დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თეონა აქუბარდია: „როცა ჩვენი ჯარი რომელიმე ახალ საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში ერთვება, მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა“
თეონა აქუბარდია: „როცა ჩვენი ჯარი რომელიმე ახალ საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში ერთვება, მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა“
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
სულ ნანახია 2624
ავტორი:
როლანდ ხოჯანაშვილი

საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში ხშირად გამხდარა საზოგადოებრივი მსჯელობის თემა დადებით თუ უარყოფით კონტექსტში. თუმცა, ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი და სწრაფვა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, ქვეყანას გარკვეულ ვალდებულებებსაც აკისრებს.

 

ავღანეთის შემდგომ საქართველოს ევროკავშირის  შეთავაზება აქვს, ცენტრალურ აფრიკაში სამხედრო ოპერაციაში ქართველი სამხედროების ჩართვასთან დაკავშირებით.

 

საქართველოში აშშ-ის ელჩის, რიჩარდ ნორლანდის შეფასებით, „ქართველი სამხედროები ამჟამად ბევრად მაღალ დონეზე არიან და მათ შეუძლიათ, მიიღონ მონაწილეობა არა მხოლოდ ნატოს მიერ მართულ ოპერაციებში, არამედ ევროკავშირის ოპერაციებშიც, მაგალითად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ქართველი სამხედროები აკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რაც შეიძლება მათ წინაშე იყოს წარმოდგენილი“.

 

დღეს საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩართვას  ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში,  ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ყგადაწყვეტილებას 106 დეპუტატმა დაუჭირა მხარი 1-ის წინააღმდეგ.

 

სწორედ საქართველოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის  თემაზე და რა სხვაობა იქნება თუნდაც ავღანურ და აფრიკულ სამშვიდობო მისიებს  შორის, ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ  თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს წევრს, თეონა აქუბარდიას.

 

თეონა აქუბარდია:

 

- საზოგადოებამ იცის, რომ საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს ნატოსთან „აისაფის“ მისიის ფარგლებში და სამხედრო ძალების კონტრიბუციის მხრივ ყველაზე მსხვილი ქვეყანაა ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის. ჩვენი დანაყოფების რაოდენობა იქ 1 561-ს შეადგენს. ერთის მხრივ, ამ მისიაში ჩვენი სამხედროები იღებენ სერიოზულ სამხედრო გამოცდილებას, მეორეს მხრივ კი ქვეყანას თავის წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

 

დაახლოებით თერთმეტი ათასმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა ამ მისიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ ამ ოდენობის კარგად მომზადებული და ნატოსთან თავსებადი სამხედრო ჰყავს ქვეყანას.

 

როგორც ცნობილია, ქართველი სამშვიდობოები ავღანეთში მისიის დასრულებამდე დარჩებიან და ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს 2014 წლის შემდეგ პოსტ-ISAF-ის პერიოდშიც დაეხმარებიან. რა ფორმით იქნება ეს დახმარება გაწეული, ეს ჯერ კიდევ მოლაპარაკების საგანია, თუმცა საქართველომ ავღანურ ძალებს  გაწვრთნა  შესთავაზა როგორც ადგილზე, ასევე საქართველოში. 

 

ამასთან, საქართველო გეგმავს 2015 წლიდან ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვას, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთ კომპონენტში გავხდებით ნატოს პარტნიორი. საბოლოო  ჯამში კი, ეს ყველაფერი ქვეყანას დაეხმარება ნატოსთან  კიდევ უფრო დაახლოებაში და ქვეყნის შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებთან მოყვანაში, რაც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია.

 

 

***

 

რაც შეეხება ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო მისიაში საქართველოს  ჩართულობის საკითხს, ეს მისია განსხვავდება თავისი სახით ავღანეთის მისიისაგან.

 

საქართველომ ვილნიუსში გამართულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ხელი მოაწერა ჩარჩო ხელშეკრულებას ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ.  ცნობილი გახდა, რომ ცენტრალურ აფრიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე ოპერაციაში საქართველოს ჩართულობის საკითხიც განიხილებოდა.  დასავლური პრესის ინფორმაციაზე დაყრდნობით, საუბარია საქართველოდან  ერთი ასეულის გაგზავნაზე. ამ  მისიაში ჩართულობის გადაწყვეტილებას პარლამენტმა უკვე უყარა კენჭი.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირმა ეს ოპერაცია  ახლახან დაამტკიცა და მისიის მანდატი ამ ეტაპზე 6 თვითაა განსაზღვრული, ხოლო  მასში 500-მდე სამხედრო იქნება ჩართული, თუმცა შესაძლოა, ეს რაოდენობა გაორმაგდეს. მისიის მთავარი ამოცანაა ცენტრალური აფრიკის დედაქალაქის და აეროპორტის დაცვა ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად და თავის არსით უფრო წააგავს კოსოვოს მისიას, რომელშიც საქართველო იყო ჩართული.

 

გაეროს მანდატის საფუძველზე, ადგილზე  1 600 ფრანგი და  5000 აფრიკელი ჯარისკაცი იმყოფება. დიდი ბრიტანეთი და გერმანია მისიის ლოგისტიკურ მხარდაჭერას ახორციელებს, ხოლო ესტონეთმა სულ ახლახან გამოთქვა მზადყოფნა 55 ჯარისკაცით მონაწილეობაზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვა ქვეყნების მონაწილეობის საკითხის განხილვა, მათ შორის არიან: ესპანეთი, ბელგია, პოლონეთი, ჩეხეთი.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს სამხედროებს საკმაოდ დიდი შეფასება აქვთ მიღებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ და ის ფაქტი, რომ საქართველოს ევროკავშირმა სამხედრო კომპონენტში თანამშრომლობის შეთავაზებით მიმართა, კიდევ ერთი გამოხატულებაა იმისა, რომ მათ შესწევთ ძალა ასეთ მისიებში მონაწილეობის.

 

ამ მისიაში საქართველოს მონაწილოების ფაქტი ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან უსაფრთხოების თანამშრომლობის მხრივ უფრო მეტად დააახლოებს და საქართველო, ნატოსთან ერთად, ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ ოპერაციებშიც იქნება ჩართული.

 

როგორც იცით, ევროკავშირი საქართველოს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს უსაფრთხოების კუთხით, რაც გამოიხატება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობით, თუმცა აუცილებელია, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რას მოუტანს ქვეყანას ამ მისიაში მონაწილეობა და ამაში დიდი როლი აკისრია როგორც ხელისუფლებას, ასევე სფეროში უკეთ გათვითცნობიერებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

 

როდესაც საუბარია იმაზე, რომ ჩვენი ჯარი რომელიმე ახალ საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში ერთვება, მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, არცერთ მოქალაქეს არ სურს, რომ მისი ჯარისკაცი სხვა ქვეყანაში მსახურობდეს, თუმცა,  უნდა გავათვითცნობიეროთ ისიც, რომ მაშინ, როცა ქვეყანას რთული უსაფრთხოების გარემო აქვს, მნიშვნელოვანია ჩვენს სტრატეგიული თუ ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობა ამ სფეროშიც, რათა ქვეყანამ, საბოლოო ჯამში, განახორციელოს თავისი ევროპული და ევროატლანტიკური კურსის რეალიზება, ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის მხრივ.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია