დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თბილისური ფირმები ქუთაისში ადგილობრივებს არ ასაქმებენ
2010/06/28 12:35:13

პრეზიდენტის ინიციატივას, რომ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნას საგზაო და საქალაქო ინფრასტრუქტურის განახლების შედეგად, საწარმოებისა და ქარხნების გახსნის ფონზე, ქუთაისისთვის თვალშისაცემი შედეგი არ მოჰყოლია.

 

ქალაქში მიმდინარე მშენებლობებისა და სარეაბილიტაციო პროცესის მიუხედავად, მუშათა ბირჟებზე - „პიონერთა პარკის“ წინ და ცენტრალური ბაზრის უკან ისევ ხალხმრავლობაა და ხელოსნები საკუთარ კლიენტებს ელიან, რომელთა რიცხვი არც თუ ისე დიდია.

ქალაქში მიმდინარე მშენებლობებზე, თუ პრეზიდენტს ვენდობით, ადგილობრივები უნდა დასაქმდნენ, თუმცა ტენდერში გამარჯვებულ ფირმებს საკუთარი მუშახელი ჰყავთ და სამუშაოებსაც ისინი ასრულებენ, ან, უკეთეს შემთხვევაში, ქუთაისური ფირმა დემონტაჟს ახორციელებს, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, რკინიგზის სადგურის ვითარებაში, მშენებლობას კი თურქი „სპეციალისტები“ აწარმოებდნენ.

იშვიათად, შეიძლება, ადგილობრივებსაც გაუმართლოთ და ობიექტის რეაბილიტაციაში ან მშენებლობაში მათაც მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ მათი ანაზღაურება ჩამოუვარდება თბილისელი კოლეგების გასამრჯელოს, ან საერთოდ ვერ იღებენ ხელფასს. მაგალითად, ქალაქის ცენტრალური ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული ქუთაისელი მუშები დღესაც ელოდებიან ორი წლის წინ დაპირებულ გასამრჯელოს - 780 ლარს.

დავით ძოწენიძე პროფესიით ინჟინერია და დღეს უმუშევართა რიგებში ირიცხება. მისი თქმით, ქუთაისში მშენებლობაზე დასაქმებულთა 80% თბილისელია და ადგილობრივები სამსახურის გარეშე რჩებიან.   „მე ვფიქრობ, იმ მიზეზით არიდებენ თავს ადგილობრივი კომპეტენტური მუშახელის დაქირავებას, რომ ჩვენ, ასე თუ ისე, წარმოდგენა გვაქვს ქუთაისში მიმდინარე მშენებლობის ყველა დეტალზე, ვიცით საბაზრო მოთხოვნები და ფასები. შესაბამისად, დამკვეთს ზუსტ ანგარიშს წარვუდგენთ, ეს კი მშენებელი ფირმის ხელმძღვანელისთვის ხელსაყრელი არ არის. ამ შემთხვევაში არაკანონიერი სარგებლის ნახვის ნაკლები შანსი არსებობს.“

ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი უკვე 6 წელია არსებობს. მისი დახმარებით მოქალაქეებს შეუძლიათ, იპოვონ სამსახური, ან ორგანიზაციებმა განაცხადონ ვაკანსიების არსებობის შესახებ.

„ქალაქში თავისუფალი სამუშაო ადგილების რაოდენობა ძალიან მცირეა. ძირითადად მოთხოვნა არის ძიძებზე, დაცვის პოლიციის თანამშრომლებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებში დამხმარეებისა ან სტაჟიორების თანამდებობაზე. სამშენებლო ფირმები არ მოგვმართავენ, რადგან ყველას ჰყავს საკუთარი პერსონალი,“ -  აღნიშნა ცენტრის წარმომადგენელმა ავთანდილ მაჩიტაძემ.

ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში 600-ზე მეტი ადამიანი არის დარეგისტრირებული, მათ შორის 200-მა უკვე იპოვა სამსახური. ზემოაღნიშნულ ბაზაში მუშებიც არიან აღრიცხული, თუმცა მათი დასაქმებით დაინტერესებული პირები ჯერ არ ჩანან.

მერიის ეკონომიკის სამსახური აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარისაგან თავს იკავებს, ამის შესახებ გაზეთ „პოსტსკრიპტუმს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა.

შესაძლოა, ეჭვი შეეპაროთ ქუთაისელი მუშების პროფესიონალიზმში, მაგრამ სხვა პროფესიისა და უმაღლესი განათლების მქონე პირებიც რომ არ სჭირდებათ? ადგილობრივების თბილისელი კადრებით ჩანაცვლება შენობების დასრულების შემდეგაც მიმდინარეობს, ისე, როგორც ეს უკვე მოხდა ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის პერსონალის დაკომპლექტებისას და როგორც ახლა ხდება კონტროლის პალატისა და საგზაო დეპარტამენტის შემთხვევაში. წამყვან პოზიციებს ამ სტრუქტურებში თბილისიდან მოწვეული სპეციალისტები იკავებენ.

ქუთაისელები იუმორით იმშვიდებენ თავს და ხშირად იმეორებენ, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა გზა თბილისამდე მიდის, მშობლიურ ქალაქში კი ადგილობრივებს მხოლოდ შენობის დაცვა და დასუფთავება შეუძლიათ.

 

ნინო ბაქრაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1591
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია