დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მედია და ახალგაზრდა ამომრჩეველი
მედია და ახალგაზრდა ამომრჩეველი
სულ ნანახია 2814
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

ახალგაზრდები არჩევნების შესახებ

 

 

რეგიონული მედიის ასოციაციის წევრი და პარტნიორი გამოცემების ჟურნალისტებმა თავიანთ რეგიონებში ახალგაზრდების მცირე გამოკითხვა ჩაატარეს, თუ რამდენად არიან ისინი ინფორმირებულები თავიანთ საარჩევნო უფლებებზე, რა იციან არჩევნების შესახებ, რამდენად აქტიურები არიან და მონაწილეობენ თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობაში. გთავაზობთ ახალგაზრდების აზრს არჩევნებზე ქუთაისიდან, ხულოდან, ლანჩხუთიდან, ხარაგაულიდან, ოზურგეთიდან, ლენ-ტეხიდან, თელავიდან, გურჯაანიდან, თეთრიწყაროდან...

 

გიორგი ქედელიძე (22 წლის, ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ქედლები):

22 წლის ვარ და არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ ორჯერ მივიღე. სამომავლოდ მხოლოდ მაშინ დავაფიქსირებ არჩევანს, თუ მეცოდინება, რომ არჩევნები ობიექტურად ჩატარდება, შედეგები არ გაყალბდება და ჩემი ხმა დაცული იქნება. სამართლიანი არჩევნები კი ჯერ არ ყოფილა.

 

მამუკა გორაძე (19 წლის, ქედის მუნიციპალიტეტი, სოფელი ბზუბზუ):

არჩევნების საშუალებით ხალხი ირჩევს მათთვის სასურველ კანდიდატს ხელისუფლებაში მოსასვლელად, საკუთარი არჩევანი ჯერ არ გამიკეთებია, მაგრამ აუცილებლად მივალ, როცა იქნება. როგორც მსმენია, ამომრჩეველს აქვს უფლება, დღის განმავლობაში მივიდეს უბანზე ხმის მისაცემად, თუმცა, რა და როგორ ხდება, დაწვრილებითარ ვიცი.

 

ხომერიკი ლანა (17 წლის, ოზურგეთი): ვიცი, რომ არავის აქვს უფლება, ხელი შემიშალოს არჩევანის გაკეთებაში, დაცული უნდა იყოს ჩემი ხმა. იმედია, არ მოხდება გაყალბება. რაც შეეხება თვითმმართველობის განხორციელებაში ჩემს ჩართულობას, არ ვიცი, ამ მიმართულებით რისი უფლება მაქვს და რისი - არა. არც ის ვიცი, მაქვს თუ არა უფლება, დავესწრო საკრებულოს სხდომებს ან როგორ გადავამოწმო თავი საარჩევნო სიაში.

ლიკა ყარაულაშვილი (22 წლის, სტუდენტი,თელავი): ახალგაზრდებში არჩევნების საკითხები განხილვის თემა არ არის.  შესაძლოა, ჩემს გარშემო ჩემს თანატოლებს სჯერათ, რომ რაღაც შეიცვლება არჩევნების შედეგად, თუმცა, მათი ინტერესი ამ თემის მიმართ ნაკლებია. ზოგადად, არჩევნების შესახებ ახალგაზრდებში საკუთარი უფლებების შესახებ ინფორმირებულობა ნაკლებია.

 

ნინო ჯიქია (ქუთაისი,19 წლის): - არჩევნებზე 2012 წელს პირველად ვიყავი. არჩევნები არის საჯარო ხელისუფლების    წარმომადგენლობითი ორგანოებისა და  ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა. არჩევნებზე მისვლა კი ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია. არჩვენები ხალხის ნებას გამოხატავს და სასურველია, ეს ნება ხელოვნურად არ იყოს უგულებელყოფილი.

 

მარუსა ხურციძე (ქუთაისი, 20 წლის): - როგორც ვიცი,  საარჩევნო სიაში შენი თავი პირადი ნომრით შეგიძლია, მოძებნო კონკრეტულ   ვებგვერდზე.  მონაწილეობა თუ აქვს ადამიანს მიღებული არჩევნებში, ის იძებნება ბაზაში და შენი თავი კონკრეტულ უბანზე, სადაც ხმას აძლევ, იქ გამოკრულ სიებში შეგიძლია, ნახო. ასევე, ვიცი, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ ტარდება და პრეზიდენტი მეორე ვადითაც შეგვიძლია, ავირჩიოთ. პარლამენტიც ირჩევა 4 წლის ვადით.  არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო ოლქები და უბნებია საჭირო. 

 

პაპუნა რევიშვილი (ქუთაისი,19 წლის): - არჩევნებზე ნამყოფი ვარ. რაც შეეხება საარჩევნო პროგრამებს, მახსოვს ყოველი პოლიტიკური პარტია 200 ლარს უხდის ხოლმე აქტივობებში ახალგაზრდებს, შემდეგ ეს 200 ლარი რჩება მარტო აქტივობის ფული და ახალგაზრდები არიან უმუშევრები. მე პარტიული არ ვარ და ვარ უმუშევარი, ზოგი პარტიულია, მაგრამ მაინც უმუშევარია. ამიტომ პოლიტიკურმა პარტიებმა  არა მისი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში უნდა დაასაქმონ ახალგაზრდები, არამედ მათ სრულ დასაქმებას უნდა შეუწყონ ხელი.

 

ქეთი ფარტენაძე (23 წლის. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზანაქიძეები): - სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, პოლიტიკა არ მიყვარს და დიდად არც არჩევნების თემით ვინტერესდები.თუმცა, ყოველთვის დავდივარ არჩევნებზე და საკუთარ არჩევანს ვაფიქსირებ. რაც შეეხება ჩემს საარჩევნო უფლებას - ვიცი, რომ მაქვს უფლება, ხმა ფარულად მივცე და არჩევნებამდე საკუთარი თავი გადავამოწმო ერთიან საარჩევნო სიაში, მაგრამ არასდროს გადამიმოწმებია.

 

ელენე გურგენაძე (ლამჩხუთი): - საკმაოდ კარგად ვიცი ჩემი, როგორც მოქალაქის საარჩევნო უფლებები, რადგან არაერთხელ ვიყავი საარჩევნო კომისიის წევრი და წარმომადგენელი, რამდენჯერმე შესაბამისი ტრენინგიც მაქვს გავლილი. იმ დროიდან, როცა უკვე ხმის მიცემის უფლება მომეცა, ყველა არჩევნებში მივიღე მონაწილეობა და მომავალშიც იგივეს გაკეთებას ვაპირებ. თუმცა, ჩვენს მუნიციპალიტეტში, მხოლოდ აქ მთავრდება მოქალაქის ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში. ჩვენში ეს ფუფუნება არ აქვს საზოგადოებას, ჩაერთოს აქტიურად რაიმე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამის მიუხედავად, ამჟამად ვმუშობ პროექტზე, რომელიც მომავალი თაობისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ორგანიზებას ვუწევ, მასში საზოგადოების რაც შეიძლება მეტი წევრი ჩაერთოს, რომ როგორმე დავარწმუნოთ ადგილობრივი თვითმმართველობა, რომ ეს არის ხალხის მმართველობა, რომელიც ხალხისთვისვე სასიკეთოდ და სასარგებლოდ უნდა იყოს მიმართული და არა მხოლოდ კაბინეტების დონეზე დარჩეს.

 

ანანო კვირკველია (ლანჩხუთი):  - მეტ-ნაკლებად  გარკვეული ვარ ჩემს უფლებებში, მაგრამ ვერ დავიჩემებ, რომ ყველაფერი კარგად ვიცი. არჩევნებში უკვე ორჯერ მივიღე მონაწილეობა და გულახდილად გეტყვით, არის რაღაც ამაღელვებელი. რამდენადაც ვიცი, საარჩევნო სიები წინასწარ  მზადდება და საარჩევნო უბანში ყველას შეუძლია, იპოვოს თავისი თავი და თუ ვერ აღმოაჩენს, კომისიას ჩააყენებს საქმის კურსში.

 

მარიამ ვადაჭკორია (ლანჩხუთი):  - ჩემი საარჩევნო უფლებების შესახებ ინფორმაცია მაქვს, მაგრამ ძალიან ცოტა, ის, რაც ალბათ ტელევიზიით რეკლამებში გაგონილი და მოსმენილი მაქვს. არჩევნებში არ ვმონაწილეობ, რადგან ჯერჯერობით ასაკი არ მიწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, არ ვიცი, როგორ გადავამოწმო საკუთარი თავი სიაში. ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასდროს ჩავრეულვარ (არასრულწლოვანობის გამო), მაგრამ მომავალში მინდა, აუცილებლად ჩავერთო ამ საკითხში.

 

ბარბარე ჯიხვაძე (ოზურგეთი, 21 წლის): - არასდროს არ მიმიღია არჩევნებში მონაწილეობა. ერთხელაც არ გამჩენია ამის სურვილი. საერთოდ არ ვინტერესდები პოლიტიკური პროცესებით, მათ შორის, -  არც არჩევნებით. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი უფლებები არ ვიცი. საკრებულოს სხდომას არასდროს დავსწრებივარ. არც საარჩევნო სიაში გადამიმოწმებია საკუთარი თავი. შეიძლება მომავალ წელს მივიღო არჩევნებში მონაწილეობა, ზუსტად ვერ გეტყვით.

 

მარიამ შაინიძე (ოზურგეთი,27 წლის): - წინა არჩევნებში მივიღე მონაწილეობა. მომავლ არჩევნებზეც აუცილებლად წავალ.  საარჩევნო სიაში საკუთარი თავი არასდროს არ გადამიმოწმებია, მაგრამ თუ დამჭირდა, ვიცი, როგორ უნდა გავაკეთო.

 

გიორგი ჩეკურიშვილი (თელავი, 21 წლის, სტუდენტი): - არჩევნებში მონაწილეობას ვიღებ, რადგან ვთვლი, ჩემი ერთი ხმაც მნიშვნელოვანია. ვიცი, როგორ უნდა გადავამოწმო საკუთარი თავი საარჩევნო სიაში და ასევე, ვიცი ჩემი უფლებები. თუ იქნება რაიმე სახის დარღვევა, მივმართავ დამკვირვებლებს და არ დავუშვებ იმას, რომ ჩემი, როგორც მოქალაქის ხმა, დაიკარგოს.

 

თორნიკე ხალხელაური (თელავი 21 წლის, სტუდენტი): - მიმაჩნია, რომ ახალგაზრდების მონაწილეობა არჩევნებში მნიშნელოვანია. რაც უფრო მეტი საინფორმაციო ტიპის შეხვედრა ჩატარდება ახალგაზრდებისთვის საარჩევნო თემატიკაზე, მით უფრო დაცული ვიქნებით.

 

 

თამარ ლეკიშვილი (თელავი, 24 წლის): - აქტიურად ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას იმიტომ, რომ არ დაიკარგოს ჩემი ხმა.  ვიცი, რა უნდა გავაკეთო, როდესაც მივდივარ საარჩევნო ყუთთან.

 

ანა ბეკოშვილი (თეთრიწყარო, 19 წლის, სტუდენტი): - მე მხოლოდ ერთხელ, თვითმმართველობის არჩევნებში მომიწია მონაწილეობის მიღება. ვიცი, როგორ გადავამოწმო საკუთარი თავი ამომრჩეველთა სიაში. ვიცი, რომ დამოუკიდებლად უნდა გავაკეთო არჩევანი. ვფიქრობ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენივე კეთილდღეობისათვის. ერთხელ მომიწია არჩევნებში საკუთარი აზრის დაფიქსირება, თუმცა, საკუთარი არჩევანით უკმაყოფილო ვარ.

 

ივდით ოქუაშვილი (თეთრიწყარო,18 წლის,აბიტურიენტი): - გარკვეუწილად, ვიცი  ჩემი საარჩევნო უფლებების შესახებ, თუმცა სრულყოფილად არა. ჯერ არ მიმიღია მონაწილეობა, თუმცა შემდგომ არჩევნებზე აუცილებლად ვაპირებ. ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული არჩევნებში მონაწილეობის მნიშვნელობა. დემოკრატიული მმართველობაც სწორედ ამას ნიშნავს, ხალხის ნებით უნდა იმართებოდეს სახელმწიფო და თუ თვითონ მოქალაქე არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას თავისი ნებით, ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ის დაკარგავს უფლებას, შეცვალოს რაღაც უკეთესობისკენ.

 

ფოთოლა ბერაძე (18 წლის, ხარაგაული,სოფელ ხიდრის მცხოვრები): - რომ ვთქვა, ძალიან კარგად ვარ ინფორმირებული საარჩევნო პროცესებზე-მეთქი, არ იქნება მართალი. ძირითადი ინფორმაცია მაქვს ტელევიზიიდან და სკოლაში სამოქალაქო განათლების გაკვეთილებიდან. ვიცი, რომ ყველა მოქალაქე ვალდებულია, მივიდეს საარჩევნო უბანზე. დაცული უნდა იყოს თითოეული ადამიანის უფლება, რომ ვისი არჩევაც სურს, მასზე შეაჩერებს არჩევანს.

 

მიხეილ ლურსმანაშვილი (18 წლის, დაბა ხარაგაული): - ვიცი, რომ მოქალაქის ვალდებულებაა,  გამოცხადდეს საარჩევნო ყუთთან იმ უბანში, სადაც არის რეგისტრირებული, დააფიქსიროს თავისი აზრი და შემდეგ დაელოდოს შედეგებს. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ადამიანს 18 წლიდან.

გვანცა ტალახაძე (22 წლის,ხარაგაული, სოფელი ბაზალეთი): - არჩევნები უნდა ჩატარდეს სრული გამჭვირვალობით. როდესაც კაბინაში შედიხარ, დამოუკიდებლად უნდა გააკეთო შენი არჩევანი და არა მეზობლის, გამგებლის ან თუნდაც ოჯახის წევრის თხოვნით. შენ თვითონ გაქვს პირადი ხედვა და უკეთ ხვდები, რა არის შენი ქვეყნისთვის უკეთესი.

 

გამოკითხვა მოამზადეს:

ანა ჯიქიამ („ახალი გაზეთი“),

ეკა ბარამიძემ(„ბათუმელები“),

ესმა ბერიძემ(„გურიის მოამბე“),

ლელა კვირკველიამ(„ლანჩხუთი+“),

მარი კოძოევმა(„ალიონი“),

ნატალია ცისკარიშვილმა(„კახეთის ხმა“),

ნინო ბექაურმა(„დიდგორელები“),

 

ნინო კაპანაძემ(„ჩემი ხარაგაული“)

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია