საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
გოგი წულაიას ჯენტლმენური ხელშეკრულება ამომრჩეველთან
გოგი წულაიას ჯენტლმენური ხელშეკრულება ამომრჩეველთან
სულ ნანახია 795
ავტორი:

ხელშეკრულება ამომრჩეველთან – ეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების „Know How“-დ მოინათლა, თუმცა მთლად ასეც არ არის, რადგანაც პირველად ასეთი ხელშეკრულებები 2003 წლის არჩევნების დროს გამოჩნდა ქუთაისში და ამას ორგანიზებას  უკეთებდა „ნაციონალების“ მაშინდელი ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი გოგი წულაია, რომელიც ამჟამად „პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია და კვლავ წარმატებით იყენებს „ხალხის გულის მოგებისთვის“ მისივე აპრობირებულ მეთოდს.

სხვათა შორის, ხელშეკრულებების დადების ტრადიციას არც ნაციონალები ღალატობენ და  2016 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიისას, პირველი სწორედ ნაციონალი ლევან ვარშალომიძე იყო, რომელმაც ბათუმში წერილობითი ხელშეკრულებები გააფორმა ამომრჩეველთან. ცოტა მოგვიანებით ხელშეკრულების ბლანკებით ,,პატიოტთა ალიანსის“ აგიტატორები გამოჩნდნენ და ამომრჩეველთან ხელშეკრულებების გაფორმება დაიწყეს. ახლახანს კი, ქუთაისის 49-ე ოლქის მაჟორიტარმა კანდიდატმა გოგი წულაიამ ხელშეკრულების ტექსტი სოციალური ქსელითაც გაავრცელა. აი, ისიც:

„ავტოქარხნის“, „სულხან-საბას“ და    „ვაკისუბნის“ მაჟორიტარი კანდიდატის გიორგი (გოგი) წულაიას ხელშეკრულება ამომრჩეველთან ამ ხელშეკრულების ძალით ვალდებულებას ვიღებ:

პარლამენტის წევრად არჩევის შემთხვევაში, არა უგვიანეს 2016 წლის 31 დეკემბერს, პარლამენტს მივმართო შემდეგი საკანონმდებლო ინიციატივებით:

1. თვითმმართველობის ორგანულ კანონში, ქუთაისისათვის, როგორც უძველესი სატახტო ქალაქი-დედაქალაქის, როლის განსაზღვრა.

2. ქუთაისის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო დაწესებულებების გადახდილი გადასახადის უდიდესი პროცენტი დარჩეს ადგილზე და მოხმარდეს ქალაქის სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

3. ქუთაისის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების, რომლებიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, ქუთაისისათვის გადმოცემა-განკარგვის უფლებით.

4. სახელმწიფოსათვის თანაბარი ღირებულების უნდა იყოს ქუთაისის და თბილისის (სხვა რაიონები) მაცხოვრებლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ასევე - გათანაბრებული უნდა იყოს კეთილმოწყობის, დასუფთავების და სამსახურების ხელფასები.

5. კანონპროექტების პაკეტი, რომლებიც ხელს შეუწყობს ადგილზე სამეწარმეო ბიზნესის განვითარებას.

6. არსებული ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დახვეწა-რეალურად ამუშავება, რაც ხელს შეუწყობს ფასების შემცირებას წამლებზე, საწვავზე, პროდუქტებზე და ..

7. დღეს არსებული მახინჯი, აუტანელი, კორუფციული პარკინგის წესის გაუქმება და ახალი, ჯანსაღი, ყველასთვის მისაღები წესის მიღება.

8. კანონპროექტი საპენსიო რეფორმის შესახებ, რომელიც შეამცირებს საპენსიო ასაკს და გაზრდის საპენსიო თანხას.

ხელშეკრულებაში მეორე მხარის ვალდებულებები არ ჩანს, თუმცა, იგულისხმება, ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში გაკეთდება, თუ ხელშეკრულების მეორე მხარე რვა ოქტომბერს გოგი წულაიას გასწვრივ შესაბამის ციფრს შემოხაზავს. ხელშეკრულებაში შემომხაზველის სახელი, გვარი და პირადობის ნომერი ფიქსირებულია. 

2016 წლის არჩევნების სიახლეზე სამართლიანი არჩევნების რეგიონალური ორგანიზაციის კოორდინატორი თეონა გოგიშვილი ამბობს, რომ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები ასე კონკრეტულად არ იკვეთება, თუმცა, მაინც დასაფიქრებელია და  შესასწავლია.

ვარშალომიძის ამორჩეველთან ხელშეკრულების დადების ფაქტი მაშინ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ამომრჩევლის მოსყიდვად შეაფასა და აღნიშნა, რომ ,, ამგვარი ინფორმაციის მიწოდება გავლენას ახდენს ამომრჩევლის ნებაზე და მას უყალიბებს მცდარ მოლოდინებს წინასაარჩევნოდ, რაც ხელს უშლის წინასაარჩევნო პროცესების თანაბარ და კონკურენტუნარიან გარემოში წარმართვას.“.

ამჯერად წულაიას ხელშეკრულებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  ქუთაისის ფილიალის ხელძღვანლი გიორგი სანტურიანი „ჯენტლმენურ ხელშეკრულებას“ უწოდებს.

„აქ არ ჩანს რაიმე კონკრეტული მოსყიდვის ფაქტი, აქ მხოლოდ დაპირებებია. საარჩევნო კოდექსის მიხედვით,  არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია: ) საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა); კონკრეტულად არცერთი ფაქტი ამ ხელშეკრულებაში არ იკვეთება.“ ამბობს სანტურიანი.

 

მაკა ჩინიჯიშვილი

 

სტატია ქვეყნდება პროექტისგაცნობიერებული არჩევანიდემოკრატიის ფუნდამეტიფარგლებში.

 

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდღია საზოგადოება-საქართველოსპოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია