დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
E-COLI-მდე ერთი ნაბიჯია?
2011/06/21 15:21:46

როგორ იყიდება პროდუქტი „მწვანე ბაზარში“?

იმ ფონზე, როდესაც ნაწლავური ბაქტერიით („ე კოლით“) მსოფლიოში 37-მდე დაღუპული და 3000 ინფიცირებული ადამიანია, ქუთაისის ბაზარში, პაპანაქება სიცხეში, მიუხედავად აკრძალვისა, უპრობლემოდ იყიდება ხორცი, ძეხვი, თევზი, კვერცხი,შედედებული რძე, მალფუჭებადი პროდუქტი, რომელიც მინიმუმ ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას, მაქსიმუმ კი მწვავე მოწამვლას, ინტოქსიკაციას იწვევს, რომელიც შეიძლება სიკვდილით დასრულდეს.   

 

როგორი მდგომარეობაა „მწვანე ბაზარში“, ამის გასარკვევად ადგილზე მივედით და გამყიდველებს გავესაუბრეთ. ჩემი გამოჩენა, ცხადია,  არავის გახარებია, ინტერვიუს ჩაწერის დროს ვინაობის გამხელაც არვინ ისურვა. არასასიამოვნო „სუნებს“ მივყევი და ხორცის ღია მაღაზიასთან აღმოვჩნდი. პროდუქტი დახლზე ეწყო, ასევე ზევით ხორცის უამრავი ნაჭერი იყო ჩამოკიდებული. ამაზრზეფნი სუნით გაბრუებული უკან გამობრუნებას ვაპირებდი, მაგრამ საკუთარმა ეგომ პროფესიული ვალდებულება გამახსენა და ნახევრადსუნთქვაშეკრული გამყიდველებს გავესაუბრე.

- თქვენი აზრით, რამდენად არის დაცული ბაქტერიებისაგან და მტვრისაგან ეს ხორცი?

- დაცულია ჰიგიენური ნორმები უმაღლეს დონეზე!

- როგორ არის დაცული, როცა გარეთ არის ჩამოკიდებული, ბუზი რომ დააჯდეს, არ დაბინძურდება?

- ბუზი რომ დააჯდეს, რომ მობრძანდებით, გაგირეცხავთ...

- ყველას ასე ურეცხავთ?

- კი, ყველას ვურეცხავთ ( მხიარული და ენაწყლიანი აღმოჩნდა ჩემი რესპონდენტი მამაკაცი)

ჩვენს საუბარში იქვე მდგომი ქალბატონიც ჩაერთო, რომელმაც გვითხრა, რომ რაღაც ხსნარს ასხამენ და ბუზები ისპობა. თუმცა ორი აზრი არ არსებობს, რომ მწერებს ქიმიის დიდად არ ეშინიათ, რადგან ჩემს იქ ყოფნაში ერთი დიდი შავი ბუზი ამაყად მოფრინდა, გვერდზეც არ მოუხედავს, „უპრობლემოდ“ მიაჯდა საკვებს.

ბუზის თემამ გაამხიარულა ხორცის გამყიდველები, ხარხარით „ამიხსნეს“ ჩვენ აქ იმიტომ ვზივართ, „ოუქნევთ“ ხელს და გაფრინდებაო...

ბუზი შეიძლება კი გაფრინდეს, მაგრამ რას დატოვებს საკვებ პროდუქტზე? და რამდენად „კანონმორჩილი“, დამჯერე ბუზებია ქუთაისში, თქვენც კარგად მოგეხსენებათ.

მოვაჭრეები თავს იმართლებდნენ და არგუმენტად ეს მოჰყავდათ: „თუ არ ჩამოვკიდე, რაფერ გეიგებენ, რას ვყიდით, მაცივარში რომ შევინახოთ ყველა ხორცი, აქეთ-იქეთ ვირბინოთ, რამდენიც დაგვჭირდებაო“?

აბა, თავს ხომ არ დაიღლიან? მათი პასუხიდან ირკვევა, რომ სულაც არ აინტერესებთ, ვის ფაღარათი დაემართება, ან მოიწამლება, აღარაფერს ვამბობ გულძმარვასა და ფარულ სისხლდენაზე, კუჭ-ნაწლავის სხვა დაავადებებზე, რომელიც სავალალო შედეგით შეიძლება დამთავრდეს.

ხორცის გამყიდველები დიდი „მოწიწებით“ დამემშვიდობნენ.

დიდი გარჯა და სიარული არ დამჭირვებია, რომ ჯანმრთელობისთვის საშიში სხვა საკვებისთვის მიმეგნო. იქვე მაღაზია აღმოვაჩინე, რომლის გარეთ. სკამზე, დიდ თასში, თევზი ეყარა, მყიდველი კი ხელს არხეინად ურევდა და თავისთვის მოსაწონს  პარკში აწყობდა. იქვე ძეხვი იყო ჩამოკიდებული, უამრავი კვერცხიც არხეინად გრძნობდა თავს მზის გულზე.

გამყიდველი: „მეც ვიცი, რომ არ შეიძლება, ეს ყველაფერი უნდა იყოს მაცივარში, ძეხვი შუადღემდე მაქვს ჩამოკიდებული, შემდეგ ჩამოვიღებ და ყველაფერს ვაწყობ მაცივარში.“

პარადოქსია, მაგრამ გამყიდველი აღიარებდა, რომ შენიშვნებს ხშირად იღებენ ბაზრის ხელმძღვანელობიდან, ისიც კარგად იცის, რომ მალფუჭებადი პროდუქტი არ შეიძლება სიცხეში იყოს, მაგრამ მიზეზად დიდი მაცივრების უქონლობას ასახელებს:

„თევზი ეხლა გამოვიტანე, რომ ჩამედო მაცივარში. გაყინულია, ადგილი არ მაქვს, სხვაგან რომ დავდო, დრო მინდა, რომ გავანაწილოო. “

დახლზე დაწყობილ კვერცხზე რომ ვკითხე, აქ ხომ გაფუჭდება-მეთქი.   გაკვირვებული მკითხა, აბა სად წავიღოო? მეორე გამყიდველმა კი აქამდე გაუგონარი აზრი გამოთქვა: „მაცივარში კვერცხი უფრო ფუჭდებაო. „მეორედ რომ მოხვალთ, გვექნება მთელი პროდუქტი მაცივარშიო“ - დამპირდა მაღაზიის გამყიდველი. მანამდე კი, ცოცხლად „შემწვარი“ კვერცხი და ძეხვი, ალბათ, აუცილებლად მოხვდება რომელიმე ჩვენგანის საუზმეში.

ჩვენს საუბარს ხმოვან ფონად იქვე მდგარი, სხვა, უკმაყოფილო გამყიდველის ქირქილი თან სდევდა, შუა ხნის ქალბატონი უხეშად ხან აქეთ გაგვწევდა და ხან - იქით. საუბრის დამთავრების ბოლოს კი, „ვაი ჩვენი ცოდვაო“, ამოიკვნესა...  როგორ აკონტროლებს ბაზარში შესულ საკვებს, ამ საკითხზე შპს „ფარის“ დირექტორს, ოლეგ არგვლიანს ვესაუბრეთ.

ოლეგ არგვლიანი: „ბაზარში არსებობს სპეციალური სამსახური, რომელიც ყოველ დილით ამოწმებს პროდუქციის ხარისხს. კონტროლზე არის აყვანილი ეს საკითხი, მით უმეტეს - ამ ბოლო ხანს. შემოწმებას საჭიროებს არა მარტო მალფუჭებადი პროდუქცია, არამედ ისეთი პროდუქტიც, როგორიც არის ბოსტნეული. დირექციამ დავალება მისცა  სანიტარულ სამსახურს, რომ სისტემატურად აკონტროლონ ეს პროცესი. 

მაღაზიაში პროდუქცია უნდა ინახებოდეს ისეთ ადგილზე, სადაც არ გაფუჭდება, - მაცივარში. თუ არ დაემორჩილებიან ჩვენს მოთხოვნებს, სპეციალური სამსახური ამოიღებს პროდუქციას, რომელიც არაჰიგიენურად არის დაცული. ჩვენ მხოლოდ ვაქირავებთ ამ ფართს, ჩვენი მიზანია, ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც არის კანონში. ვაკეთებთ შიდა რეიდებს. რაც შეეხება ხორცს, მაცივარში უნდა ინახებოდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით თვითონ გამყიდველებიც იყვნენ შემოსულები ჩემთან, რომ შეიქმნას რაღაც „დახლმაცივარივით“. უახლოეს მომავალში დაიდგმება, მიმდინარეობს ბაზრის მოდერნიზება, ვცდილობთ, შევცვალოთ ყველაფერი. ძველი ბაზარია და ერთდროულად ვერ გავაკეთებთ. დიდ თანხებთან არის დაკავშირებული ეს საკითხი. თევზის საკითხიც მათ შორის, კონტროლზე გვყავს აყვანილი და გვინდა, მალე გადავჭრათ, დაახლოებით ორ-სამ თვეში.

ხშირად შემოაქვთ თვითნებურად შაშხი, შებოლილი ძეხვი, ფარში და ასეთ პროდუქციაზე მყისიერად ვახდენთ რეაგირებას . გვაქვს სანქციები, შეგვიძლია ჩამოვართვათ და  გავანადგუროთ. ასედაც ვიქცევით, რისი უფლებაც გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენი მოვალეობაა მოსახლეობის უსაფრთხოება დავიცვათ. სასურველია, ყველაფერი იყოს მაცივარში. ჩვენ გვყავს ორი ტიპის მომხმარებელი, არიან მაღაზიის მოიჯარეები და მოვაჭრეები, რომლებიც იცვლებიან სისტემატურად, მაღაზიების ხელმძღვანელებთან გვქონდა შეხვედრა და გავაფრთხილეთ, რომ მზეზე არ გამოეტანათ თევზი და მალფუჭებადი პროდუქცია, დაიცვან უსაფრთხოების წესები, რადგან პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ. რაც შეეხება ბოსტნეულს, არის ადგილობრივი და საზღვარგარეთიდან შემოსული პროდუქცია, რომელიც საბაჟოზე მოწმდება. ადგილობრივებს კი ჩვენი სამსახური ყოველდღე ამოწმებს“.

 

***

როგორც სპეციალისტები ამბობენ, მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა საქართველოში არ არსებობს, თუმცა აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა. ჩვენ კი, სანამ რამეს მივირთმევთ, პირველ რიგში მისი გაყიდვის ადგილით და შენახვის პირობებით დავინტერესდეთ, რადგან „ე კოლის“ გარდა, კუჭ-ნაწლავის სხვა დაავადებასაც შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობის მოშლა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1459
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია