დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
თუ ხალხის აზრი გაინტერესებთ
2010/09/20 12:55:28

სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს, ბატონ ლაშა მაქაცარიას 

 ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ ამირან ხვადაგიანს

 

მოგეხსენებათ, პრეზიდენტმა არაერთგზის აღნიშნა, რომ რეგიონებში რიგითი მოქალაქეები აქტიურად თანაჩართული უნდა იქნენ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მითითება არ სრულდება და ნაკლებად ითვალისწინებენ საზოგადოების აზრს. არადა, საქმის ერთად კეთებით შედეგიც ხომ უკეთესი იქნებოდა.

ცალმხრივად, ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილების ერთ-ერთი მაგალითია თუნდაც ის, რომ ჭავჭავაძის პროსპექტზე მდებარე ახალგაზრდობის პარკის შუაგულში ყვავილების მშვენიერი ხეივანი არჩევნებამდე მთლიანად მოთხარეს და აქ უკვე დამთავრების სტადიაშია ყინულის მოედანი. გულახდილად რომ ვთქვათ, ამ ტიპის მოედანს დიდი დაინტერესება არც მესტიაში გამოუწვევია, არც ბათუმში, და არც თბილისში. თუმცა ყინულის მოედნის მოწყობის წინააღმდეგი ჩვენ მაინც არ ვართ, ოღონდაც მიგვაჩნია, რომ ამ მშენებლობის გამო დაირღვა პარკის განაშენიანების გეგმა, დაიკარგა ადგილობრივი მოსახლეობისათვის უსაყვარლესი, ყვავილებით მორთული და მერხებით დამშვენებული ადგილი, სადაც დასვენების, აზრთა გაცვლა-გამოცვლის, უფროსი თაობისა და ახალგაზრდობისათვის დროის სასიამოვნო გატარების საუცხოო  ადგილი იყო. პარკის შუაგულს უფრო შადრევანი დაამშვენებდა. ყინულის მოედანი კი, სადაც, ძირითადად, ახალგაზრდებმა და სრიალის მოყვარულებმა უნდა ისიამოვნონ, ალბათ, უპრიანი იქნებოდა, პარკის ჩრდილო მხარეს, საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე გაეკეთებინათ. ამ შემთხვევაში ახალგაზრდობის პარკს ღირსშესანიშნაობაც შეემატებოდა და არც მისი ტრადიციული სახე დაირღვეოდა. თუ ჩემი და, საერთოდ, სხვა თანაქალაქელების აზრს გაითვალისწინებდით, იქნებ მართლაც უკეთესი იყოს, ყინულის მოედანს და შადრევანს ჩვენს მიერ აღნიშნული ადგილი მივუჩინოთ?! ფოტომონტაჟის საშუალებით მინდა წარმოგიდგინოთ, თუ რამდენად ეფექტური იქნებოდა შადრევნის ჩასმა იქ, სადაც ადრე ყვავილების ხეივანი იყო...

ჩვენ პატივს ვცემთ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამასთან ერთად კარგი იქნებოდა, ხელისუფლებაც იზიარებდეს ჩვენს, ხალხის აზრს.

 

პატივისცემით -

ბესიკ ადამია, 

ასოციაციის „ჩემი უფლება“ თანადამფუძნებელი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1472
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია