დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნორჩ მათემატიკოსთა სამყარო
ნორჩ მათემატიკოსთა სამყარო
სულ ნანახია 4234
ავტორი:
მსგავსი სიახლეები

განათლება დღევანდელ დინამიურ და სწრაფცვლილებად სამყაროში წარმატების მიღწევის აუცილებელი წინაპირობაა. სასკოლო განათლებას კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება - მოამზადოს მოსწავლეები XXI საუკუნის გამოწვევებისათვის, დაეხმაროს მათ, გახდნენ წარმატებული მოქალაქეები, ჩამოყალიბდნენ საკუთარ სფეროში აღიარებულ პროფესიონალებად...

 

იმისათვის, რომ მოსწავლეებს გაუძლიერდეთ სწავლისადმი მოტივაცია, მათი განვითარება გახდეს ჰარმონიული, შემეცნება დაფუძნებული იყოს მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთ სიყვარულზე, სკოლა უნდა შეეცადოს, უზრუნველყოს სასკოლო გეგმით გაწერილი ვალდებულებების, სწავლების დაწყებით საფეხურზევე თანმიმდევრულად შესრულება.

 

თანამედროვე სასწავლო პროგრამები, უსაფრთხო და მასტიმულირებელი სასწავლო გარემო, მოსწავლეთა მაღალი მიღწევების მოლოდინი, კვალიფიციური და მზრუნველი მასწავლებლები, სწავლებისა და შეფასების ინოვაციური მეთოდები, მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ, რათა საბაზო თუ საშუალო საფეხურს ესტაფეტასავით გადავცეთ უკვე სწავლის წყურვილით ანთებული მომავალი თაობა.

 

სწორედ ამ პრინციპების გათვალისწინებით წარმართავენ თავიანთ საქმიანობას სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა--მათემატიკის საჯარო სკოლის დაწყებითი სწავლების პედაგოგები.

 

2005-2006 სასწავლო წელს ჩემი (მაშინდელი 45-ე საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი) და ბატონი ივლიანე ნაჭყებიას (მაშინდელი ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 საჯარო სკოლის დირექტორი) ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მაშინდელი მინისტრის სახელზე გაიგზავნა წერილი, რომელშიც ვთხოვდით №45  საჯარო სკოლის შეერთებას №41 საჯარო სკოლასთან, რათა №45 საჯარო სკოლის შენობაში განთავსებულიყო დაწყებითი სწავლება (№41 საჯარო სკოლაში იყო მხოლოდ მეორე და მესამე საფეხური). საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაითვალისწინა ჩვენი თხოვნა და დააკმაყოფილა კიდეც. 2007 წლის 24 იანვრის  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №52 ბრძანების საფუძველზე 45-ე საჯარო სკოლა შეუერთდა 41-ე საჯარო სკოლას.

 

რა მივიღეთ შედეგად? გაამართლა თუ არა ამ გადაწყვეტილებამ? უკვე მეშვიდე წელიწადია, სკოლაში მიმდინარეობს სწავლება სამივე საფეხურზე, რაც ანალიზის გაკეთების შესაძლებლობას გვაძლევს.

 

დღეს ქვეყნის მასშტაბით ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა ის პირველი მერცხალია, რომელსაც სტატუსთან ერთად საბაზო  და საშუალო საფეხურისგან გამოყოფილი, დაწყებითი სწავლების კორპუსში (ჯავახიშვილის №21) საიმედოდ დაცული და დაბინავებული ჰყავს პირველი-მეხუთე კლასები (900-მდე მოსწავლით 27 ფინანსურ კლასში) სწავლების ორ ცვლაში (სკოლის დირექტორი გენადი მარგველაშვილი, დაწყებითი სწავლების ხელმძღვანელი, დირექტორის მოადგილე მე გახლავართ, მერაბ გრიგოლაშვილი), რომლის მოსწავლეებმაც: ანა კორძაძემ, გიორგი აბაკუმოვმა, მარიამ მარგველაშვილმა, აკაკი ღაჭავამ, ზაურ ბოკელავაძემ, მარიამ შონიამ, გიორგი ლეშკაშელმა, მათე მარგველაშვილმა, თეიმურაზ ქომეთიანმა, შოთა გორდაძემ, ზურაბ ბიბიჩაძემ, თარაშ ზვიადაძემ, მარიამ ხუჯაძემ, საბა გაბუნიამ, მათე ჟორჟოლიანმა, მარიამ კიკვიძემ, თეკლა ჩაფიძემ, თეკლა შეყრილაძემ, ბექა სანდუხაძემ, გრიგოლ ცირეკიძემ, ელენე ქოჩიაშვილმა, დურმიშხან ქართველიშვილმა, ლოლა ჩორგოლაშვილმა, ირაკლი ბარაბაძემ, ანი კაკაურიძემ, თეიმურაზ ყანთელაძემ, გვანცა მარგველაშვილმა, მარიამ ლომთაძემ, ანასტაცია ცირეკიძემ, ლილე ჩაგანავამ, ზურა თავხელიძემ, მარიამ მამაგეიშვილმა, თამთა კვარაცხელიამ, საბა გაბუნიამ, მარიამ კახიძემ, საბა ალავიძემ, გაბი კირთაძემ, საბა ლორთქიფანიძემ, თიკო მასხარაშვილმა, გიგი სიჭინავამ და მრავალმა სხვამ დიდ წარმატებას მიაღწიეს „ევერესტის“ BG-ჯგუფის“, „კინგსის“, „კენგურუს“ თუ სხვა კონკურსებზე.  ესენი სწორედ ის ბავშვებია, რომლებიც სამომავლოდ გააგრძელებენ ფიზიკა-მათემატიკის სტატუსის სკოლის დიდ ტრადიციებს, დავიმახსოვროთ მათი სახელები...

 

 შედეგებიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ კომპონენტში ქვეყნის მასშტაბით არაოფიციალური ჩემპიონები ვართ. მარტო ის ფაქტი რად ღირს, რომ „ევერესტის“ ტურზე დაჯილდოებული 10 პედაგოგიდან ხუთი: ნათია ფხაკაძე, ნინო ბედიაშვილი, ირინა კოპალიანი, თეა გურეშიძე, მაგდა პაპიძე დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები არიან, რომლებიც დაჯილდოვდნენ „მადლობის ფურცლითა“ და ფასიანი საჩუქრებით.

 

გაამართლა თუ არა ამ გადაწყვეტილებამ - მკითხველმა განსაჯოს.

 

უნდა აღინიშნოს, რომ მოხდა შენობის გადაკეთება თანამედროვე სტანდარტების დონეზე. შეიცვალა, როგორც შიგა, ასევე გარე ინტერიერი. დამონტაჟდა ახალი ტიპის გათბობის სისტემა.  მოეწყო ეზოს ტერიტორია, ღია სპორტული მოედანი და დარბაზი. სკოლა აღიჭურვა თანამედროვე კომპიუტერული სისტემით. მუშაობს კვების ბლოკი.

 

რაც შეეხება სწავლა-სწავლების საკითხს, დაწყებითების კორპუსში დაკავებულია 35 პედაგოგი. აქედან გამომდინარე, დაწყებითების კათედრა ყველაზე დიდია, პედაგოგთა უმრავლესობა სერთიფიცირებულია, ყველა მათგანი - მაღალკვალიფიციური.

 

დაწყებითი სწავლების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით კათედრა (კათედრის თავმჯდომარე ქალბატონი ნანა კიკვიძე) ზრუნავს მოამზადოს აქტიური, ცოდნაზე ორიენტირებული, პასუხისმგებლობით აღსავსე, შემოქმედი, ინფორმირებული და ამ ინფორმაციის ადეკვატურად გამოყენების უნარის მქონე, კონკურენტუნარიანი, ეროვნული ინტერესების მატარებელი მოაზროვნე პიროვნება, რაც ხელს უწყობს მათ გლობალურ სივრცეში თანასწორუფლებიან, სრულფასოვან და წარმატებულ დამკვიდრებას.

 

მასწავლებლები სწავლების პროცესში ახორციელებენ მრავალფეროვან აქტივობას, რომლებიც ხელს უწყობენ, როგორც ანალიზის უნარის განვითარებას, ასევე ისეთი ფსიქიკური პროცესების ჩამოყალიბებას, როგორიცაა აღქმა და ყურადღება.

 

თითოეულ ფასილიტატორს ერთ ჯგუფში სრულიად განსხვავებული შესაძლებლობის ბავშვებთან უწევს მუშაობა. ისინი უზრუნველყოფენ ინდივიდუალურ მიდგომას მოსწავლის მაქსიმალურად რეალიზებისთვის. ახერხებენ დავალებების დიფერენცირებას დიაგნოსტიკური და სხვა ტიპის შეფასების გამოყენებით და ბავშვების შესაძლებლობებზე მორგებას. ყურადღებით ისმენენ მათ მოსაზრებებს და ადეკვატურად იყენებენ მუშაობის პროცესში. ეხმარებიან ბავშვებს, თავად ააგონ ცოდნა, იპოვონ მნიშვნელობები, დაამყარონ საგნებს შორის კავშირი და შეძლონ ანალიზი. მოსწავლეებს კი ეძლევათ წარმატების განცდის შანსი, რაც უძლიერებთ საკუთარი ძალების რწმენასა და დადებითი განწყობის ჩამოყალიბებას იმის მიმართ, რასაც საგაკვეთილო პროცესში შესთავაზებს მასწავლებელი.

 

სკოლაში სასწავლო პროცესის ადმინისტრატორი არის მაღალკვალიფიციური პრაქტიკოსი პედაგოგი ქალბატონი თინათინ კარანაძე. იგი თავის მრავალწლიან გამოცდილებას უზიარებს ახალგაზრდა პედაგოგებს და ეხმარება მათ გაკვეთილების მაღალ დონეზე წარმართვაში.

 

 თანამედროვე სკოლა წარმოუდგენელია ტექნოლოგიების გარეშე. სასწავლო პროცესის წინსვლა  იმაზეა დამოკიდებული, როგორი წარმატებით მოხდება საგანმანათლებლო პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების როლის გაფართოება. ამ მხრივ აღსანიშნავია პატარების დამოკიდებულება ბუკებთან. ისინი კომპიუტერებთან ურთიერთობას შესანიშნავად ახერხებენ, მყისიერად უღებენ ალღოს ნებისმიერ პროგრამას, არასოდეს სჯერდებიან მიღწეულს, ეძებენ სიახლეებს, ირჩევენ მარტივ გზებს. ყოველივე ამაში პედაგოგს ხელს უწყობს საინფორმაციო მენეჯერი ბატონი ვახტანგ შეკიშვილი.

 

 შაბათ-კვირაობით მოწვეული მასწავლებლების დახმარებით ჩვენი სკოლისა  და არა მხოლოდ ჩვენი სკოლის მოსწავლეთათვის ვატარებთ „საკვირაო“ სკოლას მათემატიკაში. დაწვრილებით ამ საკითხებს შემდეგ სტატიებშიც შევეხებით.

 

სკოლაში ინტენსიურად ხორციელდება სხვადასხვა სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტი, კერძოდ: „წიგნი ცოდნის გასაღები“, „ვწეროთ ლამაზად!“ „ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა...“ - II კლასის მასწავლებელი ნინო გამყრელიძე (პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი), რომელიც დაწყებითი სწავლების ერთ-ერთი აქტიური და მოწინავე მასწავლებელია; „ჩემი სახელის ისტორია“ - III კლასის მასწავლებელი მარიკა ყურაშვილი;  „იქნებ ვაზია სამშობლო“,    „დავით მეოთხე აღმაშენებელი“ - IV კლასის მასწავლებელი მარიკა დათუაშვილი; „წიგნიერი“ - II კლასის მასწავლებელი ნინო ღურჭუმელიძე; გასართობი ღონისძიებები, კერძოდ:      „საახალწლო კარნავალი“ - I კლასი, რომელიც ჩატარდა სკოლის სპორტულ დარბაზში. იმავე კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი თეა ხურციძე) 22 აპრილს განახორციელეს პროექტი „დედამიწა ჩემი სახლია“.  მათ ღონისძიების დასასრულს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგეს ხეები.

 

პატარებს დღესასწაული მიულოცა ქალაქის მერმა ბატონმა შოთა მურღულიამ.

 

დაწყებითი კათედრის ინიციატივით დაგეგმილია დედაენის დღისადმი მიძღვნილი მოსწავლეთა გრანდიოზული კონკურსი მხატვრულ კითხვასა (I-V კლასებში) და კალიგრაფიაში (I-III კლასებში), რომლის პირველი ტური უკვე ჩატარდა.

 

ხელოვნების მასწავლებლებთან ერთობლივი მუშაობით ხდება მოსწავლეთა ნამუშევრების  პერიოდული გამოფენა. უკვე რამდენიმე წელია სკოლის ეზოში ტრადიციულად ტარდება სახალისო ღონისძიება „ასფალტზე ხატვა“, რომელიც უკავშირდება პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს.

 

სკოლაში ეფექტურად მუშაობს დღის გახანგრძლივებული ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებული არიან პირველი კლასის მოსწავლეები. მასწავლებლები ესმა ღვინიანიძე და ლილე ქავთარაძე დაუღალავად მუშაობენ პატარებთან, უღრმავებენ ცოდნას სასწავლო საგნებში. პედაგოგების მზრუნველობითა და მეცადინეობით კმაყოფილი არიან როგორც მოსწავლეები, ასევე მშობლები.

 

დაწყებითი კლასების მოსწავლეთა დიდი ნაწილი გაერთიანებულია ფორტეპიანოს წრეში (მასწავლებელი მ. სამარგულიანი), კალათბურთის სექციაში - ხელმძღვანელი ქ. ქუთაისის მოზარდთა ნაკრების მწვრთნელი გიორგი პირტახია, ისინი მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა ღონისძიებაში და წარმატებასაც აღწევენ.

 

სკოლაში ფუნქციონირებს ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „იალთი“ (ქორეოგრაფი  დავით ჭუმბურიძე), მათ მრავალჯერ გვასახელეს - არიან რამდენიმე გზის ოქროს მედლების მფლობელები.

 

ხალხური ცეკვის მე-3 რესპუბლიკურ ფესტივალზე „გურიის გაზაფხული“, გახდნენ ლაურეატები და ოქროს მედლებთან ერთად დაჯილდოვდნენ დავით ჯავრიშვილის სახელობის პრიზითა და დიპლომით. ქალაქ თბილისში გამართულ ფესტივალზე „ბრავო ომარ“ მოიპოვეს ვერცხლის მედლები და ომარ მხეიძის პრიზი.

 

დაწყებითი სწავლების მოსწავლეებთან მუშაობა ადვილი საქმე არ არის. ყოველწამიერად მათ გვერდით უნდა ედგეთ პედაგოგი, რასაც ჩვენი მასწავლებლები კარგად ართმევენ თავს.

 

მოსწავლეებთან სწავლა-აღზრდის საქმეს კვალიფიციურად და მონდომებით ემსახურებიან პედაგოგები: ნინო გამყრელიძე, ხათუნა ყვავაძე, თეა ხურციძე, ნინო ბედიაშვილი, ინგა შველიძე, მარიკა ყურაშვილი, მარიკა დათუაშვილი, ნანა კიკვიძე, ნინო ღურჭუმელიძე, ნარგიზა ჭეიშვილი, მაკა მარგველაშვილი, თეა კურდღელია, ირინა კოპალიანი, ნანა ლაშხია და მრავალი სხვა.

 

 

ზემო აღნიშნული გვაძლევს უფლებას ვთქვათ, რომ დაწყებით კლასებში სწავლა-აღზრდის პროცესი ეფექტურად და წარმატებულად მიმდინარეობს. ჩვენი პატარები მზად არიან იმ რთული გამოწვევებისათვის, რომელსაც შესთავაზებს მათ მომდევნო ორი საფეხური.

 

მერაბ გრიგოლაშვილი

 

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, დაწყებითი სწავლების ხელმძღვანელი

 

 

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია