დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოციალური პროგრამები ქუთაისის ბიუჯეტში
2010/07/12 13:42:49

ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს სოციალური პროგრამებისათვის მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. სფეროების მიხედვით ეს თანხები ასე გადანაწილდა: ვეტერანთა სარიტუალო დახმარების პროგრამა - 24 ათასი ლარი, მიცვალებულთა დასაფლავების პროგრამა - 30 ათასი ლარი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა - 120 ათასი ლარი, სოციალური ღონისძიებების პროგრამა - 150 ათასი ლარი, უფასო მგზავრობის პროგრამა - 101 ათასი ლარი, მატერიალური დახმარების პროგრამა - 125 ათასი ლარი, უფასო კვების პროგრამა - 485 ათასი ლარი.

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა სოციალური პროგრამებისათვის ყოველწლიურად საკმაოდ სოლიდურ ფულს ხარჯავს, ეს თანხა ყველასათვის საკმარისი მაინც არ არის.

ავიღოთ თუნდაც ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურადაა ჩადებული. ამ პროგრამით სარგებლობა ერთი შეხედვით ყველას შეუძლია, თუმცა მასში მოსახვედრად საკმაოდ რთული გზა უნდა გაიაროს მოქალაქემ. პირველ რიგში, წერილით უნდა მიმართოს ადგილობრივ თვითმმართველობას, მერია ამ წერილს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საქალაქო სამსახურს დააწერს, აღნიშნული სამსახური გადაამოწმებს განმცხადებლის მონაცემებს, ამ ყველაფრის შემდეგ კი სპეციალური კომისია განიხილავს, კონკრეტულ მოქალაქეს შეიძლება გაეწიოს თუ არა მატერიალური დახმარება. ეს პროცესი, ზოგჯერ თვეობითაც გრძელდება.

„თავისთავად, ის ფაქტი, რომ სოციალური პროგრამები არსებობს, კარგია, მაგრამ ხშირად ერთჯერადი დახმარება არაა ეფექტური. ვთქვათ, ერთხელ მიიღე ერთჯერადი ფულადი დახმარება, მეორედ თითქმის შანსი აღარაა, მოგცენ. ასევეა სხვა პროგრამებშიც. ფულით თუ დაგეხმარებიან, 100 ლარზე მეტს მაინც არ გაძლევენ, 100 ლარი კი, როდესაც გაჭირვებული ხარ, ერთჯერადად კარგია, მაგრამ ას ლარად მთელი წელი არსებობა შეიძლება?“ - კითხულობს ქუთაისის მცხოვრები ნანი გელაშვილი.

ეფექტური არც უფასო კვების პროგრამაა. არადა, ყოველწლიურად ამ მიმართულებით ნახევარ მილიონ ლარამდე იხარჯება. ის მოქალაქეები, ვინც პროგრამით სარგებლობს, ნაწილობრივ კმაყოფილები არიან, თუმცა გაცილებით მეტია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც პროგრამაში მოხვედრას ცდილობს. მათი თქმით, ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივება მნიშვნელოვნად შეუწყობდა ხელს პროგრამაში მათ ჩართვას.

„რამდენჯერმე გჭირდება მისვლა, პროგრამაში რომ ჩაერთო. ჯერ განცხადება უნდა დაწერო, მერე პასუხს მიაკითხო. საკმაოდ ხანგრძლივი და დამქანცველი პროცესია და ყველას არ აქვს ნერვები, ამას გაუძლოს,“ - ამბობს ბენეფიციარი იამზე ხვადაგიანი.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ბენეფიციარი ისეთ მდგომარეობაშია, საკუთარი ძალებით მისვლა უფასო სასადილოში არ შეუძლია. ასეთი ბენეფიციარები, როგორც წესი, პროგრამის მიღმა რჩებიან ხოლმე.

კიდევ ერთი პროგრამა, რომლითაც ქუთაისელები სარგებლობენ, უფასო მგზავრობის პროგრამაა. ამ პროგრამით, ძირითადად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, მარჩენალდაკარგულები, წითელი ჯვრის კლუბების მარტოხელა ხანდაზმული პენსიონერები, მრავალშვილიანი დედები და მხედველობაშეზღუდული ადამიანები სარგებლობენ - სულ 1000 ბენეფიციარი.

„გასულ წელს მოწმობების გაცემა დააგვიანეს, თუ ფული არ გადაუხადა მერიამ საქალაქო ტრანსპორტის ხელმძღვანელებს, არ ვიცი. როდესაც ავტობუსით ვმგზავრობდით და მოწმობას ვაჩვენებდით მძღოლებს, ლანძღვის ატანა გვიწევდა. წელს ეს სიტუაცია გამოსწორდა და ნორმალურად შეგვიძლია ამ პროგრამით სარგებლობა,“ - ამბობს ქუთაისის მცხოვრები გიული იობიძე.

მიუხედავად არსებული ხარვეზებისა, ადგილობრივ თვითმმართველობაში  განსხვავებულად ფიქრობენ.

ვთვლით, რომ ყველა პროგრამა, რასაც ვახორციელებთ, მიზანშეწონილი და საჭიროა. სოციალური პროგრამები ქუთაისში წარმატებულად ხორციელდება და, რა თქმა უნდა, ეფექტიც აქვს,“ - ამბობს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი არჩილ მუკბანიანი.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2643
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია