საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ითხვისში რწმუნებულს კომპიუტერი შეუძინეს
2010/07/12 13:33:59

ჭიათურის მუნიციპალიტეტისთვის სოფლის დახმარების პროგრამით 2010 წელს  829 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. ეს წინა წელთან შედარებით ორჯერ მეტია. მუნიციპალიტეტი 60-ზე მეტ სოფელს აერთიანებს, თუმცა, თანხა თხუთმეტი თემის მიხედვით გადანაწილდა.

ამ მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტი გზა და წყალი იყო. როგორც ჭიათურის გამგებლის პირველმა მოადგილემ თორნიკე სილაქაძემ გვითხრა, პრიორიტეტები ძირითადად რაიონის გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით შეირჩა.თორნიკე სილაქაძე: პრიორიტეტებად გზა და წყალი შეირჩა, გზებისთვის 31400 ლარი დაიხარჯა, წყლისთვის - 124 380 ლარი. ზოგიერთმა აქტივმა კი, მაგალითად, ხიდების აღდგენა აირჩია, რისთვისაც 11 700 ლარი გამოიყო.“

გზა და წყალი თითქმის ყველა თემმა აირჩია, გამონაკლისი მხოლოდ რამდენიმეა. ამ პრიორიტეტების გარდა სხვა პრობლემებიც გადაჭრეს.

მაგალითად, ნიგოზეთში გზაც გააკეთეს, წყალიც, სარიტუალო დარბაზიც, ჭურჭელიც შეიძინეს, მოსაცდელიც მოიწყვეს და არხიც გაიყვანეს.

სარიტუალო მომსახურების დარბაზი ბევრმა სოფელმა აირჩია პრიორიტეტად. საერთო ჯამში ამ საქმისთვის 68 425 ლარი დაიხარჯა, ჭურჭლისთვის კი - 25 698 ლარი. მართალია, ჯერჯერობით სარიტუალო დარბაზების აშენება არ დასრულებულა, მაგრამ სამშენებლო მასალები უკვე მიტანილია, სხვა დანარჩენს სოფელი თავისი ხელით აკეთებს. ვინც დარბაზი არ აირჩია, მათ მომავალი ლხინისა და ჭირისთვის ტენტები შეიძინეს, წირქვავის თემში ამისთვის 5000 ლარი დაიხარჯა, ხვაშითში - 12 750 ლარი. 

პრიორიტეტებს შორის მოხდა სტადიონების კეთილმოწყობაც, ამ საქმისთვის 16 784 ლარი გამოიყო. ჭიათურელებმა თავშეყრის ადგილებისთვისაც გამონახეს თანხები, სულ 99 545 ლარი.

ეკლესია-სასაფლაოების შემოღობვა ჭიათურის რაიონისთვისაც პრიორიტეტული აღმოჩნდა, ამ საქმისთვის სულ 45 963 ლარი დაიხარჯა.

ხრეითის, პერევისა და გეზრულის თემებმა ტექნიკა შეიძინეს. ამისთვის სულ 35 742 ლარი დაიხარჯა. 

თორნიკე სილაქაძე: „ცოტა ხნის წინ ჩვენს რაიონს კი გადმოეცა საჩუქრად 6 ტრაქტორი, მაგრამ საგაზაფხულო სამუშაოების დროს ეს ძალიან ცოტაა, ამიტომ ამ სოფლებმა გადაწყვიტეს, თავისთვის შეეძინათ ტრაქტორები, რომლებსაც ზაფხულზეც გამოიყენებენ და ზამთარშიც - დიდ თოვლობის დროს.

ერთ-ერთმა თემმა, ქვაციხემ რეტრანსლატორი დაამონტაჟა. ამ სოფლებისთვის აქამდე ადგილობრივი ტელემაუწყებლობა მიუწვდომელი იყო, ვერ ახერხებდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ნახვასაც, ამ ანძის დაყენების შემდეგ კი ეს პრობლემები მოგვარდა.

სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში თანხები კულტურის სახლების რემონტისთვისაც გამოინახა. ასეთი სახლები გარემონტდა ითხვისსა და პერევისაში; ითხვისში ამ საქმისთვის 800 ლარი დახარჯეს, პერევისაში კი - 5 405 ლარი.

ითხვისში პრიორიტეტებს შორის სოფლის საკრებულოს ადმინისტრაციული შენობის კომპიუტერიზაციაც მოხვდა, 1500 ლარად სოფელმა კომპიუტერი შეიძინა, პრინტერით და სხვა დანარჩენი ატრიბუტებით.

„ასე სოფლის რწმუნებულს თავისი უფლება-მოვალეობის შესრულება გაუადვილდება. მერე იქნებ ინტერნეტიც ჩაირთოს,“ - განაცხადა ჩვენთან საუბარში თორნიკე სილაქაძემ. გამოიყენებს თუ არა სოფელი ამ კომპიუტერს,  შემდეგი პასუხი აქვთ: გამოიყენებს სოფლის რწმუნებული.

ბატონი თორნიკეს თქმით, პრიორიტეტები მოსახლეობამ შეარჩია - კრებებზე, თან ამას ერთი და ორი შეკრება არ ეყო. მანამდე, გასული წლის დასასრულიდან, ხელისუფლებამ, გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ფეხდაფეხ მოიარეს ყველა სოფელი და ამ პროექტის შესახებ ამცნეს. არჩევნებისთვის პრიორიტეტების შერჩევა და სამუშაოების უმეტესობა დასრულებული უნდა ყოფილიყო.

ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ინფორმაციის გავრცელების დროსაც იყო გარკვეული პრობლემები.

ზოგიერთი ითხოვდა, რომ მათთვის გამოყოფილი თანხა ინფრასტრუქტურულ განვითარებას კი არ მოხმარებოდა, არამედ სოფლის მკვიდრებზე გადაენაწილებინათ თანხობრივად.

თვითონ მოსახლეობა ღიად არა, მაგრამ პირად საუბრებში აცხადებდა, რომ მათ ბევრს არაფერს შეჰკითხვიან. პრიორიტეტები, ძირითადად, სოფლის წარმომადგენლებმა შეარჩიეს. კრებები ფორმალურად გაიმართა, ისიც - ყველგან არა.

„ჭიათურის სოფლებში ხალხი აღარ ცხოვრობს და პრიორიტეტებს ვინ შეარჩევდა? რაც გაკეთდა, მაინც გასაკეთებელი იყო. ამიტომ პრეტენზიები არა გვაქვს,“ - აცხადებს ადგილობრივი მკვიდრი.

სხვათა შორის, ცენტრალური ხელისუფლებისგან გამოყოფილ თანხებს მოსახლეობამ საკუთარი  თანხებიც შეაშველა. ბჟინევში სარიტუალო დარბაზი პროექტის ფარგლებში გამო-ყოფილი თანხით აშენდა, მაგრამ დარჩენილი მასალების შეძენაში ბიძინა ივანიშვილის და დაეხმარათ, რომელიც ბჟინევში ცხოვრობს. დამატებითი ხარჯებიც სწორედ მან გაიღო.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში ადასტურებენ, რომ მოსახლეობამ მხოლოდ პრიორიტეტები შეარჩია, პროექტები ხელისუფლებამ შეადგინა და ერთ პირთან მოლაპარაკებაც სახელისუფლებო დონეზე გადაწ-ყდა.

„აქ იყო ისეთი თანხები, რომელიც ტენდერითაც შეიძლებოდა გაგვენაწილებინა, მაგრამ, რადგან მითითება იყო, რაც შეიძლება სწრაფად დასრულებულიყო ეს პროგრამები, ამიტომ ერთ პირთან მოლაპარაკებით შესრულდა ყველა სამუშაო,“ - გვეუბნება თორნიკე სილაქაძე.

პროექტების უმეტესობა 30 მაისისთვის დასრულებული იყო, რაიმე განსაკუთებული პრობლემა ამ პროგრამის განხორციელების დროს ჭიათურაში არ ყოფილა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1979
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია