დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კერამიკაში ნათქვამი სიტყვა
2011/11/28 12:29:59

შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა და ნებისყოფა, რაც აუცილებლად ხელოვანს უნდა ახასიათებდეს, მას პატარაობიდან ჩამოუყალიბდა. სამი წლის ასაკში ფორტეპიანოს მიუჯდა და „ჩიტები ყანაში მღერიან“ ააჟღერა.

 

დღეს კი საკუთარი კერამიკული ნამუშევრებით ბევრ რაიმეს ამბობს. ამ ქმნილებების ავტორი, უმშვენიერესი ქალბატონი, არავის ჰგავს. განსაკუთრებული, თვითმყოფადი ხელწერა აქვს, ძალიან საინტერესო, პოეტურ-ფილოსოფიური ხედვა...

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილების წარჩინებით დასრულების შემდეგ მაია სინაურიძემ სწავლა სულ სხვა პროფილით განაგრძო. იგი სამხატვრო აკადემიის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც 1991 წელს წარჩინებით დაამთავრა კერამიკის სპეციალობით.

განსაკუთრებული შეფასება მიიღო მისმა სადიპლომო ნამუშევარმა, რომელიც გამორჩეულია ახალგაზრდა ხელოვანის მხატვრული ფანტაზიის მრავალფეროვნებით, კერამიკული მასალის შეგრძნებით, მისი პლასტიურობის გამოვლენით, ფერისა და ფაქტურის დახვეწილობით.

მაია სინაურიძე: „ვიდრე აკადემიაში ჩავირიცხებოდი, ვემზადებოდი ბატონ რეზო იაშვილთან (საქართველოში შავი კერამიკის აღმდგენელი), რომელმაც ჩემს შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია. თავიდან ქანდაკებაზე ვმუშაობდი. პირველი ქანდაკება თემურ ნაცვლიშვილის სახელოსნოში გამოვძერწე - „სერიოჟკა“.  საკუთარ ხელწერას კი სადიპლომოზე მუშაობისას მივაგენი. ვძერწავდი ერთმეტრიან დეკორატიულ ქანდაკებას „დედა-შვილობა“. ჩემმა ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ალდე კაკაბაძემ მირჩია, პარალელურად სხვა რამეზეც მემუშავა, რადგან კერამიკა ისეთი რამაა, შეიძლება, გამოწვისას ღუმელში დაიშალოს და გასკდესო.

ამ ქანდაკებას მართლაც ასე დაემართა. დიპლომი სულ სხვა სტილის ნამუშევრით დავიცავი, რომელზეც პარალელურად ვმუშაობდი. ეს იყო დეკორატიულ-აბსტრაქტული ქანდაკება. ალდე კაკაბაძემაც მირჩია, ამ სტილით გამეგრძელებინა მუშაობა.“

მოგვიანებით, ახალგაზრდა ხელოვანის ცხოვრებაში მოხდა ერთი ფაქტი, რომელმაც დიდი ტკივილი მიაყენა: მაიას ორიგინალური დეკორატიულ-აბსტრაქტული ქანდაკებებით ესპანელი ხავიერ კამინო დაინტერესდა. ახალგაზრდა კერამიკოსს ის, როგორც ცნობილი ბიზნესმენი და ხელოვნებათმცოდნე, ისე წარუდგა. ნამუშევრებით აღფრთოვანებული, მაიას დაჰპირდა, რომ ესპანეთში პერსონალურ გამოფენას მოუწყობდა. მან მისი 40 ნამუშევარი საქართველოდან გაიტანა მაის ნებართვით და იმ პირობით, რომ ორ წელიწადში მასაც მიიწვევდა.

მაია დიდხანს ელოდა მოწვევას, მაგრამ - უშედეგოდ. საბოლოოდ, მიხვდა, რომ მისი ნამუშევრები დაიკარგა! მერე, ამ ამბით შეძრულმა, გულგატეხილმა, ახალი ნამუშევრები შექმნა. იგი აქტიურად მონაწილეობს ყველა საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენაში. მათ შორის აღსანიშნავია „ქუთაისის დღეები იუნესკოში“.

მნახველის აღტაცებას იწვევენ მისი ნამუშევრები: „დასაწყისი“, „უცხოპლანეტელი“,  „კოსმოსის   გუშაგი“,   „სხვა  ოკეანე“,  „მოაზროვნე“   და   სხვა მრავალი. მაია ამბობს, რომ მისთვის თიხა ცოცხალია იმიტომ, რომ მასში გაერთიანებულია ოთხი სტიქია - მიწა იზილება წყალში, მერე შრება ჰაერზე, იწვის ცეცხლში...

სამომავლოდ კერამიკული სახელოსნოს გაკეთებას აპირებს.

დღეს მაია ორი უმშვენიერესი შვილის - რუსუდანისა და გიორგის დედაა. ჰყავს მეუღლე, ექიმი ირაკლი გოლეთიანი. არ ცდებოდა თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი თემურ ნაცვლიშვილი, როცა ამბობდა: „რა ზღვა მოდის ნიჭიერებისა ქუთაისიდანო.“ დიახ, ეს ქუთაისია, სადაც იბადებიან ნიჭიერი ხელოვანები. ამ ხელოვანებიდან კი მაია სინაურიძე ერთადერთია, რომელიც კერამიკაში მუშაობს. მის მხატვრულ კერამიკას მრავალფეროვნება და გამოცოცხლება შეაქვს საგამოფენო ექსპოზიციებში. ნაწარმოების ორიგინალური პლასტიკა და ფანტასტიკური ფორმები მოგვაგონებენ დინამიური, ცვალებადი ფერის მასშტაბურ კრისტალებს, რომელთა იდუმალი სამყარო გვიზიდავს სკულპტურულ-რელიეფური ფორმებისა და მდიდრულად ნიუანსირებული კოლორიტის ოსტატური თანხმოვანებით. მოხერხებულად გამოყენებული ჭიქურის მინისებურობა, პლასტიკისა და კოლორიტის ყველა საშუალება, მიმართულია ნაწარმოების გარკვეული ემოციური ველის შექმნისაკენ...

ეს მაია სინაურიძეა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1905
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია