დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სულხან მახათაძე: „ჭიათურაში ინფრასტრუქტურული პროექტები 100%-ით შესრულდა“
სულხან მახათაძე: „ჭიათურაში ინფრასტრუქტურული პროექტები 100%-ით შესრულდა“
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
სულ ნანახია 2504
ავტორი:
როლანდ ხოჯანაშვილი
მსგავსი სიახლეები

როცა თანამდებობის პირზე ინფორმაციის მიღება გსურს, მისაღებში ხალხის საუბარს უნდა დაუგდო ყური. მართალია, ხალხს ხშირად არაზუსტი ინფორმაცია აქვს, მაგრამ სიმართლის მარცვლებს მაინც იპოვი მათ საუბარში. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მისაღებში 15-ოდე წუთში „დამიგროვდა“ ინფორმაცია: თურმე ადგილობრივ არჩევნებზე სულხან მახათაძე იქნება „ოცნების“ მიერ წარდგენილი, ასევე ის ჭიათურის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მმართველია, ძალიან ხშირად მისი მეთაურობით საქველმოქმედო ღონისძიებები იმართება და ახლახან დაბადებიდან გულის მანკით დაავადებული ახალგაზრდისათვის „სულზე მიუსწრიათ“. უცებ მისაღებში შუა ხანს გადაცილებული ქალი შემოიჭრა, მდივანს დაეკითხა: „ჩემი საქმის რა ისმის? გიგი წერეთლის გადმორიცხული 2,5 მილიონის საქმე როგორაა? ამ თანხას არ დავკარგავ და გადაგაყოლებთ სკამებს!“ ვერ გავერკვიეთ, რომელ მილიონებზე საუბრობდა ქალბატონი, რომელმაც ისე გაიჯახუნა კარი, რომ ყველა მომლოდინეს ნერვული სისტემა შიგ მოაყოლა. მდივანმა გოგონამ სიტუაციის განსამუხტავად აგვიხსნა, რატომღაც ჰგონია, რომ წინა ხელისუფლებამ მას 2,5 მილიონი გადაურიცხა და ახალმა ხელისუფლებამ დაუმალაო.

 

ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებზე მუნიციპალიტეტის  გამგებელს, სულხან მახათაძეს, რამდენიმე კითხვით მივმართეთ, რომელზეც პასუხები მკითხველისთვის, ვფიქრობთ, საინტერესო იქნება.

 

- ბატონო სულხან, როგორ შეაფასებდით თქვენდამი რწმუნებულ მუნიციპალიტეტში „ოცნების“ მოსვლის შემდგომ პერიოდს?

 

- მხოლოდ ჩემი პირადი აზრი არ არის ის, რასაც ახლა ვიტყვი. თუ თქვენ ნახავთ ისეთ პროექტებს,            „ნაციონალური მოძრაობის“ დროს რომ გაკეთდა უნაკლოდ ჭიათურაში, მადლობას გადაგიხდით. სწორედ წინა ხელისუფლების მმართველობის დროს განადგურდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და საეჭვო პირობებში გაკოტრდა „ჭიათურმანგანუმი“. გაიყიდა კაპიკებად ყველა ის სიმდიდრე, რომელიც მუნიციპალიტეტს გააჩნდა. ჩემი ინტერესი სულაც არ არის ამ ეტაპზე წინამორბედების კრიტიკა. ხელისუფლებაში ხალხმა იმიტომ მოგვიყვანა, რომ უკეთესობისკენ შევცვალოთ მდგომარეობა, მაგრამ უმძიმესი მემკვიდრეობა დაგვიტოვეს. ჭიათურა, ადრეც მითქვამს, არის  მიწისზედა და მიწისქვეშა პრობლემებით გაჯერებული  მუნიციპალიტეტი. თავი არ დამიზოგავს და ჩემს გუნდთან ერთად ბევრის გაკეთება მოვახერხეთ, თუმცა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია.

 

- 2013 წლის ინფრასტრუქტურული პროექტები რა რეზულტატებით დაასრულა ჭიათურამ?

 

- 2013 წელი იყო სასტარტო წელი ჩვენი ხელისუფლებისთვის. შემიძლია, წარმოვადგინო დოკუმენტაცია, რომელიც ცხადჰყოფს, რომ ჭიათურაში ინფრასტრუქტურული პროექტები 100%-ით შესრულდა. ამით არ ვტრაბახობ, უბრალოდ, იმას ვამბობ, რომ ხალხის მიერ დაქირავებულმა ხელისუფლებამ ნაკისრი ვალდებულებები შევასრულეთ.

 

- 2014 წლის პროექტებთან დაკავშირებით რას გვეტყოდით?

 

- ერთ საკითხზე მინდა ყურადღება გავამახვილო: ადრე, როცა ტენდერი ცხადდებოდა, თითქმის გამოცხადებული თანხით იგებდა ერთი რომელიმე კომპანია და შესრულებული სამუშაოს ხარისხი უმეტესად იყო არადამაკმაყოფილებელი. ახლა ასე აღარ ხდება, სამაგალითოდ, თუნდაც იმას დავასახელებ, რომ უმწეოთა კვების ტენდერში კონტრაქტორმა გაიმარჯვა გამოცხადებულზე, დაახლოებით, 10 ათასი ლარით ნაკლები თანხით.

 

 - როგორც ვიცი, ჯანდაცვის მიმართულებით დიდი პრობლემებია ჭიათურაში...

 

- ეს საკითხი ყველაზე მტკივნეულია. ვცდილობთ, რომ სამედიცინო სერვისები ხელმისაწვდომი გავხადოთ მოსახლეობისთვის. სახელმწიფოს პირველ პირებთან ერთად ვფიქრობთ ამ საკითხის უმტკივნეულოდ მოგვარებაზე. სოფელ მანდაეთში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდია ჭიათურაში, ვაშენებთ ამბულატორიას. ადგილობრივი ბიუჯეტით უკვე ამბულატორიის ტერიტორია მოწყობილია, ახლა იქ მალე დაიდგმება ამბულატორია. ამით რამდენიმე სოფელს ეხსნება სამედიცინო პრობლემა. მართალია, საკმარისი არაა, მაგრამ წინგადადგმული ნაბიჯია და, ვფიქრობ, რომ ბევრად უკეთესი მდგომარეობა იქნება ჭიათურაში ამ მიმართულებით.

 

- გასულ წელს 18 კილომეტრი გზა მოასფალტდა, რას გეგმავს ადგილობრივი ბიუჯეტი ამ მიმართულებით?

 

- ადგილობრივ ბიუჯეტიდან გამოიყოფა 49 ათას ლარამდე გზების რეაბილიტაციაზე.

 

- ჭიათურის სილამაზეს და განსაკუთრებულობას აღიარებენ ქართველებიც და უცხოელებიც. არც ისე დიდი ხნის წინ სლოვაკი ტურისტი აღფრთოვანებას ვერ მალავდა ღამის ჭიათურის სილამაზის ნახვის შემდეგ. განათდება კიდევ მეტად ჭიათურა?

 

- 12 ქუჩა და შესახვევი განათდება კიდევ დამატებით, ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 19 ათას ლარამდე. ამ წლის ბოლომდე ჭიათურაში ღამით გასეირნება კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი იქნება, რადგან გარე განათება იქნება სრულად გამართული.

 

- საბინაო-კომუნალური მიმართულებით დაგეგმილია ქმედითი ღონისძიებები?

 

- 120 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება ლიფტების და სახურავების აღდგენა-შეძენაზე.

 

- ეს ყველაფერი ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე, მაგრამ რა გაკეთდება რეგიონული განვითარების ფონდის სახსრებით?

 

- დაახლოებით, 600 ათასი დაიხარჯება ხვაშითისა და ჩხირაულის გზების დასასრულებლად. წელს ამ სოფლებისკენ გზის შეკეთების მეორე ეტაპი იწყება. შიგა ეზოებისა და გზების მოსაწყობად რეგიონული განვითარების ფონდის მიერ გაიხარჯება 190 ათას ლარამდე. ამავე ფონდის საშუალებით მოეწყობა რამდენიმე შიგასააქალაქო და სასოფლო  გზა. მერწმუნეთ, რომ სერიოზული თანხები დაიხარჯება გზების შესაკეთებლად და დასაგებად. ალბათ, ყველა აღიარებს იმას, რომ შარშანდელი დაგებული გზები ბევრად უკეთესია, ვიდრე უფრო ადრე დაგებული გზები.

 

- მახსენდება, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დაიგო სვერი-ცხრუკვეთის გზის მონაკვეთი. ეს უცნაურობა რატომ მოხდა, ახლაც გაუგებარია, რადგან ჭიათურა-გეზრულის გზის შუა წელში დაიგო 4 კილომეტრამდე გზა...

 

- ამის მიზეზს ვერ გეტყვით. ის კი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ჭიათურა-გეზრულის გზის დასაგებად გამოყოფილია 7,5 მილიონი ლარი მსოფლიო ბანკის მიერ. დაინტერესებულმა პირებმა შეიძლება მოიპოვონ ის ინფორმაცია, სადაც გზის სარემონტო სამუშაოებს ვაპირებთ. უბრალოდ, თანამედროვე ეპოქაში ადამიანებს უგზოობა არ უნდა სტანჯავდეს და ამას მალე მივაღწევთ!

 

- ბაგირ-გზების შესახებ ბევრჯერ დაიწერა, ბევრჯერ სიუჟეტები გადაიღეს, თუმცა, ვიდრე ჟურნალისტები გულისამაჩუყებელ მასალებს გამოაქვეყნებდნენ, თქვენ მოახერხეთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა...

 

- დიახ, ჭიათურა ბაგირ-გზების ქალაქია და, მინდა, სიხარულით ვთქვა, რომ     ფრანგულმა       კომპანია       „პომამ“ ბაგირგზების რეაბილიტაციაზე სოლიდური თანხა უნდა გახარჯოს. ჭიათურაში მალე იქნება 14 მილიონი ევროს ღირებულების ბაგირ-გზები, რითაც უსაფრთხო და მოსახერხებელი გახდება მგზავრობა.

 

- კიდევ რას გეგმავთ?

 

- აუცილებლად წლის ბოლომდე გარემონტდება საბავშვო ბაღები, სამუსიკო სკოლები, უკვე კულტურის ცენტრი უზრუნველყოფილია გათბობით. იმავეს ვგეგმავთ სპორტულ კომპლექსში. ცხაური შემოევლება სტადიონს, შეიცვლება სანაგვე ურნები და ქალაქი გახდება ბევრად უფრო სუფთა. იგეგმება სკვერების გახსნაც.

 

- შარშან ჭიათურაში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა: ჭიათურობაზე არ დახარჯულა ბიუჯეტის სახსრები...

 

- ეს, ალბათ, უკვე ტრადიციად უნდა იქცეს. თუ სახალხო ზეიმია ჭიათურობა, ის თავად ხალხმა უნდა მოაწყოს. ვცადეთ ეს შარშან და კარგადაც გამოგვივიდა. გასულ წელს ორმაგად მეტი მოსავალი მოუვიდა გლეხობას და ყველამ სიხარულით გამოიტანა ნობათი, რომელიც ასევე უფასოდ დაარიგეს კიდეც მსურველებზე...

 

- ჭიათურა დაუმეგობრდა თურქეთის ქალაქს, მურღულს, რომელიც ჭიათურის მსგავსად სამთოელთა ქალაქია. რა ეტაპზეა ახლა თქვენი მეგობრობა?

 

- გასულ წელს თურქეთიდან იყო წარმომადგენლობა სტუმრად, წელს, მაისში მოსწავლეებს ვაგზავნით ფესტივალზე და გადაწყვეტით შემიძლია ვთქვა, რომ მურღულისა და ჭიათურის დამეგობრება არ დარჩება ფურცელზე!

 

- სოფლის მხარდაჭერის პროგრამების შესახებაც გვითხარით ორიოდე სიტყვა...

 

- სოფლის მხარდასაჭერად დაიხარჯება მილიონზე მეტი ლარი. მოსახლეობამ თავად გადაწყვიტა, თუ რა სჭირდება უფრო და პრიორიტეტები თავად დაასახელეს. შარშან უკვე ჩვენ სოფლებში ბევრი პროექტი დასრულდა წარმატებით, თუმცა ზოგიერთის დასრულება ერთ წელში არ ხერხდებოდა და წელს გაგრძელდება.

 

- მახსოვს, რომ ჭიათურის მოსახლეობა მუდამ უწყლობაზე ჩიოდა და წყლის ხარისხზეც უკმაყოფილო იყო...

 

- ჭიათურას უხარისხო კი არა, ბინძური წყალი მიეწოდებოდა. წყალს მოჰყვებოდა მანგანუმი, ფეკალიები, ქვეწარმავლები... მსოფლიო ბანკის დაფინანსებით 7 600 000 ლარი წყლის პრობლემების აღმოფხვრისთვის დაიხარჯება. ვფიქრობ, რომ მომდევნო წელში ჭიათურის მუნიციპალიტეტში აღარ იქნება ეს პრობლემა.

 

- თქვენი მხარდაჭერით ჭიათურაში  იმერეთისთვის უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა.  მხოლოდ   ჭიათურაში   არ     „გადაუმალავთ“ შშმ პირებისათვის შესაბამისი ფართი!

 

- ის ორსართულიანი შენობა, რომელიც „ნაბიჯი-ჭიათურას“ უზურფრუქტით გადავეცით, მოსაწყობია, მაგრამ ადგილობრივი ძალებითა და საზოგადოების ჩართულობით უნდა მოვაწყოთ. სახელმწიფო დირექტივაა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ბევრად უკეთესი გარემო შევქმნათ და ამას გავაკეთებთ!

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია