დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ჯაზი, საქსაფონი და 16 წლის ლაშა საყვარელიძე
2009/07/06 06:05:46

29 ივნისს ჯაზის მოყვარულები ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებლის XI კლასის მოსწავლის, ლაშა საყვარელიძის სოლო კონცერტის მოსასმენად შეიკრიბნენ. საღამო სახალხო ფილარმონიის აღდგენას ეძღვნებოდა და  ფილარმონიის პრეზიდენტის, დევის ახვლედიანის ხარჯებით იყო გამართული.

 

„ეს არის გაგრძელება ყოფილი სახელმწიფო ფილარმონიისა, რომელიც 10 წელზე მეტია უკვე, რაც ქუთაისში აღარ ფუნქციონირებს. წლების მანძილზე მე ვიყავი ამ ფილარმონიის დირექტორი და გადავწყვიტეთ, რომ ისევ აღგვედგინა. პრეზენტაციის სახით დღეს ჯაზის საღამო მოვაწყვეთ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ თვითონ ჯაზია ძალიან წარმავალი ამ ბოლო დროს და მეორეც - გვინდოდა, ლაშა საყვარელიძის კონცერტი უშუალოდ მის ქალაქში, ქუთაისში, მოგვეწ-ყო, რადგან ის ექვსი წელი ცხოვრობდა და სწავლობდა ამერიკაში. მინდა, რომ ახალგაზრდებმა თანდათან გზა გაიკვლიონ. მე და ნიკოლოზ ედგარიძე ნახევარი საუკუნის წინ ვუკრავდით ჯაზს და ბედნიერად ვთვლი თავს, რომ დღეს ახალგაზრდობამ ეს მუსიკა შეიგრძნო. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა თეატრის ხელმძღვანელობას, რომ დახმარება გაგვიწია და დაგვითმო დარბაზი. მადლობა იმ ხალხს, ვინც მოვიდა დღეს კონცერტზე“, - აღნიშნა დევის ახვლედიანმა.

სოლისტის შერჩევა მხოლოდ ამ ნიშნით არ მომხდარა. 16 წლის ლაშა საყვარელიძეს მუსიკოსები, როგორც ძალიან ნიჭიერ ახალგაზრდას და მუსიკოსს, ისე ახასიათებენ: „შრომისმოყვარე ადამიანია, ძალიან ნიჭიერი. ეს ისეთი რთული ხელოვნებაა, რომ ძალიან ძნელია, ეზიარო მის ლაბირინთებს, საკმაოდ დიდ შრომას მოითხოვს. თან, საქსაფონი ერთ-ერთი ისეთი საკრავია, რომელიც მართლა წითელ წიგნშია შეტანილი. მე წარმატებებს და შემოქმედებით წინსვლას ვუსურვებ ლაშას“, - გვითხრა კომპოზიტორმა ნიკოლოზ ედგარიძემ.

კონცერტზე შესრულდა:  დესმონდის,  ნისის,  ელინგტონის, ჰადსონის,  ვრაითის,  ბონფას,  გილესპის,  ჰეიგენის, ვან კრიტის, პარკერის, ბექმენის და  დევისის ჯაზური კომპოზიციები (პედაგოგი მალხაზ მჭედლიშვილი). შემსრულებელი ჯაზური მუსიკის ძირითად თვისებას - იმპროვიზაციასაც ხშირად მიმართავდა.

„ამ კონცერტისთვის მთელი ცხოვრება ვემზადებოდი. საერთოდ, მუსიკა ჩემი ცხოვრებაა! 11 წლის რომ ვიყავი, უკვე ვიცოდი, რომ მუსიკოსი უნდა გამოვსულიყავი. მუსიკის სწავლა დავიწყე ამერიკაში, ბაბუამ დამაწყებინა ფორტეპიანოზე დაკვრა. მე-6 კლასში საქსაფონზეც დავუკარი და მე-9 კლასის ჩათვლით ვუკრავდი ისეთ ქალაქებში, როგორიც იყო ორლანდო, მაიამი, ცინცინატი და ა. შ. კონკურსებშიც არაერთხელ მიმიღია მონაწილეობა ჩემს ორკესტრთან ერთად და გამიმარჯვია, თუმცა, საქართველოში ეს ჩემი პირველი სოლო კონცერტია“, - გვითხრა თვით ლაშა საყვარელიძემ.

ჯაზის მოყვარულებმა უდიდესი სიამოვნება მიიღეს კონცერტით.

„კარგია, ახალგაზრდებისთვის მსგავსი კონცერტები ხშირად რომ იმართებოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ტარდება. ვინც ცოტა ნიჭიერია, წასულია საზღვარგარეთ. დაბრუნდა ეს ბავშვი და ასეთი შესანიშნავი კონცერტი მოაწყო. მე მინდა, მსმენელს მომავალში ვუსურვო მსგავსი დონის კონცერტები, ლაშას კი წარმატებებს ვუსურვებ“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მსმენელმა ირინე ცირეკიძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2321
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია