„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 88-ე მუხლის 1 პუნქტის შესაბამისად მოკლედ წარმოგიდგენთ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, კულტურულ თუ საგანმანათლებლო პროექტებს, რაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა ჩემი გამგებლობის პერიოდში განახორციელა. შეიძლება ითქვას რომ ეს არის ჩემი ბოლო ანგარიში, რომელსაც მუნიციპალიტეტის გამგებლის რანგში ვატარებ. ამიტომ მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა მუნიციპალიტეტის გამგეობის ყველა თანამშრომელს, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩემთან ერთად უმკლავდებოდნენ მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს. მე ვერ ვიტყვი რომ ეს იყო მარტივი, მაგრამ ჩვენ ყველამ ერთად შევძელით ჩვენი მუნიციპალიტეტის აღმშენებლობაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა. აქვე მინდა მადლობა ვუთხრა 2014 წლის მოწვევის საკრებულოს. რომ არა მათთან კოორდინაცია და თანამშრომლობა, შეიძლება ითქვას რომ ძალიან ბევრი პროექტი განუხორციელებელი იქნებოდა. ასევე მადლობას ვეუბნები ყველა ზესტაფონელს, რომელმაც 2014 წლის არჩევნებით ნდობა გამომიცხადა. მათაც, ვინც არ მომცა ხმა, მაგრამ განვლილ პერიოდში ჩემი საქმიანობა ობიექტურად შეაფასა. მე ძალიან გულწრფელი ვარ როცა ამ გადასახედიდან ვამბობ, არასოდეს გავქცევივარ ობიექტურ კრიტიკას, პასუხისმგებლობასა და ვალდებულებებს. იმედს ვიტოვებ, რომ ზესტაფონელები დროთა განმავლობაში სწორად შეაფასებენ იმ გზას, რომელიც მე ამ პერიოდში მათთან ერთად გავიარე.
ნებისმიერ შემთხვევაში ყველა პროექტისა და დაპირების განსახორციელებლად საჭიროა ფინანსური უზრუნველყოფა, ამიტომ ანგარიშს სწორედ ფინანსური მაჩვენებლებით დავიწყებ. 2014 საბიუჯეტო წელს მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ანგარიშზე მოზიდულია 13475.5 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის მოცულობის 107 პროცენტს შეადგენს, ხოლო 2013 წლის შემოსულობებთან შედარებით 1377.6 ათასი ლარით მეტია. 2014 საბიუჯეტო წელს ბიუჯეტის შემოსულობებიდან შემოსავლების სახით მიღებულია 13291.0 ათასი ლარი, ხოლო არაფინანსური აქტივების კლების შედეგად 187.5 ათასი ლარი. შემოსავლებიდან გადასახდელების სახით მოზიდულია 2733.8 ათასი ლარი, წლიური გეგმის 132 პროცენტი. 2014 წელს გრანტების სახით მიღებულია 9 019.6 ათასი ლარი, წლიური გეგმის 99.8 პროცენტი, მათ შორის: გათანაბრებითი ტრანსფერი 5 353.9 ათასი ლარი, ანუ წლიური გეგმის 100 პროცენტი. მიზნობრივი ტრანსფერი შემოსულია 240.0 ათასი ლარი, ანუ წლიური გეგმის 100 პროცენტი. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებიდან მიღებულია 2 355.8 ათასი ლარი, სოფლის მხარდამჭერი პროგრამებისათვის გამოყოფილი ტრანსფერებიდან მიღებულია 1 069.9 ათასი ლარი, 2014 წელში არასაგადასახადო შემოსავლების ( სხვა შემოსავლები) სახით მოზიდულია სულ 1537.6 ათასი ლარი, ანუ წლიური გეგმის 112 პროცენტი, 2013 წელთან შედარებით 145.8 ათასი ლარით მეტი.
2014 წელთან შედარებით გაზრდილი იყო 2015 წლის ბიუჯეტის მოცულობა. მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ანგარიშზე 2015 საბიუჯეტო წელს მობილიზებულია 15693,8 ათასი ლარი, ნაცვლად გეგმიური 14 767,1 ათასი ლარისა (106:), რაც გეგმიურს 926,7 ათასი ლარით აღემატება, ხოლო 2014 წლის ფაქტიურთან შედარებით 2 215,9 ათასი ლარით მეტია. 2015 საბიუჯეტო წელს ბიუჯეტის შემოსულობებიდან შემოსავლების სახით მიღებულია 10810,8 ათასი ლარი, ხოლო არაფინანსური აქტივების კლების შედეგად 472,9 ათასი ლარი. 2015 წელში შემოსავლებიდან გადასახადების სახით მოზიდულია 2394,5 ათასი ლარი, წლიური გეგმის 119,7 პროცენტი. 2015 წელს გრანტების სახით მიღებულია 11 199,6 ათას ლარი ანუ ბიუჯეტის მოცულობის 71,4 პროცენტს, რომლის შემოსულობის მოცულობის გეგმა შესრულდა 99,9 პროცენტით, რაც 2014 წელთან მიმართებაში 2180,0 ათასი ლარით მეტია. მათ შორის: მოზიდულია გათანაბრებითი ტრანსფერი 6549,5 ათასი ლარი. მიზნობრივი ტრანსფერი 240,0 ათასი ლარი, რეგიონალური განვითარების ფონდის ტრანსფერი 3117,5 ათასი ლარი. სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ტრანსფერი 1065,3 ათასი ლარი. 2015 წელში არასაგადასახადო შემოსავლების სახით(სხვა შემოსავლები) მოზიდულია 1626,8 ათასი ლარი ანუ გეგმიურის 117,4 პროცენტი, რაც 2014 წლის მონაცემებთან 89,2 ათასი ლარით მეტია.
წინა 2 წელთან მიმართებაში კიდევ უფრო მეტი მოცულობისაა მუნიციპალიტეტის 2016 წლის პროგრამული ბიუჯეტი. 2016 საბიუჯეტო წელს მუნიციპალიტეტის სახაზინო ანგარიშზე მოზიდულია 16636,2 ათასი ლარი, ნაცვლად გეგმიური 15 801,2 ათასი ლარისა ანუ 105,3 პროცენტი. რაც გეგმიურს 835,0 ათასი ლარით აღემატება. 2016 წელს შემოსავლებიდან საგადასახადო შემოსულობების სახით მიღებულია 5628,7 ათასი ლარი, ანუ გეგმიურის 119,8 პროცენტი. 2016 წელში მუნიციპალიტეტს გრანტების სახით მიღებული აქვს 9633,9 ათასი ლარი. აქედან: გათანაბრებითი ტრანსფერი 5230,8 ათასი ლარი, ეს ციფრი 2015 წელთან შედარებით 1318,7 ათასი ლარით ნაკლებია. მიზნობრივი ტრანსფერი 240,0 ათასი ლარი, სპეცტრანსფერი 4163,1 ათასი ლარი, რომელიც 2015 წელთან შედარებით 19,7 ათასი ლარით ნაკლებია. 2016 წელში ბიუჯეტის შემოსავლებში არასაგადასახადო შემოსავლებმა 1259,1 ათასი ლარი შეადგინა ანუ გეგმიურის 96,3 პროცენტი.
ვინაიდან ამ დროისათვის შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ 9 თვის მონაცემით, ბიუჯეტის შესრულების მონაცემი ზუსტად არ ასახავს 2017 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს. ამ დროისათვის, ანუ 2017 საბიუჯეტო წლის ცხრა თვეში სახაზინო ანგარიშზე მობილიზებულია 9995,2 ათასი ლარი ანუ წლის გეგმის 84,3 პროცენტი. აღნიშნული მონაცემის საფუძველზე შეიძლება ითქვას რომ 2017წლის ბიუჯეტი, წინა წლების მსგავსად გადაჭარბებით შესრულდება. 2017 წელის 9 თვეში შემოსავლებიდან საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 3223,7 ათასი ლარი, ნაცვლად გეგმიური 3756,6 ათასი ლარისა ანუ გეგმიურის 85,8 პროცენტი. 2017 წელის 9 თვეში გრანტების სახით მოზიდულია 5697,3 ათასი ლარი, ნაცვლად გეგმიური 6670,4 ათასი ლარისა ანუ 85,4 პროცენტი. აქედან გათანაბრებითი ტრანსფერი 3917,7 ათასი ლარი, მიზნობრივი ტრანსფერი 180,1 ათასი ლარი, სპეციალური ტრანსფერი 1607,5 ათასი ლარი, რაც გეგმიურთან შედარებით 965,4 ათასი ლარით ნაკლებია (62,4:). 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში გრანტების სახით ნაცვლად გეგმიური 8016,9 ათასი ლარისა შემოსულია მხოლოდ 6765,5 ათასი ლარი ანუ გეგმიურის 84,4 პროცენტი. ხოლო 2017 წელთან შედარებით 1068,2 ათასი ლარით მეტი. სხვაობა გამოწვეულია იმ გარემოებით რომ 2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტს არ გამოეყოთ სოფლის მხარდამჭერი პროგრამით გათვალისწინებული ტრანსფერი. 2017 წლის 9 თვეში სხვა შემოსავლები ანუ არასაგადასახადო შემოსავლები მოზიდული იქნა 909,0 ათასი ლარი ანუ გეგმიურის 102,7 პროცენტი.
განვლილ 4 წელიწადში ბიუჯეტის შემოსავლების ერთ ერთი წყარო გახდა მუნიციპალური ქონების გაყიდვით მიღებული შემოსავლები. 2014-2017 წლებში გასხვისებულია 554903 ლარის ქონება. აუქციონის წესით გასხვისებულია 43 ობიექტი.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პარამეტრებმა მოგვცა საშუალება განხორციელებულიყო სხვადასხვა პროექტები. ვინაიდან ამ წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო ინფრასტრუქტურა, წარმოგიდგენთ ამ წლების განმავლობაში განხორციელებული პროექტების მოკლე მიმოხილვას.
2014 წელს საინვესტიციო პაკეტის ხარჯვითი მონაცემია დაახლოებით 3 888 000 ლარი, აქედან ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით დახარჯულია თითქმის 462 000 ლარი როგორც შედარებით მასშტაბურ, ასევე შედარებით მცირე პროექტებზე, საერთო ჯამში 47 პროექტზე. რეგიონალური განვითარების ფონდის (რგფ-ის) დაფინანსებით განხორციელდა 8 ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის ქალაქის ტერიტორიაზე 3 ქუჩის რეაბილიტაცია, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებში ღამის განათებების მოწყობა, კულტურის სახლის შენობის რეაბილიტაცია და ა.შ. საერთო ჯამში გახარჯულია თითქმის 2 356 000 ლარი, ხოლო ,,სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში გახარჯული იქნა თითქმის 1 070 000 ლარი, რომლითაც დაფინანსებული იქნა თითოეული სოფლისათვის გამოყოფილი თანხებით მოსახლეობის მიერ საერთო კრებებზე დასახელებული პრიორიტეტული სამუშაოები.
2015 წლის საინვესტიციო პაკეტის მოცულობა შედარებით მეტია და იგი დაახლოებით 6 112 000 ლარზე მეტია. საინვესტიციო პაკეტში ადგილობრივი ბიუჯეტიდან გახარჯულია 1 700 800 ლარი. ამ თანხით მუნიციპალიტეტმა შეძლო დაეფინანსებია მრავალსართულიანი სახლების ლიფტების რეაბილიტაცია, გზებზე ბეტონის სამუშაოების ჩატარება, მინი-სტადიონების რეაბილიტაცია, ქუჩების გარე განათების მოწყობა, ასევე რამდენიმე მისამართზე სანიაღვრე არხების მოწყობა, რამდენიმე შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება და ა.შ. 2015 წელს მუნიციპალიტეტმა რგფ-დან მიღებული თანხებით დააფინანსა თითქმის 3 118 000ლარის ღირებულების 20 პროექტი. მათგან მნიშვნელოვანია რომ მუნიციპალიტეტმა შეძლო 3 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა(ქალაქის N7, მეორე სვირის N12 და ქვ.საქარის N35 საბავშვო ბაღები), მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის შენობის ნაწილის რეაბილიტაციის შემდგომ გაიხსნა 1 ახალი საბავშვო ბაღი და რეაბილიტაცია ჩაუტარა 4 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შენობას. ასევე ჩატარებულია გზების რეაბილიტაცია-მშენებლობის სამუშაოები 7 მისამართზე. 2015 წლის ივნისის სტიქიით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მუნიციპალიტეტმა ცენტრალური ხელისუფლებისაგან მიიღო 228 000 ლარი, ხოლო ,,სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში“ მოსახლეობისაგან შერჩეული პრიორიტეტული პროექტებისათვის გახარჯულია თითქმის 1 066 000 ლარი.
ამავე წლის მნიშვნელოვან პროექტთა შორისაა საყავრია-კირკისუბნის წყალმომარაგების პროექტი, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 25კმ-იანი ქსელის მშენებლობას ითვალისწინებს. ქსელის მოწყობის შემდეგ ამ დასახლების 1400მდე აბონენტი სასმელი წყლის ცენტრალიზებული სისტემით მიღებას შეძლებს. აღნიშნული პროექტი ზესტაფონის წყალმომარაგების პროექტის II ეტაპის ფარგლებში ხორციელდება.
2015 წლის საინვესტიციო პროექტებიდან ზესტაფონის მუნიციპალიტეტისათვის პრიორიტეტული გახდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაცია, რაც გაგრძელდა 2016 წელს. 2016 წლის საინვესტიციო პაკეტით დაფინანსებული პროექტებში კვლავ პრიორიტეტულია საბავშვო ბაღების მშენებლობა. რგფ-ებიდან გამოყოფილი თანხებით აშენდა 2 ახალი საბავშვო ბაღის შენობა ქვედა საქარა(ჭალატყე)-სა და ცხრაწყაროში. ასევე კვლავ მნიშვნელოვანი იყო გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია. 2016 წლის რგფ-ით გამოყოფილი თანხებით დაფინანსდა გზებისმშენებლობის 12 პროექტი. რგფ-იდან გამოყოფილი თანხების პარალელურად, ადგილობრივი ბიუჯეტმა საკუთარი დაფინანსებით ასევე განახორციელა გზების მშენებლობა, მრავალსართულიანი კორპუსების ლიფტების რეაბილიტაცია, ღამის გარე განათებების ქსელის მოწყობა, სანიაღვრე არხების მოწყობა და არაერთი მცირე მასშტაბის პროექტი, საერთო ჯამში ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიხარჯა თითქმის 2 669 000 ლარი, რგფ-დან გამოყოფილი თანხებით 3 122 000 ლარი, ხოლო "სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში“ შესრულდა 1 074 000 ლარის ღირებულების სამუშაო. საერთო ჯამში 2016 წლის საინვესტიციო პაკეტის მთლიანი მოცულობა დარჩა 6 865 000 ლარი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის (მგფ-ის) დაფინანსებით ზესტაფონში 2016 წელს დაიწყო და 2017 წელს გაგრძელდა 2 უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელება. ესაა სოფელ როდინაულის გზის მშენებლობა 14 კმ-ზე. რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოებული პროცესს ასფალტო-ბეტონის საფარითა და სანიაღვრე არხებით ითვალისწინებს. მშენებლობისათვის დაგეგმილია 5 338 000 ლარის გახარჯვა. ასევე 2016 წელს დაიწყო მეორე სვირი-სადგური სვირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, პროექტის ღირებულებაა დაახლოებით 2 736 000 ლარი.
2016 წელს მგფ-მა ზესტაფონში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დააფინანსა. სოფელ ტაბაკინში მონასტრამდე მისასვლელი გზის 2700 მეტრიანი მონაკვეთის მშენებლობისათვის იხარჯება თითქმის 922 000 ლარი. აღნიშნული პროექტი შესაძლებლობას აძლევს VII-VIIსაუკუნის ისტორიულ ძეგლს ტურისტული თვალსაზრისით მეტად მიმზიდველი გახდეს. პროექტის მიხედვით მშენებლობა 2017 წლის ბოლოსათვის უნდა დასრულდეს.
რაც შეეხება 2017 წელს, როგორც ზემოთ აღინიშნა, გაგრძელდა 2 უმსხვილესი პროექტის მშენებლობა როდინაულისა და მეორე სვირის ადმინისტრაციულ ერთეულებში. ასევე რეგიონალური განვითარების ფონდიდან მიღებული თანხებითა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ქ. ზესტაფონში ხორციელდება გზის მშენებლობა 10 ქუჩაზე, რეაბილიტაცია უტარდება ქალაქის 3 საბავშვო ბაღს, ეწყობა სკვერები, საფეხმავლო ბილიკები, ბორდიურები და მოძრაობის მომწესრიგებელი ბილიკები რამდენიმე მისამართზე. ასევე რეაბილიტაცია უტარდება 2 ხელოვნურსაფარიან სტადიონს. საერთო ჯამში ხორციელდება 21 პროექტი, რომლის დასაფინანსებლად რგფ-დან გამოყოფილია თითქმის 3 362 000 ლარი, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი თანადაფინანსების პრინციპით დახარჯავს 775 000 ლარს, საერთო ჯამში შესრულდება დაახლოებით 4 137 000 ლარის ღირებულების სამუშაოები. გარდა თანადაფინანსებისა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასევე თანხები მიმართულია სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, საერთო ჯამში 2 559 000 ლარი. აღნიშნული თანხებით შესრულდება სამუშაოები როგორც ქალაქ ზესტაფონის ტერიტორიაზე, ასევე სოფლებში. პროექტებს შორის კვლავ პრიორიტეტულია გზების მშენებლობა, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ამხანაგობებისათვის სახურავების შეძენა, საცხოვრებელი ეზოების, სკვერების მოწესრიგება და სხვა მრავალი შედარებით მცირე პროექტი. უნდა ხაზგასმით აღინიშნოს, რომ ახალგაზრდებში სპორტის და კერძოდ ჭიდაობის პოპულარიზაციის მიზნით, 2017 წელს მუნიციპალიტეტმა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით დაიწყო ჭიდაობის დარბაზის მშენებლობა სოფელ ქვედა საზანოში. მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს და წლის ბოლოსათვის დასრულდება. მშენებლობისათვის იხარჯება 174 000ლარი. ვფიქრობ, ჭიდაობის დარბაზი მნიშვნელოვანი საჩუქარი იქნება ქვედა საზანოს ახალგაზრდებისათვის.
ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ ჩემი გამგებლობის პერიოდში ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად მეორე უმნიშვნელოვანესი მიმართულება იყო სოციალური დაცვა. უკანასკნელი 4 წლის მანძილზე იზრდებოდა როგორც სოც.დაცვის პაკეტის საერთო მოცულობა, ასევე იცვლებოდა დაფინანსებული პროგრამები. შესაბამისად ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ჯანმრთელობის დაცვისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ყოველწლიურად ზრდადი სოც.დაცვის პაკეტით არაერთი პროგრამა დაფინანსდა.
2014 წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური პაკეტის საერთო მოცულობა იყო 1 447 000 ლარი, რომლითაც დაფინანსდა 13 პროგრამა თავისივე ქვეპროგრამებით. უნდა აღინიშნოს რომ მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოც.დაცვის პაკეტით შეძლო რამდენიმე ათასი ადამიანისათვის გაეწია სხვადასხვა ტიპის დახმარება. აქვე ხაზგასასმელია, რომ 2014 წელს რამდენიმე მიმართულების პროგრამული დაფინანსება პირველად დაიწყო. კერძოდ:
1.დიალიზის პროგრამაში მყოფი პირთა ფ/დახმარება
2. შ.შ.ს მქონე უსინათლო (პირველი და მეორე ჯგუფის) ბენეფიციარებზე ფ/დახმარება
3. შშს მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვების ფ/ დახმარება
4. სამედიცინო მომსახურების (გეგმიური და გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციები) თანადაფინანსება
5. კოქსართროზით დაავადებული (არასაპენსიო ასაკის) მოქალაქეების ფ/ დახმარება
6. მრავალშვილიანი ოჯახების ფ/ დახმარება (4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი) ნაცვლად 100 ლარისა თითოეულ ოჯახზე 400 ლარი.
როგორც ზემოთ აღნიშნა, სოც.დაცვის პაკეტის დაფინანსება ზრდადია. 2015 წელს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამების ბიუჯეტის საერთო მოცულობა ბიუჯეტის დამტკიცებისას იყო 1 392 900 ლარი. თუმცა წლის ბოლოსათვის სოც.დაცვის ბიუჯეტის ზრდის პირობებში მიაღწია თითქმის 1 457 500 ლარს, წინა წლის პროგრამების გარდა 2015 წელს დაემატა შემდეგი სოციალური პროგრამები:
1. ლეიკემიით და ჰემოფილიით დაავადებული ბენეფიციარების ფ/ დახმარება
2. მარტოხელა დედების დ/მხარდაჭერა
3. ლაბორატორიული დიაგნოსტიკური კვლევა
4. ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების ფ/ დახმარება.
5. საცხოვრისით უზრუნველყოფა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას, სოც.დაცვის მუნიციპალური პაკეტის დაფინანსებისათვის გამოყოფილი იყო 1 429 500 ლარი, რომელმაც წლის ბოლოსათვის შეადგინა თითქმის 1 550 000 ლარი, რომელიც ასევე მთლიანად მიმართული იყო მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და ჯანმრთელობის გასაჯანსაღებლად. 2016 წლის ბოლოს სოც.დაცვის პროგრამული ბიუჯეტის 96:-ზე მეტი გახარჯულია. 2016 წელს დაფინანსებული იქნა შემდეგი ახალი სოციალური პროგრამები:
1. ლეიკემიით, ჰემოფილიით დაავადებული ბენეფიციარების ფ/ დახმარება (ასაკის მიუხედავად)
2. მრავალშვილიანი ოჯახების ფ/ დახმარება (4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი) ოჯახზე 400 ლარის ნაცვლად 100 ლარი თითოეულ ბავშვზე.
2017 წლის სოციალური დაცვის პროგრამისათვის გამოყოფილი იქნა 1 416 800 ლარი 14 ძირითადი პროგრამისა და მისი ქვეპროგრამების დასაფინანსებლად. მიმდინარე წლის 9 თვეში სოციალური სამსახურის მიერ დამუშავებული განცხადებებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციების შესწავლით, მაქსიმალურად იქნა მიმართული ფინანსები მოქალაქეების საჭიროებებზე. 9 თვის მონაცემით სოციალური პაკეტით გათვალისწინებული თანხებიდან ათვისებულია მთლიანი მოცულობის თითქმის 74 :. 2017 წელს დაემატა შემდეგი სოციალური პროგრამები:
1)რადიოაქტიური იოდით მკურნალობა- დაფინანსება 500 ლარამდე
2) ონკოლოგიური ავადმყოფების მკურნალობა (ქიმიო და სხივური თერაპია, მედიკამენტები) – 200 ლარამდე.
3) ჰემოფილიით დაავადებულ მოქალაქეებზე წელიწადში ორჯერ ფ/დახმარების გაცემა.
4) ამოქმედდა ქვეპროგრამა "ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვა“
უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი მონაცემები სრულად ვერ უზრუნველყოფდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ოჯახების საჭიროებებს. მათ წინაშე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად 2014-2015-2016 და 2017 წლებში მიმართული თანხები სრულად საკმარისი არ იყო, მაგრამ ადგილობრივი ბიუჯეტის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით, ჩვენ ვცდილობდით მაქსიმალურად ყველა მიმართულებით განხორციელებულიყო პროექტები, რომელიც გავლენას მოახდენდა როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ასევე კულტურული, სპორტული, სოციალური თუ საგანმანათლებლო მიმართულების ხელშეწყობას.
განვლილი 4 წელი მნიშვნელოვანი იყო კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული და ახალგაზრდული მიმართულებითაც. 2015 წელს, ზესტაფონთან დამეგობრებული ქალაქების ისრაელის ქალაქ კირიათ-ბიალიკსა და ლიტვის ქალაქ ტაურაგეს რიცხვს შეემატა პოლონეთის ქალაქი ტჩევი. დამეგობრების მემორანდუმს ხელი პოლონეთის დელეგაციის ზესტაფონში ვიზიტისას მოეწერა. ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე პოლონურმა მხარემ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ცენტრ ,,ორიონში“ 150 ათასი ევროს ღირებულების პროექტი განახორციელა, რომლის ფარგლებში ცენტრი აღიჭურვა შესაბამისი აპარატურით, მოეწყო სპეციალური კაბინეტები ახალი თერაპიების დანერგვით, პოლონეთში სასწავლო ტრენინგები გაიარა ამ ცენტრის პედაგოგებმა და მოხალისეებმა, სულ 20 ადამიანმა, რომლებიც შეძენილ ცოდნას იყენებენ შშმ ბავშვების რეაბილიტაციის პროცესში. ამავე პროგრამის ფარგლებში, არსებული გამოცდილებისა და სიახლეების გასაცნობად პოლონეთში იმყოფებოდა ,,ორიონის“ 5 თერაპევტი და 5 ბენეფიციარი. ასევე საპასუხო ვიზიტით ჩამოვიდნენ ტჩევის სარეაბილიტაციო ცენტრის 5 პედაგოგი და 5 ბენეფიციარი. პოლონური მხარის სურვილია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ცენტრის ფუნქციონირების გაზრდას. ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების შემდგომ მუნიციპალიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება და ტჩევის სპეციალური საგანმანათლებლო ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილეს ვოიცეხ რინცს ზესტაფონის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა. 2015 წელს ზესტაფონის საპატიო მოქალაქის წოდება ასევე მიენიჭა ზესტაფონზე უსაზღვროდ შეყვარებული ლიტველ ქალბატონს, ტაურაგეს მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტის დირექტორს იოლანტა კაზლაუსკიენეს. იგი ასევე გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საქართველოს მეგობრები ქალაქ ტაურაგეში“ პრეზიდენტი. ამ ქალბატონის უშუალო ჩართულობით ბოლო 3 წელიწადში საგრძნობლად გაღრმავდა ზესტაფონსა და ტაურაგეს შორის კულტურული ურთიერთობები. კერძოდ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმებულია საჯარო სკოლებს, საბავშვო ბაღებს, მუსიკალურ სკოლებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ცენტრ ,,ორიონს“ შორის, მემორანდუმის გასაფორმებლად ემზადება მუზეუმი და ბიბლიოთეკა. ამ ორი საპატიო ადამიანის გარდა, ტრადიციულ ,,ზესტაფონლობის“ დღესასწაულზე ,,საპატიო ზესტაფონელისა“ და ,,ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ წოდება მიენიჭა არაერთ ჩვენს თანაქალაქელსა და ზესტაფონის გულშემატკივარს.განვლილ პერიოდში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ასევე იმერეთის ოლიმპიურ კომიტეტთან და საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულ ფედერაციასთან. იმერეთის ოლიმპიურ კომიტეტსა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტს შორის შეთანხმებას ხელი 2015 წლის 16 ოქტომბერს მოეწერა, რაც მიზნად ისახავდა სპორტის სხვადასხვა სახეობებში ოლიმპიადების ჩატარებას. ხოლო საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულ ფედერაციასთან მემორანდუმი გაფორმდა 2016 წელს, რომლის ფარგლებში ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სპორტის სხვადასხვა სახეობებში: ფეხბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ხელბურთი და სხვა.
2015 წელს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან შესაბამისი მემორანდუმის გაფორმების საფუძველზე ზესტაფონში დაარსდა ფოლკლორის სკოლა. დიდი სიამაყითაა აღსანიშნავი, რომ დღეს ზესტაფონს აქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კერა, სადაც მსურველები უფასოდ სწავლობენ ქართულ ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს. ასევე დაფინანსდა არაერთი ნიჭიერი მუსიკოსის, პიანისტის, სპორტსმენის მონაწილეობა საერთაშორისო ფესტივალებზე, კონკურსებსა და ჩემპიონატებზე. ზესტაფონმა უმასპინძლა რამდენიმე რესპუბლიკური და ადგილობრივი მნიშვნელობის პირველობას სპორტის სხვადასხვა სახეობაში, ტრადიციულ ადგილობრივ დღესასწაულებს, კონკურსებს და სხვა. ჩამონათვალი ნამდვილად ბევრი და მრავალფეროვანია.
განვლილი 4 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების, ღონისძიებებისა და სამუშაოების შესახებ ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ გამგეობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.zestaphonI.com.
დასასრულს, კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას გუნდს, რომელმაც 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისას დამასახელა მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად და მომცა შესაძლებლობა ვყოფილიყავი პირველი არჩეული გამგებელი; ჩემს ზესტაფონელებს - გამოჩენილი ნდობისათვის; 2014 წლის მოწვევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს - თანამშრომლობისათვის და რაც მთავარია გამგეობის სამსახურებში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ჩემთან ერთად ცდილობდნენ მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული სირთულეების დაძლევას. ვერ ვიტყვი რომ რთული დღეები იშვიათად გვქონდა, მაგრამ ისინი მაინც მზად იყვნენ ახალი გამოწვევების მისაღებად. მადლობა მათ ერთგულებისათვის, მხარდაჭერისათვის, თანამშრომლობისათვის.