დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რამდენად მოსწონს საზოგადოებას 21 წლის პარლამენტარები?
2012/04/30 14:09:49

NDI-ის მიერ ორგანიზებული საჯარო შეხვედრები უკვე მასობრივ სახეს იღებს. ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატში“, საჯარო შეხვედრა ამ ორგანიზაციის ეგიდით უკვე მეორედ გაიმართა. მას მოქალაქეები, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, არასამთავრობოებთან ერთად ესწრებოდნენ. ასევე მონაწილეობდნენ: საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი კარლო კოპალიანი.

 

შეხვედრის მიზანი საკონსტიტუციო ცვლილებების მოსახლეობისთვის გაცნობა და მათი პრეტენზიების მოსმენა იყო.

განხილვის დაწყებამდე პავლე კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

„ქუთაისში დღეს კონსტიტუციური ცვლილებების განხილვა გვაქვს, ერთ-ერთი არის პარლამენტის წევრობის შესაბამისი ასაკის ზღვარის დაწევა 21 წლამდე. ამ ცვლილების მიღების შემდეგ 21 წლის ადამიანს ექნება საშუალება, გახდეს საკანონმდებლო ორგანოს წევრი. ასევე  შევეხებით ცვლილებებს, რომელიც უკავშირდება საქართველოში დაბადებულ იმ პირების შესაძლებლობებს, რომლებიც ევროპის კავშირის რომელიმე სახელმწიფოს მოქალაქეები არიან და საქართველოში ცხოვრობდნენ 10 წელი. მათ უფლება ექნებათ, რომ კენჭი იყარონ პარლამენტში. მე ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესოა საზოგადოებაში ამ საკითხების განხილვა,“ - აღნიშნა კუბლაშვილმა.

აღნიშნული საკითხების განხილვამ დარბაზში აზრთა სხვადასხვაობაც გამოიწვია და ხმამაღალი შეძახილებიც:

„ბარემ აკვნიდან მიაღებინეთ პარლამენტში მონაწილეობა და დაგვისვით დეპუტატებად!“- იყო რეპლიკა დარბაზიდან.

„ახლა ხომ იღებთ კანონებს ხალხისათვის და მერე, ალბათ, ისეთ კანონებს დაგვიწესებენ, რომ საერთოდ გაიქცევა კაცი ქვეყნიდან!“- შეძახილი ისევ დარბაზიდან.

გამომსვლელიც ბევრი იყო და კითხვაც,  განსაკუთრებით  კოალიცია  „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აქტიურობდნენ. „ნაცებს“ კი ტაშითა და ოვაციებით ამხნევებდნენ მათი მხარდამჭერები.

გამომსვლელებს შორის არასამთავრობოები და სტუდენტებიც იყვნენ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ლაშა მურუსიძემ აღნიშნა: „მინდა გითხრათ, რომ არ ვარ არც ერთი პარტიის წარმომადგენელი და, შესაბამისად, არც ვაპირებ, რომ ჩემი პოლიტიკური დივიდენდების დასაცავად გამოვიყენო მიკროფონი. უპირველესად, მინდა გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება საარჩევნო ასაკის დაწევასთან დაკავშირებთ. ეს, ჩემი აზრით, არის ლოგიკური ნაბიჯი, იმისა, რასაც ჰქვია ახალგაზრდული სამინისტროს შექმნა. როდესაც პრიორიტეტი კეთდება ახალგაზრდებზე, როდესაც შანსი გვაქვს, უფრო აქტიურები ვიყოთ და ჩვენი შესაძლებლობების რეალიზება მოვახდინოთ. რატომაც არა? გასაოცარი იყო ის, როცა, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები გვაძლევენ რეკომენდაციას, რომ ჩვენ არ უნდა გამოვიყენოთ პარლამენტში ჩვენი ენერგია და ის შეგვიძლია გამოვიყენოთ, მაგალითად, ეკონომიკაში, სპორტში ან სხვა სფეროში. ჩვენ მოგვეცით უფლება, ავირჩიოთ ჩვენი თავის რეალიზება,“- აღნიშნა მურუსიძემ.

მისმა გამოსვლამ არაერთგვაროვანი რეაქცია  გამოიწვია  დარბაზში. „ქართული  ოცნების“  წარმომადგენელმა, პროფესორმა ომარ ნიშნიანიძემ კი მიმართა: „ნაციონალი ხარ შენ, შვილო, რატომ მალავ?“ იქვე გაისმა რეპლიკები, რომ „ეს ბიჭი“ ნაციონალების აქტიური სახეა, მერიაში მუშაობს და მხოლოდ იმითაა დაკავებული, ინტერნეტშეტევები განახორციელოს ივანიშვილსა და მის მომხრეებზე.

კითხვების დასმა დროებით შეწყდა და ჯერი შეხვედრის მთავარ გმირებზე მიდგა. პირველად მიკროფონთან კარლო კოპალიანი მივიდა. იგი საერთო შეფასებით შემოიფარგლა და მხოლოდ განსაკუთრებულ კითხვებზე გაამახვილა ყურადღება.

„ეს არის ძალიან დიდი ტვირთი ერისა და ქვეყნის წინაშე და არ არის საჭირო, ამხელა პასუხისმგებლობა ავკიდოთ ახალგაზრდებს, რატომ არ შეიძლება 25 წლის ზემოთ ახალგაზრდები ავირჩიოთ? მარტო პარტიოტიზმი არ არის მთავარი, საჭიროა, ასევე გამოცდილება და დიდი ცოდნა, პატრიოტიზმით და იარაღით დაცვა სრულიად განსხვავდება იმისაგან, რასაც ახლა ჩვენ განვიხილავთ და ვსაუბრობთ. ჩვენ ვართ ქართველები და რაც ჩვენ შეგვეფერება და გვესადაგება, ისე უნდა მოვიქცეთ. რაც შეეხება იმას, ვეწინააღმდეგები თუ არა ბატონი ბიძინას აზრს ამ ცვლილებასთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ ბრმად ვერ დავეთანხმები იმას, რაც არ მომწონს, თუნდაც ამ შემთხვევაში ბატონი ბიძინა ეთანხმებოდეს. ამაში გასაკვირი არც არის რამე და სწორედ ეს არის დემოკრატია,“ - აღნიშნა თავის გამოსვლაში კარლო კოპალიანმა.

სიტყვა ლევან ვეფხვაძეს გადასცეს და მანაც, როგორც ბატონმა კარლომ, საერთო მონახაზი გააკეთა დასმული შეკითხვებიდან, თუმცა ყურადღება გამახვილდა ცვლილებაზე, რომელიც ევროკავშირის მოქალაქე ქართველებს შეეხებოდა.

„იყო ძირითადი კითხვები, რომელიც ევროკავშირის მოქალაქე ქართველებს შეეხებოდა. განვმარტავ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ევროკავშირის მოქალაქეები არიან, მაგრამ დაიბადნენ საქართველოში და იცხოვრეს ათი წელი ჩვენს ქვეყანაში. ისინი არ არიან ის ადამიანები, რომლებსაც შეხება არ აქვთ საქართველოსთან. თუმცა საუბარი არ არის ცხოვრების ბოლო ათ წელზე, რადგან ეს ერთმანეთს გამორიცხავდა,“- აღნიშნა ქრისტან-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ.

შეხვედრის მუხტი ნელ-ნელა ეცემოდა და როდესაც დარბაზს გადავხედეთ, მხოლოდ წინა რიგებში იჯდა ხალხი, ისიც - არასამთვრობოები და სტუდენტების ნაწილი. უპრიანი ხომ  არ იქნებოდა, კითხვა-პასუხის ფორმით წარემართათ შეხვედრა, რომ მათი პასუხები არამარტო ოციოდე კაცს მოესმინა, არამედ, დაახლოებით, 50 ადამიანს?

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1554
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია