ევროკავშირი ბუნებრივი აირის ფასების შემცირებაზე მუშაობს. როგორც ევროკომისიის ექსპერტები აცხადებენ, ამ ბაზარზე მთავარი მოთამაშე რუსული „გაზპრომია“. მათივე განმარტებით, კომპანია არამარტო მოიპოვებს, არამედ, საკუთარი გაზსადენით ბუნებრივი აირით ამარაგებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმეტესობას. სწორედ ამიტომ ევროკომისია მიიჩნევს, რომ ეს ფუნქციები არ შეიძლება „ერთ ხელში“ იყოს.
ევროკომისიის გენერალური დირექტორი ენერგეტიკის მიმართულებით, ფილიპ ლოუ „ევრონიუსთან“ საუბარში აცხადებს, რომ მომარაგების ქსელის ფლობისა და მასზე ზედამხედველობის უფლება ინტერესთა კონფლიქტია.
„მომწოდებელ-მონოპოლისტი ამ ქსელში კონკურენტებს არ შეუშვებს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია რუსეთსა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკება,“-აღნიშნავს ფილიპ ლოუ.
ფილიპ ლოუს განცხადებას რუსეთის ფედერაციის გაზის ფედერაციის პრეზიდენტი ვალერი იაზევი გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ევროკომისია ახალ წესებს ამყარებს, გაზსადენის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ახალი კომპანიების შემოსასვლელად, მაგრამ, ამავდროულად, კონფისკაციას უკეთებს „გაზპრომის“ საკუთრებას.
„ევროკავშირის ენერგეტიკული პროექტების პაკეტი დისკრიმინაციას უწევს მესამე ქყევნებს – ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებს. პრობლემა ისაა, რომ ის საზიანოა ევროპისთვის. ჩვენ ვამბობთ და ამაში ექსპერტებიც გვეთანხმებიან, რომ პროექტები დაკარგავს საინვესტიციო მომხიბვლელობას,”-აცხადებს იაზევი.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი მუშაობს ერთიან ენერგეტიკულ სისტემაზე, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის ბუნებრივ აირზე ერთი ფასი იქნება. გაზსადენზე „გაზპრომის” კონტროლი კი რუსეთს საშუალებას მისცემს, გაზის მიწოდება-მოხმარების ფასები თავად დააწესოს. აღნიშნული რუსეთზე დამოკიდებულებას, მოსკოვის პოლიტიკური განწყობის მიხედვით, უფრო გააძლიერებს.
მაგალითად, ლიტვაში რუსეთის „გაზპრომის“ მიერ მიწოდებული გაზი სამჯერ უფრო ძვირია, ვიდრე მის მეზობელ სახელმწიფო გერმანიაში.