დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვახტანგ ხმალაძე - პროკურატურის რეფორმა საერთო სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების ფარგლებში უნდა განხორციელდეს
ავტორი:
2014/დეკემბერი/18 13:30:02
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, პროკურატურის რეფორმირება საერთო სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების ფარგლებში უნდა იყოს გააზრებული და განხორციელებული.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ხმალაძემ განუცხადა, პროკურატურის რეფორმირება აუცილებელია და ამ კონტექსტში გასათვალისწინებელია, რომ პროკურატურა სამართალდამცავი სისტემის მხოლოდ ერთი მდგენელია, ხოლო რეფორმა სისტემურად უნდა განხორციელდეს. ხმალაძის თქმით, ამას უკავშირდება შს სამინისტროს რეფორმა, უშიშროების სამსახურის შსს-დან გამოყოფა, თავად პოლიციის სისტემური რეფორმა.
"პროკურატურის ყველაზე უფრო გავრცელებული მოდელი არის, როცა პროკურატურა სასამართლო ხელისუფლების შემადგენელი ნაწილია და მოქმედებს სასამართლოს ზედამხედველობით. არსებობს სისტემა, როცა პროკურატურა შედის აღმასრულებელ ხელისუფლებაში და მისი ნაწილია, არსებობს მოდელი, როცა პროკურატურა არც სასამართლოს და არც აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ შედის და არის ცალკე დამოუკიდებლად მდგომი უწყება. ეს ყველაფერი სისტემურად უნდა იყოს გააზრებული, მაგრამ სადაც არ უნდა იყოს პროკურატურა, მთავარია ორი მნიშვნელოვანი ელემენტის დაცვა – პირველი ის, რომ პროკურატურა მაქსიმალურად დამოუკიდებელი იყოს და მის საქმიანობაში ჩარევა კანონით იყვეს აღკვეთილი, ამასთან, დამოუკიდებლობა არ ნიშნავს იმას, რომ პროკურატურა იყოს უკონტროლო. ის ანგარიშვალდებული უნდა იყოს ვიღაცასთან და მის საქმიანობაზე სათანადო კონტროლი უნდა ხორციელდებოდეს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ვახტანგ ხმალაძემ.
დეპუტატის შეფასებით ის, რაც პროკურატურაში სისტემური ცვლილებების მხრივ გასულ წელს განხორციელდა სწორი არ იყო. კერძოდ, სადღეისოდ პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებაა, მაგრამ იუსტიციის სამინისტროს პროკურატურაზე კონტროლის არანაირი მექანიზმი არ გააჩნია, რაც ვახტანგ ხმალაძის შეფასებით სწორი არ არის. ის, რომ იუსტიციის მინისტრი, რომელიც პოლიტიკური ფიგურაა აღარ არის გენერალური პროკურორი, ეს არის სწორი. მაგრამ ის, რომ იუსტიციის მინისტრი პროკურატურის საქმიანობის კონტროლს ვეღარ ანხორციელებს, უკვე არასწორია. პროკურატურაზე სათანადო ზედამხედველობას ვერც პარლამენტი ანხორციელებს", - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.
პროკურატურის სისტემის რეფორმირების ფარგლებში ხმალაძის შეფასებით, კარგი იქნება თუკი შემოღებული იქნება ე.წ. საგანგებო პროკურორის ინსტიტუტი. კერძოდ, ხმალაძის განმარტებით, საგანგებო პროკურორი მუდმივი თანამდებობა არ არის. ის იქნება პროკურორი, რომელიც კონკრეტული საგანგებო, დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, ან მაღალი რანგის თანამდებობის პირთან დაკავშირებული საქმის გამოძიების მიზნით დაინიშნება. დანიშვნას განახორციელებს პარლამენტი და მას შემდეგ, რაც საქმის ძიება დასრულდება და საქმე სასამართლოს გადაეცემა, საგანგებო პროკურორს უფლებამოსილება შეუწყდება.
საქართველოს მთავრობა პროკურატურის რეფორმირებას იწყებს. ამის თაობაზე განცხადება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. პრემიერმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს უწყების რეფორმირების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის დავალებაც მისცა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 928
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია