დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფერადი ფასადების მიღმა
2012/01/23 11:14:07

როგორ ცხოვრობენ დევნილები წყალტუბოში?

რამდენიმე კვირაა, წყალტუბოში, თერნალის დასახლებაში, სპეციალურად დევნილებისათვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 10 კორპუსი ააშენა. 6 ოთხსართულიან და 4 ხუთსართულიან კორპუსში 352 ოჯახი შეასახლეს, რომლებიც მანამდე სანატორიუმებში -         ცისკარში“, „შახტიორსა და ივერიაში ცხოვრობდნენ. სანატორიუმის გაუსაძლის პირობებში მცხოვრები დევნილებისათვის ნათელ ფერებში შეღებილი კორპუსები თავდაპირველად მიმზიდველი იყო, ახალ კორპუსში გადასვლისათვის საგულდაგულოდ ემზადებოდნენ. მაგრამ, როცა ფერად კორპუსებში დასახლდნენ და, ლამაზი ფასადების მიღმა, უამრავი პრობლემა აღმოაჩინეს, იმედები აქაც გაუცრვდათ: აღნიშნულ კორპუსებში ჯერ არც გაზია შეყვანილი და წყალიც შეფერხებით მიეწოდებათ. როგორც დევნილები აცხადებენ, როცა პრეზიდენტი 25 დეკემბერს დასახლებაში ეწვით, მხოლოდ ერთადერთ ოჯახს, რომელსაც თავად სააკაშვილი სტუმრობდა, რამდენიმე საათით მიეწოდა ბუნებრივი აირი, რათა ცენტრალური ტელევიზიების კამერებს დაეფიქსირებინათ, ხოლო პრეზიდენტის მიერ დასახლების დატოვების შემდეგ, ამ ოჯახსაც შეუწყვიტეს ბუნებრივი გაზის მიწოდება.  

ჩვენ შევეცადეთ, უფრო დეტალურად გაგვეგო, თუ რა ხდება ფერადი ფასადების მიღმა.

თუ როდესმე, წვიმიან ამინდში აღნიშნულ დასახლებაში სტუმრობას გადაწყვეტთ, ბოლოს, ალბათ, ძალიან ინანებთ. 10 კორპუსი ნამდვილ ჭაობში დგას და კორპუსებამდე მშრალი. სუფთა ფეხსაცმლით მისვლა თითქმის შეუძლებელია. დევნილების მტკიცებით, ადგილი, სადაც მათი ბინებია აშენებული, კომუნისტების მიერ ჭაობიანი ადგილის გამო იყო დაწუნებული. ამჟამად ყველა კორპუსის სარდაფში წყალი დგას. ნათლად ჩანს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და სარდაფებში ჩამდგარი წყალი.

იმ ადგილზე, სადაც რამდენიმე კორპუსი აშენდა, ქანები გეოლოგიურად არამდგრადია. დევნილები აცხადებენ, რომ სარდაფებში მუდმივად წყალი დგას, ამიტომ საძირკველი და საყრდენი კედლები წყლითაა გაჟღენთილი, რაც შენობის დანგრევის საფრთხეს ქმნის. კორპუსის სარდაფებიდან წყალი რამდენჯერმე ამოუტუმბავთ, თუმცა - უშედეგოდ, წვიმიანი ამინდის შემდეგ სარდაფი ისევ წყლით ივსება. დევნილები, ასევე, საცხოვრებელი ფართის სიმცირესა და ცუდ პირობებზე ჩივიან. მათი განცხადებით, ფართში, რომელიც მათ გადასცეს, მრავალსულიანი ოჯახისათვის ცხოვრება, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

„შვიდსულიანი ოჯახი ვართ, ფართი, რომელიც გადმოგვცეს, ნამდვილად არ გვყოფნის. ამის გარდა, აქ უამრავი პრობლემაა - ნესტიანი კედლები და იატაკია... თავს ხომ არ გაიყინავ ადამიანი, რაღაც გამათბობელი ხომ უნდა ჩართო, ორ კვირაში 60 ლარი დავწერე; რომ ვერ გადავიხადე თანხა, გუშინწინ დენი ჩამიჭრეს! როგორ გადავიხადო, როცა 22 ლარს გვაძლევენ დახმარებას, საინტერესოა! ახლადშეღებილ კორპუსებში რომ შემოგვიშვეს, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ შემოსავალი გაგვიჩნდა?!“ - განაცხადა ჩვენთან საუბრისას დევნილმა მარიკა გოგელაშვილმა.

„სარდაფები მთლიანად წყლითა და ლაფით იყო სავსე.  არასამთავრობოების დახმარებით, მოვიდნენ რამდენიმე დღის წინ და ამოტუმბეს წყალი, თუმცა ეს ტერიტორია ხომ ჭაობიანი ადგილია, მოწვიმა და ისევ წყლით გაივსო სარდაფი. პირველ სართულზე ვცხოვრობ, კედლები მთლიანად სველია, გათბობას ვერ ვრთავ, რადგან საშუალება არ მაქვს. ასე ცხოვრება ნამდვილად აღარ შემიძლია!“ - შემოგვჩივლა დევნილმა ქალბატონმა მზიამ.

„ძალიან კარგია ჩვენი კორპუსები, გარედან რომ შეხედავ, გაგიხარდება, ისეთია, მაგრამ შიგნით საშინლად ცივა, გაზი შემოყვანილი არ არის, დენის გამათბობელს კიდევ ვერ ვრთავ. სანამ აქ გადმოვიდოდით, იმ დასახლებაში სახელმწიფო 100 კილოვატის საფასურს გვიხდიდა და ჩვენთვის ეს დიდი შეღავათი იყო. ახლა უკვე ჩვენს საკუთრებაშია ეს ფართი და, რა თქმა უნდა, ვეღარ გადაგიხდიან. მაგრამ არც არაფერი რომ არ გვაქვს შემოსავალი, ეგ არის პრობლემა - 22 ლარით როგორ უნდა შესწვდე ყველაფერს!“ - გვითხრა დევნილმა ქალბატონმა ნუნუმ.

დასახლებაში ისიც გვითხრეს, რომ დევნილების პრობლემით დაინტერესებულია წყალტუბოს დევნილ ქალთა კავშირის თავმჯდომარე ლალი გოგელია, ის დევნილების მიერ წამოჭრილ ყოველ პრობლემას საფუძვლიანად იკვლევს და მათ უანგაროდ ეხმარება.

„როგორც კი წყალტუბოში დევნილების პირველი განსახლება-ჩამოსახლება დაიწყო, იქიდანვე ვარ ჩართული უფლებების დაცვაში. უფლებები მათ ყოველწამს ელახებათ, სხვადასხვა ფორმით: ეს იქნება გადაყვანასთან დაკავშირებით, თუ ბინების გადანაწილებისას. აღნიშნული კორპუსები, შემიძლია ვთქვა, რომ არის უხარისხობის ნიმუში! როგორ შეიძლება, რამდენიმე თვის წინ დასრულებული ბინის სახურავიდან ჩამოდიოდეს წყალი! ქარში სახურავი ეხდებოდეს! კედლები მთლიანად სველი იყოს! როცა ამ ბინის მშენებლობა დაიწყეს, უთხრეს, რომ აქ ბინების აშენება არ ივარგებდა, რადგან ეს ტერიტორია არის ჭაობიანი, მაგრამ მაინც ააშენეს. დრენაჟები და დასაწრეტი საშუალებები მაინც გაეთვალისწინებინათ, მაგრამ არც ეს გაითვალისწინეს. გაუსაძლისი სიცივეა ოთახებში. როცა გადმოსახლდნენ, იმ დღესვე 30 ლარი მოითხოვეს, ხალხს კითხვები გაუჩნდა, თუ რაში სთხოვდნენ მათ ამ 30 ლარს, მაგრამ პასუხები არ ჰქონდათ - უბრალოდ, ითხოვდნენ და მორჩა. არის კიდევ ერთი პრობლემა -  ერთსულიანი დევნილები საერთოდ არ გადმოუყვანიათ აღნიშნულ დასახლებაში, რადგან მათთვის ერთოთახიანი ბინები არ გაუთვალისწინებიათ. ერთადერთი იმედი, რასაც მათ აძლევენ, არის ის, რომ სხვა კომპაქტურ დასახლებაში გადაგიყვანთო, რაც კონკრეტული პირების დისკრიმინაციაა და დევნილთა განსახლების შესახებ კანონის დარღვევა - რადგან დევნილი უნდა გადაჰყავდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ უუმჯობესდებათ საცხოვრებელი პირობები. არის ერთი პიროვნება სანატორიუმში„ივერია“, ზურაბ ხანიაშვილი, რომელიც მარტოა მთელს სანატორიუმში, ახლა შუქიც გამოურთეს და ელოდება, როდის გაასახლებენ.“ - გვითხრა წყალტუბოს დევნილ ქალთა კავშირის თავმჯდომარემ ლალი გრიგოლავამ.

საინტერესოა, რა პასუხი აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და როგორ შეეცდება ამ პრობლემის მოგვარებას. სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ლიკა ბასლანძე სატელეფონო საუბრისას ასეთი კომენტარი გააკეთა:

ალბათ, მოგხსენებათ, თუ როგორ პირობებში იყვნენ კონკეტულად ეს დევნილები, რომელთა პრობლემებზეც თქვენ მესაუბრებით. ეს დევნილები თვეების წინ იყვნენ გაუსაძლის მდგომარეობაში. დევნილთა სამინსტრომ ისინი გადმოიყვანა ახალ, კეთილმოწყობილ კორპუსებში. რა თქმა უნდა, ყველა სარემონტო პროცესს ახლავს რაღაც ხარვეზები და შეიძლება მანდაც მოხდა რაიმე, თუმცა ყველა სადარბაზოში გაკრულია, სამუშაოები ვინ ჩაატარა, მათი ნომრები. დევნილებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ დარეკონ და, როგორც ხელშეკრულებაშია გაფორმებული, სრულიად უანგაროდ შეუკეთონ ის ხარვეზი, რომელიც გაჩნდება მათ საცხოვრებელ ფართში.“ - გვითხრა ლიკა ბასლანძემ.

წყალტუბოს ტერიტორიაზე ჩასახლებული დევნილები, ალბათ, ისევ  ბუნებრივ მოვლენებზე უნდა იყვნენ დამოკიდებული და ინატრონ, რომ წყალტუბოში არც ქარი ამოვარდეს, კორპუსს სახურავი რომ არ გადახადოს და არც წვიმა მოვიდეს, რომ სახურავიდან ჩამოსულმა წყალმა სარდაფები არ დატბოროს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1667
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია