დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართული ბეჭდური მედია - წარსულიდან ციფრული მომავლისაკენ
2011/12/05 11:49:35

29 ნოემბერს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიხსნა გამოფენა „ქართული ბეჭდური მედიის წარსული და აწმყო.“ ფოიესა და სამკითხველო დარბაზში წარმოდგენილი იყო 1819 წლიდან დღემდე გამოცემული ქართული ჟურნალ-გაზეთების ფოტოასლები და ანოტაციები, უაღრესად საინტერესო მასალა. სტუმართა შორის მრავლად იყვნენ ქუთაისელი ჟურნალისტები, ბიბლიოთეკარები, სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აქტიური მკითხველები.

გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ფონდი      „ღია საზოგადოება-საქართველო“, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკა.

კონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, გამოფენის ერთ-ერთმა თაოსანმა, გიორგი კილაძემ თაბახის ფურცელზე დაბეჭდილი       „ვეფხისტყაოსნის“ ტექსტი სათითაოდ ჩამოურიგა სტუმრებს და სთხოვა, თითო სტროფი ყველას გადაეწერა საკუთარი ხელით.

„ეს იმისთვის, რომ სათითაოდ, ყველას ხელით გვქონდეს „ვეფხისტყაოსანი“ გადაწერილი,“ - განმარტა გიორგი კილაძემ, რომელმაც ცნობილ პროექტში აქტიურად ჩართო ქუთათურებიც.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერებათა, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორმა ემზარ ჯგერენაიამ, რომელიც დისკუსიას უძღვებოდა, „P.S.“-თან საუბრისას განაცხადა: „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და „ღია საზოგადოება-საქართველო“ ერთობლივად, სხვადასხვა ქალაქში ვმართავთ გამოფენას„ქართული ბეჭდური მედიის წარსული  და  აწმყო“. ჩვენი მიზანია, ქართულ საზოგადოებას, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს წარვუდგინოთ ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ბეჭდური მედიის ნიმუშები. გამოფენას თან ახლავს საგანმანათლებლო კომპონენტები. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებას წარვუდგენთ ელექტრონულ კატალოგს, მონაცემთა ბაზას. ციფრულ ბიბლიოთეკას, რომელსაც ფლობს ეროვნული ბიბლიოთეკა.

მიზანი ის გვაქვს, რომ ბიბლიოთეკები და ჟურნალისტები ერთმანეთს დაუახლოვდნენ. აქტიურად გამოიყენონ ბიბლიოთეკა. ჟურნალისტებმა თავიანთ პუბლიკაციებში მეტი ყურადღება დაუთმონ ჩვენ საქმიანობას. საბიბლიოთეკო საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი საქმეებია გაკეთებული. გვინდა, საზოგადოებამ ნახოს და მონაწილეობა მიიღოს დღევანდელ გამოფენასა და შეხვედრაში.“

გიორგი საბანაძე, ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და კულტურის პროგრამების განყოფილების  უფროსი:   „ესაა გამოფენა, რომელიც ეხება ქართული ბეჭდური მედიის ისტორიას. პირველი გამოცემიდან დღემდე თქვენ შეხვდებით ყველა გაზეთსა თუ ჟურნალს. ამ გამოფენაში წარმოდგენილია ბეჭდური მედიის დრამატული და საინტერესო ეტაპები, რომელიც მას დასაბამიდან აქვს გავლილი.“

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა ორი დღის მანძილზე - 29 და 30 ნოემბერს - რამდენიმე საინტერესო მოხსენება შესთავაზეს დამსწრე საზოგადოებას. ქალბატონმა ფერიდე კვაჭანტირაძემ ისაუბრა თემაზე: „ქართული ბეჭდური მედია ეროვნული და სახელმწიფოებრივი თვითდამკვიდრების სამსახურში,  ნინო  გედენიძემ  -    „რეკლამა  ქართულ  პრესაში  (1820-1994)“, ციური კოჭლაშვილმა - „ბიბლიოგრაფია ჟურნალისტური კვლევის ინსტრუმენტი“,  ხათუნა კენჭოშვილმა - „ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ საქართველოს პარლამანტის ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების ელექტრონული რესურსების გამოყენების შესაძლებლობები“; ია გორგიშელმა - „სოციალური მედია და ბიბლიოთეკები: თანამედროვე მდგომარეობა და პერსპექტივები“.

დისკუსიის ახალგაზრდა მონაწილეების - ქუთაისელი სტუდენტების განსაკუთრებული დაინტერესება მოჰყვა გიორგი კილაძის მოხსენებას „ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო  საზოგადოების ერთიანი ციფრული ბიბლიოთეკა და ქართული პერიოდული  გამოცემების „ციფრული მომავალი“; ლევან  თაქთაქიშვილის  მოხსენებას -  „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსები და მათი გამოყენების შესაძლებლობები ჟურნალისტებისათვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, ბიბლიოთეკარებისათვის.“

ბიბლიოთეკის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებმა აქტიურად განიხილეს სფეროები, რომლებშიც წარმოუდგენიათ მომავალი თანამშრომლობა და ამ თანამშრომლობის ფორმები.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1935
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია