დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამი პროფესია და ერთი ხელოვანი
2012/01/16 12:58:56

ნაცნობი და უცნობი თემურ ისაკაძე

მას არა აქვს პრეტენზია მსახიობობაზე, მხატვრობაზე და მოქანდაკეობაზე, ის საკუთარ თავს, უბრალოდ, შემოქმედს უწოდებს. თუმცა, ვისაც ცოტათი მაინც ჰქონია შეხება თემურ ისაკაძის ნამუშევრებთან, იტყვის, რომ ის ნამდვილი პროფესიონალია. მისი არსებობისთვის სცენა, ქანდაკება და ნახატი ისეთივე აუცილებელია, როგორც ზოგადად ადამიანისათვის - წყალი, ჰაერი და პური...

 

„ბავშობიდან ვბაძავდი და „ვაბრაზებდი“ მეზობლებს, ახლობლებს, მასწავლებლებს, ცნობილ ადამიანებს... ჩემი თავი, ხელოვნების გარდა, სხვა პროფესიაში ვერ წარმომედგინა, ამიტომ სკოლის დამთავრებისთანავე ჩავაბარე ქუთაისის ხელოვნების ინსტიტუტში თეატრალურ ფაკულტეტზე.“

თემურ ისაკაძის წარმატებული ნაბიჯებიც აქედან იღებს სათავეს. ხშირად გამოდიოდა მხიარულთა და საზრიანთა კლუბის შეჯიბრებებზე, მხატვრულ ღონისძიებებზე, მონაწილეობდა სტუდენტურ სპექტაკლებში. მისი პირველი პედაგოგი „სატირისა და იუმორის“ თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი, ქალბატონი მარინა ტყაბლაძე იყო, ღრმად დარწმუნებული თემურის შესაძლებლობებში, ამიტომ მისცა შანსი თავის ნიჭიერ მოსწავლეს, თავი წარედგინა მაყურებლის წინაშე, თემურის სცენური მონაცემებით აღფრთოვანებულმა გიზო კაკაურიძემ მაშინვე ჩასვა თავის პროგრამაში - „მხიარული მატარებელი“. ეს იყო პერიოდი, როდესაც ისრაელში ომი მძვინვარებდა, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, საგასტროლო კონცერტები ისრაელის ბევრ ქალაქში სრული ანშლაგით ჩატარდა.

სტუდენტობის პერიოდში თემურის პირველი როლი ინსტიტუტში არსებულ „ბაღის სცენაზე“ დათვი იყო, ხოლო სასწავლებლის დასრულების შემდეგ ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრის სცენას ედუარდო დე ფილიპოს „ანტონიოთი“ აადინა მტვერი.

„საკუთარ თავს ბევრ პერსონაჟში ვხედავ, მაგრამ განსაკუთრებით „ცილინდრის“ ანტონიოში.“ იმის მიუხედავად, რომ ყველა ნათამაშებ როლში კარგად გრძნობს თავს, მისთვის საოცნებო როლი არ არსებობს. მისი ოცნება ამჯერად საკუთარი მუსიკალური თეატრის დაფუძნებაა.

თემურ ისაკაძეს კარგად იცნობენ, როგორც ნიჭიერ და ენერგიულ ახალგაზრდა მსახიობს, თუმცა ნაკლებად იცნობენ, როგორც მოქანდაკეს და მხატვარს.

„ჩემი პირველი პედაგოგები იყვნენ კაკო კიკვიძე და გია დარსაველიძე, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ჩემს მოქანდაკედ ჩამოყალიბებაში. ჩემი პირველი ქანდაკება „დღევანდელობაა“, ხოლო ბიუსტი - „ბაბუას პორტრეტი.“ - ამბობს თემური.

ასევე მას აქვს ახლახან დამთავრებული ქანდაკება „შიშველი ქალი სველი პერანგით“, რომელსაც სახელი საგანგებოდ ჩვენი გაზეთისთვის დაარქვა და მას „მუზა“ უწოდა. თავად საკუთარი შემოქმედების მუზას კი „არ ვიცი“ დაარქვა.

ის ყველგან და ყველაფერში ხელოვნებას ხედავს. რა როლის შესრულებაც არ უწევს, მას ქანდაკებად ქმნის, ხოლო თუ ქანდაკებასაც არ ქმნის, მაშინ აუცილებლად ხატავს.

იმდენად შეყვარებულია თავის საქმეზე, რომ გვიან ღამით, მოულოდნელად, დგება და სპექტაკლის რეპეტიციას გადის, ან ქანდაკებაზე ახალ დეტალს ამატებს, ან ფუნჯის ძებნას იწყებს და მუზებს აცოცხლებს.

თემურ ისაკაძეს განსაკუთრებული და ორიგინალური იდეები აქვს, რომლის გამხელაზეც თავს ერთი მიზეზის გამო იკავებს: „არ მინდა, მისი განხორციელება სხვამ მომასწროს. მაგრამ გპირდებით, ჩემი ნამუშევრის შესახებ პირველი გაზეთი „პოსტსკრიპტუმი“ გაიგებს.“

 

ხატია გორგოძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1664
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია