დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კუნძების ტყეები ჩვენს კურორტებთან
2013/03/11 12:25:35

ხეების უკონტროლო ჭრების ახალი მასშტაბები საქართველოში

 

26 თებერვალს სასტუმრო „ამბასადორში“ სატყეო სექტორის ფორუმი გაიმართა, რომლის პირველი დღეც სატყეო სექტორში არსებული პრობლემების ანალიზს დაეთმო. ფორუმზე წარმოდგენილი იქნა გარემოს დაცვის სამინისტროსა და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ერთობლივი (ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო) ხედვა და გეგმები იმ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც სამომავლოდ - 2013-2016 წლებში არის დაგეგმილი.  

ღონისძიება კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) ორგანიზებით განხორციელდა, რომლის წარმომადგენელი რეზო  გეთიაშვილი ამბობს, რომ ასეთი ხედვები სატყეო სექტორში სხვადასხვა დროს რამდენიმეჯერ იყო წარმოდგენილი, მაგრამ ამ გეგმებს ყოველთვის აკლდა თანმიმდევრობა.

„ამბობდნენ ხოლმე, რომ ეს ჰგავს მეორე სართულიდან აშენებას. ახლანდელ შემთხვევაში ხედვა უფრო სწორია, იმიტომ, რომ, ერთის მხრივ, დაცულია თანმიმდევრობა, ანუ სახელმწიფო ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს საფუძვლიდან, საძირკვლიდან და მერე მოხდეს სტრუქტურის დაშენება და, მეორეს მხრივ, უნდა გადაიჭრას დღეს არსებული ყველაზე მწვავე პრობლემები,“ - ამბობს CENN-ის წარმომადგენელი. რა მწვავე პრობლემები არსებობს სატყეო სექტორში და რა უნდა გაკეთდეს, უპირველეს ყოვლისა, ამის თაობაზე სწორედ კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის წარმომადგენელს რეზო გეთიაშვილს ვესაუბრეთ.

- ბატონო რეზო, რა არის ის მწვავე პრობლემები, რომელიც პირველ რიგშია სატყეო სექტორში გადასაჭრელი? 

- შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ორ წელიწადში საქართველოს ტყეებს მიადგა ძალიან დიდი და სერიოზული ზარალი, რისგანაც ეს სექტორი, მეტ-ნაკლებად, მანამდე დაცული იყო - სისტემური კორუფცია მეტ-ნაკლებად აღმოიფხვრა 2003 წლის შემდეგ, მაგრამ 2010 წელს განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა არა მარტო რეგულაციის, არამედ მართვის სისტემაში,  ბიძგი მისცა უკონტროლო ჭრების ახალ მასშტაბებს  და საქართველოს ტყეებს ეს უკვე  შეეტყო. განსაკუთრებით  დაზიანდნენ  საკურორტო ტყეები.

- რა ცვლილებებზეა საუბარი?

- 2010 წლის აგვისტოში ძალაში შევიდა „ტყით სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილება, რომლითაც დაშვებული იქნა საკურორტო ტყეებში სოციალური ჭრების განხორციელება, ხოლო ერთი წლის შემდეგ შეზღუდვა საერთოდ მოიხსნა  სოციალურ ჭრებზე, ანუ საშეშე მერქნის დამზადებაზე;   მოსახლეობას მიეცა საშუალება, რომ სადაც უნდოდა, როგორც უნდოდა, რამდენიც უნდოდა, დაემზადებინა შეშა როგორც საკუთარი მოხმარებისთვის, ისე გასაყიდად.  

ჩვენ გვაქვს მომზადებული ანგარიში ბაკურიანის თაობაზე. მოგეხსენებათ, ეს არის ცნობილი სამთო კლიმატური კურორტი და საერთაშორისო სამთო-სათხილამურო ცენტრი, რომელსაც აქვს  ამბიცია, რომ განვითარდეს კიდევ უფრო, მაგრამ  რეალურად რითიც უნდა განვითარდეს, ის რესურსი,  ფაქტობრივად, ბაკურიანმა დაკარგა. იქ ტყეების სიხშირე უკვე დაყვანილია 0.1-მდე, 0.2-მდე, ანუ, ფაქტობრივად, ტყე აღარ არის და არის კუნძების ტყე. თუმცა, „მწვანე შუქი“ ჭრაზე ანთებულია  არა მარტო ბაკურიანში. ტურიზმის განვითარება თუ გვინდა, ის რესურსი უნდა გამოვიყენოთ, რაც გვაქვს ამ ტურიზმისთვის. ამიტომ ეს „მწვანე შუქი“  რაც შეიძლება მალე უნდა ჩაქრეს და  მოხდეს ამ საკურორტო ტყეების,  განსაკუთრებული ფუნქციონალური ტყეების დაცვა. ანუ, პრიორიტეტი არის ამ უსისტემო, უკონტროლო ჭრების შეჩერება, რომელიც მანამდე შეჩერებული იყო და ბოლო წლებში ისევ დაიწყო. ამის შემდეგ კი უნდა  აღდგეს თვითონ სატყეო სექტორის მართვის სისტემა, იმიტომ, რომ ესეც მოშლილია.

- გამოდის, მენეჯმენტი არ არსებობს, რადგან ყველაფერი თავის ნებაზეა მიშვებული... გარდა იმისა, რომ  „მწვანე შუქი“ უნდა  ჩაქრეს, რა შეიძლება გაკეთდეს?

- ჩვენ, პირველ რიგში, უნდა გვქონდეს ინფორმაცია ჩვენი ტყეების და  იმ მოთხოვნების შესახებ, რაც გვინდა ამ რესურსიდან მივიღოთ, ანუ  უნდა დავიწყოთ შეფასებისგან. მაგალითად, ჩვენ გვინდა თუ არა, ტყეს ვიყენებთ საშეშე რესურსად. აი, დღეს, მაგალითად, დედოფლისწყაროს გამგებელმა ღიად განაცხადა, რომ აღარ არის იქ საშეშე რესურსი, იმიტომ, რომ ტყე გაიჩეხა. ჩვენ წინასწარ შეგვეძლო, ისე დაგვეგეგმა, რომ აქამდე არ მივსულიყავით და რესურსი არ ამოწურულიყო. ამიტომ, პირველ რიგში, ეს მოთხოვნილებები უნდა შეფასდეს და მერე უნდა დაიგეგმოს - ტყეების რა ნაწილი დააკმაყოფილებს სოციალურ მოთხოვნებს.

ალბათ, შეფასების შემდეგ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მაინც დარჩება სოციალური მოთხოვნების  დაკმაყოფილება; მეორე კომპონენტია ტყეების მდგრადობის შენარჩუნება, ანუ ეკოლოგიური კომპონენტი. ტყეების მდგრადობა  ნიშნავს იმას, რომ  ჩვენ როცა ვამბობთ სატყეო ფონდი საქართველოში არის ტერიტორიის, დაახლოებით,  40 პროცენტი, რეალურად, მთელი ქვეყანა დამოკიდებულია ამ ორმოც პროცენტზე; საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა უშუალოდ არის მიბმული ტყეზე, ამიტომ ჩვენ ტყიდან ვერანაირად ვერ მოვხსნით სოციალურ დატვირთვას.

- სატყეო რესურსის შეფასების შემდეგ რა უნდა გაკეთდეს?

- პირველი - ჯერ ეკოლოგიური კომპონენტი უნდა იყოს დაცული და ტყეები უნდა შენარჩუნდეს. იმიტომ, რომ თუ არ შევინარჩუნეთ, მომავალში არც რესურსი გვექნება და იქნება ძალიან ბევრი პრობლემა. მეორე - ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური პრობლემების მოგვარებას უნდა მოხმარდეს, ოღონდ ისე მდგრადად, რომ ტყეები შევინარჩუნოთ და მესამე - თუ გვაქვს რესურსი, ამის შემდეგ უნდა ვიზრუნოთ ტყეების ეკონომიკური საქმიანობის კუთხით გამოყენებასა და ექსპორტზე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1535
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია