დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ბურჯანაძე სასამართლოში
ნინო ბურჯანაძე სასამართლოში
ავტორი: ცოტნე პაატაშვილი
სულ ნანახია 1857
ავტორი:
ცოტნე პაატაშვილი
მსგავსი სიახლეები

დიდი უსამართლობაა, რომ აქ მარტო ვანო ზის...

 

გასულ კვირაში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ ჩვენება პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ მისცა. ნინო ბურჯანაძემ უსამართლობა უწოდა განსასჯელის სკამზე მხოლოდ ვანო მერაბიშვილის ყოფნას და იმედი გამოთქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ მოუწევდა ჩვენების მიცემა. „პირველ რიგში, დამნაშავე მიხეილ სააკაშვილია“ - განაცხადა ბურჯანაძემ სასამართლო დარბაზში.

 

 

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა სასამართლოს ჩვენება ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის და ექსპრემიერის, ვანო მერაბიშვილის, წინააღმდეგ 2011 წლის 26 მაისის საქმეზე მისცა. ნინო ბურჯანაძის თქმით, ეს არ იყო მიტინგის დაშლა, არამედ, ეს იყო მასშტაბური სადამსჯელო ოპერაცია. ნინო ბურჯანაძემ დეტალურად ისაუბრა 2011 წლის  26 მაისის ღამეზე, როდესაც აქციის დაშლა მოხდა. ბურჯანაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიმინალური დანაშაულებრივი ორგანიზაცია, რომელიც უნდა გასამართლდეს.

 

„დიდი უსამართლობაა, რომ აქ მარტო ვანო ზის, პირველ რიგში, დამნაშავეა სააკაშვილი და იმედი მაქვს, რომ მომიწევს მოსვლა და სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა“ - განაცხადა ბურჯანაძემ. მისი დაკითხვა, დაახლოებით, 3 საათი გაგრძელდა.

 

გარდა 26 მაისის აქციის თემისა, ნინო ბურჯანაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს საერთაშორისო ასპარეზზე ეხმარებოდა, 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა, რომ მისი ინტერვიუები მსოფლიოს სხვადასხვა მედიასაშუალებებში გადიოდა, თუმცა არ ჩანდა ქართულ მედიაში. ბურჯანაძის  თქმითვე, სწორედ მან სთხოვა წითელი ჯვრის თანამშრომელს, რომ დაღუპული ბიჭების გადმოსვენებაში ქართულ მხარეს დახმარებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის დაკვეთით კი დაიბეჭდა პროკლამაციები, რომელსაც თითქოს ტანკებიდან ყრიდნენ რუსი ჯარისკაცები, რომ აირჩიეთ ნინო ბურჯანაძეო. ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ ეს ყველაფერი გამიზნული იყო იქითკენ, რომ მომხდარიყო ბურჯანაძის სახელის დისკრედიტაცია.

 

„ჩემი ზარის შემდეგ, რომელიც სააკაშვილთან განვახორციელე, აღსანიშნავია, რომ ეს სიუჟეტი შეწყდა“ - დასძინა ბურჯანაძემ. მისივე თქმით, მისი, როგორც სამშობლოს მოღალატის სახელი 2008 წლის აგვისტოშივე „როიტერთან“ მიცემული ინტერვიუს შემდეგ გაჟღერდა, რომელშიც ბურჯანაძე ამბობდა, რომ ახლა არ იყო კითხვებზე პასუხის გაცემის დრო, თუმცა ამის დრო აუცილებლად დადგებოდა.

„მაშინ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვინც ამას ამბობდა, სამშობლოს მოღალატეები იყვნენ“ - განაცხადა ბურჯანაძემ. გარდა ამისა, მისივე თქმით, წინა ხელისუფლება 2008 წლის აპრილში აფხაზეთში ომის დაწყებას აპირებდა. შეიკრიბა უშიშროების საბჭო, რომელზეც ბურჯანაძის თქმით, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ერთი ქართველი ჯარისკაცი 50-ს უდრიდა და რუსების ტექნიკა დაჟანგული იყო. მისივე თქმით, მაშინ აფხაზეთში ომი რომ არ დაიწყო, ეს მისი დამსახურებაა.

 

განსასჯელის სკაზმე მყოფმა ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა საკმაოდ უცნაურად უპასუხა ნინო ბურჯანაძეს. ვანო მერაბიშვილმა პარლამენტის ყოფილ სპიკერს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ნინო ბურჯანაძის ჩვენება მისი დაცვის მხარეს კარგად გამოადგება. ასევე, მან 2007 წლის მიტინგის დარბევის ინიციატორად ბადრი ბიწაძე დაასახელა.

 

„მინდა, მადლობა გადავუხადო მას, ყველაფერი თქვა და ყველა დარწმუნდა, რა მიზანი ამოძრავებდა და როგორ მიდიოდა მიტინგი. ბურჯანაძის მიერ მიცემული ჩვენება დაცვის მხარეს კარგად გამოადგება. მინდა, მას შევახსენო 2007 წლის ნოემბრის მიტინგი. მე მას არ ვამტყუნებ, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მიტინგის დაშლის ინიციატივა ბიწაძისგან მოდიოდა. ყველამ ვიცით, რომ ის იყო ინიციატორი, რომ ამ ფორმით დაშლილიყო, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს დანაშაული არ არის, როგორც ეს განხორციელდა,“ - განაცხადა მერაბიშვილმა. ნინო ბურჯანაძემ მერაბიშვილის განცხადების საპახუხოდ აღნიშნა, რომ ამაზე კომენტარის გაკეთება უხერხული იქნებოდა.

 

„იმედი მაქვს, რომ ამავე განსასჯელის საკამზე ძალიან მალე დაჯდება მიხეილ სააკაშვილი, იმიტომ, რომ მე გუშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ: ის, რომ ვანო მერაბიშვილი ზის მხოლოდ და სააკაშვილი დემოკრატიაზე ლექციებს კითხულობს, არც იმ ინსტიტუტს ახასიათებს კარგად, სადაც ის დემოკრატიაზე ლექციებს კითხულობს და ზოგადად, მით უფრო, არც ჩვენს ხელისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ გვეუბნებოდა ბატონი ბიძინა, სამართლიანობის აღდგენის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს და ყველაფერი კარგად არისო, ეს ასე ნამდვილად არაა. ჩვენ ვიცით, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი არ მიდის იმ ტემპით, რა ტემპითაც უნდა მიდიოდეს,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ სასამართლო სხდომის შემდეგ.

 

26 მაისის საქმეზე სასამართლომ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე შალვა ჯანაშვილიც დაკითხა. მისი განცხადებით, როდესაც 2011 წლის მაისში აქციები დაიწყო, მინისტრის მიერ კრიზისის მართვის შტაბი შეიკრიბა. ერთ-ერთ თათბირზე მიღებულ იქნა გეგმა, თუ როგორ მომხდარიყო რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დაშლა.

 

„მე მინისტრს შევთავაზე ჩემი გეგმა. ამ გეგმის თანახმად, ჩვენ მომიტინგეებს თავისუფლების მოედანზე მივმართავდით. მინისტრის მეორე მოადგილე გია ლორთქიფანიძე თავის დანაყოფებს განათავსებდა და მომიტინგეთა დაკავება თავისუფლების მოედანზე უნდა მომხდარიყო, რადგან რუსთაველზე სივრცე პატარა იყო და ხალხი დაშავდებოდა. ჩემს მიერ შეთავაზებული გეგმის მიხედვით, დაკავებების დროს გასასვლელი მომიტინგეებისთვის არ იქნებოდა და შემდეგ უკვე ლორთქიფანიძე გადაწყვეტდა, რა გაეხსნა და სად გაეხსნა გასასვლელი. ჩემი ამოცანა იყო, ხალხი თავისუფლების მოედნამდე მიმეყვანა,“ - განაცხადა ჯანაშვილმა.

 

როგორც ჯანაშვილი იხსენებს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დანაყოფი, რომელიც პარლამენტში იყო განთავსებული, შენობიდან გამოვიდა და სიტუაცია აურია. გეგმის თანახმად, ეს დანაყოფი არ უნდა გამოსულიყო. ჯანაშვილის თქმით, ისინი გამოვიდნენ და ხალხს შეესივნენ. გარდა ამისა, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის განცხადებით, გია ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში მყოფი დანაყოფი თავისუფლებიდან რუსთაველისკენ წავიდა, რაც ასევე, არ შედიოდა გეგმაში. შს მინისტრის ყოფილი მოადგილის თქმით, მას მიაჩნია, რომ აქციის დაშლის დროს სრული რკალი არ უნდა გაკეთებულიყო და მომიტინგეებისთვის პატარა სივრცე უნდა დაეტოვებინათ გასასვლელად. რაც შეეხება ნინო ბურჯანაძის ესკორტს, ჯანაშვილის თქმით, ესკორტი ტერიტორიის დატოვების დროს სამართალდამცველებში შეიჭრა, რადგან თავისუფლების მოედანზე თავისუფალი ადგილი არ იყო.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია