დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველოში ყოველი მეთერთმეტე ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია
საქართველოში ყოველი მეთერთმეტე ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია
სულ ნანახია 2897
ავტორი:

ოჯახში ძალადობა მსოფლიოში  ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალთა მიმართ ძალადობა, რადგან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ყველაზე ხშირად სწორედ ქალია. შესაბამისად, ილახება მათი უფლებები, სოციალური ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ეკონომიკური, თუ სოციალური კეთილდღეობა საფრთხის ქვეშ დგება.

 

UNICEF-ის მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ოჯახში ძალადობის კომპლექსურობას. კვლევის შედეგების მიხედვით, ოჯახში ძალადობა ციკლური პროცესია, რაც  თაობებს შორის ძალადობის ფაქტებსაც აძლიერებს.

 

საერთაშორისო დონეზე ოჯახში ძალადობის თემა განსაკუთრებით აქტუალური მე-20 საუკუნის ბოლოდან გახდა.

 

ამ პერიოდში, ოჯახში ძალადობის პრობლემამ ოჯახური სფეროდან გადაინაცვლა საზოგადოებრივი პრობლემის დონეზე: თუ აქამდე ითვლებოდა, რომ ოჯახში ძალადობა, მხოლოდ ამა თუ იმ კონკრეტული ოჯახის პრობლემაა, ახლა იგი მიიჩნევა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ პრობლემად, რომლის გადაწყვეტაც სახელმწიფოებრივ დონეზე უნდა მოხდეს.

 

კულტურაში, სადაც მამაკაცს წამყვანი როლი უჭირავს, ხშირია ქალთა როლის დაკნინებისა და მათი დისკრიმინაციის ფაქტები. საქართველოში ჩატარებული ბოლოდროინდელი კვლევები გვიჩვენებს, რომ ოჯახში ძალადობა კულტურაში ღრმად არის ფესვგადგმული. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2007-2011 წლებში დაფიქსირდა ძალადობის 1025 შემთხვევა. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, 2013 წელს დაფიქსირდა 166 მსხვერპლი ქალი.

 

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ მონაცემებს, ვინაიდან სამთავრობო უწყებებისთვის მიმართვიანობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია „ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხების ეროვნული კვლევა საქართველოში“ მიხედვით, ყოველი მეთერთმეტე დაოჯახებული ქალი არის ოჯახში ძალადობის  მსხვერპლი. რესპონდენტთაგან 34.7% ყოფილა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, ხოლო 35.9%-ის მიხედვით, მათი მეუღლეები აკონტროლებენ მათ საქმიანობას ამავე კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 78% თვლის, რომ ოჯახში ძალადობა ოჯახის პრობლემად უნდა დარჩეს და ოჯახის ფარგლებშივე მოგვარდეს. შესაბამისად, რესპონდენტების მხოლოდ 1,2%-ს მიუმართავს სახელმწიფო უწყებებისთვის (პოლიცია, საავადმყოფო, სასამართლო) ძალადობის შემთხვევაში.

 

აქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი არის ორგანიზაცია, რომელიც მრავალი წელია მუშაობს ოჯახში ძალადობის საკითხებზე. ოჯახური ძალადობის სტატისტიკაზე, მომართვიანობის კონკრეტულ მაგალითებზე,  საია-ს მიერ გაწეულ სხვადასხვა სახის იურიდიულ დახმარებებსა  და კანონში შესატან ცვლილებებზე  ჩვენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარეს, გიორგი ჭიქაბერიძეს ვესაუბრეთ. 

 

 

 

- ჩვენს ორგანიზაციას ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის არაერთწლიანი გამოცდილება აქვს, საია-ს ქუთაისის ფილიალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს სთავაზობს უფასო იურიდიულ კონსულტაციასა და სასამართლო წარმომადგენლობას. ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან ოჯახში ძალადობის საკითხებზე გაიცა ასობით პირადი და სატელეფონო კონსულტაცია, მომზადდა ათობით იურიდიული დოკუმენტი და რამდენიმე მოქალაქეს გაეწია სასამართლო წარმომადგენლობა. მაგ. საია-ს ქუთაისის ფილიალის ადვოკატი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარმოადგენდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ა.ღ.-ს ინტერესებს, კერძოდ, 2014 წლის 2 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ოჯახური ძალადობის მსხვერპლის, ა.ღ.-ის განცხადება დამცავი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით. მის ინტერესებს სასამართლოში საია-ს ქუთაისის ფილიალის ადვოკატი იცავდა. სასამართლო პროცესზე დადასტურდა ა.ღ.-ს მიმართ, ყოფილი მეუღლის ზ.წ.-ს მხრიდან ძალადობის ფაქტი. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ და სასამართლოს გადაწყვეტილებით ზ.წ.-ს აეკრძალა მსხვერპლის მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიყენება, საცხოვრებელ სახლთან მიახლოება და სატელეფონო კონტაქტი. დამცავი ორდერი გამოცემულ იქნა 2 თვის ვადით.

 

- რამდენად  ზუსტია სტატისტიკა ამ მხრივ საქართველოში და რამდენად იცავს მსხვერპლს კანონი?


- ოჯახური ძალადობა ადამიანის უფლებების დარღვევაა. იგი გლობალური სენია. ამ სენისაგან არცერთი საზოგადოება არ არის დაზღვეული. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამ პრობლემის გარშემო საუბარი მასობრივ ხასიათს იღებს, საზოგადოების გარკვეული ნაწილი აღნიშნულ პრობლემას ვერ აცნობიერებს და არცკი აღიქვამს სოციალურ პრობლემად.


საქართველოს ხელისუფლებამ ოჯახში ძალადობის პრობლემა აღიარა, რაც გამოიხატა 2006 წლის 25 მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის   „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა, მოსახლეობას მიეწოდოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს იცავს კანონი.

 

- ძალადობის რა სახეები გვხვდება უფრო გავრცელებული ფორმით?


- ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით, ან იძულებით.


ოჯახში ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ფიზიკურ ძალადობაში - ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ფსიქოლოგიურ ძალადობაში - შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; იძულებაში - ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ან/და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;

 

სექსუალურ ძალადობაში - სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ.

 

 ეკონომიკურ ძალადობაში - ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას.

 

- რა შემთხვევაში გამოიწერება მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერი და რამდენად არის ის გარანტია მსხვერპლის უსაფრთხოებისა მომავალში?

 

- ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად, დროებითი ღონისძიების სახით, შესაძლებელია, გამოცემულ იქნეს შემაკავებელი ან დამცავი ორდერი.


დამცავი ორდერი არის პირველი ინსტანციის სასამართლოს (მოსამართლის) მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში ძალადობის მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები და რომელიც გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს.


მოძალადის მიერ შემაკავებელი/დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 175/2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით.


დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა - გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით ან გამასწორებელ სამუშაოებს 3 თვემდე ვადით.

 

- რა შემთხვევებში  შეიძლება გამოიწვიოს ძალადობის ფაქტებმა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა?

 

- ოჯახში ძალადობის ფაქტმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126/1 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ასეთი ქმედება ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ოთხმოციდან ასორმოცდაათ საათამდე.
იგივე ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ ორი ან მეტი პირის მიმართ პირთა ჯგუფის მიერ, არაერთგზის ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ასიდან ორას საათამდე, თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

- არსებობს თუ არა კანონმდებლობით გათვალისწინებული თავშესაფრები, სადაც მსხვერპლი თავს დაცულად იგრძნობს?

 

- ოჯახში ძალადობის ფაქტის არსებობისას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილი პირების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები უზრუნველყოფენ მსხვერპლის იქ გადაყვანას.


თავშესაფარში მსხვერპლის მოთავსება ხდება 3 თვემდე ვადით. საჭიროების შემთხვევაში ეს ვადა გაგრძელდება თავშესაფრის წესდებით (შინაგანაწესით) დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მსხვერპლს არ სურს ზემოაღნიშნულ პერიოდზე მეტი ხნით იქ დარჩენა. თავშესაფარში მოთავსების ვადის ამოწურვის შემდეგ, მსხვერპლის მიმართ საფრთხის არსებობის შემთხვევაში, თავშესაფრის ადმინისტრაცია ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირების უზრუნველსაყოფად.
მსხვერპლის თავშესაფარში ან კრიზისულ ცენტრში მოთავსების შემთხვევაში, მას უნარჩუნდება სამუშაო ადგილი იმავე თანამდებობაზე. ასეთი თავშესაფრები ქუთაისშიც არსებობს, მაგრამ ძალადობის მსხვერპლთა უსაფრთხოებისთვის და მათი ინტერესებიდან გამომდინარე, ამ თავშესაფრების ტერიტორიული მდებარეობის გასაჯაროვება არ შეიძლება მოხდეს. ასევე მიმაჩნია, რომ საკითხის პრობლემატურობაში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს, თავად მსხვერპლის ნაკლებ ბრძოლისუნარიაონობა ასრულებს, ხშირად ისინი არ მიმართავენ შესაბამის დაწესებულებებს დახმარებისთვის, თუმცა უკვე მომართვიანობის შემთხვევაში მიღებული დადებითი შედეგებით ისინი ყოველთვის კმაყოფილები რჩბიან, მე მინდა მივმართო ყველა ასეთ ადამინს, ვინც არის ფიზიკური შეურაცხმყოფის ან  არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, მათ აქვთ უფლება, დაიცვან თავიანთი ღირსება და პატივი, და თუ ეს ყოველივე ილახება ფიზიკური პირის მიერ, აუცილებლად უნდა მიმართონ შესაბამის ორგანიზაციებს, რომელთა შორის  მათ ინტერესებს საია-ს ქუთაისის ფილიალიც დაიცავს.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია