დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ფიზიკა-მათემატიკური სკოლის სათავეებთან
ფიზიკა-მათემატიკური სკოლის სათავეებთან
სულ ნანახია 11370
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

გაზეთის დღევანდელი ნომრიდან წარმოგიდგენთ წერილების ციკლს, რომელიც სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქ.ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლას ეხება. ჩვენი მიზანია, ზუსტად და ყოვლისმომცველად გავაშუქოთ ყველა ასპექტი  სკოლის, როგორც ერთი მთლიანი ცოცხალი ორგანიზმის, არსებობისა, მისი წარსული, აწმყო, მომავალი. მისი სტრატეგიული მიზნები და მიღწეული წარმატებები.

 

ამისათვის საჭიროა, შევეხოთ ყველა სფეროს, ხმა მივაწვდინოთ სკოლის ყველა მესვეურს, იმათ, ვინც საძირკველს ჭრიდა და პირველი აგური დადეს, იმათ, ვინც საკუთარი სული შთაბერეს სკოლის ისტორიას, ვისთვისაც სულერთი არ არის სკოლის წარმატება თუ გამარჯვება, თუგინდ დროებითი მარცხი, იქნება ეს დირექცია თუ პედკოლექტივი, სკოლის მომსახურე პერსონალი,  მშობელი, მოწვეული პროფესურა თუ მოსწავლე- კურსდამთავრებული, როგორც გულშემატკივარი სკოლისა და ქვეყნისა, როგორც სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული, საზოგადოებრივ თუ სამეცნიერო ასპარეზზე წარმატებული, სკოლის მეოხი და სამშობლოს გულანთებული პატრიოტი.

 

 

შიში იმისა, რომ აღნიშნული წერილები ვერ აიცილებს ხარვეზს, ცხადია, არსებობს, და ბუნებრივია, რადგან გონივრულია ვიფიქროთ, რომ, ერთი მხრივ, წერილები  ყოველივეს ვერ დაიტევს, მეორე მხრივ, კი შესაძლოა, ჩვენვე გამოგვრჩეს რაღაც, ამიტომ სასურველია და უპრიანიც, შეგვახსენოთ და მოგვაწოდოთ ფაქტები, რომლებიც, თქვენი აზრით, აუცილებლად უნდა ჩაიწეროს სკოლის ისტორიაში და გპირდებით, რომ  თუ საგაზეთო სტატიაში ვერ ან არ მოხერხდა მათი ჩამატება დაგვიანების გამო, წიგნში, რომელიც იგეგმება გამოვიდეს,  ის უსათუოდ აისახება (წიგნის ფორმატი უფრო განსხვავებული და ტევადია საგაზეთო ფორმატზე, ამიტომ გარდა საინტერესო და ლამაზი ისტორიისა თუ მოგონებისა, შეგიძლიათ, მოგვაწოდოთ  ასევე ჩვენი სკოლისთვის მნიშვნელოვანი და უნიკალური ფოტომასალა).

 

მადლიერების გრძნობით განვიმსჭვალებით ნებისმიერი ასეთი სახის თანამშრომლობის მიმართ.

 

მაშ ასე, წერილი პირველი, რომელსაც პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ  სკოლის „სათავეებთან“.

 

სკოლის ისტორია 1974 წლიდან იწყება, იგი ფუძნდება რვაწლიანი სკოლა-ინტერნატის ბაზაზე, რომლის დირექტორს (პროფესიით ისტორიკოსს და მექანიზატორს) ბატონ ივანე მაღლაფერიძეს უჩნდება ბრწყინვალე იდეა ფიზიკა-მათემატიკის სტატუსის სკოლა-ინტერნატის ჩამოყალიბებისა, იმთავითვე მის გვერდით დგება ამაგდარი პედაგოგი ბატონი  ალიოშა გოგელია - მათემატიკოსი, დირექტორის მოადგილე სასწავლო აღმზრდელობით დარგში.

 

სკოლის ადგილსამყოფელია ქუთაისი, ლესელიძის ქუჩა №3, ბოტანიკური ბაღის წინ. სახელწოდება - ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-ინტერნატი („ნიჭიერთა სკოლა“ თუ „ჭომის სკოლა“.  სხვათა შორის, ამ სტატუსის სკოლებს შორის საქართველოში იგი მეორეა, ხოლო მაშინდელ საბჭოეთში ათეულში შედის, მოსკოვის ლენინგრადის, კიევის, თბილისის, ნოვოსიბირსკის, ბაქოს, ერევნის, ალმა-ატის და სხვა სკოლების გვერდით).

 

ინტერნატი (იგივე  პანსიონი) გულისხმობს, რომ სწავლა აქ მხოლოდ ქუთათურთათვის არაა, არამედ დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონისთვის, თუ რაიონისთვის, სკოლაში სწავლა ჯერ დამამთავრებელ სამ წელზეა გათვლილი (მაშინ მერვე, მეცხრე და მეათე კლასზე), რომელსაც მალევე მეშვიდე კლასიც შეემატა. მოსწავლეები მისაღებ გამოცდებს აბარებენ: ფიზიკასა და მათემატიკაში, პირველი ნაკადის მოსწავლეები სწავლას იწყებენ 1974 წლის 01 სექტემბრიდან (საზოგადოდ, სკოლის დაარსების თარიღად ითვლება 1974 წლის 20 აგვისტო, როგორც ეს მინიშნებულია საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს 1974 წლის 18 ივნისის ?476 ბრძანებაში).

 

 

აი, ისინი, ვინც სკოლის სათავეებთან იდგა 1974 წლის 1 სექტემბრიდან:

 

ივანე მაღლაფერიძე - სკოლის დირექტორი, ისტორიკოსი, სკოლის დამაარსებელი;

 

ალექსანდრე გოგელია - დირექტორის მოადგილე, სასწავლო ნაწილის გამგე, მათემატიკოსი;

 

ზურაბ ხმელიძე - მათემატიკოსი, შემდგომში დირექტორის მოადგილე, ამაგდარი პედაგოგი;

 

ნაზი ხაჭიპერაძე - მათემატიკოსი;

 

თინა ჯიშკარიანი - მათემატიკოსი, აღმზრდელი, ამჯერადაც სკოლის პედაგოგი;

 

თამაზ ბარდაველიძე - ფიზიკოსი, ამჟამად სასწავლო ნაწილის გამგე, დირექტორის მოადგილე;

 

ნათელა ნემსაძე - ფიზიკოსი, ამჟამად სკოლის პედაგოგი;

 

ვენერა ჯიბლაძე - ქართული ენა და ლიტერატურა, სააღმზრდელო ნაწილის გამგე;

 

ლეილა მონიავა - ქართული ენა და ლიტერატურა;

 

მარი ბოჭორიშვილი - რუსული ენა და ლიტერატურა;

 

ინგა თავდიდიშვილი - რუსული ენა და ლიტერატურა;

 

გულნარა გოცირიძე - ქიმიკოსი, სკოლის ამაგდარი პედაგოგი;

 

ზაირა მინაძე - ბიოლოგი, სკოლის ამაგდარი პედაგოგი;

 

თალიკო შათირიშვილი - ისტორიკოსი, სკოლის ამაგდარი პედაგოგი;

 

დალი ხურციძე - გეოგრაფია, ამჟამადაც სკოლის პედაგოგი;

 

ნინო ნარეშელაშვილი - ინგლისური ენა და ლიტერატურა;

 

ნატა ვარლამიშვილი - გერმანული ენა, ამჟამადაც სკოლის პედაგოგი;

 

ცისანა იაკობაშვილი - გერმანული ენის პედაგოგი;

 

მერი რობაქიძე - ფრანგული ენის პედაგოგი;

 

გერონტი ონიანი - ფიზიკური აღზრდის პედაგოგი;

 

ანზორ მაჩიტიძე - შრომითი სწავლების ოსტატი, პედაგოგი;

 

უკვე პირველივე წელს 1975 წლის იანვრიდან, სკოლაში ფეხს იკიდებენ პედაგოგები

 

თემურ ჯანელიძე - ფიზიკის პედაგოგი;

 

შალვა სარიაშვილი - მათემატიკოსი, ამჟამად ისრაელშია;

 

ქიშვარდი სამხარაძე - ფიზიკოსი, სკოლის ამაგდარი პედაგოგი;

 

აგლაია აბზიანიძე - მათემატიკოსი, სკოლის ამაგდარი პედაგოგი;

 

ივლიანე ნაჭყებია - მათემატიკოსი, შემდგომში 20 წლის განმავლობაში სკოლის დირექტორი;

 

დავით ნოზაძე - ფიზიკოსი, ამჟამადაც სკოლის პედაგოგი;

 

ვახტანგ ჯავახაძე - მათემატიკოსი, სკოლის ამადგარი პედაგოგი;

 

ირინა ავაქოვა - ფიზიკის ღვაწლმოსილი პედაგოგი;

 

კოტე ალიხანაშვილი - ხაზვის მასწავლებელი;

 

გულივერ ქარქაშაძე - გამოთვლითი ტექნიკის მასწავლებელი;

 

ლაურა ბესტაევა - ისტორიკოსი, ამჟამადაც ჩვენი სკოლის პედაგოგი;

 

ნანა გაბადაძე - მათემატიკოსი, ამჟამადაც სკოლის პედაგოგი.

 

 

ცხადია, ამჟამინდელ ინტერნატში მოსწავლეებს ემსახურებოდნენ აღმზრდელები, მუშაობდა სასადილო, დარაჯები, დამლაგებლები, მრეცხავები და სხვა.

 

ჩვენ პატივს მივაგებთ თითოეულსა და ვწუხვართ, რომ ყველა მათგანს ვერ ჩამოვთვლით. ბატონი ივანეს შემდეგ სკოლის დირექტორი, (1979-86 წ.წ) ფიზიკოსი, აწ  გარდაცვლილი ბატონი ელგუჯა გვეტაძე, შემდეგ იაშა ბაკურაძე (1986-1990 წ.წ.), რომელსაც ცვლის ბატონი ივლიანე ნაჭყებია, რომელსაც 2010 წლის სექტემბრამდეა სკოლის დირექტორი,  ამ პერიოდში სკოლამ მიაღწია განსაკუთრებულ წარმატებებს, მაგრამ ამაზე სხვა დროს და სხვა სტატიაში...

 

2010 წლის შემდგომ დღევანდელ დღემდე სკოლის დირექტორი მე გახლავართ.

 

ცნობილი მოვლენების გამო 1993 წლიდან „ინტერნატის“ შენობაში ჩასახლებას იწყებენ ლტოლვილები, ამ პერიოდში (1993-98 წ.წ.), ფაქტობრივად, ომისა და სოციალურად გაუსაძლის პირობებში სკოლა მთელი დატვირთვით მუშაობს.

 

1997 წლიდან სკოლა იცვლის ადგილმდებარეობას (ლესელიძის №3 მთლიანად იკავებენ ლტოლვილები). გადმოდის რა ქალაქის ცენტრში, რუსთაველის №127, მაშინდელი №29 სკოლის ბაზაზე, ხოლო 2005 წლიდან იერთებს მაშინდელ №45 სკოლას (ჯავახიშვილის ქუჩა №21), იმატებს დაწყებით  საფეხურს და ამჟამად აქვს სწავლების სამივე საფეხური.

 


ამ პერიოდის განმავლობაში იცვლებოდა სკოლის სახელიც, 1995   წლიდან მოგვენიჭა დიდი ქართველი მათემატიკოსის ანდრია რაზმაძის სახელი, ვიყავით სკოლა-ლიცეუმი, შემდეგში რეგიონული გიმნაზია, ცხადია, ყოველთვის უცვლელი სტატუსით. 2004-05 სასწავლო წელს მოგვენიჭა ნომერი (№41), მაგრამ გაგვიუქმდა სტატუსი, სტატუსი სკოლას 2011 წელს აღუდგა და ამჯერად ჩვენი სრული დასახელებაა სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქ.ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა.

 

რას შევეხებით შემდეგ სტატიებში? ცხადია, განვლილ გზასა და სტატისტიკასაც მოვიშველიებთ, მაგრამ ძირითადად განვიხილავთ, თუ რითი ცხოვრობს სკოლა ამჟამად, რა სტრატეგიული გეგმები და მიზნები გვაქვს და როგორ ვაპირებთ მათ შესრულებას, იქნება ეს სტანდარტული თუ არასტანდარტული სწავლება, მაპროფილებელი საგნები, საკვირაო თუ საღამოს წრეები, სამოქალაქო კლუბი და მისი საქმიანობა, საგნობრივი კათედრები და მათი აქტიურობები, გამომგონებელთა  წრე, სკოლის თვითშემოქმედება და სხვა.

 

გენადი მარგველაშვილი

 

სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქ.ქუთაისის ?41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორი

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია