დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პაატა ზაქარეიშვილი - ეჭვი მეპარება, რუსეთს ჩვენთვის მისაღები ტექსტი შემოეთავაზებინა
ავტორი:
2014/ოქტომბერი/09 13:30:02
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილს ეჭვი ეპარება, რომ რუსეთს ძალის არგამოყენების შესახებ დოკუმენტის ისეთი ტექსტი შეეთავაზებინა, რომელიც საქართველოსთვის მისაღები იქნებოდა, - ამის შესახებ ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, ჟენევის დისკუსიების ფარგლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ერთ-ერთ ნაბიჯად განხილულ იქნა რუსეთის პროექტი ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილის მიერ ძალის გამოუყენებლობის თაობაზე ერთობლივი განცხადების გაკეთების შესახებ.
"დელეგაცია ჟენევიდან არ დაბრუნებულა, ამიტომ დეტალებზე ლაპარაკი ნაადრევია. ჩვენ შეგვიძლია 2-3 დღეში გავაკეთოთ კვლავ კომენტარი, მაგრამ ვიდრე დელეგაცია არ დაბრუნდება, რა ტექსტზეა საუბარი ძნელი სათქმელია. თუმცა, მე ეჭვი მეპარება, რუსეთს შემოეთავაზებინა ისეთი ტექსტი, რომელიც მისაღები იქნება, იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება რუსეთ-საქართველოს შორის ხელშეკრულება ძალის არგამოყენების შესახებ, ეს უნდა იყოს მთავარი. თუ რუსეთი ამაზე მოდის, მაგას რა ჯობია. ან მეორე - თუ არ მოდის რუსეთი ხელშეკრულებაზე, მაშინ ცალმხრივი განცხადება გააკეთოს ძალის გამოუყენებლობის შესახებ, როგორც ეს საქართველომ არაერთხელ გააკეთა. შესაბამისად, თუ არც ერთი და არც მეორე ვარიანტი არ არის, მე სხვა ვარიანტს არ განვიხილავდი", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების იმ ნაწილს, რომელშიც საუბარია ნატო-ს ინფრასტრუქტურის საქართველოში განთავსების საფრთხეებზე, ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ნატო-ს წევრი საქართველო უკეთესია უსაფრთხოებისთვის რეგიონში, ვიდრე ალიანსის არაწევრი.
"უკვე 20 წელზე მეტია, საქართველო დამოუკიდებელია და ჩვენ ყველამ ვნახეთ, როგორ ვერ მართავენ დსთ-ს წევრი სახელმწიფოები თავიანთ კონფლიქტებს და ეს გადადის შეუქცევად სამხედრო დაპირისპირებაში. ამავდროულად ვხედავთ, რამდენად ყველაფერი მართვადია ნატოში და ნატო-ს სახელმწიფოებს შორის ომები არ არის. ამიტომ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო კიდევ უფრო მეტად იქნება ინტეგრირებული ნატო-ს სტრუქტურებში, კავკასიაში უფრო მეტად დაისადგურებს მშვიდობა. ნატო-ს წევრი საქართველო უფრო სანდო და მდგრადი იქნება, ვიდრე ნატო-ს გარეშე საქართველო. აშკარაა, რომ საქართველო არავითარ შემთხვევაში აღარ გაიხედება რუსეთის მხარეს, ჩვენ ცალსახად მივდივართ ევროატლანტიკური მიმართულებით და ყველა, პირველ რიგში, რუსეთი დარწმუნდება, რომ ნატო-ს წევრი საქართველო იქნება უფრო სანდო და კავკასიაში უსაფრთხოება იქნება მეტად გარანტირებული", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ნატო-ს ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოში ნატო-ს ინფრასტრუქტურის განთავსება საფრთხეს შეუქმნის კავკასიის რეგიონში იმ სტაბილურობას, რომელიც ახლა ყალიბდება.
"რუსეთის მხრიდან გამოითქვა შეშფოთება ქართული მედიის მიერ გამოთქმულ იმ გეგმებთან დაკავშირებით, რაც საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს ინტერესების გათვალისწინებით სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგებას შეეხება. ასეთი ქმედებები საფრთხეს შეუქმნიდა იმ სტაბილურობას, რომელიც ახლა ყალიბდება ამიერკავკასიის ტერიტორიაზე", - ნათქვამია რუსეთის საგარეო სამინისტროს ინფორმაციაში.






წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 881
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია