დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ჭავჭავაძის გამზირზე გადასვლა სიკვდილის ტოლფასია!
2012/02/06 14:13:12

ჭავჭავაძის გამზირზე, ავტოსადგურისა და „კეჩის“ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ მოხვდებით, შეიძლება, ავტოსაგზაო ან უბედური შემთხვევის მომსწრენი გახდეთ. ქრისტიან-დემოკრატებმა საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებსა და ქალაქის მერს წარუდგინეს განცხადება, რომლითაც ადგილობრივ ხელისუფლებასა და საკრებულოს წევრებს სთხოვეს, მიიღონ დადგენილება, რომ ჭავჭავაძის გამზირის მიმდებარე ტერიტორიებზე განთავსდეს, მიწისქვეშა ან მიწისზედა გადასასვლელები. როგორც ქრისტიან დემოკრატების ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დვალი აცხადებს, ქალაქის მერმა მათ უთხრა, რომ  ამ თემაზე კარგა ხანია აქვთ ნაფიქრი და იციან, რომ ჭავჭავაძეზე მიწისზედა გადასასვლელების საჭიროება აუცილებელია.

„ხელისუფლების სწორება, ბოლო რამდენიმე წელია, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე არის მიმართული. სწორედ ამიტომ, ჩვენ საკრებულოს სხდომაზე შევიტანეთ განცხადება, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს დეპუტატებს და ქალაქის მერს ვთხოვეთ, ჭავჭავაძის გამზირზე სადგურისა და ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაკეთდეს მიწისქვეშა ან მიწისზედა რამდენიმე გადასასვლელი. რადგან ჩვენ ვთვლით, რომ ყველაზე მთავარია ჩვენი მოქალაქეები, მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა, ეს მხოლოდ სოციალური პროექტები არ არის. რამდენიმე წუთით აღნიშნულ ტერიტორიაზე რომ დადგეთ, დაინახავთ, თუ როგორ არის გადატვირთული მოძრაობა და ხალხს ქუჩაზე გადასვლა მანქანების საცობებში უწევს. როცა ეს წინადადება შევიტანეთ საკრებულოს სხდომაზე, ქალაქის მერი დაგვეთანხმა, რომ ეს ადგილი მართლაც რომ პრობლემატურია და მასზე კარგა ხანი აქვთ ნაფიქრი. სწორედ, აი, ამის შემდეგ ჩვენ გვექნება მორალური უფლება იმისა, რომ მოსახლეობას მოვთხოვოთ კანონის დაცვა,  მათივე უსაფრთხოებისათვის და ისარგებლონ აღნიშნული გადასასვლელებით,“ - გვითხრა ქრისტიან დემოკრატების ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით დვალმა.

განსხვავებული მოსაზრებაა კეთილმოწყობის სამსახურში. მისი უფროსის ლევან ჭანჭალეიშვილის განცხადებით, ისინი ამ კუთხით არანაირი პროექტის შემუშავებას არ გეგმავენ.

„ჭავჭავაძის გამზირზე, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელების მოწყობა ნამდვილად არ იგეგმება, მოსახლეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე შუქნიშნის მეშვეობით გადადის და არანაირი პრობლემა არ არის. მოგეხსენებათ, თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელებით, თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა არ სარგებლობს და, ვფიქრობ, რომ არც აქ ისარგებლებენ,“ - განაცხადა კეთილ მოწყობის სამსახურის უფროსმა ლევან ჭანჭალეიშვილმა.

რას ფიქრობს მოსახლეობა, მოითხოვენ თუ არა ისინი მიწისქვეშა ან მიწისზედა გადასასვლელების მოწყობას? ჩვენ რამდენიმე რესპონდენტი ჩავწერეთ.

„აქ გადასვლა სიკვდილის ტოლფასია, თქვენც ხედავთ, როგორი გადატვირთულია მოძრაობა. ფეხით მოსიარულეთათვის აქ ძალიან  რთულია სიარული. თუ გაგვიკეთებს ხელისუფლება მიწისქვეშა გადასასვლელს, ძალიან კარგი იქნება, აქვე ვცხოვრობ და ვხედავ, რომ დღე არ გავა, ავარია ან უბედური შემთხვევა არ მოხდეს,“ - გვითხრა  ნარგიზა მაისურაძემ.

„ძალიან მიჭირს აქ გადასვლა, რამდენიმე წუთი უნდა ვიდგე, რომ ცოტათი შეთხელდეს მანქანების რაოდენობა, დრო ვიხელთო და გადავიდე,“ - აღნიშნა ნოდარ ხუციამ.

როგორც ირკვევა, ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა გადასასვლელების  გაკეთება არ იგეგმება, მოსახლეობას კი სიფრთხილის გამოჩენა მოუწევს და გადასვლისას სტრატეგიის შემუშავება, რათა საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში არ ჩაიგდოს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1777
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია