დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
2013 წლის ბიუჯეტით პედაგოგის ხელფასი იზრდება
2013/02/19 21:14:45

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2013 წლის ბიუჯეტით პედაგოგებს ხელფასები გაეზრდებათ. როგორც სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნად  გაიზარდა, კერძოდ - 26%-59%-ით, რაც სულ მცირე 60 ლარით გაზრდას ნიშნავს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში - 200 ლარით.

დღეს,  მინისტრის პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრის ფინანსურ მენეჯერს შეხვდა და დეტალურად აუხსნა რა ცვლილებები განხორციელდა პედაგოგთა შრომის ანაზღაურების გაცემის წესში. როგორც მინისტრის პირველი მოადგილე ამბობს, პედაგოგთა გაზრდილი ხელფასის დაანგარიშებისათვის გასათვალისწინებელია გარკვეული ტექნიკური დეტალები,  რათა პედაგოგების ხელფასების ზრდის პროცესი  წარიმართოს სწორად და კორექტულად.  სკოლებს კი ამ პროცესში საგანმანათლებლო რესურსცენტრები დაეხმარებიან, რომლებიც სკოლების ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობენ.

თამარ სანიკიძე: „პროცესი რომელიც ჩვენ დავიწყეთ - პედაგოგის ანაზღაურების ზრდა,  არ იყო მარტივი პროექტი, რადგანაც ამის შედეგად მთლიანად შეიცვალა  სკოლების ვაუჩერული დაფინანსება. იქ შევიდა ისეთი ცვლილებები, როგორიც არის კოეფიციენტების ცვლილება პედაგოგის სტაჟში, განათლებაში, დამატებით ზეგანაკვეთური საათების ჩატარებაში, შერწყმული სკოლების კატეგორიების დიფერენციაში და ა.შ.  აქედან გამომდინარე ეს პროცესი საჭიროებს დეტალურ განხილვას. თვითონ რაც შეეხება უშუალოდ პედაგოგის ხელფასის ზრდის ნაწილს, ყველანაირი დანამატის გარეშე პედაგოგის ხელფასი, რომელიც  მიეკუთვნება ამა თუ იმ კატეგორიას და აქვს გარკვეული საათობრივი დატვირთვა, მისი ხელფასი, შეიგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გაიზარდა  26%-დან 60%-მდე - ეს არის სადღად 60-დან 200 ლარამდე;“

მინისტრის მოადგილის თქმით,  მთელი ამ პროცესის გაანგარიშება და მისი სწორი კალკულაცია თავიდანვე უნდა დაინერგოს. კალკულაციის გამარტივების მიზნით სამინისტრო, ასევე, მუშაობს სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაზე, რომელიც დაეხმარება  სკოლების ბუღალტრებს პედაგოგების ხელფასების დაანგარიშებაში.

მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას რესურსცენტრების ფინანსურმა მენეჯერებმა სხვადასხვა პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება, მათ შორის იმაზე, რომ  ხელფასების ეს გაზრდა  ეხება მხოლოდ მასწავლებლებს და არა ადმინისტრაციას ან ტექნიკურ პერსონალს, რაც საკმაოდ პრობლემურია რეგიონებისათვის, რადგან ზოგიერთ სკოლაში დირექტორს მასწავლებელზე ნაკლები ხელფასი აქვს.

როგორც ქალბატონმა თამარ სანიკიძემ პასუხად განაცხადა, ის ჯერ-ჯერობით სკოლების ადმინისტრაციას ან ტექნიკურ პერსონალს კონკრეტულს ვერაფერს პირდება, რადგან ამჟამად საბიუჯეტო რესურსი არ არსებობს და მასწავლებლების ხელფასების გაზრდაც ძლივს მოხერხდა. გარდა ამისა, საჭიროა ახალ ცვლილებებზე დაკვირვება ცოტა ხნით მაინც, რათა გარკვეული სტატიტიკური სურათი გამოჩნდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურების გაზრდაზე  საუბარი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2013 წლის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში მასწავლებლის შრომის ანაზღაურებაში შემდეგი ცვლილებები შევიდა:

გაიზარდა სრულ განაკვეთზე საბაზო ხელფასი  (245 ლარიდან 305 ლარამდე);

ზრდა შეეხო სტაჟის ნაწილს;

გაიზარდა კლასკომპლექტით სწავლების დანამატი -(24,5-დან 30,5 ლარამდე);

გაიზარდა იმ მასწავლებლის დანამატი ვინც არაქართულენოვან სკოლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას, საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიას ასწავლის,;

გაიზარდა კლასის დამრიგებლობის დანამატი (62,48-დან 76,25 ლარამდე);

19-დან 26 საგაკვეთილო საათამდე ჩატარებისას, მასწავლებელს სრული განაკვეთის ხელფასზე დანამატი  ყოველ შემდგომ საათზე 5 ლარი დანამატი ეძლევა;

სერტიფიცირებულ პედაგოგს  დანამატი იმ შემთხვევაშიც მიეცემა, თუ დაწყებითი საფეხურის პედაგოგის დატვირთვა  კვირაში 13 საათს შეადგენს;

სერტიფიცირების დანამატი ასევე მიეცემა სერტიფიცირებულ პედაგოგს (გარდა დაწყებითი საფეხურის პედაგოგისა), რომლის სამუშაო დატვირთვა კვირაში შეადგენს 15-17 საათს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2262
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია