ფერთა შეხამება უნდა დაიბრუნოს. ხელოვნების კანონების იგნორირება მომღერალი შადრევნების ხვედრს ინაწილებს. აქ კი მეხსიერებაში ძალაუნებურად ამოტივტივდება იულიანე განდგომილისადმი დელფოს ორაკულის პასუხი, რომელიც მან იმპერატორის დესპანს ლექსის ფორმით.
გადმოსცა:  „ამცნე ხელმწიფეს, დაეცა-თქო ტურფა დარბაზი, /ფებუსს აღარ აქვს სამყოფლო და წინათქმის დაფნა,/ დაშრა მეტყველი შადრევანი /დაიშრიტა წყარო ზრახვისა./“

ამრიგად, განსხვავებულ შეხედულებათა ურთიერთშეჯახების წერტილი ის საზღვარია, რომლის იქით ვეღარ აღწევს ნიჰილისტური კრიტიკა და ფართო გზას უტოვებს ჯანსაღი აზრის სრბოლას. აქედან გამომდინარე, ძეგლების პრობლემა პოლიტიკის კი არა, ხელოვნების კანონების საფუძველზე უნდა გადაწყდეს.

 

ნუგზარ გულორდავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2073
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია