დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რაში დაიხარჯა ჩვენი მილიონები?
2012/04/02 15:13:38

ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის თემურ ცაგარეიშვილის განცხადებით, ქუთაისის შარშანდელი, 2011 წლის ბიუჯეტის შემოსულობების დაზუსტებული წლიური მაჩვენებელი 56952,8 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა.

 

ფაქტიურმა შესრულებამ 59315,2 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 104%-ია. ეკონომიკური საქმიანობა დაფინანსდა 2875,9 ათასი ლარით, გარემოს დაცვა - 3259,9 ათასი ლარით, საბინაო-კომუნალური მეურნეობა - 16025,3 ათასი ლარით. დასვენება, კულტურა და რელიგია - 8795,2 ათასი ლარით, ხოლო განათლების სფერო - 5006,1 ათასი ლარით. სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად დაიხარჯა 1661,3 ათასი ლარი. საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება უზრუნველყოფილია 1776 ათასი ლარით. მათ შორის - საგანგებო სიტუაციები, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახური - 1085,200 ლარით და შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ორგანოები - 681 ათასი ლარით.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი წესრიგისათვის, ქალაქის მერიასაც შეუძლია, თანხა გადაურიცხოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.

„შს სამინისტრო ჩვენს იმედზე რომ არ არის, ყველამ იცის. ძალოვანი სტრუქტურა, ძირითადად, ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება, მაგრამ არავინ უკრძალავს ადგილობრივ ბიუჯეტს, რომ დააფინანსოს სამართალდამცავი ორგანოები. ჩვენ შს სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებს დავაფინანსებთ, იმისათვის, რომ ჩვენი თანაქალაქელები თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ,“ - განმარტა „P.S.“-თან საუბრისას თემურ ცაგარეიშვილმა.

„ახალი მემარჯვენეების“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე მიიჩნევს, რომ 2011 წლის ბიუჯეტი სერიოზული ხარვეზებით დაიხარჯა:

„პრიორიტეტი იყო გადატანილი პიარპროგრამებზე. როგორებიცაა: ველობილიკები, ასსაფეხურიანი კიბეები, ქალაქის ცენტრის რეაბილიტაცია, პალმების დარგვა, ძეგლის გადატანა, ყინულის მოედნის გახსნა. არ იყო აქცენტი გაკეთებული მთავარზე - ქალაქის ინფრასტრუქტურაზე, განვითარებაზე, გზების მშენებლობაზე. იყო შეფასებული, რამდენი დაიხარჯა, მაგრამ არ იყო საუბარი, რატომ დაიხარჯა და რა შედეგი მივიღეთ. ისევ გრძელდება უხარისხო სამუშაოები, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა ხალხის დაჭერებით. მუშებმა ხელფასები ვერ აიღეს და ამ ფონზე არცერთი საჯარო მოხელე არ არის დასჯილი. დაისაჯა მხოლოდ შემსრულებელი ფირმა და ინჟინერი,“ - განაცხადა მღვდელაძემ.

მისივე თქმით, შარშან მხოლოდ 844 სოციალურად დაუცველ ქუთაისელს მისცეს მატერიალური დახმარება:

„როდესაც ბიუჯეტის ნახევარი ხელფასებსა და ადმინისტრაციულ ხარჯებზე იხარჯება, მაშინ, რატომ არ გვახსენდება სოციალურად დაუცველი ადამიანები? ნუთუ, 844 ქუთაისელზე მეტი არ არის დღეს გაჭირვებული! ესე იგი, გვატყუებ და თვალებში ნაცარს გვაყრი, არა? შს სამინისტროს დაფინანსება კანონის დარღვევაა. 400000 ლარზე მეტი, რაციების, უნიფორმის და ტექნიკის შეძენას მოხმარდა,“ - განაცხადა მამუკა მღვდელაძემ.

„მხარს ვუჭერ ძლიერ პოლიციას და მივესალმები შს სამინისტროს მუშაობას, მაგრამ, ადგილობრივი მთავრობის პრეროგატივა არ გახლავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება,“ - აცხადებს საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1558
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია