დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ეროვნული გამოცდები ვისთვის იოლდება, ვისთვის - ძნელდება
2009/11/09 13:32:45

2010 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში სიახლეებია. უკვე გადაწყდა, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 3 სავალდებულო საგანს - ზოგადი უნარები, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა - დაემატება მეოთხე სავალდებულო გამოცდა, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შემოთავაზებული 7 საგნიდან აირჩევს. სიახლეა ისიც, რომ  სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება არა მხოლოდ ზოგადი უნარების, არამედ 4 საგნის გამოცდის შედეგების შესაბამისად მოხდება.

 

როგორ შეხვდნენ ამ ცვლილებას წლევანდელი აბიტურიენტები?

თამარ ლობჟანიძე, აბიტურიენტი: „რა თქმა უნდა, რთულია კიდევ ერთ საგანში დამატებითი მეცადინეობა, თუმცა, თუ ობიექტურად ვიმსჯელებთ, კარგიცაა - უფრო მეტი ცოდნით მოგიწევს შემდეგ საფეხურზე გადასვლა. რაც შეეხება გრანტის მოპოვებას, ეს ცვლილება ძალიან მომწონს. ვფიქრობ, ასე უფრო სამართლიანია.“ 
აღნიშნული ცვლილება არ გავრცელდება საშემსრულებლო და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველებისთვის. ამ პროგრამებში შენარჩუნდება 3 სავალდებულო გამოცდა და შემოქმედებითი ტურიც. ეს ცვლილებები, სავარაუდოდ, არც ეთნიკური უმცირესობებისთვის გავრცელდება, პირიქით, მათთვის მთავრობა ქართულ სივრცეში უმაღლესი განათლების მიღებას უფრო ხელმისაწვდომს გახდის. კონკრეტულად, ისინი მხოლოდ ერთ გამოცდას ჩააბარებენ - უნარ-ჩვევებში და ისიც თავიანთ ენაზე, მათთვის იქნება ცალკე ადგილი და ცალკე დაფინანსება.  ამაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ერთი თვის წინ, მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. თუმცა, რეალური ნაბიჯი, ჯერჯერობით, არ გადადგმულა.

არადა, თუ სტატისტიკას გადავხედავთ და ვენდობით, ცვლილებები აუცილებელია. ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მონაცემებით, 2008 წელს ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მხოლოდ 28 სომხური ეროვნების აბიტურიენტმა გაიარა, 2009 წელს კი 274 აბიტურიენტიდან 16 იყო არაქართველი, მათ შორის 5 - სომეხი ეროვნების.

ახალციხის უნივერსიტეტში ეთნიკურად სომეხი სტუდენტების რაოდენობამ ეროვნული გამოცდების შემდეგ საგრძნობლად მოიკლო.

ახალციხის ?3 სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორი რობერტ მურადიანი ამბობს, რომ შვიდი წლის წინ ახალციხის უნივერსიტეტში მათი სკოლიდან ყოველწლიურად 25 მოსწავლე აბარებდა. ახალა ყველა, ვისაც სწავლის გაგრძელება უნდა, ერევანში მიდის. ძნელია სამი გამოცდის ჩაბარება იმ ენაზე, რომელზეც არ აზროვნებ.“

მთავრობის ახალი ინიციატივის შესახებ სომხური ეროვნების ქართველმა აბიტურიენტებმა ნაკლებად იციან.

ახალციხის ?3 სომხური საჯარო სკოლის მე-12 კლასელების უმეტესობა სწავლის გაგრძელებას ერევანში აპირებს. თუმცა, გამონაკლისებიც არიან.

მაგალითად, ლამარა გასპარიანი ოთხივე საგანში უკვე ემზადება, სწავლის გაგრძელებას ახალციხის უნივერსიტეტში აპირებს.

„იურიდიულზე ვაპირებ ჩაბარებას. ვემზადები, ენის ბარიერი მაქვს ცოტათი, მაგრამ ვმეცადინეობ და, იმედი მაქვს, ჩავაბარებ. ისე, მე მგონი, ჩვენც ოთხი გამოცდა უნდა ჩავაბაროთ, მერე რა, რომ ეთნიკურად სომხები ვართ, გამონაკლისები არ უნდა ვიყოთ.“

მისი თანაკლასელი გენია ტოლაკიანი კი იურიდიული განათლების მიღებას ერევანში აპირებს. მისი გადაწყვეტილება არც ცვლილებების შემთხვევაში შეიცვლება. პასუხი ცოტა უცნაურია: „პროსტა უნდა და იმიტომ.“

ეთნიკური უმცირესობებისთვის ეროვნული გამოცდების გაიოლების საკითხი ჯერ მხოლოდ ინიციატივაა, რასაც პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და თუ ეს ცვლილება რეალურად განხორციელდა, სამომავლოდ ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონში ბევრი პრობლემა მოგვარდება. უპირველესად კი მაინც ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1629
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია