დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
სიბნელეში ღამურებივით ვცხოვრობთ
2011/04/11 14:03:29

[ „P.S." („პოსტსკრიპტუმი") ]     ბატონო მინისტრო, კობა სუბელიანო, გთხოვთ, წაიკითხოთ!

1993 წელს აფხაზეთიდან დევნილი 120 ადამიანი ქუთაისის კულინარულ სასწავლებელში ჩაასახლეს. მას შემდეგ მათ არაერთი გაჭირვება გაიარეს. დღეს შუქის პრობლემა აწუხებთ - 23 თებერვალს დავალიანების გამო გაუთიშეს დენი...

 

მაყვალა გელაშვილი, აფხაზეთიდან დევნილი: „ამ შენობაში აფხაზეთიდან დევნილი 34 ოჯახი ჩვიდმეტი წელია ვცხოვრობთ. პრობლემების მეტი რა გვქონია, მაგრამ ბოლო ხანს რომ არის, ეს ყველაზე აუტანელია. 23 თებერვლიდან დავალიანების გამო გაგვითიშეს შუქი. დავალიანება 3000 ლარზე მეტია. მარტის თვეში საერთოდ არ გვქონია დენი და ასე ამბობენ, შუამაისამდე არ გექნებათო. თურმე, ამოდენა თანხა იანვარსა და თებერვალში დაგვიხარჯავს, ამიტომ ოთხ თვეზე გადაგვინაწილეს და სიბნელეში დაგვტოვეს. შენობის მეხუთე სართულზე ჟიული შარტავას სახელობის საჯარო სკოლაა, საკლასო ოთახებში ბავშვები გაყინულები არიან. ასეთი უყურადღებობა ნამდვილად არ შეიძლება. ადრეც გვქონდა დავალიანება - 6245 ლარი, მაგრამ მთავრობის დახმარებით გავისტუმრეთ. ახლა კი მთავრობამ მიგვატოვა. ეს დახარჯული დენი ჩვენი არ არის. ჩვენ ინდივიდუალური მრიცხველები არ გვაქვს, ანუ საერთო ფიდერიდან ხდება ყოველთვიურად თანხის აღრიცხვა. ოჯახზე სულადობის მიხედვით, ასი კილოვატი მთავრობისგან გვაქვს საჩუქრად და საერთო ჯამში 1336 ლარს ვუყრით თავს, მაგრამ ეს თანხა გასასტუმრებლად არ გვყოფნის. მერიამ კიდევ შემოგვისახლა ორი უმწეო ოჯახი და გაურკვევლობაა კორპუსში. სიბნელეში ღამურებივით ვცხოვრობთ. საჭმელს თხევადი გაზით ვაკეთებთ. ჩვენს სართულზე ორ ოჯახს აქვს შეშის ღუმელი, როგორც უწინ ხდებოდა, ვიკრიბებით და ერთად ვთბებით. ჯარიმა არის ეს ჩვენი, ხომ ხედავთ, რომ კოლექტივიზაცია არ ვარგა. როგორ შეიძლება კოლექტიური დენი? მე რა ვიცი, ვინ რას ხარჯავს. ჩვენ გვინდა, რომ ინდივიდუალური გამრიცხველიანება მოხდეს. სკოლას ცალკე ფიდერი დაუდგან და ასე მოგვარდება პრობლემა. ეს თუ არ მოხდა, რომც ჩართონ შუქი, მომავალში, მაინც დაფიქსირდება დავალიანება. ჯერჯერობით ვითმენთ, მაგრამ - სანამდე? ყველაფერს აქვს საზღვარი. წარმოიდგინეთ, წყალსაც კი ვყიდულობთ - წყალი იშვიათად მოდის, მჯოლოდ დილით ერთი საათით. პირველ რიგში ის გვაწუხებს, რომ ხუთსულიანი ოჯახი ერთ ოთახში ვცხოვრობთ. სამზარეულო, საძინებელი, სასტუმრო გაერთიანებულია. ვინ იცის, აფხაზეთში როგორი ოჯახი დავტოვე. ნეტავ, რამდენი წელი გვაქვს მოსჯილი ლტოლვილობა.

სიღარიბის ქვემოთ ვინც ვართ, დახმარება 22 ლარი გვაქვს. ეს ხომ ყველაზე სამარცხვინო თანხაა, დღეს 22 ლარით რა უნდა იყიდო? ოთხი შვილი მყავს და ხანდახან ერთჯერადი საქმიანობით ირჩენენ თავს. შენობაში დევნილთა მინისტრი არასოდეს მოსულა, მხოლოდ გასულ წელს პირადად შევხვდი სუბელიანს და ბარამიძეს. როდესაც შარშანდელი დავალიანების შესახებ ვუთხარი, ნება იბოძეს და გაანულეს. ძალიან კარგი კაცი იყოს ჟიული შარტავა, რომელმაც შეგვწირა თავი და მისი სახელობის სკოლა მე-5 სართულზე გავხსენით. დღეს შუქი რომ არ არის, „ეჟვანით“ რეკავენ ზარს. ვითომ აქედან გადააქვთ სკოლა, მაგრამ ჩვიდმეტი წლის მანძილზე არც სკოლა, მოუძებნეს ადგილი და ვერც ჩვენ გადაგვიყვანეს. რა ვიცი, იმედია, ჩვენთვისაც გამოჩნდება პატრონი, ჩართულნი არიან იურისტები, არასამთავრობოები და ველოდებით შედეგს.“

ლუარა ქურდავა: „დღეს სამიათასი ლარი გვაქვს შუქის დავალიანება. ჩემი შვილიშვილი  ორი დღის დაბადებული იყო და დენი გაგვითიშეს. მის მერე, უკვე მეორე თვეა, არავის შეუწუხებია თავი, რომ თქვენ რატომ არ გაქვთ შუქიო? ვერ გავიგეთ, საიდან არის ამოდენა თანხა გადასახადი. გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ, არაა შუქი, წყალი, კანალიზაცია გაჭედილია, საშინელი სუნი დგას საპირფარეშოში. არ ვიცით, ვინ დავადანაშაულოთ. აგერ, შეხედეთ ორი პატარა ოთახი მაქვს და შვიდი სული ვცხოვრობთ. აქ რომ ჩამოვედი, მაშინ არ მიგრძვნია ლტოლვილი თუ ვიყავი და დღეს ძალიან გული მტკივა, პირველყოფილი ადამიანებივით ვცხოვრობთ. რა ხდება გარშემო, წარმოდგენა არ მაქვს“.

ჟენია კოპალიანი,  79 წელის: „ერთი თვეა, შუქი არ მინახავს, უმძიმესია აქ ცხოვრება. კი, მართალია, მოხუცი ვარ, მაგრამ მესმის საერთაშორისო საკითხები. მინდა ტელევიზორს ვუყურო და გავიგო, რა ხდება ამ ქვეყანაზე. თან მინდა სითბო, აგერ, ბებო, ტანსაცმელს ცივ წყალში ვრეცხავ. დახმარება - 22, პენსია კი 90 ლარი მაქვს. ეგ 110 ლარი წამლებში არ მყოფნის, ორივე თვალზე მაკლია მხედველობა და ეს წამალი (მაწვდის), სამჯერ ჩასაწვეთებელია დღეში, მაგრამ უსახსრობის გამო ორჯერ ვიწვეთებ. ეს ცხოვრება მოსაწონი არაა, შვილო, ჩვენ ვერ ვეგუებით, თუმცა რა ვქნათ, სად წავიდეთ! ყოველდღე მენატრება სოხუმი, სიზმრებშიც კი ვხედავ, მინდა დავბრუნდე. თუ ვიცოცხლე, ჩემს კელასურში აუცილებლად ჩავალ“.

ანა მაისურაძე, 90 წლის: „უიმე, დედა, რა მალაპარაკებს ახლა, რას ვიზამ, რა ვქნა? ამ ხნის ადამიანი, ავადმყოფი, წნევიანი, რაფერ უნდა იყოს? ჯერ მიდგას სული და რავიცი, კიდევ მინდა სიცოცხლე (იღიმება). შვილები, შვილიშვილები და უამრავი შვილთაშვილები მყავს. ათი შვილის დედა ვარ, მაგრამ ოთხი ვაჟკაცი შევწირე აფხაზეთს. ტყვარჩელის ამბავი რომ მოვყვე, ერთი კვირა დასჭირდება. ოხერმა რუსებმა გამოგვყარეს საკუთარი სახლიდან, სანამ გამოგვყრიდნენ, ჩეჩნები, კაზაკები და ათასი ჯურის ყოველდღე მოდიოდნენ. ჩვენ, საწყლები, პურმარილს ვუმზადებდით, ზოგს - მოხარშული, ზოგს - შემწვარი უნდოდა... ეჰ, რა უნდა გვექნა, ხოდა გაკეთებულ ერთ ქვაბ საჭმელს ხვრეპდნენ. დედა, ჩვენი ცოდვა, ვინ იცის, რა დღეში ვიყავით? აქოურები კი გვეუბნებიან, რა მოგარბენინებდათო? წამოვედი, შვილო, ოჩამჩირედან - ზუგდიდამდე ფეხშიშველა ვიარე, ანდა რაფერ იყო, ჩემი ნათელა და ჟორიკო. ორივეს ორმოცი ჰქონდა სიცხე და წყალტუბოში შეგვასახლეს. ამ შენობაში მეექვსე წელია, რაც გადმოგვიყვანეს. ბოლოხანს ძალიან შეწუხებულები ვართ, სინათლე არ გვაქვს. არ ვიცი, შვილო ვინაა ჩვენი პატრონი, ჩვენგან ქალები იყო წასული მერიაში და ყველაფერი კარგად იქნებაო, მაგრამ, ვინ იცის, მართალია თუ ტყუილი. ჩემი შვილი ხანდახან მუშაობს და, რომ გაიგეს, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ დახმარება მოგვიხსნეს. ახლა კი მარტო პენსია, 90 ლარი დამრჩა. ვაი, დედიკო, პურის ფულად არ გვყოფნის. რაის აფხაზეთში დაგვაბრუნებენ ესენი, აქანე ვერ გვივლიან. იქ რომ დავბრუნდეთ, შეგვჭამენ რუსები, არადა, როგორი კარგი ურთიერთობა გვქონდა აფხაზებთან, ჩემი შვილიშვილის ნათლია აფხაზია. ნამეტნავად გადასარევი მეგობრობა გვაკავშირებდა და დღეს მტრებად ვიქეცით“.

 

***

ჩვენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის , რაჭა - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამმართველოს უფროსს, ბატონ დავით აფციაურს ტელეფონით დავუკავშირდით სხვადასხვა დროს, რამდენჯერაც პირადად ვეახელით, დევნილების პრობლემების შესახსენებლად,  არასოდეს მიგვიღო - წინასწარ რატომ არ შემითანხმეთო და სამ-ოთხფრაზიან პასუხსაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ხელით, მოწყალედ გვიგზავნიდა. ამჯერად...

- გამარჯობათ, ბატონო დავით.

- ალო, გისმენთ!

- ბატონო დავით, გაზეთ „P.S.“-ის ჟურნალისტი, ნოდარ ჯოჯუა კომენტარისთვის გაწუხებთ. ნიკეას 15 ნომერში, ყოფილ კულინარულ სასწავლებელში ჩასახლებულ დევნილებს 23 თებერვლიდან, დავალიანების გამო, შუქი აქვთ გამორთული...

საუბარი დასრულებული არ მქონდა, ბატონმა დავითმა ყურმილი დამიკიდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1718
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია