დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი კვირიკაშვილი - "აირზენას" მხრიდან სიტუაციის გამწვავება პროვოკაციულ ხასიათს ატარებს
ავტორი:
2014/დეკემბერი/12 20:30:02
ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეის"-ის მხრიდან სიტუაციის გამწვავება პროვოკაციულ ხასიათს ატარებს, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეის"-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
"ჩვენი სურვილია, რომ ეროვნულ ავიაკომპანიებს ქვეყანაში ნორმალური ფუნქციონირების და განვითარების საშუალება ჰქონდეთ. სწორედ ამას ისახავდა მიზნად საქართველოსა და რუსეთს შორის რეგულარული ფრენების აღდგენის შემდეგ მიღწეული შეთანხმება ავიაკომპანიებისთვის კვირაში 14/14-სიხშირიანი პარიტეტული ფრენების შესახებ. თუმცა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც შემდეგ მოხდა - კერძოდ, კომპანია "ჯორჯიან ეარვეის"-ის მხრიდან ზეწოლა სახელმწიფო მოხელეებზე და ამგვარი ზეწოლისა და შეურაცხყოფების შედეგად სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის მხრიდან გადაწყვეტილების შეცვლის იძულება.
მთავრობაში გამართული მსჯელობის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება: უახლოეს პერიოდში ტექნიკური კონსულტაციების გამართვამდე, გაუქმდეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ ზეწოლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება; აღდგეს 14-14-სიხშირიანი გრაფიკი და საქართველოს მხრიდან 14-ვე სიხშირეზე დანიშნული იქნას ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი".
მინდა ასევე განვაცხადო, რომ ჩვენი პრიორიტეტია ადგილობრივი კომპანიებისთვის ხელის შეწყობა, სწორედ ამიტომ დავხარჯეთ დიდი ძალისხმევა და დავთანხმდით 14-სიხშირიან გრაფიკს. ამიტომ მივანიჭეთ საქართველოს მხრიდან კომპანია "ჯორჯიან ეარვეისს" 14-ვე სიხშირე. თუმცა, როგორც ჩანს, "ჯორჯიან ეარვეის"-ს სურს, ფრენების სიხშირეების ხელოვნურად შემცირების გზით შეინარჩუნოს ბილეთებზე არაადეკვატურად მაღალი ფასი, რაც თავის მხრივ, წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს არანაკლებ მნიშვნელოვან პრიორიტეტთან - განვავითაროთ ქვეყანაში ტურიზმი, ხელი შევუწყოთ ამ გზით ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ახალი სასტუმროების მშენებლობას, სატრანსპორტო სისტემების განვითარებას.
ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენმა მილიონამდე თანამემამულემ ხელმისაწევდომ ფასად შეძლოს, საკუთარ ოჯახებთან და სამშობლოსთან იქონიოს მუდმივი კავშირი და ეს კავშირი არ გაწყვიტოს.
ასევე მინდა ვთქვა, რომ იმ დროს, როდესაც სულ რამდენიმე დღის შემდეგ იყო დაგეგმილი ტექნიკური კონსულტაციები, ამგვარი სიტუაციის გამწვავება ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეის"-ის მხრიდან ატარებს პროვოკაციულ ხასიათს და ჩვენ ნამდვილად არ ვართ იმისთვის მოწოდებულნი, რომ ვინმეს სახელმწიფოსთან ამგვარი ენით საუბრის უფლება მივცეთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 981
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია