დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
„საპარლამენტო არჩევნებზე ირჩევ შენს წარმომადგენელს, რომელიც შენი ხმაა პარლამენტში“
სულ ნანახია 1493
ავტორი:

- რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის საპარლამენტო არჩევნებს და ხვალ რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს და რატომ? რის მიხედვით მისცემთ ხმას რომელიმე პარტიას, რა არის თქვენთვის პრიორიტეტი: პარტიის პროგრამა თუ კონკრეტული პიროვნებები და დაპირებები? - ამ კითხვებზე პასუხის მიღებას გურჯაანის მუნიციპალიტეტში შევეცადეთ.

 

გამოკითხვა 18-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში ჩავატარეთ. უმრავლესობამ კითხვებზე პასუხისგან თავი შეიკავა, თუმცა იმასაც აღიარებდნენ, რომ არაფერი იცოდნენ ამ საკითხების შესახებ - „აზრზე არ ვარო“ - ამბობდნენ. არასაკმარისი ინფორმაციის გამო, უმრავლესობა ზოგადად საუბრობდა ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე და კონკრეტიკას ერიდებოდა.  

„ჩემი ქვეყნისთვის საპარლამენტო არჩევნებს დიდი მნიშვნელობა აქვს.       ჯერ გადაწყვეტილი არ მაქვს, ვის მივცემდი ხმას. მნიშვნელობას პარტიის პროგრამას ვანიჭებ“, - ამბობს ჩუმლაყელი ხატია კუტიბაშვილი.

 

გურჯაანელი მაგდა ბერიკაშვილი პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობს და ამბობს, რომ ამის გამო, ახლა უკეთ ხვდება, რა მნიშვნელოვანია ამომრჩევლისთვის, იცოდეს, ვის და რატომ უჭერს მხარს: „საპარლამენტო არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში იმიტომ, რომ იგი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა. შესაბამისად, მას ქვეყნის განვითარებასა და სტაბილურობაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. ამჟამად საქართველოში ჩემთვის მისაღები და მოსაწონი პარტია ჯერჯერობით  არ არის. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერას ბოლომდე გამოვრიცხავ. რაც შეეხება უკანასკნელ კითხვას - პარტიის პროგრამა და იდეოლოგია უმთავრესად მიმაჩნია და ჩემთვის ის უფრო წინა პლანზეა, ვიდრე კონკრეტული პიროვნება. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს საქართველოა და აქ უმეტესად პიროვნებებს ანიჭებენ უპირატესობას. ხშირად ისიც ხდება, რომ კონკრეტულმა ცნობილმა პოლიტიკურმა მოღვაწემ  დაზუსტებით არც კი იცის პარტიის იდეოლოგია და მოსაზრებები მრავალ საკითხზე. შესაბამისად, პარტიასთან ერთად, მაინც უნდა გავითვალისწინოთ პიროვნების ფაქტორი“. 

 

„საპარლამენტო არჩევნების შემდგომ იქმნება ახალი პარლამენტი, სადაც ხდება კანონების განხილვა და დამტკიცება. შესაბამისად, ეს არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის ძალზედ უმნიშვნელოვანესია. ამასთან, საპარლამენტო არჩევნებზე ირჩევ შენს წარმომადგენელს, რომელიც შენი                  „ხმაა“ პარლამენტში. მთლიანობაში რამდენი პარტიაა, არ ვიცი, მარტო „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მსმენია. არცერთი პარტია არ მომწონს, პიროვნულად პატივს ვცემ ირაკლი ალასანიას, მაგრამ რომელი პარტია აქვს, არ ვიცი. მიმაჩნია, რომ წინასაარჩევნოდ პარტიის პროგრამა უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია, ვიდრე პიროვნება“, - განმარტავს სოფელ ჯიმითის მკვიდრი მაკა ჯაფოშვილი.

 

„დედას ვფიცავარ, ტელევიზორს არ ვუყურებ, პრეზიდენტის მეტი არავინ ვიცი, ვინ სად არის და რას გვპირდება. არც დავინტერესებულვარ ამ თემით. სრულიად აპოლიტიკური ადამიანი ვარ“, - ასე გვიპასუხა სოფელ ჯიმითის მცხოვრებმა მარიამ ბეროშვილმა.  

 

სოსო ქუმსიაშვილი,

 

გაზეთი „სპექტრი“

'.$TEXT['print'].'
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია