დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
რატომ დაიწუნა ქუთაისის საკრებულომ სპორტული აიპის 2014 წლის ბუჯეტის პროექტი?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
სულ ნანახია 2553
ავტორი:
ნესტან ჩაგელიშვილი

რატომ დაიწუნა ქუთაისის საკრებულომ სპორტული აიპის 2014 წლის ბუჯეტის პროექტი?

 

ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა პრინციპით მოხდება მწვრთნელთა ხელფასის ზრდა

 

ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე მზად არის და საკრებულოს კომიტეტებს განსახილველად გადაეგზავნა. აღსანიშნავია, რომ  მომავალი წლის ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, შემცირებულია.  თუმცა, გასული წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტთან შედარებით, სხვა პრიორიტეტებიც გამოიკვეთა.


საკრებულოს წევრებმა  ბიუჯეტის პროექტიდან უკვე დაიწუნეს სპორტული აიპის მიერ წარდგენილი პროექტი. აიპის გაერთიანების ხელმძღვანელს, დავით აბულაძეს კი 25 ნოემბრამდე  ახალი პროექტის წარდგენა დაევალა.


საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, მამუკა მღვდელაძის განცხადებით, სპორტული აიპის მმართველობამ გასული წლის ბიუჯეტის ანალოგი წარმოადგინა, რამაც ბიუჯეტის დაწუნება გამოიწვია.


„მომავალი წლის ბიუჯეტი გასულის წლის ბიუჯეტის ანალოგი იყო და მასში არანაირი პრიორიტეტები არ გამოკვეთილა. რაც მთავარია, მწვრთნელების ხელფასი არ იყო გაზრდილი, რის გამოც დაევალათ ბიუჯეტის ახლებური პროექტის  წარმოდგენა. ვთვლი, რომ მწვრთნელები მიზერულ ხელფასზე არ უნდა მუშაობდნენ,“ - აღნიშნა მამუკა მღველაძემ.


მწვრთნელების დაბალ ხელფასზე საუბრობს მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ივანე ბუხაიძეც. როგორც ბუხაიძე აღნიშნავს, მისთვისაც გაურკვეველია, რა კრიტერიუმებით ხდება მწვრთნელებისთვის ხელფასის გადახდა.


„მე ვესწრებოდი ბიუჯეტის განხილვას, მიუხედავად იმისა, რომ სპორტული აიპები ჩვენს დაქვემდებარებაში არ არის, ვთვლი, რომ წარმოდგენილი პროექტი არ იყო მოთხოვნების შესაბამისი. სამწუხაროდ, წლების წინ მწვრთნელებს პედაგოგის სტატუსი მოეხსნათ, რის გამოც საათობრივ ანაზღაურებას ვერ იღებენ. ამ დრომდე ვერ ვხვდები, რა კრიტერიუმებით ხდება ხელფასის გამოთვლა, ხშირად ერთი და იგივე სტაჟის მწვრთნელს სხვადასხვა ხელფასი ჰქონდა. მიმაჩნია, რომ ანაზღაურებას მწვრთნელებს პირადი მოსაზრებების მიხედვით აძლევდნენ. მწვრთნელები, რომლებიც მსოფლიო დონის სპორტსმენებს ზრდიან, 140 და 170 ლარს იღებენ, რაც ნამდვილად არ არის საკმარისი.  ამიტომ გამოვედით ინიციატივით, რომ ანაზღაურება საათობრივად მოხდეს. რეფორმა თავისთავად მტკივნეული იქნება მათთვის, ვინც ნაკლებს მუშაობს, მაგრამ სამართლიანი იქნება მათთვის, რომლებიც პირნათლად მუშაობენ,“ - აღნიშნა მერიის სპორტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა.


არადა, გასულ თვეს მერიის სპორტის სამსახურის მიერ 9-თვიანი ანგარიშის წარდგენის დროს მერიის სპორტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ სპორტულ აიპიში დასაქმებულ 250 მწვრთნელს სახელფასო ანაზღაურება გაეზრდებოდა.


პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე კი მოითხოვს, სპორტული აიპი საერთოდ გაუქმდეს, რადგან მისივე განცხადებით, აიპი მხოლოდ ფულის დასახარჯად არის შექმნილი, ვინაიდან მერიის სპორტის სამსახური უკვე ასრულებს იმ ფუნქციას, რაც აიპს ეკისრება.


საკრებულოს მიერ ბიუჯეტის პროექტის დაწუნებას არ ადასტურებს სპორტული აიპის მმართველი დავით აბულაძე. მისი განცხადებით, საკრებულოს წევრებს წარდგენილ პროექტთან დაკავშირებით არანაირი შენიშვნა არ ჰქონიათ და მხოლოდ მწვრთნელთა ხელფასის მატებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა. აბულაძემ ასევე უარყო პირადი მოსაზრებებით მწვრთნელებისთვის ხელფასის გადახდა.


აბულაძის განცხადებით, ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტიდან სპორტული აიპის გაერთიანებისთვის 3 025 000 ლარია გამოყოფილი.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია